2026 წლის 26 აპრილს, რევოლუციური ურანი ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში გადავა. ეს მოვლენა 84 წელიწადში ერთხელ დგება და 2033 წლის მაისის ბოლომდე გაგრძელდება.
ასტროლოგი ნინა ხომერიკი გვიყვება რას მოგვიტანს მისი ტრანზიტი:
ინფორმაციული წყაროების სრულ რესტრუქტურიზაციას, მონაცემთა დამუშავებისა და განათლების მიღების ახალ მეთოდებს, ხელოვნური ინტელექტის, ნეირონული ქსელების, ვირტუალური რეალობისა და ინტერნეტის განვითარებას, ცვლილებებს კომუნიკაციებში, ტრანსპორტსა და განათლებაში.
ტყუპები პასუხისმგებელია ინფორმაციის გაცვლაზე, ამიტომ მოსალოდნელია საგანმანათლებლო და ლოჯისტიკური სისტემების განახლება, აზროვნების მოქნილობა, ეს ტრანზიტი მოითხოვს სწრაფ ადაპტაციას, სტერეოტიპების შეცვლას, დრომოჭმული ცოდნის უარყოფასა და არასტანდარტული გადაწყვეტილებების მიღებას.
კონკრეტულად ტყუპებს, ამ პერიოდის განმავლობაში, ელოდებათ იმიჯის, ცხოვრების წესის ცვლილება და მოიპოვებენ დამოუკიდებლობას. ზოგადად, ჰაერის ნიშნებისთვის, როგორიცაა: ტყუპები, სასწორი, მერწყული, ეს იქნება ინოვაციების, ახალი განვითარების, პროექტების და საინტერესო მოგზაურობების მომტანი პერიოდი, ხოლო ცეცხლოვან ნიშნებს, კერძოდ: ვერძს, ლომსა და მშვილდოსანს, ელით სოციალური წრის, კომუნიკაციების განახლება და ასევე დიდი ინტელექტუალური მიღწევები.
ურანი პასუხისმგებელია ელექტროენერგიაზე, სისწრაფეზე, გამჭრიახობაზე, მიხვედრილობაზე და მისი ტრანზიტი ტყუპებში, ძალიან კომფორტულად იგრძნობს თავს, რადგან, ტყუპები ჰაერის სტიქიის წარმომადგენელია, ხოლო ურანი არასტანდარტული, ექსტრაორდინარული და მოულოდნელი იდეების მომტანი, რომელიც ტყუპების მეშვეობით, ქარის სისწრაფით გავრცელდება სამყაროში, რაც ძალიან იმოქმედებს ადამიანების ნერვიულ სისტემაზე და ვესტიბულურ აპარატზე, ამიტომ კარგი იქნება, მაქსიმალურად ვეცადოთ შევამციროთ ის დრო, რომელსაც ატარებთ გაჯეტებთან, რადგან ეს დაგეხმარებათ თავიდან აირიდოთ ემოციური ტურბულენტობა. აგრეთვე, ურანი ტყუპებში ააჩქარებს პროცესებს და მოგვთხოვს სწრაფ რეაქციებს, მობილურობას, განვითარებას, ხელოვნურ ინტელექტთან უფრო ახლო კონტაქტს და ახალი ტექნოლოგიების ათვისებას.
რას მოიტანს ურანი ტყუპებში:
* პირველ რიგში ხელისუფლების მხრიდან კონტროლირებადი გახდება ნებისმიერი ფინანსური ოპერაციები და ყველა სახის ანგარიშსწორება იქნება გამჭვირვალე;
* ტყუპების ერთ-ერთი უარყოფითი მხარე არის თაღლითობა, აქედან გამომდინარე, მოიმატებს სხვისი ინფორმაციის, რესურსების ან ინტელექტუალური შრომის გამოყენების მცდელობები და ამიტომ საჭიროა გამოიჩინოთ მეტი სიფრთხილე;
* აგრეთვე, ეს ტრანზიტი დანერგავს კომუნიკაციების და ურთიერთობების ახალ გამოცდილებას, ახალ ინტერესებს, გატაცებებს, მიმართულებებს;
* ტყუპები პასუხისმგებელია განათლებაზე, ამიტომ ბევრ ადამიანს მოუწევს ხელახლა განვითარება, პროფესიის შეცვლა ან კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა;
* ამ ტრანზიტის აუცილებელი პირობაა აზროვნების შეცვლა, ჩვენი ყოველდღიურობის, რუტინის, ჩვევების, მექანიკურად მიღებული გადაწყვეტილებების ცვლილება, რის უნიკალურ შესაძლებლობასაც გვაძლევს ურანი ტყუპებში.
