ავტორი:

აპრილის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები

აპრილის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები

აპრილში პირველი, რაც უნდა აღინიშნოს მზის დაბნელებაა, რომელიც ხსნის დაბნელებების დერეფანს. გარდა ამისა, მერკური ხდება რეტროგრადული და პლანეტებიც გადადიან ერთი ნიშნიდან მეორეში, ქმნიან ასპექტებს. თუმცა, ჯობია, თანმიმდევრულად განვიხილოთ თითოეული მოვლენა:

მზე 20 აპრილამდე ვერძშია, აქვეა იუპიტერიც - დიდი ბედნიერების პლანეტა. იუპიტერის კეთილგანწყობას აპრილში განსაკუთრებით იგრძნობენ ის ვერძები, ვინც დაბადების დღეს აღნიშნავს 9-17 აპრილის შუალედში. თუმცა, მის კეთილგანწყობას ყველა იგრძნობს. ასე, რომ ვერძებს გაქვთ ყველა საშუალება, გამოავლინოთ თქვენი საუკეთესო თვისებები და დაიწყოთ ცხოვრების სხვადასხვა სფეროს გაუმჯობესებაზე ზრუნვა. ეს დრო უნდა გამოიყენოთ ახალი საქმეების დასაწყებად. უნდა გამოავლინოთ ლიდერული თვისებები. ამასთან, უნდა იყოთ გააზრებული, მოუფრთხილდეთ თავის ზონას, კუნთებს.

3 აპრილიდან მერკური კუროში იქნება , სადაც მოუწევს რეტროგრადული სვლა (21 აპრილიდან 15 მაისამდე) და დარჩება 11 ივნისამდე. რეტროსვლის დროს უნდა გადახედოთ განვლილ დღეებს, მოხდება ზოგიერთი მოვლენის გადაფასება. საუკეთესო დროა გადაკეთებისთვის, გამოსწორებისთვის. მიუბრუნდით სწავლას, საქმეებს, რომლებიც მიტოვებული გქონდათ. რა თქმა უნდა, ამ პერიოდში ახალი საქმეების დაწყებას, ძვირად ღირებული ნივთების შეძენას არ გირჩევთ. კუროში მყოფი მერკური არის პრაქტიკული, ცოტა შენელებული, დადინჯებული, სუბიექტური, პრაგმატული.

სავსემთვარეობას ველოდებით 6 აპრილს სასწორის მე-17 გრადუსში, 7:04-ზე. სასწორი არის პარტნიორული ნიშანი. ამიტომ მეტი დრო უნდა დაუთმოთ ურთიერთობის გაუმჯობესებას საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან. იყავით კეთილგანწყობილი გარშემო მყოფების, ახლობლების, კლიენტების მიმართ. სავსემთვარეობაზე შეიძლება ურთიერთგამომრიცხავი სიტუაციები შეიქმნას. მაგრამ არის დადებითი ასპექტებიც, რაც საშუალებას მოგვცემს, ყველა დაძაბული სიტუაციიდან სასწორისეული დიპლომატიურობით დავიძვრინოთ თავი. იყავით დაკვირვებული ხელშეკრულებების გაფორმებისას. იყავით მომართული დიალოგზე, ყველას ინტერესების გათვალისწინებაზე. ჩამოყალიბდით, რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი და რა პარტნიორისთვის და ეცადეთ, გამონახოთ კონსენსუსი. გარდა ამისა, სატურნი-მარსის ასპექტი მოგვიწოდებს, ჩამოვყალიბდეთ რა გვსურს და შევადგინოთ მოქმედების კონკრეტული გეგმა. როგორც ყოველთვის, სავსემთვარეობის მოვლენებზე სტატიას და პროგნოზს უახლოს დღეებში შემოგთავაზებთ.

ვენერა ტყუპში გადავა 11 აპრილს და დარჩება 7 მაისამდე. ვენერა კუროს მმართველია და ამ ნიშანში თავს კარგად გრძნობს. ამ პერიოდში კარგია ლამაზი, ძვირად ღირებული ნივთების შეძენა; დააბანდეთ ფული სარფიანად. მოგეცემათ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობა. ასევე საუკეთესო დროა სასიყვარულო ურთიერთობების დასარეგულირებლად. ეცადეთ, ოჯახში კომფორტული და ჰარმონიული გარემო გქონდეთ. 11 აპრილიდან იმატებს ფლირტის, სასიყვარულო თავგადასავლების სურვილი. საუკეთესო დროა ურთიერთობებისთვის, ახალი მეგობრობის და სასიყვარულო ნაცნობობისთვის. ამ პერიოდში გააუმჯობესეთ დამოკიდებულება და-ძმებთან. კარგი დროა საინტერესო კურსებსა და სემინარებზე დასასწრებად. განსაკუთრებით, თუ სილამაზის სფეროს ეხება. არაა გამორიცხული. სწავლის დრო რომანის დაწყება.

12 აპრილს მზე-იუპიტერის შეერთება გველოდება ვერძში. ესაა საუკეთესო დრო, გამოგიჩნდებათ ახალი შანსები, მიზნები და სურვილები. მოგინდებათ თვალსაწიერის, ჰორიზონტების გაფართოება. თუ პირადი რუკა შედგენილი გაქვთ, ნახეთ, რომელ სახლში ხვდება ვერძის 22 გრადუსი. ახალი შანსები ამ სფეროში გელოდებათ. თუმცა, დღესვე ნუ დაიწყოებთ ახალი იდეების განხორციელებას, უმჯობესია, ახალმთვარეობას დაელოდოთ.

