სტატისტიკის მიხედვით, ვერძის ზოდიაქოს ნიშნით ყველაზე მეტი დამოუკიდებელი და ძლიერი ხასიათის ქალი ევლინება ქვეყანას. თუმცა, პლანეტა მარსის მამაკაცური ენერგეტიკის გავლენა, რომელიც ვერძ ქალს დაბადებიდან მტკიცე ხასიათის ფორმირებაში უწყობს ხელს, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს მათ გარეგნულ მახასიათებლებზეც აისახება. უფრო პირიქით, ბევრი ვერძი ქალი, განსაკუთრებული ქალური მომხიბვლელობით და შარმითაა დაჯილდოებული, რაც მათ მმართველი პლანეტა მარსის მამაკაცურ ენერგეტიკასთან ერთად, კარიერული მწვერვალების დაპყრობაში ეხმარება. გამორჩეული თავმოყვარეობა, სიამაყე და საკუთარი თავის რწმენის გასაოცარი უანრი, ვერძ ქალს გამუდმებით უბიძგებს იმისკენ, რომ მიღწეულით არასოდეს დაკმაყოფილდეს და ახალ-ახალ სირთულეებს შეეჭიდოს.
ვერძების უმრავლესობა ძალზე იმპულსურია და გულის კარნახით უფრო უადვილდება ცხოვრება ვიდრე გონებით. სწორედ ამის მიზეზია, ხშირად მათ უხასიათობაზე მოარული გამონათქვამი. ცვალებადობა და ადვილად აღგზნებადობა, არცთუ იშვიათად უშლის ვერძ ქალს ხელს იმაში, რომ გარშემო მიმდინარე მოვლენები და ხალხი ობიექტურად შეაფასოს, ამიტომ იგი ადვილად ახერხებს მტრების შეძენას, რაც მას თავის მხრივ დიდად არც ადარდებს. სანამ, ეს ზემოხსენებული მტრები მის ძვირფას თავმოყვარეობას არ შეეხებიან.
მარსით მართული ეს ქალბატონი, დაბადებიდან ლიდერობის მოყვარული და თავნებაა. ხშირად იგი, მამაკაცზე მეტი ამტანობითა და პრინციპულობითაც კი გამოირჩევა, რაც დამეთანხმებით, საუკეთესო თვისებაა კარიერაში წარმატების მისაღწევად. თუმცა, დიდი მუხრუჭია ქალისთვის, პირადი ცხოვრების მოსაწყობად. აბა, რომელ მამაკაცს მოეწონება ქალი, რომელიც გამუდმებით ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ ამ უკანასკნელზე ძლიერი და ჭკვიანია. თუმცა აქვე მინდა ვთქვა ისიც, რომ ხასაითის სიმტკიცე და გამოკვეთილი ლიდერული თვისებები, სულაც არ უშლის ვერძ ქალს ხელს, იმაში რომ გულის სიღრმეში რომანტიკოსად და გამოუსწორებელ იდეალისტად დარჩეს მთელი ცხოვრების მანძილზე. მამაკაცებმა რომ იცოდნენ, თუ რამდენად მტვრევადია იგი შინაგანად, მიუხედავად თავისი ამ "ჟანდარმის" იმიჯისა, ალბათ უფრო გაგებით მოეკიდებოდნენ მის პერიოდულ პოხონდრიებს.
ვერძი ქალი უზომოდ ენერგიული, კომუნიკაბელური და მოუსვენარია. იგი ხშირადაა მხურვალე რომანის გმირი და არც თუ იშვიათად ხდება ე.წ. "საბედისწერო სასიყვარულო სამკუთხედის" პერსონაჟიც. თავგადასავლებისა და რისკის სიყვარულის გამო, მას შეუძლია საერთოდ ფეხებზე დაიკიდოს გარშემო მყოფთა აზრი და საზოგადოებაში მიღებულ-გაბატონებული ნორმები. თუმცა, თუკი საქმე, ხანმოკლე გატაცებას ეხება (რაც ვერძი ქალის ცხოვრებაში საკმაოდ ხშირია), სასურველი ობიექტის ხელში ჩაგდების შემდეგ (ვერძისთვის მიუღწეველი მიზანი არ არსებობს!) მისი მარსიანული ცეცხლი საკმაოდ მალე ქრება და იგი სასწრაფოდ უბრუნდება მისთვის ესოდენ მნიშვნელოვან, კარიერულ ასპარეზს.