განვიხილოთ რას მოუტანს ტრანზიტი ზოდიაქოს ნიშნებს.
ვერძი:
ურანი ბოლო 8 წლის განმავლობაში იმყოფებოდა თქვენს მეორე სახლში, რამაც მოიტანა ბევრი ფინანსური ტურბულენტობა, პროფესიული და სამსახურებრივი ცვლილებები, აგრეთვე შეცვალა თქვენი დამოკიდებულება მატერიალური სექტორის მიმართ, ახლა კი ურანის ტრანზიტი გადავა თქვენს მე-3-ე ასტრო ველში, რაც აუცილებელს ხდის მოძებნოთ და შეიმუშაოთ კომუნიკაციების ახალი მეთოდები თქვენს გარემოცვასთან, გაფილტროთ ადამიანები, დაკავდეთ განვითარებით, განათლებით, ახალი ტექნოლოგიების ათვისებით, საჭიროების შემთხვევაში განაახლოთ ტექნიკა და ავტომობილი, დაასრულოთ სხვადასხვა საჭირო კურსები ან სრულად შეიცვალოთ პროფესია, ასევე მოსალოდნელია ხშირი მოგზაურობები, საქმიანი მიმოსვლები და ბევრი ახალი გზები.
კურო:
კუროები ბოლო 8 წლის განმავლობაში ახლა იგრძნობენ შვებას, რადგან 2018 წლიდან თქვენს ზოდიაქოს ნიშანში აქტიურად იდგა პლანეტა ურანი, რის ფონზეც ხშირად გიწევდათ საკუთარი საზღვრების დაცვა, ფინანსური სირთულეების გადალახვა. ასევე შესაძლებელი იყო გქონოდათ პრობლემური ურთიერთობები თქვენს მეორე ნახევრებთან, ბავშვებთან, რადგან პირველი სახლი, რომელსაც გადიოდა ურანი არის „მე“, პირადი გადაწყვეტილებები, არჩევანი „მე“-ს და სხვებს შორის და ახლა, ეს ტრანზიტი გადადის თქვენს მე-2-ე სექტორში და მოითხოვს თქვენგან შექმნათ თავისუფალი გრაფიკისა და ხასიათის მქონე, ახალი დამატებითი შემოსავლის წყაროები და რადგან ურანი, არის ინტერნეტი და კომუნიკაციები, შესაძლებელია ეს სამსახური იყოს ონლაინ, გახდეთ ბლოგერი, დაწეროთ სტატიები, იმუშაოთ ინტელექტუალური კუთხით და ა.შ, ეს ტრანზიტი მოგთხოვთ სწრაფად ადაპტირებასა და ძველი ჩვევებისგან გათავისუფლებას.
