ავტორი:

აპრილის ახალმთვარეობა: საუკეთესო დროა ახალი საქმეების დასაწყებად, პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

აპრილის ახალმთვარეობა: საუკეთესო დროა ახალი საქმეების დასაწყებად, პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

აპრილი საინტერესო მოვლენებითაა აღსავსე და ყველაზე მნიშვნელოვანია ისაა, რომ 2 ახალმთვარეობა გვექნება: პირველი პირველ აპრილს და მეორე 30-ში (აპრილის მეორე ახალმთვარეობა გვექნება კუროს მე-11 გრადუსში და მას ემთხვევა მზის დაბნელებაც, რითაც იწყება დაბნელებების დერეფანი). ამრიგად, 2022 წელი იმითაა გამორჩეული, რომ 13 ახალმთვარეობა და 12 სავსემთვარეობა გვექნება. პირველი აპრილის ახალმთვარეობა გველის ვერძის მე-12 გრადუსში, 10:24 საათზე.

ასტრონომიული ახალი წელი 20 მარტს აღვნიშნეთ, ამიტომ ვერძში წლის პირველი ახალმთვარეობა გველოდება და 2022 წლის მმართველი არის დიდი ბედნიერების პლანეტა იუპიტერი, რომელსაც ახასიათებს ყველაფრის გაბევრება. იუპიტერი ახლა ნეპტუნთან ერთად (ორივე პლანეტა თევზების მმართველია და მათი შეერთება 12 აპრილს გველოდება) თევზებში იმყოფება, - ყველაზე მიმტევებელ, მეოცნებე და უპირობო სიყვარულის ნიშანში. ამიტომ, სასურველია, ჩვენც მეტად გამოვავლინოთ სიყვარული, მიტევება, სულიერება; ვიყოთ მეტად შემოქმედებითები, ქველმოქმედები.

ვერძში ახალმთვარეობაზე მზე და მთვარე ერთად იქნებიან. ეს არის განახლების, სიახლეების, ახალი საქმეების დაწყების დრო. კარგი იქნება, თუ გამოავლენთ ინიციატივას, იქნებით აქტიური, რადგან ვერძის მმართველი პლანეტა არის მარსი - ენერგია, ქმედება. მიიღებთ საინტერესო შემოთავაზებებს, შეიძლება გააფორმოთ მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები. მზისა და მთვარის გვერდით იქნება გონების მმართველი პლანეტა მერკური და ქირონიც. ვერძი არის აქტიური, ენერგიული ნიშანი, მას არ უჭირს გადაწყვეტილებების მიღება. ვერძში ახალმთვარეობის დროს სასურველია, ვიყოთ მშვიდები, გააზრებულები, არ მივიღოთ დაუფიქრებელი გადაწყვეტილებები; არ შევასკდეთ სხვებს რქებით, ვიყოთ კანონმორჩილები. უნდა ვიყოთ რაინდულები და მხოლოდ კეთილი საქმეების საკეთებლად უნდა ვიბრძოლოთ. არავის გაეჯიბროთ უხეშად. უმჯობესია, ქმედებით, საქმით დაამტკიცოთ, რომ საუკეთესო ხართ. ახალმთვარეობაზე ვერძში მყოფი ქირონი (ჯადოსნური გასაღები) გვაძლევს შესაძლებლობას, ყველა უსიამოვნება მოგვარდეს დიპლომატიურად. არა მარტო ადამიანებს, არამედ სახელმწიფოებს შორისაც. ადამიანებს მიეცემათ არჩევნის (გზის, განვითარების) შესაძლებლობა. ხოლო მერკური დაგვეხმარება, სწორი, გონივრული გადაწყვეტილებების მიღებაში. შეიძლება მიიღოთ პასუხი თქვენთვის მნიშვნელოვან კითხვაზე.

ვერძში ახალმთვარეობა საუკეთესო დროა ახალი საქმეების დასაწყებად. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ვერძებს გაუმართლებთ, ახლა თქვენ ხართ მთავარი მოქმედი გმირები, მაგრამ სხვებმაც უნდა იაქტიუროთ. ახალმთვარეობიდან 1 საათის განმავლობაში ჩამოწერეთ სურვილებისა და მიზნების სია. რასაც მთვარის ამ თვეში ან ამ წლის განმავლობაში განახორციელებთ. სურვილი უნდა იყოს კონკრეტული, მტკიცებით ფორმაში შედგენილი. ახალმთვარეობამდე 2 დღე ნუ მიიღებთ ალკოჰოლს, მათრობელა საშუალებებს. მოერიდეთ ავტომობილით სწრაფ გადაადგილებას. უმჯობესია, გათავისუფლდეთ მავნე ჩვევებისგან უსარგებლო ნივთებისგან. აგრეთვე, ამ პერიოდში ნუ დანიშნავთ გეგმიურ ოპერაციებს.