როგორც წესი, ამ ნიშნით დაბადებულ ქალებს, ასტროლოგები ურჩევენ ოჯახი მაქსიმალურად გვიან ასაკში შექმნან, რადგან მათი ხასიათის ისეთი თვისებები, როგორიცაა დამოუკიდებლობისადმი გადამეტებული სიყვარული, გარშემო მყოფებზე ბატონობის მოთხოვნილება (რასაც ხშირად, ბევრი მათგანი ვერც კი აცნობიერებს ბოლომდე) და გადაწყვეტილების სპონტანურად მიღება-ცვლილების უნარი, შესაძლოა ადრეულ ასაკში შექმნილი ოჯახის ნგრევის მიზეზი გახდეს. გასაკვირი არ არის ის ფაქტიც, რომ ჩემთვის ნაცნობ ვერძ ქალბატონებს შორის, ბევრია ისეთი, ვისაც არაერთი და ორი, არამედ სამი ქორწინებაც კი აქვს უკან მოტოვებული, თუმცა საკუთარი, იდეალისტური ბუნებიდან გამომდინარე, ისევ დაჟინებით ელის საოცნებო პრინცს და ეჭვი ოდნავადაც არ ეპარება იმაში, რომ იგი, მის ცხოვრებაში, აუცილებლად გამოჩნდება.
ტიპური წარმომადგენელი - მსახიობი რიზ უიზერსპუნი
მამაკაცი, რომელსაც ვერძი ქალი დაემორჩილება და რაც მთავარია, შეიყვარებს, აუცილებლად მასზე სულით ძლიერი და ჭკვიანი უნდა იყოს. ამ ქალის ხასიათში, მიუხედავად პერიოდულად გამოვლენილი ბავშვური ჭირვეულობისა, მარსის ცეცხლი ჭარბობს, შესაბამისად, მის მოსათვინიერებლად საკმაოდ დიდი დრო და მოთმინებაა საჭირო.
ვერძი ქალები, გარეგნული შარმისა და სექსუალური მომხიბვლელობის მიუხედავად, პოლიგამიურობით ნაკლებად გამოირჩევიან. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ მან ღალატზე წასვლა გადაწყვიტა, გულმართალი ბუნება არმისცემს იმის საშუალებას, რომ ყოფილ პარტნიორს ეს თავადვე არ შეატყობინოს და ორმაგი თამაში დიდხანს გააგრძელოს. თუმცა თუ ვერძი პარტნიორის ღალატზე, შურისძიების გამო მიდის, არც მაშინ დაუთმობს ვინმეს იმის სიამოვნებას, პირველმა ახაროს ექსს, თავზე ამოწვერილი სიმპათიური რქების შესახებ. ისეთი სიტყვების არსი და მნიშვნელობა, როგორიცაა "თანასწორუფლებიანობა" და "დამოუკიდბლობა", ვერძ ქალს ადრეული ასაკიდან აქვს გათვითცნობიერებული, თანაც ზედმეტად კარგად და ნათლად. ამიტომ იშვიათად შეხვდებით ვერძს, რომელიც სინაზით, დამთმობი ბუნებით ან ლოიალურობით იქნება გამორჩეული და თუ მაინც შეხვდით ასეთ ეგზემპლარს, იცოდეთ, რომ ეს მის პირად რუკაში სასწორის ან კირჩხიბის დიდი გავლენის დამსახურება იქნება. თუმცა აქტიური ხასიათი და დინამიზმი, ეს სწორედ ის თვისებებია, რითაც ვერძი ქალები, უმთავრესად იპყრობენ საპირისპირო სქესის ყურადღებას.
