ავტორი:

2023 წლის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები

2023 წლის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები

მოვლენებს ცოტათი გავუსწროთ და ვნახოთ, რას მოგვიტანს 2023 წელი: პლანეტების ვენერასა და იუპიტერის შეერთება პირად ბედნიერებას, კეთილდღეობას გვპირდება, კარმული კვანძები ნიშნებს შეიცვლიან, გასათვალისწინებელია რეტროგრადული მერკურის პერიოდი... ეს და 2023 წლის სხვა მნიშვნელოვანი მოვლენები ერთად განვიხილოთ:

რეტროგრადული მერკური

უკვე ყველამ იცის "რეტროგრადული მერკურის" შესახებ. ადამიანები ხშირად თავიანთ შეცდომებს მას აბრალებენ. მერკური არის კომუნიკაციის, ახალი ამბების გადაცემის, დოკუმენტების, გადადგილების, გონების მმართველი პლანეტა. წელიწადში სამ-ოთხჯერ ის რეტროგრადულ (უკანმავალ) სვლაში გადადის. გაითვალისწინეთ, რომ რეტროგრადული მერკურის დროს არ შეიძლება ავტომობილის, ძვირად ღირებული ნივთები, კომპიტერული და საყოფაცხოვრებო ტექნიკის, გაჯეტების შეძენა, დოკუმენტების გაფორმება. ეს არის დრო, როცა ყველაფერი უნდა გადააკეთოთ, გამოასწოროთ.

მერკური რეტროგრდული იქნება:

2022 წლის 29 დეკემბრიდან 2023 წლის 18 იანვრის ჩათვლით

მერკური პირველ რეტროგრადულ სვლას თხის რქის ნიშანში გაივლის. გაიხსენეთ საქმეები, პროექტები, რომლებიც მიატოვეთ. იყავით მეტად დისციპლინირებული, მიზანდასახული. ახლა განსაკუთრებით მობილიზებული უნდა იყოთ კარიერულ წინსვლაზე, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.

2023 წლის 21 აპრილიდან 15 მაისის ჩათვლით

მერკური მეორედ რეტროგრადული კუროს ნიშანში იქნება. თუ თხის რქაში ყოფნის დროს ცხოვრებისეული გამოცდა ვერ ჩააბარეთ, კუროში ყველაფრის გამოსწორების შესაძლებლობა მოგეცემათ. კურო პრაქტიკული, მატერიალური ნიშანია და მისი მბრძანებლობის პერიოდში უნდა მოერიდოთ ფულის ფლანგვას. თუმცა, კომფორტისკენ სწრაფვა, სიამოვნების მიღება და ლამაზი ნივთებისადმი ინტერესი გაგიმძაფრდებათ. ამასთან, ნუ გაგიკვირდებათ, თუ ყოფილისგან მიიღეთ შეტყობინებას ან მასზე გაიგებთ რამეს.

2023 წლის 23 აგვისტოდან 15 სექტემბრის ჩათვლით

მესამედ მერკური რეტროგრადულ სვლაში ქალწულში გადავა. სამივე - თხის რქა, კურო, ქალწული - მიწის სტიქიის წარმომადგენელია, მომართული კარიერულ წინსვლაზე, კომფორტზე. ამიტომ ამ სფეროებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. ამასთან, ქალწული არის დეტალებზე დაკვირვებული, პერფექციონისტი, ლოგიკურად მსჯელობს. ამ პერიოდში მაქსიმალური დაკვირვება გმართებთ უმნიშვნელო მოვლებისადმიც კი.

2023 წლის 13 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით

მეოთხე რეტროგრადულ სვლას მერკური მშვილდოსანში დაიწყებს და თხის რქაში გააგრძელებს, იქ, სადაც წლის დასაწყისში დაიწყო. ამიტომ, წლის ბოლოსთვის ყველა საქმე, ვალდებულება და პროექტი იდეალურად გაკეთებული, მოგვარებული უნდა გქონდეთ. ისწავლით გაწერილი გრაფიკით ცხოვრებას; გახდით პუნქტუალური. კარგი იქნება, თუ დააგროვებთ გარკვეულ თანხას. გამორიცხული არაა, კარგად მუშაობის შედეგად დაწინაურდეთ, მიაღწიოთ სასურველ თანამდებობას.