ახალმთვარეობისას სასიამოვნო ცვლილებები მოსალოდნელია იმ სფეროებში, სადაც პირად რუკაში გყავთ ვერძის ნიშანი. გაეცანით პროგნოზს თქვენი მზისა და ასცენდენტის ნიშნის მიხედვით. ვისზე იმოქმედებს ახალმთვარეობა ყველაზე მეტად? რა თქმა უნდა ვერძებზე. განსაკუთრებით მათზე, ვინც დაბადების დღეს აღნიშნავს 29 მარტის-3 აპრილის შუალედში, ვისაც ვერძის მე-12 გრადუსში ჰყავთ პლანეტები ან მნიშვნელოვანი წერტილები.

ახალმთვარეობის პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი

ვერძებო, გილოცავთ, მზე თქვენს ნიშანშია და ახალმთვარეობაც თქვენს ნიშანში ხდება. ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ და უნდა გააქტიურდეთ; დაისახოთ მიზნები და მოინდომოთ მათი განხორციელება. ამ ახალმთვარეობაზე ჩამოწერეთ მიზნები, რასაც მთელი წლის განმავლობაში განახორციელებთ. იყავით მომართული გამარჯვებაზე, წინსვლაზე. განვითარების, თვითგანვითარების დროა. მოგინდებათ საკუთარი თავის ახალ საქმეში მოსინჯვა. მოხდება ღირებულებების გადაფასება. ზოგიერთ ადამიანთან შეგეცვლებათ დამოკიდებულება. გამორიცხული არაა, გადაწყვიტოთ იმიჯის, სტილის, გარეგნობის შეცვლა. იზრუნეთ ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე, იმუნიტეტის ამაღლებაზე. კარგი იქნება, თუ გათავისუფლდებით მავნე ჩვევებისგან და დაიწყებთ ვარჯიშს.

კურო

მოგინდებათ განმარტოება, დასვენება, გარშემო მყოფებისგან შორს ყოფნა. მინიმუმამდე შეამცირებთ კონტაქტებს. არ მოგინდებათ საკუთარ საქმეებზე საუბარი. პროექტებიც შეიძლება დამოუკიდებლად განახორციელოთ ან ონლაინ, დისტანციურად გადაწყვიტოთ მუშაობა. კარგი იქნება, თუ ზოგიერთ საქმეში ან ურთიერთობაში დასვამთ წერტილს, რათა, მერე, როცა მზე თქვენს ნიშანში გადმოვა ყველაფრის თავიდან დაწყება შეძლოთ. შეიძლება გაგიჩნდეთ საიდუმლოებები, ფარულად გაემგზავროთ სადმე, საიდუმლო მოლაპარაკებები გამართოთ ან გააბამთ ფარულ რომანს, თუნდაც ინტერნეტით. ან პირიქით, ყველაფერი ფარული გამომჟღავნდება. თუ შორეულ ქვეყნებში ან ემიგრაციაში გამგზავრებას აპირებდით, გამოგივათ. კარგი იქნება, თუ მოინახულებთ წმინდა ადგილებს, დაკავდებით მედიტაციით, აღმოსავლური პრაქტიკებით.

ტყუპი

გააქტიურდება შეხვედრები არსებულ მეგობრებთან და თანამოაზრეებთან; გაიჩენთ ახლებსაც. შეიძლება მათთან ურთიერთობის დრო დაგებადოთ ახალი იდეები. ან გაიცნობთ ადამიანს, რომელთანაც დაწყვილებას გადაწყვეტთ. გაგიჩნდებათ ახალი მიზნები და გეგმები. გაწევრდებით ინტერესის ახალ ჯგუფებში. მოიმატებს თქვენი პოპულარობა. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. ზოგიერთი გააქტიურდებით სოციალურ ქსელებში. დაიწყებთ ახალ ინტერნეტპროექტებს, ინტერნეტბიზნესს. კარგ შედეგს მოგიტანთ საზოგადოების წინაშე გამოსვლა; შეიძლება კონკურსებშიც მიიღოთ მონაწილეობა.

