ავტორი:

2022 წლის მთავარი ასტროლოგიური მოვლენები: 4 დაბნელება, საუკეთესო პერიოდები საქმეების დასაწყებად და პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

2022 წლის მთავარი ასტროლოგიური მოვლენები: 4 დაბნელება, საუკეთესო პერიოდები საქმეების დასაწყებად და პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

2022 წელი საინტერესო მოვლენებით იქნება დატვირთული. წლის მმართველი პლანეტაა იუპიტერი - "დიდი ბედნიერების" პლანეტა, რომელიც გვაიმედებს, რომ წელი შედარებით უკეთესი იქნება, ვიდრე წინა. თუმცა, ჯერ წლის მთავარი მოვლენები განვიხილოთ და დასკვნები მერე გამოვიტანოთ.

ასტრონომიული ახალი წელი 20 მარტს, 19:33-ზე, გაზაფხულის ბუნიობაზე დადგება. გაზაფხულის ბუნიობამდე წლის მმართველი ჯერ კიდევ სატურნი იქნება, მერე ჩაიბარებს მმართველობას იუპიტერი. ამიტომ ორმაგად გაუმართლებთ თევზებისა და ვერძის ნიშანების. მოვლენებს ცოტა წინ გავუსწრებ და გეტყვით, რომ 2023 წელი იქნება მარსის და მეტი აქტიურობა მოგვეთხოვება. სასურველია, წელს იუპიტერის საჩუქრები, გამართლებები, შემოთავაზებები კარგად მივიღოთ და მომდევნო წლიდან გავაქტიურდეთ სასურველის მისაღწევად. იუპიტერი თევზებში გადავიდა 2021 წლის 29 დეკემბერს (2021 წლის ზაფხულში ცოტა ხნით იყო უკვე თევზებში). 11 მაისს ცოტა ხნით ესტუმრება ვერძს და მერე ისევ დაუბრუნდება თევზებს, სანამ 20 დეკემბერს საბოლოოდ არ გადავა ვერძში.

საინტერესო დღეა 12 აპრილიც, როცა იუპიტერი ნეპტუნს შეუერთდება. ასპექტის გავლენას ვიგრძნობთ 25 მარტიდან პირველი მაისის ჩათვლით. ასეთი შეერთება 2009 წელს გვქონდა. გაიხსენეთ, რა იდეალები გქონდათ, რა შემოქმედებითი იდეები განახორციელეთ. გამორიცხული არაა, ამ შეერთებამ ადამიანებში ახალი იდეალები გამოავლინოს, ან დიდი ტყუილი, ბუნდოვანება.

2022 წლის 12 ივნისს გველის პლანეტების აღლუმი. ეს არის მოვლენა, როცა პლანეტები (4-ზე მეტი) ერთ ხაზზე დგება. ეს იქნება საინტერესო დღე ყველა ნიშნისთვის, მაგრამ განსაკუთრებით ტყუპისთვის.

წლის დასაწყისში, 19 იანვარს კარმული კვანძები იცვლიან ნიშანს და ტყუპი-მშვილდოსნიდან გადადიან კურო-მორიელის ღერძზე, სადაც გაჩერდებიან 2023 წლის 17 ივლისამდე. ამავე ღერძზე გველოდება 4 დაბნელება - 2 მზის და 2 მთვარის. 30 აპრილს გველოდება მზის დაბნელება კუროში, 16 მაისს მორიელში - მთვარის. 25 ოქტომბერს მზის დაბნელება გველოდება მორიელში, 8 ნოემბერს მთვარის - კუროში. ასეთი დაბნელება გვქონდა 18 წლის წინ გაიხსენეთ, რა ხდებოდა ამ პერიოდში, რა საქმეები, პროექტები გქონდათ განსახორციელებელი ან ზოგადად, რა ხდებოდა თქვენს ცხოვრებაში. უნდა გაგაფრთხილოთ, რომ დაბნელებების დღეებში, რასაც "დაბნელებების დერეფანს" ვეძახით, არ დაგეგმოთ მნიშვნელოვანი საქმეები, გეგმიური ოპერაციები, ხელშეკრულებების გაფორმება, არ განახორციელოთ ფინანსური ოპერაციები. კურო-მორიელი არის ფინანსების, ღირებულებების, დაგროვებების ღერძი. კუროში დაბნელების დროს გააქტიურდება უძრავი ქონების, მიწის ნაკვეთების ყიდვის თემები. გამორიცხული არაა პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისების. მორიელში დაბნელების დროს მოსალოდნელია მკვეთრი ცვლილებები, ტრანსფორმაცია ფინანსურ, ეკონომიკურ საკითხებში (უფრო დაწვრილებით კურო-მორიელი ღერძზე მზისა და მთავრის დაბნელებების შესახებ და პროგნოზს 12-ვე ზოდიაქოს ნიშნისთვის უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ).

