ახალმთვარეობა, რომელიც 23 აგვისტოს ქალწულის ნიშანში ხდება, იმდენად გამორჩეული და საინტერესოა, რომ დაწვრილებით უნდა მოგიყვეთ მის შესახებ.
ასტროლოგიაში უძველესი დროიდან ცნობილია 4 მთავარი სამეფო ვარსკვლავი, რომლებსაც "სამყაროს კარიბჭეებსაც" უწოდებენ. ეს ახალმთვარეობა შეერთებაში იქნება ამ ოთხიდან ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ვარსკვლავთან - რეგულუსთან, იგივე cor leonis-თან, რომელიც ჩრდილოეთის კარიბჭის მცველის სახელითაცაა ცნობილი.
თუ დაფიქრდებით, აქ ერთმანეთს ერწყმის რეგულუსის სიდიადე და ქალწულის უბრალოება. ერთი მხრივ - მსახურება, მეორე მხრივ - ძალაუფლება. წვრილმანი დეტალები და მეფურად მასშტაბური ხედვა...
ეს ენერგია შესაფერისია მხოლოდ მათთვის, ვისაც შეუძლოა ასეთ უკიდურესობებს შორის სწორი ბალანსის დაცვა, ვისაც ძალუძს ქალწულური თავმდაბლობა და გრანდიოზული მიზნები ერთდროულად განახორციელოს. ასეთ დროს დასახული გეგმები აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს იმას, რა სარგებლობა მოგაქვს სხვებისთვისაც, ანუ მხოლოდ ეგოზე არ უნდა იყო ორიენტირებული; თუმცა არც საკუთარი თავის დავიწყება იქნება დასაშვები.
ამავდროულად უნდა გავითვალისწინოთ, რომ მზისა და მთვარის შეერთებას ტყუპში მყოფ ურანთან აქვს დაძაბული ასპექტი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი დაგეგმილად მაინც შეიძლება ვერ წავიდეს. ამიტომ სჯობს, გქონდეთ სათადარიგო გეგმაც.
როგორც გითხარით, რეგულუსი ანუ "კორ ლეონისი" მეფეებისა და ლიდერების ვარსკვლავად ითვლება. მისი გააქტიურება უბრალო ადამიანებზე მხოლოდ მაშინ არის შესამჩნევი, თუ უშუალოდ მასთან შეერთება ჰყავთ რამე. და თუ ახლა ქალწულის პირველ გრადუსზე დგას, წლების უკან ეს ვარსკვლავი ცოტა უკან, ლომის ბოლო გრადუსებზე კაშაშებდა.
მხოლოდ 2011 წლიდან გადმოინაცვლა ქალწულში. ამას გარკვეული სიმბოლური დატვირთვაც ახლავს რა თქმა უნდა. იცვლება ლიდერის/ მეფის/ მმართველის ტიპი. მათ უნდა მოიხადონ წარმოსახვითი თუ რეალური გვირგვინები და ხალხის გვერდით დადგნენ. ვინც ასე არ იქცევა, ის წაგებული რჩება.
ჰოდა, ვის ჰყავს იცით, რეგულუსი ასცენდენტზე? დონად ტრამპს.
არ ვიცი რას მოუტანს კონკრეტულად, მართლა არ ვიცი. მაგრამ მგონია, რომ მომდევნო მთვარის ფაზის შეცვლამდე რაღაც მნიშვნელოვანი კი მოხდება მის ცხოვრებაში, რაც მის იმიჯზე აისახება აშკარად. თუ ურანის კვადრატსაც გავითვალისწინებთ, მთლად დადებითი ხასიათის ამბავი ვერ უნდა იყოს...