ტყუპები :
გასული 8 წლის განმავლობაში ურანი იდგა თქვენს მე-12-ე სახლში და მისი დახმარებით შეძელით გაგესუფთავებინათ თქვენი ცხოვრება დრომოჭმული რაღაცებისგან ან ვიღაცებისგან. რაც რა თქმა უნდა, არ იყო მარტივი და უმტკივნეულო, ეს პერიოდი თამამად შეგვიძლია შევადაროთ გრძელ, დაუსრულებელ და ქაოსურ სიზმარს, რომელიც დასრულდა და ახლა ურანი შედის თქვენს პირველ სექტორში და მნიშვნელოვანი ხდება თქვენი ახალი „მე“-ს შექმნა და აღმოჩენა. ეს ტრანზიტი მოგიტანთ პიროვნულ, გარეგნულ, იმიჯურ, ხასიათობრივ და ცხოვრების წესის ცვლილებებს, შესაძლოა გაგიჩნდეთ გამგზავრების ან საცხოვრებელი ადგილის ცვლილებების სურვილი, მოგინდებათ ყურადღების ცენტრში ან მოვლენათა ეპიცენტრში ყოფნა, რის გამოც, შესაძლებელია შეაჩეროთ არჩევანი მედიაზე. ურანი გაგიჩენთ სურვილს იყოთ მეტად თავისუფალი, დამოუკიდებელი, აქტიური და გაუფრთხილდეთ თქვენს ნერვიულ სისტემას ზედმეტი ინფორმაციული დატვირთვისგან.
კირჩხიბი :
ტრანზიტი გაივლის თქვენს მე-12-ე სექტორს. გასული 8 წლის განმავლობაში ურანი გადიოდა თქვენს მე-11-ე სახლს და ამ პერიოდში შეძელით გათავისუფლებულიყავით ბევრი სხვადასხვა მიჯაჭვულობებისგან, მოიტანა დიდი ცვლილებები ურთიერთობებში, ახლა კი გაგიჩნდებათ სამყაროსთან გაუცხოებისა და დისტანცირების განცდა საკუთარ თავთან მარტო დარჩენის სურვილი, იმისათვის, რომ უფრო ღრმად ჩაიხედოთ საკუთარ ქვეცნობიერში, გათავისუფლდეთ იქ არსებული შიშებისგან, ფარული სურვილებისგან და დაბლოკილი რესურსებისგან. იდეალური პერიოდია საკუთარ თავზე სამუშაოდ, თვითგანვითარებისთვის, კვლევისთვის და შემოქმედებითი წინსვლებისთვის.
ლომი:
ბოლო 8 წლის განმავლობაში ურანი გადიოდა თქვენს მე -10-ე სექტორს და ამ პერიოდში კარდინალურად უნდა შეცვლილიყო თქვენი მიზნები და პრიორიტეტები ცხოვრებაში, სოციალური სტატუსი, მოგიტანათ აღმაფრენები და ვარდნები ფინანსურ საკითხებში. ახლა ეს ტრანზიტი გადადის თქვენს მე-11-ე სახლში, რაც პირველ რიგში მოგცემთ შესაძლებლობას დაეყრდნოთ თქვენს თანამოაზრეებსა და მეგობრებს, ასევე თქვენ აღმოჩნდებით ახალი ნაცნობების, ვირტუალური თემებისა და ახალი კოლაბორაციების ეპიცენტრში. გაიცნობთ არასტანდარტული აზროვნების, პროგრესულ ადამიანებს, რაც შეცვლის თქვენს აზროვნებას. იდეალური პერიოდია შემოქმედებითი სტარტაპებისთვის, თვითრეალიზაციისა და თავისუფლების მისაღწევად.
ქალწული:
ბოლო 8 წლის განმავლობაში ურანი გადიოდა თქვენს მე-9-ე სექტორს, რის გამოც ბევრმა ქალწულმა შეიცვალა მიმართულება, ისწავლა, განვითარდა, აითვისა ახალი პროფესია, იმოგზაურა, გაეცნო სხვა ქვეყნის კულტურას, ფილოსოფიას და გაუჩნდა ახალი ფასეულობები. ახლა ტრანზიტი, გადადის თქვენს მე-10-ე სახლში, რაც არ იქნება მარტივი პერიოდი, რადგან ის გააკეთებს კვადრატს თქვენი კარიერის სექტორთან და პირველ რიგში ეს შეეხება თქვენს სტატუსს, გეგმებს, რაც მოგიტანთ მიზნების სერიოზულ გადაფასებას. ურანი, ტყუპებში დაგანახებთ თქვენს რეალურ გამოწვევებს, საით უნდა აიღოთ გეზი, ამიტომ საჭიროა მზად იყოთ ცვლილებებისთვის. მოსალოდნელია სტატუსის ცვლილება: ოჯახის შექმნა ან განქორწინება, იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ რუტინული ან დაძაბული ურთიერთობები. შვილის შეძენა, კარიერული წინსვლები ან პირიქით, ლოკაციის ან საცხოვრებელი ადგილის ცვლილება. აქ მთავარი და მნიშვნელოვანია თქვენი რეაქციები იმ ცვლილებებზე, რასაც ურანი შემოგთავაზებთ, რადგან საჭიროა სწრაფად ადაპტირდეთ ახალ რეალობასთან. ამ ტრანზიტის განმავლობაში, მოგეცემათ შესაძლებლობა შეიძინოთ ახლი უძრავი ქონება. ურანი მე-10-ე სახლში მოგცემთ ახალ პროფესიულ დონეზე ასვლის შესაძლებლობას და თქვენი მიდგომა კარიერულ საკითხებში გახდება უფრო მოქნილი.