31 ივლისს გველოდება საინტერესო ასპექტი ურანისა და აღმავალი კვანძის შეერთება. ასპექტის გავლენას ვიგრძნობთ 6 ივლისიდან 28 აგვისტოს ჩათვლით. ურანი უკვე დიდი ხანია კუროს ზოდიაქოში მდებარეობს. მისი გადასვლისთანავე ვამბობდი, რომ ფინანსურ და საბანკო სფეროში მოულოდნელი სიურპრიზებები იქნებოდა. ამ პერიოდში კი გველის გლობალურ, საერთაშორისო სისტემაში ცვლილებები საგადასახადო და საბანკო სფეროში.

თეთრი მთვარე, ჩვენი მფარველი 7 თვეში ერთხელ იცვლის ნიშანს. 2022 წელს ორ ნიშანს გაივლის: 15 თებერვალს მერწყულს ესტუმრება და 16 სექტემბერს თევზებში გადაინაცვლებს. მერწყულში ყოფნის დროს დაცულები ვიქნებით კოლექტივში, სამეგობრო წრეში. უნდა ჩამოვყალიბდეთ იდეალებში, სამომავლო მიზნებში, კოლექტიურ საქმიანობაში. თევზებში ყოფნის დროს თეთრი მთვარე მოგვიტანს შემოქმედებითი იდეების განხორციელებას, დაცულები ვიქნებით მისტიკურ, ფსიქოლოგიურ თემებში, თაღლითებისა და აფერისტებისგან.

შავი მთვარეც (ლილიტი) შეიცვლის ნიშანს და 15 აპრილს გადაბრძანდება კირჩხიბში, სადაც დარჩება 2023 წლის 8 იანვრამდე, ამ დღეს ლომს ესტუმრება. საინტერესო ისაა, რომ წლის ბოლოს 13 დეკემბერს, ლილიტი დაუპირისპირდება პლუტონს და მაქსიმალურად ფრთხილად უნდა ვიყოთ, ფეთქებადი და დაძაბული ასპექტია და მოვლენებსაც შესაფერისს გამოიწვევს. გაიხსენეთ, რა ხდებოდა 9 წლის წინ, როცა ლილიტი კირჩხიბში ბრძანდებოდა. ლილიტის კირჩხიბში ყოფნის დროს მაქსიმალურად უნდა შეიკავოთ თავი მშობლებთან, ნათესავებთან დაპირისპირებისგან; ოჯახური ტრადიციების დარღვევისგან. გამორიცხული არაა, ბევრმა გადაწყვიტოს ემიგრაცია.

2022 წელს გვექნება რამდენიმე მნიშვნელოვანი დღე, როცა არ უნდა დაგეგმოთ არაფერი მნიშვნელოვანი. შეიძლება დეტალურად გათვლილი გეგმაც კი თავდაყირა დადგეს. მოერიდეთ ამ დღეს ხელშეკრულებების გაფორმებას, მგზავრობას, ექსტრიმს; არ დანიშნოთ გეგმიური ოპერაცია. ასეთი დღეები გვექნება: 8, 16 და 23 თებერვალს; 8 მაისს, 28 ივლისს, 4-5 და 12 აგვისტოს და პირველ ნოემბერს.