ვერძი ქალის მეგობრები და თაყვანისმცემლები, არაერთგზის იქნებიან გაოცებული, ამ ქალის სიმამაცითა და შეუვალობით. მათ აქვთ გასაოცარი უნარი "იტივტივონ ზედაპირზე" მაშინაც კი, როცა გარშემო დანარჩენები უმისამართოდ იღუპებიან. ვერძების მოქნილობა, ნებისმეირ ცხოვრებისეულ სირთულეს თავი ოსტატურად დააღწიონ, ხშირად მართლაც რომ გასაოცარია.
მამაკაცს რომელსაც სურვილი აქვს ცხოვრების მეგზურად ვერძი ჰყავდეს გვერდით, მოუწევს ურთიერთობის საწყის ეტაპზევე გააანალიზოს საკუთარი მოქმედების სქემა, რადგან შუალედურ მიდგომას ეს ქალი ვერ აიტანს. ჩემი აზრით, ცნობილი ფრაზა: "ქალი ან უნდა გააღმერთო, ან უნდა მიატოვო" ზუსტად ვერძ ქალზეა ნათქვამი. იმ შემთხვევაში თუ თქვენ არ გეყოფათ ნებისყოფა საიმისოდ, რომ ეს ქალი გულგრილად მიატოვოთ (თუნდაც მოკლე ხნით, საიმისოდ, რომ მან საკუთარი ადგილი ისწავლოს თქვენთან ურთიერთობაში), გაითვალისწინეთ, მის ხელში უბრალო სათამაშოდ გადაიქცევით, რომელსაც იგი, როცა მოუნდება მაშინ გადააგდებს. თუმცა, თუ თქვენი ხასიათის თვისებებში, ამბიციები არანაკლებ სჭარბობს ვიდრე მისაში, მაშინ თამამად მოკიდეთ ამ ქალის მორჯულების საქმეს ხელი, დამიჯერეთ, შედეგი ამად ნამდვილად ეღირება.
ვერძი საუკეთესო ცოლი იქნება იმ კატეგორიის მამაკაცისთვის, ვინც ცხოვრებისგან ყოველთვის მაქსიმუმს ელის და ახალ-ახალი მწვერვალების დალაშქვრის არ ეშენია. ვერძი ქალების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ პერიოდულად აუტანელი ხასიათის გარდა, მათ აქვთ ბევრი კარგი თვისებაც, რომელსაც პოზიტიურ განწყობაზე ყოფნისას ამჟღავნებენ. ისინი გამუდმებით ცდილობენ აიმაღლონ ერუდიციის დონე, რის ხარჯზეც შესანიშნავი კომპანიონები და სასიამოვნო მოსაუბრეები არიან. ხშირ შემთხვევში მათ საკუთარი, არცთუ მცირე შემოსავალი გააჩნიათ, რაც საშუალებას აძლევთ ფინანსური კრიზისის დროს, მეუღლეს უყოყმანოდ ამოუდგნენ გვერდით, თუმცა ამ შემთხვევაში, გაითვალისწინეთ ისიც, რომ თუ თქვენი ე.წ. "უმუშევრობის პერიოდი" დიდხნას გასტანს, მისი მხრიდან პატივისცემას დაკარგავთ. ვერძისთვის მამაკაცის სიძლიერე, ამ უკანასკნელის მიერ, ცხოვრებისეულ სირთულეებთან გამკლავების უნარით იზომება.
ვერძი ქალის ხასიათში, ყველაზე ცუდი თვისებებია: ეჭვიანობა (ხშირად უასფუძვლო და სრულიად აბსურდულიც კი) და მეუღლესთან აშკარა მეტოქეობის სურვილი მთელი ცხოვრების მანძილზე. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ამ ქალს უყოყმანოდ შეუძლია, ოჯახსა და მეუღლეს ხშირად მთელი თავისი ინტერესები ანაცვალოს, ვერძი ქალის იდეალი, მაინც დამოუკიდებელი, ამაყი, ძლიერი და ცოტა აგრესიული მამაკაცია. რომელიც აიძულებს მას საკუთარი მარსიანული აგრესია, პერიოდულად მაინც დაივიწყოს და მაქსიმალურად გამოამჟღავნოს ის საოცარი ქალურობა და სინაზე, რაც გულის სიღრმეში გააჩნია.