ვერძი მამაკაცი & კირჩხიბი ქალი

ვერძი მამაკაცი & კირჩხიბი ქალი

იდეალური წყვილი: ევან მაკ გრეგორი და ივ მავრაკისი

ურთიერთობის დასაწყისში, ქალი კირჩხიბის ერთი შეხედვით უმწეო, დაუცველი და სათუთი იმიჯი მამაკაც ვერძს მაგნიტივით იზიდავს და წამის უსწრაფესად აჯადოებს. ამიტომ, როცა „მთვარეული ლედი“ მას თავისი მომხიბვლელი გამოხედვით დააჯილდოვებს და ბავშვური ღიმილით გაუღიმებს, ვერძის თვითშეფასების შკალა, ერთი-ორად აიწევს მაღლა და იგი კიდევ ერთხელ, სიამაყით დაარწმუნებს თავს იმ უდაო ჭეშმარიტებაში, რომ სუსტი სქესის წარმომადგენლების მონადირებაში ბადალი არ ჰყავს. თუმცა ქალი კირჩხიბისთვის დამახასიათებელი და სისხლში გამჯდარი თვისება, ურთიერთობის დაწყებისთანავე საკუთარ თავზე აიღოს ვერძის მოვლა-პატრონობა-დაბანა-დავარცხნა-კვება-დაძინების საკითხი, რაღაც პერიოდის შემდეგ ამ უკანასკნელში ჯერ ფარულ, შემდგომში კი სავსებით აშკარა და ხმაურიან აღშფოთებას გამოიწვევს. ეს იმიტომ, რომ კირჩხიბისთვის ორგანული, ზრუნვის მოთხოვნილება საყვარელი მამაკაცის მიმართ, ტიპიური ვერძისთვის „ჰაერის უკმარისობასთან“ და ზედმეტი სიყვარულით გაგუდვის მცდელობასთან ასოცირდება. ჭეშმარიტი ვერძი კი ამ ქვეყნად ვერანაირ შეზღუდვებს ვერ აიტანს, თუნდაც ეს ყველაფერი დიდი და წრეგადასული სიყვარულის ეგიდით მოხდეს. თუმცა თუკი კიბო ქალი, საკუთარი ზოდიაქოსთვის დამახასიათებელ გარდასახვის ნიჭში კარგადაა დახელოვნებული, მეამიტი ვერძის მოშინაურებას და გაკონტროლებას ყოველგვარი ხმაურის და დავიდარაბის გარეშეც იდეალურად შესძლებს. მთავარია ამ უკანასკნელს დიდხანს სჯეროდეს იმის, რომ ოჯახის თავი თვითონაა, ხოლო ამ ზემოთხსენებულ თავს კონკრეტულად რომელი მიმართულებით აიძულებს ტრიალს, გონიერი კისერი (ამ შემთხვევაში კირჩხიბი ქალი) ეს უკვე სხვა საკითხია. მაგრამ საკმარისია, ქალი კიბო ჩვეულ ბუზღუნ-წუწუნის რეჟიმში გადავიდეს, თუნდაც ერთი საათით მაინც, თავისუფლებისმოყვარე ვერძი მის მიერ წლობით ნაქსოვი ობობას ქსელიდან, თავს ელვის უსწრაფესად უშველის გაქცევით და კირჩხიბის ერთი შეხედვით უმწეო, სათუთი იმიჯის მიღმა მიმალულ ჭკვიან ქალსაც უმალვე აეხდება ფარდა. კაცმა რომ თქვას, თავის მოტყუება არც ღირს, კირჩხიბი ხომ ზოდიაქოს კარდინალურ ნიშანთა რიცხვს განეკუთვნება, ამიტომ ლეგენდა კიბო ქალის სისათუთესა და უმწეობაზე, მხოლოდ და მხოლოდ კარგად შეფუთული მითია, რომელსაც იგი ადრე თუ გვიან აუცილებლად დაამსხვრევს ვერძი მამაკაცის თვალწინ, მაშინ როცა საკუთარ მაღაზიას გახნის, საპარლამენტო არჩევნებზე დააყენებს კანდიდატურას ან უბრალოდ დასაღრჩობად განწირული ბავშვის გადასარჩენად, ტანსაცმლიანი გადაეშვება წყალში, ზღვაზე გატარებული ერთობლივი შვებულების დროს. შესაძლოა, პირველი შოკური რეაქცია რომ გადაუვლის ვერძი ქმარი, აღტაცებულიც კი დარჩეს, ცოლი კირჩხიბის მხრიდან, ამგვარი ფარული შესაძლებლობების აშკარა გამომჟღავნებით, პრინციპში ვერძის წინააღმდეგობრივ ბუნებას ხომ ძალიანაც სჭირდება ქალი, რომელსაც ხანდახან იმის უნარიც აქვს საპასუხო ხურდა დაუბრუნოს ამ უკანასკნელს, როცა იგი ჭირვეული ბავშვივით აუტანლად იქცევა. (ვერძი ხომ ზოდიაქოს პირველი ნიშანია-გალაქტიკის სიმბოლური ბავშვი). თუმცა ჭეშმარიტად დიდი და შეიძლება ითქვას ხშირად ყველაზე ძნელად გადასალახავი დაბრკოლება ამ ორის ურთიერთობაში სულ სხვა რამაა - მისი უდიდებულესობა ფული. სწორედ ფინანსებისადმი აფსოლუტურად განსხვავებული დამოკიდებულების გამო შეიძლება მოხდეს ვერძსა და კირჩხიბს შორის ყველაზე მწვავე კონფლიქტი, ეს იმიტომ რომ კიბო თავისი ბუნებით შემგროვებელია, ვერძი კი პირიქით - მფლანგველი, აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ ვერძს ფულის გამომუშავება მის უმისამართო ხარჯვაზე არანაკლები წარმატებით შეუძლია, იგი ვერასოდეს გაიგებს, იმას თუ რატომაა მისი ცოლისთვის ფინანსური სტაბილურობა, სიყვარულზე და ურთიერთგაგებაზე უფრო მნიშვნელოვანი. ამას გარდა, ტიპიურ ვერძ მამარს, ცოლი კირჩხიბის პერიოდულად დეპრესიისკენ მიდრეკილი ხასიათი და მუდმივად ცვალებადი განწყობაც არაერთგზის შეუქმნის ფსიქოლოგიურ დისკომფორტს. მართალია ვერძიც არანაკლები ხასიათცვალებადობით გამოირჩევა, მაგრამ ვერძში ეს თვისება, კირჩხიბისთვის დამახასიათებელ დრამატიზმს აფსოლუტურად მოკლებულია. თუმცა, თუკი პლანეტარული გავლენა ამ ორს შორის ჰარმონიული თანაცხოვრების საფუძველს იძლევა, (მაგალითად. არსებობს კარგი ასპექტები მათ მზე-მთვარეს შორის ნატალური რუკების მიხედვით), ვერძი-კირჩხიბის წყვილი შესაძლოა სამომავლოდ, საკმაოდ წარმატებული და ბედნიერი ოჯახური დუეტის საფუძვლად იქცეს. სადაც კირჩხიბი ქალის მოქნილი ჭკუა და რბილი, თანამგრძნობი ბუნება, საშუალებას მისცემს ვერძს ახალ-ახალი იდეების განსახორციელებლად გადადგას კარგად გააზრებული და გათვლილი ნაბიჯები, რომელიც სამომავლოდ მათ ფინანსურ სტაბილურობასთან ერთად, ემოციურ კომფორტს და მყარ მეგობრობას ჰპირდება.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?