კირჩხიბი

მოგინდებათ წარმატების მიღწევა სამსახურში, დაწინაურება. გელით მივლინებები. თუ მაძიებელი ხართ, იშოვით სამსახურს. გამორიცხული არაა, დაიწყოთ პირადი ბიზნესი ან შეიცვალოთ საქმიანობა. გააქტიურდებით, რომ გამოჩნდეთ საზოგადოებაში და აიმაღლოთ სოციალური სტატუსი. სტატუსი შეიძლება შეგეცვალოთ დაქორწინებით, შვილის გაჩენით, პრესტიჟულ უბანში საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ.

ლომი

ახალი შესაძლებლობები გამოგიჩნდებათ, რომ ან სამოგზაუროდ გაემგზავროთ, ან ემიგრაციაში. ზოგიერთები სამსახურს ან საქმიან შემოთავაზებას მიიღებთ უცხოეთიდან. საუკეთესო პერიოდი გეწყებათ თვალსაწიერის გასაფართოებლად, მოგინდებათ საზღვრების გაფართოება. თუ მწერალი ხართ, წიგნის დაწერა მოგიტან პოპულარობას. გადაწყვეტთ უმაღლესი განათლების მიღებას ან საზღვარგარეთ გაემგზავრებით სასწავლებლად. რომანტიკული ნაცნობობა მოსალოდნელია მოგზაურობისას ან საზღვარგარეთ მცხოვრებ ადამიანთან. თქვენს სასარგებლოდ მოგვარდება იურიდიული საკითხები ან შეგიძლიათ თავად აღძრათ სასამართლო საქმე.

ქალწული

მოაგვარებთ ფინანსურ საკითხებს, მიიღებთ ინვესტიციიდან სარგებელს, მემკვიდრეობას ან სადაზღვევო თანხის ანაზღაურებას. შეიძლება თქვენს მეუღლეს გაუუმჯობესდეს მატერიალური მდგომარეობა. პარტნიორებთან ერთად მოგინდებათ ახალი ბიზნესის დაწყება. ზოგიერთი კი მიიღებთ კრედიტს, რასაც მიზნების განხორციელებისთვის გამოიყენებთ. ამ ახალმთვარეობაზე მოგეცემათ შესაძლებლიბა, რომ გათავისუფლდეთ მატერიალური ვალდებულებებისგან, დახუროთ კრედიტი. მოიმატებს თქვენი სექსუალურობა ან შეიძლება თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდეს ახალი სექსუალური პარტნიორი. შეიძლება გამონახეთ დრო არტთერაპიისთვის. ზოგიერთი დაინტერესდებით ფსიქოლოგიით, მკურნალობის არატრადიციული მეთოდებით, ეზოტერიკით.

სასწორი

ახალმთვარეობა ცვლილებებს მოგიტანთ პარტნიორულ ურთიერთობებში; გაგიჩნდებათ ახალი მიზნები, ინტერესი. მოგინდებათ არსებული რომანტიკული კავშირის მეტად გასერიოზულება. სასიყვარულო ურთიერთობა მეტად ჰარმონიული გახდება. მარტოხელების ცხოვრებაში გამოჩნდება ახალი პერსპექტიული ადამიანი. გამორიცხული არაა, ახალი საქმიანი პარტნიორიც გამოგიჩნდეთ. თუ თქვენი საქმიანობა დაკავშირებულია მომსახურების სფეროსთან, შეიძლება გამოგიჩნდნენ ახალი კლიენტები.

მორიელი

იყავით მეტად მომართული ვალდებულებების, სამსახურის საქმეების შესრულებაზე; შეიძლება შეგეცვალოთ მუშაობის გრაფიკი. ცვლილებები გელით სამუშაო კოლექტივშიც: მიიღებთ ახალ კოლეგას ან კოლექტიურად დაიწყებთ ახალ პროექტზე მუშაობას. თუ მაძიებელი ხართ, მიიღებთ სასურველ ვაკანსიას. გამორიცხული არაა, გადაწყვიტოთ სახლში რემონტის გაკეთება. მეტად იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე, ჩაიტარეთ პროფილაქტიკური გამოკვლევა, დაიწყეთ ვიტამინების მიღება. თუ მკურნალობას საჭიროებთ, გაიცნობთ სპეციალისტს, რომელიც დაგეხმარებათ გამოჯანმრთელებაში. დაიცავით დიეტა, დაიწყეთ ვარჯიში და რაც მთავარია, გათავისუფლდით მავნე ჩვევებისგან, დანერგეთ სასარგებლოები. ზოგიერთი შეიძლება ახალი შინაური ცხოველის მფლობელი გახდეთ. ამ ოჯახში დაგჭირდეთ დამხმარე: ძიძა, მძღოლი.

