იდეალური წყვილი - სარა ჯესიკა პარკერი და მეთიუ ბროდერიკი
როგორ გგონიათ, რა ხდება მაშინ როცა ორი აფსოლუტურად თავსებადი, მაგრამ ასევე პირდაპირპროპორციულად იმპულსური და გაუწონასწორებელი ადამიანი უმეგობრდება ერთმანეთს? არ აქვს მნიშვნელობა, კონკრეტულად რა მიზეზით დაიწყო მეგორობა - მეზობლობით, საქმიანი პარტნიორობით თუ უბრალოდ პიცის საჭმელად გაუწიეს ერთმანეთს კამპანია...შეცდომების რაოდენობა, რომელსაც ცხოვრების გზაზე ორი ბეკეკას დუეტი დაუშვებს, შესაძლოა ასტრონომიულად დიდი იყოს. თუმცა არც წარმატების და ბედნიერი დღეების ნაკლებობაზე დაიჩივლებს ეს ორი. ამასთან ერთად, თუკი ორივე მათგანის, ან რომელიმეს პირად რუკაში ასცედენტი ან მთვარე მიწის სტიქიის ზოდიაქოს ნიშანში არაა განთავსებული, შესაძლებელია საერთო ყულაბაც კი იქონიოს ამ ორმა და პრინციპით ”ჩემი, შენი რამ გაყო” იცხოვროს მთელი ცხოვრება. სამაგიეროდ თანდაყოლილი გულწრფელობის გამო, ამ წყვილს არასოდეს ექნება ერთმანეთთან დაფარული საიდუმლოებები და ყველა საკითხს, მათ შორის საკამათოსაც როგორც წესი ერთმანეთთან დაუყოვნებლივ და ”რქებით მიწოლის” პრინციპით გადაჭრიან. (მართალია ამ დროს რომელიმე ცნობისმოყვარე მეზობელს, შეიძლება მათი სახლის ფანჯრიდან გამოფრენილი თეფში მოხვდეს თავში, მაგრამ ეს უკვე სხვა თემაა). ვერძების წყვილი როგორც წესი, ფინანსურ საკითხებთან მიმართებაში საკმაოდ ხელგაშლილი და გულუხვია, ამიტომ ეს ორი იშვითად დარდობს ზედმეტად ხვალინდელ დღეზე. მათ არ ახასიათებთ ერთმანეთის მიმართ უნდობლობა და მანიაკალური კონტროლის მოთხოვნილება, შესაბამისად ერთმანეთის შემოსავლითაც მარტივად და ბუნებრივად სარგებლობენ, დღეს თუ ერთი გაკოტრდება და მეორე გუწვდის გულმოწყალედ დახმარების ხელს, ხვალ ეს უკანასკნელი მოიგებს ჯეკ-პოტს და ვალი დაბრუნებული იქნება. თუკი პლანეტარული გავლენის განსაკუთრებული ჰარმონიით დაიბადენ ერთმანეთის მიმართ, ორი ვერძის ცხოვრება როგორც წესი თავბრუდამხვევ, მხიარულ კარუსელს ემსგავსება, სადაც მოწყენა ფაქტობრივად შეუძლებელია. თუმცა იმ შემთხვევაში თუ პირადი კოსმოგრამების მიხედვით, მათი მთავარი პლანეტები დისჰარმონიაში მოდის ერთმანეთთან, ამ ორი ცეცხლოვანი სულის შეხვედრამ შესაძლებელია დიდი და მხურვალე სიძულვილის კოცონიც არანაკლები ინტენსივობით დაანთოს. ეს კი იმ შემთხვევაში ხდება, როცა ერთი ან მეორე ცდილობს ასე ვთქვათ ”მიმიკა გაუსწოროს” საკუთარ ანარეკლს სარკეში. როგორც წესი, ასეთი ტიპის ურთიერთობები იმ ვერძებს შორის ყალიბდება, რომელთაც ბავშვობაში განსაკურთებული სიმკაცრით ზრდიდნენ და საკუთარი ”მეს” გამოხატვას, ისინი უკვე ზრდასრულ ასაკში, წლობით ნაგროვები ნეგატივის, პარტნიორზე პროექციის სახით ცდილობენ ( გავიხსენოთ ცნობილი ამერიკელი ტელეწამყვანის ქეით გოსელინის ხმაურიანი განქორწინება მეუღლესთან ჯონ გოსელინთან). ასეთ შემთხვევაში, ორი ვერძის ერთი შეხედვით უღრუბლო კავშირი, შესაძლოა ქორწინებიდან სულ მოკლე ხანში გალაქტიკათაშორის ომს დაემსგავსოს, სადაც გამარჯვებული ფაქტობრივად არ არსებობს.. აქ მხოლოდ დამარცხებულები არიან.
აქედან გამომდინარე, საიმისოდ რომ ორი ვერძის ოჯახში კონფლიქტების ალბათობა ნაკლები იყოს, სასურველია თუკი მათ შორის ფუნქციების სწორად გადანაწილება მოხდება და თითოეულ მათგანს ეცოდინება თუ, კონკრეტულად სად არის არის მისი ადგილი ანუ რომელ ფლანგზე შეუძლია იყოს ”ლიდერი”. მიუხედავად იმისა, რომ ორივე სქესის ვერძებმა შესანიშნავად იციან საკუთარი თავის ფასი, მათ გამუდმებით ესაჭიროებათ ამის დამადასტურებელი ნათელი მაგალითები მეუღლის მხრიდან. ცოდნა იმისა, რომ მეორე ნახევარი მის ნიჭსა და ტალანტს ჯეროვნად აფასებს, ნებისმიერი სქესის ვერძისთვის განსაკუთრებული სტიმულის მომცემია, ამიტომ არცთუ იშვიათად ხდება ისე, რომ ვერძების ოჯახი ხშირადაა მაგალითი იმისა, როგორ უნდა წაახალისონ მეუღლეებმა ერთმანეთი მეტი და მეტი წარმატების მისაღწევად ცხოვრებაში.