ვერძი ქალი & ტყუპი მამაკაცი

ვერძი  ქალი  &  ტყუპი მამაკაცი

იდეალური წყვილი: ქეით ჰადსონი და მეთიუ ბელამი

მამაკაცი ტყუპისა და ქალი ვერძის წყვილი, შესაძლოა ცხოვრების გზაზე მხიარულად მოხტუნავე, ხელიხელჩაკიდებულ ცელქი ბავშვების დუეტს შევადაროთ, რომელთათვისაც მთავარი საზრუნავი ამ ცხოვრებაში, მაქსიმალური სიამოვნების მიღება და მუდმივი მხიარულება იქნება. თუმცა თუკი მათი დაბადების რუკები დისჰარმონიაში მოდის ერთმანეთთან, ეს კავშირი ასევე შეიძლება დაუსურლებელი ომის და ხელჩართული გარჩევების მთელ კალეიდოსკოპს დაემსგავსოს, სადაც ამ ორის ურთიერთობა მუდმივი კინკლაობის, ცინიკური გამოხტომების და ერთმანეთის ჯიბრზე ჩადენილი ათასგვარი, არაადექვატური საქციელის ფონზე ჩაივლის. მარსი(ვერძი)-მერკურის (ტყუპები)კოქტელს უჩვეულო სინაზესთან და თავბრუდამხვევ სასიყვარულო თავგადასავლებთან ერთად, ოცდაოთხსაათიანი კონფლიქტური გარემოს შექმნაც არანაკლები ინტენსივობით შეუძლია. ამ ყველაფერში კი დამნაშავეა ტყუპები - რომელიც ჰაერის სტიქიის სხვა წარმომადგენლებს შორის, ყველაზე მწარე ენით გამოირჩევა და არასოდეს აკონტროლებს იმას, თუ კონკრეტულად რას ან როგორ ეუბნება დანარჩენ ცეცხლის ნიშნებს შორის, ყველაზე ფეთქებად და იმპულსურ ვერძს, ეს უკანასკნელი კი თავის მხრივ მზადაა ტყუპებს ცინიკური გამონათქვამების საპასუხოდ, ლამის პენსიის ასაკამდე ომი გამოუცხადოს. ამიტომ ოცნება, მათ შორის მშვიდ ოჯახურ ურთიერთობაზე და ჩაის ჭიქით ხელში გატარებულ იდილიურ საღამოებზე, რბილად რომ ვთქვათ ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნება. თუმცა რა დოზის საზიზღრობაც არ უნდა ჩაიდინონ მათ ერთმანეთის მიმართ, ხშირად სწორედ ხელჩართული ჩხუბისას აღმოაჩენენ ხოლმე რომ უერთმანეთოდ სიცოცხლე არ შეუძლიათ. ამიტომ ცნობილი გამოთქმა ”ცოლ-ქმრის ჩხუბი სულელს მართალი ეგონაო” ზუსტად ვერძი-ტყუპის წყვილზეა ზედგამოჭრილი. თუკი პირადი სინასტრიული კოსმოგრამის მიხედვით, ჰარმონიული თავსებადობით დაიბადენ ერთმანეთის მიმართ, ვერძი ქალის და ტყუპი მამაკაცის სასიყვარულო ისტორია, ელვის სისწრაფით განვითარდება და რეკორდულ დროში, ყველასთვის მოულოდნელი ქორწინებით დასრულდება. თუმცა მიუხედავად დიდი მიზიდულობისა, ნაკლებსავარუდოა ის, რომ ერთობლივი ცხოვრება ამ წყვილისთვის უღრუბლო და მშვიდი იქნება, ამის მიზეზი უპირველეს ყოვლისა ცოლი ვერძის ხშირი და სრულიად აფსურდული ეჭვიანობაა, რომელის მიზეზიც, ქვეცნობიერში ღრმად ჩამარხული ”აუტანელი ბავშვის” კომპლექსია და მისი მხრიდან, თავისუფლებისმოყვარე, კომუნიკაბელური ტყუპი მამაკაცის მიმართ წამოსული საყვედურები, ამ უკანასკნელის არასტაბილურობასთან დაკავშირებით, არაფერია სხვა თუ არა შიში იმისა, რომ ნაკლებადქალური და არანაზი ხასიათის გამო ოდესმე აუცილებლად მიატოვებენ მამაკაცები. ყველაფერ ამას, კი თქმა არ უნდა, თავისუფლებისმოყვარე ტყუპების მხრიდან ნერვოზულ-შოკური რეაქცია და ხმაურიანი რეპლიკები მოჰყვება. საქმე იმაშია, რომ ჭეშმარიტი მერკურის შვილისთვის, ძალზე რთული გასაგებია ის ფაქტი, რომ მიუხედავად ხელოვნურად დაყენებული ე. წ ”მაგარი გოგოს” იმიჯისა, გულის სიღრმეში ყველა ვერძი დაუცველი პატარა ბავშვია, რომელსაც გამუდმებით ესაჭიროება პარტნიორის მხრიდან სიყვარულის და