აპრილში ვალდებულებები, საქმეები, ყოველდღიური საზრუნავი მოგემატებათ და მათ მოგვარებას უნდა დაუთმოთ დრო. მოგიწევთ ახლობლებზე ზრუნვა, მათთვის კეთილდღეობის მოწყობა. მოერიდეთ გარშემო მყოფების კრიტიკას. მაგრამ თავად იყავით დაკვირვებული დეტალების მიმართ. ამასთან, იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე, გამონახეთ მკურნალობის ახალი, თქვენთვის მისაღები მეთოდები.
საქმიანი პროგნოზი
მეტი დრო დაუთმეთ საქმიან შეხვედრებს, მიმოწერას, მივლინებას. იყავით დაკვირვებული დეტალებისადმი. სასურველია, სასიამოვნო ატმოსფერო შექმნათ სამსახურში, კოლეგებთან. ზოგიერთს მოგინდებათ კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სხვადასხვა სასწავლო კურსზე ჩაწერა. შუა აპრილიდან მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ პარტნიორულ ურთიერთობებს. შეიძლება ახლებიც გაიჩინოთ. გააფორმებთ თქვენთვის მნიშვნელოვან ხელშეკრულებებს.
სიყვარული
აპრილის პირველ დეკადაში საოჯახო საკითხები უნდა მოაგვაროთ, შეიძლება გადააადგილოთ ავეჯი, ჩაატაროთ პატარა სარემონტო სამუშაო. შუა თვიდან მოგინდებათ დასვენება, ცხოვრებით ტკბობა, სასიყვარულო თავგადასავლები. მარტოხელებს სასიამოვნო ნაცნობობის და რომანტიკული ურიერთობების დაწყების პერიოდი გაქვთ. გამონახეთ დრო ჰობისთვის. მატერიალური კეთილდღეობა შეიძლება შემოქმედებითი იდეების განხორციელებამ მოგიტანოთ. მეტად იზრუნეთ შვილებზე. გაანებივრეთ ისინი მზრუნველობით, ერთად გაემგზავრეთ დასასვენებლად, დაესწარით კულტურულ ღონისძიებებს.
ჯანმრთელობა და აქტიურობა
დრო და ენერგია სახლს და ოჯახის წევრებს უნდა მოახმაროთ. მოგინდებათ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება: მშენებლობა, რემონტი. შეიძლება აგარაკზე ბოსტნის ან ბაღის გაშენება გადაწყვიტოთ. თვის ბოლოს მოიმატებს წვეულებებსა და კულტურულ ღონისძიებებზე დასწრების სურვილი. ჯანმრთელობის მხრივ მოუფრთხილდით კუჭ-ნაწლავის სისტემას, 12-გოჯას, განსაკუთრებით, თუ გასტრიტი გაწუხებთ.
პირველი აპრილის შემდეგ მეტად იზრუნეთ ჯანმრთელობაზე. კარგი იქნება, თუ ჩაიტარებთ სრულ სამედიცინო გამოკვლევას. გაიუმჯობესეთ დღის, ძილისა და კვების რეჟიმი. გათავისუფლდით მავნე ჩვევებისგან.
16 აპრილის შემდეგ მოგინდებათ განმარტოება, სიმშვიდე, დაფიქრება საკუთარ ცხოვრებაზე. გაერკვიეთ საკუთარ სურვილებში. ამ პერიოდში თქვენთვის კარგი იქნება მედიტაცია, ართერაპია.
30 აპრილის შემდეგ დაარეგულირეთ ურთიერთობა საქმიან და რომანტიკულ პარტნიორებთან. გახშირდება მოლაპარაკებები. შეიძლება საქმიანი ხელშეკრულებებიც კი გააფორმოთ.