სასწორი:
გასული 8 წლის განმავლობაში, ურანი გადიოდა თქვენს მე-8-ე სექტორს, რამაც მოიტანა უდიდესი ტრანსფორმაციები თქვენს ცხოვრებაში, რადგან თავად ამ ასტრო ველს ახასიათებს დიდი გარდასახვები, ამ პერიოდის თანმდევი იყო საკუთარი თავის ახლებურად გაცნობა და შეცნობა, ფასეულობების ცვლილება, რაც შეიძლება მომხდარიყო: დაავადების გადატანის, მნიშვნელოვანი ურთიერთობების დასრულების, პროფესიული ცვლილებების ან შვილების შეძენის შედეგად. მომავალი 7 წლის განმავლობაში, ურანი იდგება თქვენს მე-9 -ე სახლში და გააკეთებს დადებით ასპექტს თქვენს ამ სექტორთან. ამ შემთხვევაში, აქცენტები გაკეთდება საკუთარი თავის რეალიზაციაზე, შემოქმედებითი და ინტელექტუალური კუთხით. წინ გელით ბევრი სპონტანური და საინტერესო გზები, განვითარება, კულტურული და ფილოსოფიური ცვლილებები. შესაძლოა გაგიჩნდეთ ინტერესი ალტერნატიული მიმართულებების მიმართ, შეისწავლოთ უცხო ენები ან უეცრად მიიღოთ გადაწყვეტილება და გახდეთ ემიგრანტი.
მორიელი:
გასული 8 წლის განმავლობაში ურანი გადიოდა თქვენს მე-7-ე სექტორს, რაც საკმაოდ რთული პერიოდი იყო თქვენთვის. მას თან ახლდა, დიდი პრობლემები ურთიერთობებში, პირადში, სამსახურში, ფინანსური კრიზისები, ქონებრივი დანაკარგები, საკუთარ თავთან პრობლემები და ახლა, როდესაც ეს ტრანზიტი გადავა თქვენს მე-8-ე სახლში, შეიძლება ითქვას, რომ ხელახლა დაიბადებით, რადგან გეძლევათ ძალიან კარგი შესაძლებლობა, ის რაც გაიარეთ პარტნიორულ ურთიერთობებში და გადაიტანეთ, გადაშალოთ და ცხოვრება დაიწყოთ ახალი, სუფთა ფურცლიდან. ეს ტრანზიტი მოგცემთ შესაძლებლობას დაალაგოთ თქვენი მატერიალური მდგომარეობა, კარგი იქნება გააკეთოთ ინვესტიციები, სცადოთ თქვენი ფინანსების დაბანდება, შექმნათ შემოსავლის ახალი, თავისუფალი წყარო, ანუ ისე განავითაროთ თქვენი მატერიალური მხარე, რომ იგრძნოთ საჭირო თავისუფლება და დამოუკიდებლობა. ერთი სიტყვით, ეს არის ღრმა თვითშემეცნების, ღირებულებების ცვლილებისა და საკუთარ თავში რესურსების აღმოჩენის პერიოდი და ეცადეთ მაქსიმალურად გამოიყენოთ.