ერთგულების დამტკიცება. მამაკაცი ტყუპი კი, რომელიც თავის მხრივ იშვიათად იტანჯება მანიაკალური ეჭვიანობის შეტევებით, როგორც წესი არც თავისი ვერძი მეორე ნახევრის მიმართ გამოხატავს განსაკუთრებულ მესაკუთრულ თვისებებს, რაც ამ უკანასკნელისთვის საკმაოდ გამაღიზიანებელია, იმიტომ, რომ ვერძი ქალისთვის ეჭვიანობის გამოხატვა, დიდი სიყვარულის დამამტკიცებელ ერთ-ერთ უტყუარ საბუთად ითვლება. ტიპიურ მამაკაც ტყუპს, ამ ქვეყნად საყვარელი ქალის გარდა, უამრავი ინტერესი და ჰობი გააჩნია, ამიტომ იმ იშვიათი გამონაკლისის გარდა, როცა ვერძი ზომაზე მეტად მოინდომებს და ეჭვიანობის საბაბს, ნაირ-ნაირი სპეცეფექტების გამოყენებით როგორღაც მაინც შეუქმნის ქმარს, მამაკაცი ტყუპი თავისი მრავალრიცხოვანი საქმეებით იქნება გართული და უაზრო ეჭვიანობისთვის დრო ფაქტობრივად არ დარჩება. აი საპირისპირო შემთხვევაში კი იციცხლეთ, მეტეორთა წვიმა წამის მეასედშია მოსალოდნელი, ამისთვის კი ისიც საკმარისია, ტყუპმა თავაზიანად გაუღიმოს მარკეტში მომუშავე, რომელიმე ლამაზ გოგონას. ტყუპებისთვის სიყვარული გონებით იწყება, გულზე გადის და მხოლოდ ამის შემდეგ ჩნდება ფიზიკური მიზიდულობის მომენტი, ვერძისთვის კი ეს თანმიმდევრობა ოდნავ სხვანაირია, საქმეში პირველად გული ერთვება, შემდეგ ამისა გონება და მხოლოდ ფინალურ ეტაპზე იწყებს იგი პარტნიორის ვიზუალურ იმიჯზე ფიქრს და გაანალიზებას თუ რამდენად შეეფერება ის მას ფიზიკური თვალსაზრისით. თუმცა მიუხედავად უმნიშვნელო განსხვავებისა, მიდგომა რომელიც ამ ორს ზოგადად სიყვარულის და პარტნიორული ურთიერთობების თვალსაზრისით გააჩნია, თითქმის იდენტურია. აქედან გამომდინარეა ხშირ შემთხვევაში ამ ორი ნიშნის კავშირი ჰარმონიული და არადესტრუქციული. თუკი პერიოდულად გაჩენილ ”მოკლე ჩართვებს” გამოვრიცხათ, ვერძი ქალისთვის ტყუპი მამაკაცი ნამდვილი აღმოჩენაა იმ თვალსაზრისით, რომ ეს უკანასკნელი არასოდეს აღშფოთდება მისი არაქალური ჭკუით და სიმამაცით, ნებას მისცემს მას იყოს ყოჩაღი, ძლიერი და ჭკვიანი ისე რომ ამით არ დაითრგუნოს მისი საკუთარი თავმოყვარეობა. მხოლოდ ტყუპი შესძლებს იუმორით გაატაროს ვერძი ქალისთვის პერიოდულად დამახასიათებელი ჭირვეულობა და მარსიანული კაპრიზები. თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჰაერის გავლენით ცეცხლის ჩაქრობასთან ერთად, გაღვივებაც შეიძლება. ამიტომ ტყუპ ქმარს, ასეთივე წარმატებით შეუძლია ვერძი ცოლის სიბრაზე გააფთრებაში გადაზარდოს, მისთვის დამახასიათებელი მიდრეკილებით ქრონიკულად დააგვიანოს ყველგან და ყოველთვის. მართალია ამ საკითხში თავად ვერძებიც საკმარისად მოიკოჭლებენ, მაგრამ საკუთარი იარაღით ბრძოლას, არც ერთი მათგანი არ აპატიებს მოწინააღმდეგეს. თუმცა თუკი ტყუპი მამაკაცი ცეცხლოვანი მთვარით ან ასცედენტით დაიბადა, იგი გაცილებით იოლად შეძლებს ვერძი ქალის გაგებას და დამორჩილებას. იგივეს თქმა შეიძლება მარსიანელი ქალბატონის შემთხვევაშიც, მისი ასცედენტის ან მთვარის ჰაეროვან ნიშანში განლაგება, უზრუნველყოფს იმას რომ მან გაცილებით იოლად მოახერხოს, ტყუპისთვის დამახასიათებელი ორაზროვანი იუმორის გაგება და რაც მთავარია, ნებისმიერ უწყინარ ხიმრობაზე, ომი არ გამოუცხადოს ამ უკანასკნელს.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?