გახსოვთ, როდის შედგა თქვენი პირველი პაემანი ან როდის გაიცანით ერთმანეთი?.. ხოლო თუ ჯერაც მარტო დააბიჯებთ ამ ქვეყანაზე, ეცადეთ სასურველ პარტნიორთან ნაცნობობა და პაემანი პლანეტების პოზიტიურ განლაგებას დაამთხვიოთ:
თუკი ნაცნობობა ვერძის პერიოდში შედგა – ურთიერთობაში ბევრ კამათს, დაშორება-შერიგებად და ხმაურიან გარჩევებს ექნება ადგილი ორივე მხრიდან და ურთიერთკომპრომისის გარეშე ამ ურთიერთობას ხანგრძლივი ვადით გაგრძელება არ უწერია.
თუკი კუროს პერიოდში გაიცანით თქვენი რჩეული – ერთმანეთისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნას უნდა მიაქციოთ ყურადღება, როგორც ემოციური, ისე მატერიალური (საჩუქრები, სიურპრიზები).
თუკი ნაცნობობა ტყუპის პერიოდს დაემთხვა – წყვილს შორის პირველ რიგში მენტალური კონტაქტი იქნება მთავარი. ამიტომ სასურველია მაქსიმალურად გახსნილი იყოთ ერთმანეთთან. ამ ურთიერთობას ჭორები და ინტრიგებიც საკმარისზე მეტი ექნება და ამისთვის მზად იყავით.
თუკი ნაცნობობა კირჩხიბის პერიოდში მოხდა – დიდი შანსია ფლირტი მოკლე დროში ქორწინებით დაგვირგვინდეს. მთავარია, წყვილმა მუდმივი ზრუნვა არ დაიშუროს ერთმანეთის მიმართ.
თუკი ნაცნობობა ლომის პერიოდში შედგა – სავარაუდოდ ეს მოკლევადიანი, მაგრამ დაუვიწყარი "ლოვ-სთორი" იქნება, რომელსაც თან ახლავს მდიდრული საჩუქრები და სენტიმენტალური აღიარებები სიყვარულში.
თუკი ნაცნობობა ქალწულის პერიოდს დაემთხვა – ურთიერთობის მთავარ მოტივად შესაძლოა ცივი გონებით გათვლილი ქმედებები იქცეს. გამორიცხული არაა წყვილი საერთო ინტერესებმა გააერთიანოს ან სულაც ერთობლივი საოჯახო ბიზნესის წამოწყებას მიჰყონ ხელი.
თუკი ნაცნობობა სასწორის პერიოდში შედგა – მოემზადეთ ჭეშმარიტად ლამაზი, ამაღელვებელი და რომანტიკული მომენტებისთვის. თუ ვულგარული, უხეში და სულსწრაფი არ ხართ, შესაძლოა ამ პერიოდში დაწყებულმა ურთიერთობამ მყარი და ლამაზი ოჯახი შეგაქმნევინოთ.
თუკი ნაცნობობა მორიელის პერიოდში მოხდა – ურთიერთობა სავსე იქნება დრამატიზმით, ეჭვიანობის მძაფრი სცენებით და ხმაურიანი სკანდალებით. ნებისმიერ შემთხვევაში, სანამ წყვილი საბოლოოდ გაარკვევს ერთმანეთის მიმართ ჭეშმარიტ ზრახვებს, არაერთგზის მოხვდება საზოგადოების ყურადღების ცენტრში.
თუკი ნაცნობობა მშვილდოსნის პერიოდში შედგა – ურთიერთობა ზედაპირული, მაგრამ რომანტიკულ-ავანტიურული ელემენტებით იქნება აღსავსე. შესაძლოა ამ ნაცნობობამ ერთგული მეუღლე ვერ შეგძინოთ, მაგრამ იგი მთელი ცხოვრების მანძილზე დაგიტოვებთ ამაღელვებელ და ლამაზ მოგონებებს.
თუკი ნაცნობობა თხის რქის პერიოდს დაემთხვა – სავარაუდოდ მისი საფუძველი გარიგება ან ოჯახებს შორის სიმპათია-პატივისცემა იქნება. წყვილმა დამოუკიდებლადაც რომ გაიცნოს ერთმანეთი, მათ საბოლოო დაოჯახებაში მაინც დიდ როლს ითამაშებს მათივე გარემოცვა, უფრო სწორად სანათესავო წრე და ოჯახის წევრები.
თუკი ნაცნობობა მერწყულის პერიოდში შედგა – არაორდინალური და შესაძლოა ძალზე კომიკური მოვლენებით იყოს სავსე. გამორიცხული არ არის პირველ პაემანზე რომელიმე პარტნიორმა ფეხი იღრძოს, რესტორანში თევზის ფხა გაეჩხიროს ყელში ან რამე მსგავსი გაუთვალისწინებელი რამ დაემართოს, რაც ურთიერთობას ერთობ სახალისოს (თუმცა არცთუ უსაფრთხოს) გახდის.
დაბოლოს, თუკი თქვენი ნაცნობობა თევზების პერიოდს დაემთხვა – ეს იქნება ემოციური ურთიერთობების დასაწყისი, რომლის განვითარებაც ორივე მხარის მონდომებასა და ფსიქოლოგიურ მდგრადობაზე იქნება დამოკიდებული. შესაძლოა ამ ურთიერთობამ ყველაფერი მოგიტანოთ რომანტიკული აღმაფრენით დაწყებული, მძაფრი დეპრესიით დამთავრებული. მოკლედ, ნუ დაგავიწყდებათ, რომ “სიყვარული ბრმაა, თანაც ვერტიკალური და ბრუნვადი“.