17-23 ნოემბრის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები: მაგიური დღეა და მისი გზავნილია: „უნდა მოკვდეს, რაც აღარ მუშაობს“

17-23 ნოემბრის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები: მაგიური დღეა და მისი გზავნილია: „უნდა მოკვდეს, რაც აღარ მუშაობს“

კვირა საკმაოდ დატვირთულია ასტროლოგიური მოვლენებით. გველოდება ახალმთვარეობა მორიელში, მზის მშვილდოსანში გადასვლა. მივყვეთ თანმიმდევრულად.

19 ნოემბერს რეტროგრადულად მოძრავი მერკური მორიელში დაბრუნდება და იქ 12 დეკემბრამდე დარჩება. ეს იმას ნიშნავს, რომ ნოემბრის მესამე დეკადაში და დეკემბრის პირველ დეკადაში აზროვნება უფრო გამახვილდება. თუმცა თითოეული სიტყვა მნიშვნელოვანი და რაც მთავარია, „ბასრი“ გახდება. მოიმატებს ირონიის, სარკაზმის და ცინიზმის ალბათობა, რამაც მოსალოდნელია ურთიერთობებზე არც თუ კარგი გავლენა მოახდინოს.

20 ნოემბერს, 10:47 საათზე ახალმთვარეობა იქნება მორიელის ოცდამეცხრე გრადუსში. ეს წლის ერთ-ერთ ყველაზე ინტენსიურ დღედ ითვლება. თუ წინა, სასწორის ახალმთვარეობამ „გვასწავლა“ ბალანსის შენარჩუნება, მორიელის ახალმთვარეობა „შეეცდება“ გარდაქმნა და ტრანსფორმაცია „გვასწავლოს“. შეიძლება ითქვას, რომ ეს მაგიური დღეა და მისი გზავნილია: „უნდა მოკვდეს, რაც აღარ მუშაობს“. ეს არის განახლების, აღდგომის, ახლიდან დაბადების და გაწმენდის დღე. ის საშუალებას გვაძლევს, რომ გავიაზროთ, რა გვღლის, რათა ის მშვიდად მოვიშოროთ.

22 ნოემბერს მზე მორიელიდან მშვილდოსანში გადაინაცვლებს . ეს არის შემდეგი განცდა „ცეცხლში გავიარე, განსაცდელს გადავურჩი და ახლა დროა, ჰორიზონტი დავინახო“. ეს ნამდვილი ცეცხლია, ოღონდ არა ის, რაც წვავს, არამედ ის, რომელიც ანათებს. ეს არის ჩირაღდანი ან შუქურა, რომელიც გზას ანათებს. მარსთან ერთად, მზის მშვილდოსანში ყოფნა გააძლიერებს მამრულ ენერგიას. ეს ადამიანებში გაზრდის თავდაჯერებულობას, მიზანსწრაფვას, ახალი სივრცეების უშიშრად შეცნობისა და ათვისების სურვილს. მოიმატებს მოგზაურობის, ახალი ცოდნის მიღების, უცხოელებთან ურთიერთობების განვითარების ალბათობა. ის შორეული პერსპექტივები, რაც ამ პერიოდამდე ბუნდოვანი იყო, უფრო მკაფიოდ გამოჩნდება.

დაბოლოს, მოვლენებს ცოტა გავუსწროთ, გეტყვით, რომ თვის ბოლო შედარებით სასიკეთო იქნება, რადგან ჯერ სატურნი და შემდეგ უკვე მერკური დირექტიულად მოძრაობას დაიწყებენ. ეს არის გონებისა და რეალობის სინქრონიზაცია. ადამიანებში გაძლიერდება პრაქტიკულობა და პრაგმატულობა . აზროვნების პროცესი მკაფიო და ნათელი გახდება, ეს სიტუაციებისა თუ პრობლემების უკეთ დანახვის საშუალებას გააჩენს. დამუხრუჭებული კავშირები განვითარდება, საჭირო ინფორმაცია უფრო ადვილად მოვა, გაიოლდება ურთიერთობების დამყარება და შეთანხმების მიღწევა. გეგმები, რომლებიც ბოლო სამი კვირა დამუხრუჭებული და გაჩერებული იყო, ნელ-ნელა დაიძვრება და უკვე დეკემბერში რეალიზდება.