მარსი კირჩხიბშია 25 მარტიდან 20 მაისამდე. მარსი კირჩხიბში თავს მაინცდამაინც კომფორტულად ვერ გრძნობს. მარსი არის ცეცხლის ენერგია, კირჩხიბი არის წყლის სტიქია და ეს ორი ერთად ვერ მეგობრობს. მომატებული იქნება ემოციურობა, მგრძნობელობა. ადამიანები თითქოს ყველგან ხედავენ საფრთხეს და სურთ საკუთარი თავი და გარშემო მყოფები დაიცვან. მეტი დრო უნდა დაუთმოთ ბინის, აგარაკის მოვლას, გაუმჯობესებას, შეკეთებას. დაამუშავეთ მიწა, კარგია მცენარეების, ხეხილის დარგვა. კარგი იქნება ზომიერი, მაგრამ რეგულარული ვარჯიში.

თეთრი მთვარე ვერძს ესტუმრება 15 აპრილს და დარჩება 16 ნოემბრამდე. ახლა სელენა თევზების ნიშანშია, 16 ნოემბერს კი კუროში გადავა. მზით და ასცენდენტით ვერძებს სელენა მოგიტათ მფარველობას, დაცვას. მოგემატებათ ენერგია და მოგინდებათ კეთილი საქმეების შესრულება. სელენას ტრანზიტზე ვერძში სტატიას და პროგნოზს უახლოს დღეებში შემოგთავაზებთ.

მზის დაბნელებას და ახალმთვარეობას ველოდებით 20 აპრილს, 08:17-ზე, ვერძის 30-ე გრადუსში. ამ დღეს გაიხსნება დაბნელებების დერეფანი, რომელიც დაიხურება 5 მაისს სავსემთვარეობაზე მთვარის დაბნელებით მორიელის მე-15 გრადუსში, 21:23-ზე.

20 აპრილს, მზის დაბნელების გარდა ახალმთვარეობაც გველოდება. ახალმთვარეობაზე მზეც და მთვარეც ვერძის ნიშანშია. მათ გვერდითაა აღმავალი კვანძიც, რომელიც საფუძველს ჩაუყრის 18-19-წლიან პერიოდს. ამიტომ სწორედ ამ ახალმთვარეობაზე უნდა დაფიქრდეთ რა გსურთ, რა მიმართულებით უნდა წარმართოთ თქვენი ცხოვრება. მნათობების გვერდითაა იუპიტერიც, რომელიც მოგცემთ განვითარების, წინსვლის შესაძლებლობას. მთავარია, მოინდომოთ. ცვლილებები მოსალოდნელია ადამიანების ცხოვრებაშიც და ქვეყნებს შორის ურთიერთობებშიც. ეცადეთ, არ იყოთ ეგოისტური, გაითვალისწინეთ სხვა ადამიანების მოთხოვნებიც. იყავით დაკვირვებული სიტყვებისა და ქმედებებისადმი. გაგიჩნდებათ ახალი იდეები. მაგრამ იყავით მომართული მხოლოდ კეთილი საქმეების შესრულებაზე. ყველასთვის სარგებლის მოტანაზე. შეიძლება იყოს დაძაბულობა ურთიერთობებში, გაჭირდეს მოლაპარაკება, შეთანხმება ახლობლებთანაც კი.

2023 წლის 17 ივლისს აღმავალი-დაღმალი კვანძი ვერძი-სასწორის ღერძზე განთავსდება , სადაც დარჩება 2025 წლის 12 იანვრამდე. წელს გველოდება სტანდარტული 4 დაბნელება - 2 მთვარის და 2 მზის. მზის პირველი დაბნელება გველოდება 20 აპრილს. ვერძი-სასწორის ღერძი არის პირადი ურთიერთობების ღერძი. ვერძი არის “მე“, სასწორი - “პარტნიორი“. ამიტომ ურთიერთობების (საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან, კლიენტებთან, ზოგადად გარშემო მყოფებთან) თემა 17 ივლისიდან კიდევ უფრო აქტიური გახდება. დაბნელების დღეებში და პლუს/მინუს 3 დღე არ დაგეგმოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები და საქმეები, არ გააფორმოთ ხელშეკრულებები. მოერიდეთ ძვირად ღირებული ნივთების ყიდვა-გაყიდვას.

მზე კუროში გადავა 20 აპრილს და დარჩება 21 მაისამდე. მოიმატებს სტაბილურობა, მოგინდებათ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება. სახლისთვის აუცილებელი და ლამაზი ნივთების შეძენა. აგრეთვე, სტაბილურობა პირად ურთიერთობებში. იყავით ჰარმონიული, მოსიყვარულე. მეტად გაინებივრეთ თავი გემრიელობებით, კულტურული ღონისძიებებით. გაისეირნეთ ბუნებაში. მეტი დრო დაუთმეთ სამიწადმოქმედო და საბანკო საქმიანობას.

სასიამოვნო და საინტერესო აპრილს გისურვებთ!