24 ივლისს, გვიან საღამოს, 23:11ზე თბილისის დროით ახალმთვარეობაა ლომის ნიშანში, ეს იმას ნიშნავს, რომ მზეც და მთვარეც ერთსა და იმავე წერტილში იყრიან თავს (ლომის მესამე გრადუსში). ახალმთვარეობები ახალი 28-დღიანი მინი ციკლების დასაწყისს აღნიშნავენ. ამ დროს საფუძველი ეყრება განსხვავებულ, ახალ ტენდენციებს, ახლებურ მიდგომებს...
თუმცა, ლომი ფიქსირებული ნიშანია, ამიტომ აქ წარმოქმნილი ცვლილებები მტკივნეულად აღიქმება ხოლმე.
მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ისიც, რომ ახალმთვარეობის წერტილი ოპოზიციაში პლუტონთან. პლუტონს კი თითქმის ყოველთვის მასებზე და მასშტაბებზე გაჰყავს ყველაფერი. ე.ი. ეს დაპირისპირებაც ინდივიდუალურსა (ლომი) და გლობალურს (პლუტონი მერწყულში) მაქსიმალურ ესკალაციას მიაღწევს. ანუ - საერთაშორისო გაერთიანებები წინააღმდეგობაში მოდიან ინდივიდუალურ ნებასთან. ან პირიქით, პიროვნული თვალსაზრისი და აქტივობა საზოგადოებრივი ჯგუფების მხრიდან ვერ პოულობს მხარდაჭერას, რადგან მასშტაბურ დონეზე ეს ქმედებები არ იძლევა საერთო სარგებელს.
რაღა თქმა უნდა, პლუტონი, როგორც მიწისქვეშა სამეფოს მბრძანებელს შეჰფერის, ადვილად არ დანებდება, ის გამოიყენებს ფარული კონტროლის სხვადასხვა ხერხებს, რათა მიაღწიოს საზოგადოებრივი აზრის ტრანსფორმაციას, გადაიბიროს ვიღაცები... თუმცა, რასაკვირველია, მნათობების შეერთება ლომში გაცილებით ძლიერია, ვიდრე პლუტონი მერწყულში. მაგრამ ამ ჭიდილს ხელშესახები რეზულტატები არცერთი მხარისათვის არ მოჰყვება.
საბედნიეროდ, ახალმთვარეობას მხოლოდ დაძაბული ასპექტები როდი აქვს. ტრინები ნეპტუნისა და სატურნის შეერთებასთან ვერძში და სექსტილი ტყუპში ახალგადასულ ურანთან მრავალფეროვან შანსებს იძლევა ცხოვრების სხვადასხვა სფეროში.
ანუ ერთი მხრივ ოპოზიცია წამოჭრის დაძაბულობას, ხოლო მეორე მხრივ, ჰარმონიული ასპექტები ზრდის იღბალს.
გამოდის რომ, სამყარო კიდევ ერთხელ მიგვახვედრებს - ძველი შაბლონები აღარ მუშაობს, ისე, როგორიც ადრე იყო, აღარასდროს იქნება. დროა ახლებურად ვიმოქმედოთ, საჭიროა ჩვენი ღირებულებების, თვითშეფასებისა და ურთიერთობაში საკუთარი ნების გამოვლენის გადახედვა. ასევე, იმის მოშორება, რაც აღარ ჯდება თქვენს ცხოვრებაში, რაც ხელს გვიშლის წინსვლასა და განვითარებაში. რაც არ ემსახურება უმაღლეს მიზნებს.
კრიზისმა უნდა გამოცდილება შეგვძინოს, კი არ დაგვაჩოქოს.
ვისზე იმოქმედებს ახალმთვარეობა ყველაზე მეტად?
ახალმთვარეობა ყველაზე მეტად ცხადია, ლომებს და მათ შეეხება, ვისაც ლომში, მერწყულში, კუროსა და მორიელის მე-3 გრადუსზე ჰყავთ მნიშვნელოვანი წერტილები ან პლანეტები. აგრეთვე ვერძისა და ტყუპის საწყის გრადუსებზე. დანარჩენებისათვის ეს ახალმთვარეობა შესაძლოა უფრო ნეიტრალური გამოდგეს.