14 ივნისსა და 13 ივლისს გველოდება სუპერსავსემთვარეობა. ეს არის მოვლენა, როცა მთვარე მაქსიმალურადაა მოახლოებული დედამიწას და იმაზე მკვეთრად ანათებს, ვიდრე ჩვეულებრივ სავსემთვარეობაზე. ამასთან, მთვარე განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ადამიანებზე, მომატებულია ემოციურობა.

2022 წელი იმითაცაა საინტერესო, რომ 12 სავსემთვარეობა და 13 ახალმთვარეობა გველოდება - პირველ აპრილს ვერძში და 30-ში - კუროში. ამ დღეს გველოდება მზის დაბნელებაც ამიტომ, ფრთხილად და დაკვირვებულად უნდა ვიყოთ მთელი კვირის განმავლობაში - ახალმთვარეობამდე 3 დღით ადრე და 3 დღის შემდეგაც.

გენდერული პლანეტების - ვენერა-მარსის შეერთება გველოდება ორჯერ: 16 თებერვალს და 6 მარტს. გადახედეთ თქვენს პარტნიორულ ურთიერთობებს. უმეტესობას მოგინდებათ დაწყვილება და ურთიერთობების გამოაშკარავება ან პარტნიორული ურთიერთობების ძირეული ცვლილება. მარტოხელების უმეტესობა შეხვდება თავის სიყვარულს. არსებული ურთიერთობა კი მეტად განვითარდება. სასიყვარულო სფეროში საბედისწერო მომენტები გვექნება 3 მარტს (ასპექტს გავლენა ექნება პლუს/მინუს 2 დღე), როცა პლუტონი და ვენერა შეხვდებიან. ეს არის პერიოდი, როცა მომატებული იქნება ეჭვიანობა, პირად ცხოვრებაში ცვლილებების სურვილი, არ გირჩევთ ფულის დაბანდებას, ძვირად ღირებული ნივთების შეძენას, პლასტიკური ოპერაციების ჩატარებას.

წლის ყველაზე შენებული თვე იქნება სექტემბერი, რადგან ამ თვეში 7 რეტროგრადული გვეყოლება. 29 იანვრამდე რეტროგრადული იქნება ვენერა, მოერიდეთ ფულის დაბანდებას, ძვირად ღირებული ნივთების შეძენას, არ გააფორმოთ ფინანსური ხელშეკრულებები, მოერიდეთ პლასტიკური ოპერაციების ჩატარებასაც და რაც ყველაზე მთავარია, არ გირჩევთ ოფიციალურ ქორწინებას. 14 იანვარს რეტროგრადულ ვენერას შეუერთდა რეტროგრადული მერკური (4 თებერვლამდე). ამ პერიოდში შენელდება საბუთებთან, მიმოსვლასთან, ინტელექტუალურ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები. საქმეების მოსაგვარებლად კარგი პერიოდია 5 თებერვლიდან 26 აპრილის ჩათვლით. ამ დროს არ გვაქვს არც ერთი რეტროგრადული პლანეტა. 2022 წელს 16-20 მარტის შუალედში არ დაგეგმოთ მნიშვნელოვანი საქმეები, რთული დღეებია. 10 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით ისევ რეტროგრადულ ფაზაში გადავა მერკური (მესამე ფაზა დაიწყება 10 სექტემბერს და დასრულდება ორ ოქტომბერს და წლის ბოლოს, 29 დეკემბერს მერკური კვლავ რეტროგრადულ სვლაში გადავა 2023 წლის 18 იანვრამდე). ახალი პროექტების დასაწყებად და სხვა მნიშვნელოვანი საქმეებისთვის კარგი პერიოდი დაიწყება 4 ივნისს და გასტანს 9 სექტემბრამდე. მომდევნო პერიოდი იქნება 3-22 ოქტომბრის შუალედში.