მშვილდოსანი:
გასული 8 წლის განმავლობაში, ურანი გადიოდა თქვენს მე-6-ე სექტორს, რასაც შეეძლო მოეტანა ახალი გამოცდილება ყოველდღიური რუტინის, ჯანმრთელობისა და სამსახურის კუთხით. მომავალი 7 წლის განმავლობაში, ურანი იდგება თქვენს მე- 7-ე სახლში, რაც მოგცემთ ახალ გამოცდილებას ნებისმიერ ურთიერთობებში, როგორიცაა: პირადი, საქმიანი, ოჯახური, ბიზნეს პარტნიორობა და ა.შ. ამ შემთხვევაში, ძალიან მნიშვნელოვანია შეაფასოთ საკუთარი შეგრძნებები ამ ურთიერთობებში, ვის რა როლი უკავია და ვინ არის ლიდერი, შეგიძლიათ თუ არა საკუთარი „მე“-ს დაცვა, ხმამაღლა თქვათ რას ელით ან რას ელოდებით ამ ურთიერთობებში. ახლა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ურანი ეს არის მოულოდნელობა, სიურპრიზები, აჯანყება და მომავალი 7 წლის განმავლობაში, ნებისმიერ ურთიერთობებში, თქვენ გენდომებათ თვითრეალიზაციის, თვითგამოხატვის, სიტყვისა და მოქმედების თავისუფლება, რაც მოგიტანთ დაახლოებას ან დისტანციას პარტნიორთან. ერთი სიტყვით ეს არის მოულოდნელი შეხვედრების, დაშორებების, არასტანდარტული ურთიერთობების პერიოდი, და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია შეცვალოთ მიდგომები საკუთარი შვილების მიმართაც.
თხის რქა:
გასული 8 წლის განმავლობაში ურანი გადიოდა თქვენს მე-5-ე სექტორს, რასაც თან ახლდა ინტერესების, ემოციების ან თუნდაც პარტნიორის ცვლილება, ასევე შესაძლებელია გქონდათ რთული ურთიერთოებები ან სერიოზული განხეთქილებები შვილებთან და ახლა ურანი გადადის თქვენს მე-6-ე სახლში, რაც იმას ნიშნავს, რომ მოგიწევთ მოძებნოთ ახალი გზები თქვენი ყოვედღიურობის და რუტინის დასალაგებლად. დაიწყოთ კაპიტალური რემონტი ან გადახვიდეთ ახალ ადგილზე საცხოვრებლად, შეიძინოთ ან სრულად განაახლოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა, შეიქმნათ მეტი კომფორტი, რაც მოგცემთ მეტ თავისუფალ დროს. ასევე კარგი იქნება თუ დაკავდებით თქვენი საერთო ჯანმრთელობის მდგომარეობით, მოიწესრიგებთ კვებას, დაკავდებით სპორტული აქტივობით, ანუ საკუთარი თავის ტრანსფორმაციით. აგრეთვე მოსალოდნელია სამსახურეობრივი გრაფიკის ცვლილებაც, რაც შესაძლებელია არ იყოს ისეთი დალაგებული, როგორიც ადრე და ჰქონდეს ქაოსური ხასიათი. ეს იქნება ახალი კოლექტივი, თავისუფალი გრაფიკი, რაც გაიძულებთ მეტი იმოძრაოთ, მეტი იკომუნიკაციოთ და ადაპტირდეთ ახალ გარემოსთან. მთავარია გახსოვდეთ მეტი დრო დაუთმოთ საკუთარ თავს და ჯანმრთელობას.