რეტროგრადული ვენერა ლომში

2023 წლის 23 ივლისიდან 4 სექტემბრის ჩათვლით სილამაზის, სიყვარულისა და ფულის პლანეტა ვენერა ლომში ზოდიაქოში გადავა რეტროგრადულ სვლაში. ვენერა დაახლოებით, წელიწადნახევარში ერთხელ, 40 დღით უკანმავალი ხდება. მისი გავლენა ჩვენზე განსაკუთრებად მოქმედებს. ამ პერიოდში აკრძალულია სილამაზის ნემსების, პლასტიკური ოპერაციების გაკეთება. მოერიდეთ სილამაზესთან დაკავშირებულ ექსპერიმენტებს. ნუ შეიძენთ ძვირად ღირებულ ნივთებს, ძვირფასეულობებს. ამ პერიოდში შეიძლება განახლდეს ძველი რომანი, თქვენს ცხოვრებაში დაბრუნდეს ყოფილი. რეტროგრადული ვენერას დროს არ გირჩევთ დაქორწინებას.

სატურნი თევზებში

2023 წლის 2 ივლისიდან 2026 წლის 17 დეკემბრის ჩათვლით შეზღუდვებისა და აკრძალვების პლანეტა სატურნი პირველად ესტუმრება თევზებს. საბოლოოდ კი 2023 წლის წლის 17 დეკემბერს გადავა და 2026 წლამდე დარჩება. სატურნის თევზებში გადასვლა, პირველ რიგში, თევზებზე მოახდენს გავლენას და მათზეც, ვისაც ამ ნიშანში ჰყავს მნიშვნელოვანი წერტილები ან სტელიუმი. სატურნი ადამიანებისგან ითხოვს სერიოზულობას, პუნქტუალურობას, დაკვირვებულობას, შრომისმოყვარეობას. შეუძლია შეზღუდვებისა და აკრძალვების დაწესება. სატურნის თევზებში ყოფნის დროს გაარკვევთ გარშემო მყოფებიდან ვინაა თქვენი ნამდვილი მეგობარი და ვინ - მტერი. ადამიანებს მოუნდებათ ქველმოქმედება, სულიერი პრაქტიკების შესრულება, საკუთარი შესაძლებლობების მოსინჯვა შემოქმედებაში. ამასთან, მაქსიმალურად უნდა მოერიდოთ დეპრესიულობას, არ ჩავარდეთ მწუხარებაში. მუშაობისას დაკვირვებული უნდა იყოთ დეტალებისადმი. თუ რაღაც პირველ ჯერზე არ გამოგივათ, ხელს ნუ ჩაიქნევთ, მკაცრი სატურნი გირჩევთ, გაითვალისწინოთ შეცდომები და უკეთეს შედეგს მიაღწევთ. ამასთან, სატურნს არ უყვარს ფულის ფლანგვა, მხოლოდ აუცილებელი, ხარისხიანი და საჭირო ნივთები უნდა იყიდოთ.

იუპიტერი ვერძსა და კუროში

2023 წლის 16 მაისამდე ბედნიერების პლანეტა იუპიტერი ვერძში იქნება. შემდეგ კუროში გადაინაცვლებს. ვერძი მამაცი და უშიშარია, არ უჭირს გადაწყვეტილებების მიღება, პირველი ნაბიჯის გადადგმა. იუპიტერის ვერძში ყოფნის დროს უსაქმოდ ვერ გაჩერდებით. უნდა გააქტიურდეთ, თუ წარმატების მიღწევა გსურთ, თავად უნდა შექმნათ თქვენი ბედნიერება. განახორციელეთ მიზნები, აისრულეთ სურვილები. იუპიტერის კუროში ყოფნის დროს მოგინდებათ კომფორტი, სიამოვნებით ტკბობა, დელიკატესების, გემრიელი კერძების მირთმევა. შეიძენთ ძვირად ღირებულ ნივთებს, ძვირფასეულობებს. ამასთან, უნდა გაგაფრთხილოთ, რომ იუპიტერმა ზედმეტი კილოგრამების მომატება იცის და გაფრთხილდით, განსაკუთრებით მოერიდეთ ტკბილეულს. ეს ეხება კუროებს და მათ ვისაც კუროს ნიშანში ჰყავთ მნიშვნელოვანი წერტილები, სტელიუმი.