მშვილდოსანი

სიახლეები გელოდებათ შვილებთან დაკავშირებით, მეტი დრო გაატაროთ მათთან ერთად. შეიძლება თავად დაიწყოთ ბავშვებთან მუშაობა ან გაიგოთ, რომ თავად გახდებით მშობელი. განახორციელებთ შემოქმედებით იდეების. შეიძლება ახალი ჰობი გაიჩინოთ ან ჰობიმ მოგიტანოთ შემოსავალი. გახშირდება წვეულებებსა და დღესასწაულებზე დასწრება ან შეიძლება თავად გახდეთ ასეთების ორგანიზატორი. სასიამოვნო ცვლილებები გელოდებათ რომანტიკულ ურთიერთობაში. გახშირდება პაემნები. დაწყვილებულებმა შეიძლება ერთად განახორციელოთ იდეები; მარტოხელებს კი სასიამოვნო ნაცნობობა გელით. დაფიქრდით შვებულებაზე, ვისთან ერთად და როგორ სიტუაციაში გსურთ დასვენება.

თხის რქა

სასიამოვნო ცვლილებები და სიახლეები გელოდებათ ოჯახში. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება ნათესავებთან; გახშირდება მათთან შეხვედრები; ზოგი მოინახულებს მშობლიურ ადგილებს. გამორიცხული არაა, რომ ოჯახში ახალი წევრი შემოგემატოთ. საყვარელ ადამიანთან ერთად გადაწყვიტოთ ერთად ცხოვრება ან მშობელთან დაბრუნდეთ საცხოვრებლად. მოგინდებათ მეტი დროის შინ გატარება და გამორიცხული არაა, სახლიდან დისტანციურად იმუშაოთ. მოგეცემთ საშუალება, რომ გაიუმჯობესოთ საცხოვრებელი პირობები; სახლი დაცული და უსაფრთხო გახადოთ. ზოგიერთი კი ახალ ბინაში გადახვალთ საცხოვრებლად.

მერწყული

გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება და-ძმებთან, მეზობლებთან, მეგობრებთან. გაიჩენთ ახლებსაც; სასიამოვნო ნაცნობობა მოსალოდნელია მგზავრობის დროსაც კი. გახშირდება მიმოსვლები სამსახურებრივიც - მივლინება და გასართობიც - ექსკურსია, პიკნიკი. მოგინდებათ ავტომობილის შეცვლა, გაუმჯობესება. თუ სამსახურს მაძიებელი ხართ დაგიბარებენ გასაუბრებაზე, თუ მუშაობთ, იმატებს საქმიანი შეხვედრების, იდეების განხილვები, ხელშეკრულებების გაფორმება, მიიღებთ საჭირო ინფორმაციებს. გააფორმებთ თქვენთვის მნიშვნელოვან საბუთებს; შეიძენთ გაჯეტებს. კარგი იქნება, თუ ჩაეწერებით ახალ სასწავლო კურსებზე, აიმაღლებთ კვალიფიკაციას.

თევზები

გააქტიურდით, რომ გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა; იზრუნეთ, რომ გაიჩინოთ შემოსავლის დამატებითი წყარო. მოაწესრიგეთ ფინანსური საკითხები, დოკუმენტები. მოსაწესრიგებელია ბუღალტერიისა და აუდიტის საკითხები. თუ სამსახურის მაძიებელი ხართ, მიიღებთ სასურველ თანამდებობას. თუ კლიენტებთან გიწევთ მუშაობა, გამოგიჩნდებიან ახლები. ფული შეიძლება საჩუქრადაც კი მიიღოთ. ზოგიერთი ფულს დააბანდებთ ძვირად ღირებულ ნივთებში. მატერიალურად მოძლიერებული აიმაღლებთ თვითშეფასებას. შეიძლება გააძვიროთ თქვენი მომსახურება. ამ ახალმთვარეობაზე მოგინდებათ საკუთარი თავის გემრიელი და ძვირფასი კერძებითა და დესერტებით განებივრება. უმჯობესია, უპირატესობა მიანიჭოთ ჯანსაღ კვებას; განსაკუთრებით, თუ გასუქებისკე ხართ მიდრეკილი.