მარსი ტყუპში გადავა 20 აგვისტოს და დარჩება 2023 წლის 25 მარტს. აქვე მოუწევს რეტროგრადული ფაზა, 30 ოქტომბრიდან 2023 წლის 12 იანვრამდე. თუ ტყუპში გყავთ ასცენდენტი, მნიშვნელოვანი წერტილები ან პირადი პლანეტები მარსი გაიძულებთ, რომ გააქტიურდეთ, ამოქმედეთ, მაგრამ მოერიდეთ სიფიცხეს, აგრესიულობას. აქვე უნდა გითხრათ, რომ მარსს დაძაბული ასპექტი ექნება ნეპტუნთან: 12 ოქტომბერს და 20 ნოემბერს. მარსი არის აქტიურობა და ცეცხლოვანი პლანეტა, ნეპტუნი არის წყლის პლანეტა, ეს ორი კი ვერ მეგობრობს. ამ დღეებში (პლუს/მინუს 2 დღე) მოიმატებული იქნება გადაღლილობა, გაფანტულობა. არ გირჩევთ ფიზიკურ აქტიურობას, მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, ყურადღება გმართებთ, თუ ცეცხლოვან ინსტუმენტებთან ან დეტალებთან გიწევთ მუშაობა.

ვისთვის იქნება 2022 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი: განვიხილოთ ხუთი მნიშვნელოვანი პლანეტა: პლუტონი, რომელიც არის ტრანსფორმაცია, ყველაფერი დრომოჭმულის გამანადგურებელი. 2022 წელს პლუტონი გაივლის თხის რქის 27-29 გრადუსს და განსაკუთრებით იმოქმედებს თქვენზე, თუ ამ გრადუსებში პირადი პლანეტები ან მნიშვნელოვანი წერტილები გყავთ. პლუტონის გავლენას იგრძნობენ ისინი, ვინც დაიბადა 16-19 იანვარს. უნდა დაამსხვიოთ ყველაფერი ძველი და დრომოჭმული და გამოუთავისუფლოთ ადგილი ახალსა და კარგს. 16-10 აპრილის, 18-21 ივლისისა და 19-22 ოქტომბრის შუალედში დაბადებულებს კრიზისული სიტუაცების გადალახვა მოგიწევთ. ცვლილებებს ნუ შეუშინდებით, დროა, ყველაფერი შეცვალოთ. ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ და მიზნების განხორციელება არ გაგიჭირდებათ 16-19 მარტის, 16-19 მაისის, 18-21 სექტემბრისა და 18-21 ნოემბრის შუალედში დაბადებულებს. გამოავლინეთ ინიციატივა, თამამად იმოქმედეთ და გაიმარჯვეთ.

ნეპტუნი - არის სულიერება და შემოქმედება. მისი დახმარებით ადამიანები ახალს, უჩვეულოს შეიცნობენ. 2022 წელს ნეპტუნი გაივლის თევზების 22-26 გრადუსს. თუ ამ გრადუსებში პირადი პლანეტები ან მნიშვნელოვანი წერტილები გყავთ, განსაკუთრებით იგრძნობთ ნეპტუნის გავლენას. ამასთან, ის იმოქმედებს მათზე, ვინც დაიბადა: 11-16 მარტის შუალედში. გაგიმძაფრდებათ ინტუიცია, დაგებადებათ ახალი შემოქმედებითი იდეები. კარგად გაერკვევით ადამიანების ფსიქოლოგიაში. 11-16 ივნისის, 13-18 სექტემბრისა და 12-17 დეკემბრის შუალედში დაბადებულება მეტი დრო დაუთმეთ სულიერებას, მოხდება ღირებულებების გადაფასება, დაფიქრდებით თქვენს ცხოვრებისულ მიზნებზე, მისწრაფებებზე. განსაკუთრებულ შემოქმედებით აღმაფრენას იგრძნობენ ადამიანები, ვინც დაიბადნენ: 11-15 იანვრის, 11-16 მაისის, 13-18 ივლისისა და 13-18 ნოემბრის შუალედში. გამოავლინეთ ინიციატივა და გამოიყენეთ ყველა ის შანსი, რასაც სამყარო თქვენთვის გამოიმეტებს.