კარმული კვანძები

ასტროლოგიაში არსებობს ორი მთავარი ფიქტიური წერტილი - აღმავალი-დაღმავალი კვანძი, მათ რახუ-ქეთუსაც ეძახიან. აღმავალი არის ის, რისკენაც უნდა განვითარდეთ, დაღმავალი არის ის, საიდანაც მოვდივართ, რა გამოცდილებით. 2023 წლის 17 ივლისს კვანძები ნიშანს იცვლიან და კურო მორიელის ღერძიდან სასწორი-ვერძის ღერძზე გადადიან. თქვენი დევიზი უნდა გახდეს: გადაწყვიტე-გააკეთე! ნუ დაიხევთ უკან, ნუ იყოყმანებთ, წინ გამარჯვებისკენ. ამასთან, იყავით ფრთხილი და დაკვირვებული, დაიცავით წესები და არ გადაიფიქროთ, თუ რამის გაკეთება გსურთ. მეტად გამოავლინეთ სიმამაცე, მაგრამ ნურც დიპლომატიურობას დაივიწყებთ.

ვენერა-იუპიტერის შეერთება

2023 წლის 2 მარტს ღირსშესანიშნავი დღე გველოდება, - დიდი და პატარა ბედნიერების პლანეტები ერთიანდებიან. მათი შეერთება დღესასწაულია საჩუქრებით, სიურპრიზებით, მატერიალური კეთილდღეობით. პლუს/მინუს 3 დღე გააქტიურდით, რომ მიიღოთ სასურველი, მაქსიმალური სიკეთე. ამ დღეს დაწყებული საქმეებით წარმატებით მოგვარდება, ამ დღეს გაცნობილი ადამიანი ბედნიერებას, კეთილდღეობას მოგიტანთ. კარგი იქნება, თუ ამ დღეს დანიშნავთ პაემანს, საქმიან შეხვედრას, დღესასწაულს.

დაბნელებები

2023 წელს 4 დაბნელება გველოდება - 2 მზის და 2 მთვარის უკვე გითხარით, რომ კარმული კვანძები ნიშნებს იცვლიან, კურო-მორიელის ღერძიდან ვერძი-სასწორის ღერძზე გადადიან და დაბნელებებიც ამ ნიშნებში გველოდება.

2023 წლის 20 აპრილს მზის დაბნელება გველოდება ვერძის ნიშანში. საუკეთესო დროა ცხოვრების თავიდან, ახალი ფურცლიდან დასაწყებად. სამყარო სხვადასხვა ვარიანტს შემოგთავაზებთ და მიიღეთ საინტერესო, ის, რომელიც გამარჯვებას მოგიტანთ.

2023 წლის 5 მაისს მთვარის დაბნელება გველოდება მორიელის ნიშანში. ემოციური დღე გველის, გაფრთხილდით, რომ არ გაიფუჭოთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან, არ გირჩევთ გადაწყვეტილებების მიღებას ცხელ გულზე, ემოციებს აყოლილი. ადამიანებში მოიმატებს შიშებისა და წყენის ალბათობა. მოუნდებათ სხვებით მანიპულირება. ამასთან, მოძლიერებული იქნება სექსუალური და შემოქმედებითი ენერგია. მიმართეთ თქვენი მზერა მხოლოდ კეთილი საქმეებისადმი.

2023 წლის 14 ოქტომბერს მზის დაბნელება გველოდება სასწორის ნიშანში. საქმეებში უნდა მონახოთ ოქროს შუალედი. დაიცავით ჰარმონია გარშემო მყოფებთან ურთიერთობაში. გამორიცხული არაა ამ დღეს ყოყმანობა, ყველაფრის აწონ-დაწონვა. ადამიანებს შეიძლება გაუჭირდეთ გადაწყვეტილებების მიღება, არჩევნის გაკეთება.

2023 წლის 28 ოქტომბერს მთვარის დაბნელება გველოდება კუროს ნიშანში. კუროს მმართველი პლანეტა ვენერა განაგებს ფულს, სიყვარულსა და სილამაზეს. მოგინდებათ მეტი ფულის გამომუშავება, გალამაზება ან სილამაზის ინდუსტრიაში, შემოქმედებაში საკუთარი შესაძლებლობების მოსინჯვა. უნდა გათავისუფლდეთ ძველი, უსარგებლო ნივთებისგან, რომ შეიძინოთ ახალი, ძვირად ღირებული და ხარისხიანი.

სასიკეთო ცვლილებები მოეტანოს 2023 წელს!