ავტორი:

ახალმთვარეობა და ჩინური ახალი წელი: ცვლილებების დრო დგება

ახალმთვარეობა და ჩინური ახალი წელი: ცვლილებების დრო დგება

22 იანვარს, 00:53-ზე ახალმთვარეობას მერწყულში და ჩინურ ახალ წელს ვიზეიმებთ. სწორედ ამ ახალმთვარეობაზე შემოდის წლის მბრძანებლად შავი კურდღელი. ამავე დღეს მთვარე მაქსიმალურად მოუახლოვდება დედამიწას და განსაკუთრებული გავლენა ექნება ჩვენზე, ემოციურობა მოიმატებს. რაც შეეხება ჩინურ ახალ წელს, ეს მოძრავი თარიღია და აღინიშნება ზამთრის მზებუდობიდან მეორე ახალმთვარეობაზე - იანვრის ბოლოდან თებერვლის შუა რიცხვებამდე.

კურდღელი წლის მართველი 12 წელიწადში ერთხელ ხდება. მანამდე - 2022 წელს წლის მმართველი შავი ვეფხვი იყო. 2024 წლის 9 თებერვალს კი წლის მმართველი მწვანე დრაკონი გახდება. შავი კურდღლის წელი აგრესიული ვეფხვისაზე მეტად მშვიდი იქნება. კურდღელს არ უყვარს კონფლიქტები და ადვილი შესაძლებელია, რომ სამყაროში სიმშვიდემ დაისადგროს. 2023 წელს შეგვიძლია სიყვარულის, ქორწინების, შვილების დაბადების წელი ვუწოდოთ. კურდღლის წელში დაბადებული ადამიანი გამირჩევა ორგანიზებულობით, დიპლომატიურობით. არის წარმატებული ლიდერი და ხელმძღვანელი. ოჯახში უყვარს კომფორტი და ჰარმონია. ვერ იტანს ქაოსს და სიბინძურეს გარშემო. არის კარგი მასპინძელი. წყლის კურდღლის წელში დაბადებული კი გამოირჩევა ემოციურობით, აქვს ყველას დახმარების სურვილი.

ახალმთვარეობაზე მზეც და მთვარეც მერწყულის ნიშანშია, მე-2 გრადუსში. ახალმთვარეობიდან ერთი საათის განმავლობაში ჩამოწერეთ თვის ან თუ გნებავთ წლის გეგმა, მიზნები და იდეები, რომლებსაც განახორციელებთ. კარგი ისაა, რომ გონების მმართველი პლანეტა მერკური და ენერგიისა და აგრესიის პლანეტა მარსი დირექტულ სვლას დაუბრუნდნენ და წინსვლა ყველა საქმეში უფრო შესამჩნევი გახდება. უნდა დაფიქრდეთ, როგორ აქციოთ ოცნება რეალობად. დღის განმავლობაში გამოავლინეთ ქველმოქმედება, გულუხვობა ახლობლების მიმართ. კარგი იქნება, თუ დაიწყებთ ვარჯიშს, რამე ახლის შესწავლას.

ახალმთვარეობაზე ადამიანების უმეტესობა განიცდის ენერგიის ნაკლებობას, დაღლილობას, თავის ტკივილს. ამიტომ, ნუ დაიტვირთებით საქმეებით, მძიმე საკვებით. კარგი იქნება, თუ შეამცირებთ კონტაქტებს, მეტ დროს დაუთმობთ დასვენებას. ახალმთვარეობამდე 1 საათით ადრე გადახედეთ განვლილ მთვარის თვეს, აპატიეთ ყველას წყენა, გამოხატეთ მადლიერება მიღებული ცხოვრებისეული გაკვეთილებისთვის. ახალმთავრეობიდან სამი დღის განმავლობაში დააკვირდით თქვენ გარშემო მომხდარ მოვლენებს, მინიშნებს და ეცადეთ, არ გაუშვათ შანსი ხელიდან, რომ სასურველს მიაღწიოთ, განვითარდეთ. ჰკითხეთ საკუთარ თავს: ვინ ვარ, რას მინდა მივაღწიო და რა გზა ავირჩიო?