მერწყული:
გასული 8 წლის განმავლობაში ურანი გადიოდა თქვენს მე-4-ე სექტორს და ამ პერიოდში დაკავებული უნდა ყოფილიყავით ოჯახურ ან უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხებით, რაც არ იყო მარტივი, რადგან მე-4-ე, საკმაოდ რთული ასტროველია და თქვენი ნათესაური კავშირები, ხშირად ატარებდა ურთიერთობების გარკვევის ხასიათს, სადაც თქვენ ცხილობდით დაგეცვათ საკუთარი პოზიციები, დამოუკიდებლობა, ხედვა და სიტყვა და ამ პერიოდისთვის დამახასიათებელი იყო დიდი თუ პატარა კონფლიქტური სიტუაციების წარმოქმნა. ახლა ურანი გადადის თქვენს მე-5-ე სექტორში, რაც ძალიან კარგია, რადგან ის აკეთებს ჰარმონიულ ასპექტს ამ სახლთან და ახლა რეალურად შეძლებთ დრო დაუთმოთ ისეთ მიმართულებებს, რაც რეალურად გაინტერესებთ, როგორიცაა: ახალი გატაცება, ჰობი, ურანის დახმარებით იგრძნობთ ახალ იმპულსებს და შემოქმედებით აღმაფრენას. მომავალი 7 წლის განმავლობაში აუცილებლად ეცადეთ განვითარდეთ შემოქმედებითი კუთხით, ანუ რაც დიდი ხნის განმავლობაში გინდოდათ ახლა შეძლებთ ამ ყველაფრის განხორციელებას და გამოიჩინეთ სითამამე ექსპერიმენტების კუთხით. აგრეთვე, ის მერწყულები, ვინც ჯერ კიდევ თავიანი მეორე ნახევრის ძიებაში არიან, ამ ტრანზიტის განმავლობაში მოულოდნელად შეხვდებიან ადამიანს, ვისთანაც შეძლებენ პირადი ურთიერთოებების აწყობას.
თევზები:
გასული 8 წლის განმავლობაში ურანი გადიოდა თქვენს მე-3-ე სექტორს და ეს პერიოდი, უწყვეტ რეჟიმში მოითხოვდა თქვენგან ინტელექუალურ და მენტალურ განვითარებას, ახალ კომუნიკაციებს, მუდმივ გზებს, გარემოცვის ცვლილებას. ახლა ეს პლანეტა, 7 წლით გადადის თქვენს მე-4-ე სახლში, რაც არ იქნება მარტივი პერიოდი, რადგან ამ სექტორთან ურანი აკეთებს რთულ ასპექტს და მოსალოდნელია სერიოზული ცვლილებები ოჯახში, ურთიერთობების ახლებურად დალაგება, ახალი წესებისა და ტრადიციების დანერგვა, ძველი სტერეოტიპებისა და გავლენების ნგრევა. მოგიწევთ იბრძოლოთ დამოუკიდებლობისთვის, პირადი თავისუფლებისთვის. ზოგიერთი თქვენთაგანი შეძლებს თავი დააღწიოს ოჯახის ტოტალურ კონტროლს და დაიწყოს ცალკე ცხოვრება, ზოგი კი პირიქით იძულებული გახდება, გარკვეული მიზეზების გამო დაუბრუნდეს მშობლიურ გარემოს, სადაც სურვილი გაუჩნდება გამოავლინოს საკუთარი „მე“, მაგრამ დაეჯახება სხვის წესებს, რისი გათვალისწინებაც მოუწევს. მზად უნდა იყო ახალი ოჯახური ურთიერთობებისთვის. ასევე ამ ტრანზიტის განმავლობაში გაგიჩნდებათ სურვილი განაახლოთ საცხოვრებელი სახლი, რაც შეიძლება იყოს: რემონტი, სხვა ადგილას გადასვლა, გააკეთოთ შენაძენი ან გაასხვისოთ არსებული, ყველა შემთხვევაში უნდა გაითვალისწინოთ, რომ ურანი მოგიტანთ გარკვეულ დისკომფორტს და არასტანდარტულ სიტუაციებს, რისთვისაც აუცილებლად მზად უნდა იყოთ როგორც ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ასევე ფინანსურად. გახსოვდეთ, ყველაზე მნიშვნელოვანია ამ პერიოდში შეიქმნათ ისეთი გარემო, სადაც ნამდვილად მშვიდად და კომფორტულად იგრძნობთ თავს.