ურანი არის თავისუფლების, რეფორმების პლანეტა 2022 წელს ურანი კუროს 11-19 გრადუსს გაივლის. თუ ამ გრადუსებში პირადი პლანეტები ან მნიშვნელოვანი წერტილები გყავთ, განსაკუთრებით იგრძნობთ ურანის გავლენას. 30 აპრილისა და 9 მაისის შუალედში დაბადებულებმა მიეცით საკუთარ თავს არასტანდარტულად და პროგრესიულად მოქმედების შესაძლებლობა. ურანი დაგეხმარებათ მნიშვნელოვანი რეფორმები ჩაატაროთ თქვენს ცხოვრებაში, სხვადასხვა სფეროში. 30 იანვრიდან 7 თებერვლის, 3-11 აგვისტოს და 3-11 ნოემბრის შუალედში დაბადებულებს გელით სერიოზული რეორგანიზაცია, საქმიანობაში, ინტერესებში, ჰობიში. უნდა გათავისუფლდეთ იმისგან, რაც აღარ გჭირდებათ. ურანი დაგეხმარებათ ცხოვრების უკეთესობისკენ შესაცვლელად მათ, ვინც დაიბადეთ: პირველი-9 მარტის, 2-10 ივლისის, 3-11 სექტემბრისა და პირველი-8 იანვრის შუალედში დაბადებულებს. თქვენს ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებების სიო დაუბერავს.

სატურნი - სიბრძნისა და დისციპლინის პლანეტა მოითხოვს, რომ გამოვავლინოთ მეტი პასუხისმგებლობა, შრომისმოყვარეობა, მზრუნველობა, წესიერება. 2022 წელს ის გაივლის მერწყულის 12-25 გრადუსს. თუ ამ გრადუსებში პირადი პლანეტები ან მნიშვნელოვანი წერტილები გყავთ, განსაკუთრებით იგრძნობთ სატურნის გავლენას. 31 იანვრის 14 თებერვლის შუალედში დაბადებულებს ხშირად მოგიწევთ გამოცდების ჩაბარება სატურნის თემებში. განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მოგეთხოვებათ მათ, ვინც დაიბადეთ: პირველი-5 აპრილის, პირველი 16 ივნისის, 4-18 ოქტომბრისა და 3-17 დეკემბრის შუალედში დაბადებულებს.

იუპიტერი - გაფართოებისა და დიდი ბედნიერების პლანეტა 2022 წელს გაივლის მანძილს თევზების პირველი გრადუსიდან ვერძის მე-9 გრადუსამდე. თუ ამ გრადუსებში პირადი პლანეტები ან მნიშვნელოვანი წერტილები გყავთ, განსაკუთრებით იგრძნობთ იუპიტერის გავლენას. წინა წელს კარგად შესრულებული საქმეებისთვის იუპიტერი დააჯილდოებს ადამიანებს, რომლებიც დაიბადნენ: 19 თებერვლიდან 29 მარტის ჩათვლით. მზად იყავით სასიამოვნო სიახლეებისთვის, ცვლილებებისთვის. გაუღეთ კარგი ყველაფერ ახალს, საინტერესოს, შეცვალეთ თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ. იუპიტერის საჩუქრებს მიიღებენ ისინი, ვინც დაიბადნენ: 20 მარტის-29 მაისის, 22 ივნისის-31 ივლისის, 24 ოქტომბრის-30 ნოემბრისა და 22დეკემბრის-29 იანვრის შუალედში დაბადებულები.

ეს იყო 2022 წლის მნიშვნელოვანი მოვლენების მოკლე მიმოხილვა, რათა წინასწარ დაგეგმოთ თქვენი საქმეები. ყოველ თვეში, რა თქმა უნდა, ვრცლად მოგწერთ თითოეულის შესახებ.

ბედნიერ და სასიამოვნო მოვლენებით აღსავსე 2022 წელს გისურვებთ!