23 იანვრიდან კარგია ახალი საქმეების დაწყება, საყიდლები, ხელშეკრულებების გაფორმება. პოზიტიური პერიოდი გასტანს 3 აპრილამდე. ამ პერიოდში არ გვექნება არც ერთი რეტროგრადული პლანეტა. თუმცა საქმეების დაწყებამდე გაითვალისწინეთ უკურსო მთვარის პერიოდი. ამ დროს არც საქმეების დაწყება შეიძლება, არც რამის ყიდვა და არც სამოგზაუროდ გამგზავრება.

ახალმთვარეობაზე როგორც უკვე გითხარით, მზე და მთვარე მერწყულის ნიშანშია. მერწყული ჰაერის ნიშანია, უყვარს ყველაფერი ორიგინალური, რეფორმატორია, ორიგინალური იდეების განმახორციელებელი. არ უყვარს წესებზე დამორჩილება. დაკვირვებული იყავით გარშემო მომხდარი მოვლენებისადმი. შეიძლება მოულოდნელად გაიგოთ მნიშვნელოვანი საიდუმლო. მერწყულშივეა სატურნი (აკრძალვები, პასუხისმგებლობა) და ვენერა (სიყვარული, ფული). მზის და მთვარის გვერდითაა პლუტონიც (ტრანსფორმაცია, ძალაუფლება), რომელიც მოგვიწოდებს, მოვიცილოთ ყველაფერი უსიცოცხლო, დრომოჭმული და გავაგრძელოთ ცხოვრება ტრანსფორმირებულებმა უკეთესობისკენ. ნუ შეგეშინდებათ ცვლილებების; გახსოვდეთ, რომ როცა იკეტება ერთი კარი აუცილებლად იღება ახალი. გაუშვით ის, რაც მიდის თქვენი ცხოვრებიდან. იყავით დისციპლინირებული, მომართული კეთილი საქმეების კეთებაზე. თქვენმა ქმედებამ არავინ არ უნდა დააზარალოს. დაფიქრდით, ვის ემსახურებით თქვენი საქმიანობით; სასურველია, სიკეთისკენ, სილამაზისკენ იყოთ ორიენტირებული. ნუ აჰყვებით ცდუნებებს, მოერიდეთ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას. ნუ გაგიკვირდებათ, თუ სასიყვარულო პარტნიორებს შორის გაცივდება ურთიერთობა. მაგრამ თუ ურთიერთობა ამ პერიოდში დაიწყება, ეს იქნება ხანგრძლივი და სტაბილური კავშირი. იყავით გონიერი ფულის ხარჯვისას. მომართეთ თქვენი ენერგია ლამაზი, დახვეწილი ნივთების შექმნაზე.

ვისზე იმოქმედებს ახალმთვარეობა განსაკუთრებულად: პირველ რიგში მათზე, ვინც დაბადების დღეს აღნიშნავს 20-23 იანვარს. იყავით მზად ცვლილებებისთვის, სიახლეებისთვის, რაც წარმატებას მოგიტანთ. 20-23 აპრილს, 23-26 ივლისსა და 23-26 ოქტომბერს დაბადებულებს მოგეთხოვებათ მეტი მოთმინების გამოვლენა. გაიმარჯვებთ, მთავარია, გწამდეთ საკუთარი შესაძლებლობების და ცოტა მეტად მოინდომოთ. არ გირჩევთ კამათს გავლენიან პირებთან. მერწყული ჰაერის ნიშანია და სასიამოვნო ცვლილებები ელოდებათ ტყუპისა და სასწორის წარმომადგებლებს. აგრეთვე, ახალმთვარეობა იმოქმედებს მათზე, ვისაც მერწყულის, კუროს, ლომისა და მორიელის პირველ-მესამე გრადუსებში გყავთ პლანეტები ან მნიშვნელოვანი წერტილები. ან ნახეთ პირად ასტროლოგიური რუკაში რომელ სახლში ხვდება მერწყულის მეორე გრადუსი; სიახლეები და ცვლილებები ამ სფეროში გელოდებათ.

ბედნიერ ახალმთვარეობას გისურვებთ!