სექტემბრის ბოლო კვირიდან ოქტომბერში გადასვლა შედარებით „რბილად “ მოხდება. „დაიშლება“ მზისა და მარსის ნეგატიური ასპექტები, რაც შექმნილ დაძაბულობას და ფეთქებად სიტუაციებს მეტ-ნაკლებად შეასუსტებს. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს ის ასტროლოგიური ფაქტორი, რომ მარსი მორიელის ნიშანში მოძრაობს. მარსის ეს ინგრესია სიმბოლურად შეიძლება შევადაროთ ცნობილი რეჟისორის ენგ ლის ფილმის სათაურს Crouching Tiger, Hidden Dragon, ან მეორე შედარება შეიძლება იყოს „ჯუნგლებში მიმავალი ტურისტი“. ამ დროს ხიფათი ყველგან შეიძლება ჩასაფრებული იყოს და გულარხეინობა, უდარდელობა, წინდაუხედაობა და გადამეტებული გულწრფელობაც კი შეიძლება ძალიან ძვირად დაჯდეს.
ამიტომ ერთი შეხედვით „ისეთი არაფერი ხდება“ პოზიციის მიღმა შეიძლება საფრთხე იყოს. ამიტომ მოქმედებები ნელა და დაკვირვებით უნდა განხორციელდეს.
მარსის მორიელში მოქმედება არის არა ღია კონფრონტაცია ან ომი, არამედ ტერაქტი, როდესაც სრულიად მშვიდ გარემოში გამაყრუებელი და დამანგრეველი აფეთქება ხდება. აქედან გამომდინარე, ყურადღებას ითხოვს არა მხოლოდ საქმის დეტალები, არამედ დაგეგმვის ნაწილიც, რადგან ზედმეტმა ოპტიმიზმმა და რეალობის სწორად ვერ შეფასებამ მოსალოდნელია შეცდომების დაშვება გამოიწვიოს.
ამ კვირაშიც შენარჩუნდება ჭორებისა და სკანდალების გავრცელების მაღალი ალბათობა. ამიტომ მოსალოდნელია ვიხილოთ ისეთი რეზონანსული ამბები, რომლებიც აქამდე დაფარული და გასაიდუმლოებული იყო. ჯანმრთელობის კუთხით ახლაც დასუსტებული იქნება ძვალსახსროვანი სისტემა და ხერხემალი. ამიტომ ამ კუთხით ყურადღების გამოჩენა იქნება საჭირო.
რთული დღეებია: პირველი, 2 და 4 ოქტომბერი.
რა შეიძლება იყოს ამ პერიოდში კარგი?!
მიუხედავად მერკურის ნეგატიური ასპექტი იუპიტერთან (რასაც ზედმეტ დაპირებებს და მათ ვერ შესრულებაზე მიანიშნებს), შესაძლებელი გახდება წარმატების მიღწევა. განსაკუთრებით ეს ადრე დაწყებულ პროექტებს ეხება.
მითუმეტეს, რომ ამ პერიოდში ვხედავთ ვენერასა და მთვარის სამხრეთ კვანძის შეერთებას, რაც წარსულიდან ძველი ნაცნობების, პერსპექტივებისა თუ პრობლემების „ამოტივტივებას“ უკავშირდება.
ამ პერიოდში დასასრულებელი გახდება ის საქმეები, რომლებიც ადრე ვერ დავასრულეთ. უნდა ვთქვათ, რომ ეს შესაძლებელი იქნება, რადგან ვენერას გააჩნია დადებითი ასპექტი იუპიტერთან. ეს კარგია დროა ძველი კავშირების აღდგენისთვის, რეგენერაციისთვის, ნაწყენ ახლობელ ადამიანებთან შერიგებისთვის, ასევე ვალების გადახდისთვის და საერთოდ, ფინანსურ საკითხებში გარკვევისთვის.
ეს პერიოდი შედარებით ხელსაყრელი იქნება: კუროსთვის, კირჩხიბისთვის, ქალწულისთვის, მორიელისთვის, თხის რქისთვის და თევზებისთვის. ასევე მათთვის, ვისაც პირად ჰოროსკოპში წყლისა და მიწის ნიშნები დომინანტური აქვს.