26 სექტემბერს, 01:54-ზე ახალმთვარეობას ველოდებით სასწორის ზოდიაქოში, მე-3 გრადუსში. ახალმთვარეობაზე მზე და მთვარე ორივე სასწორშია, იწყება მთვარის ახალი თვე, ახალი მისიით და მნათობები გვაძლევენ ენერგიას ახალი, სასიკეთო საქმეების დასაწყებად.
სასწორი, სადაც ახალმთვარეობა გველოდება არის სიყვარულის, ქორწინების, სილამაზის, ხელოვნების, ურთიერთობის, კანონის, ქალურისა და მამაკაცურის ბალანსის, ჰარმონიის, თანამშრომლობის სიმბოლო. ამიტომ, მთვარის ამ თვეში მეტი დრო უნდა დავუთმოთ პატნიორული (საქმიანი და სასიყვარულო), კოლეგიალური ურთიერთობების გაუმჯობესებას. დიპლომატიურად მოაგვარეთ ყველა უსიამოვნება; ისწავლეთ გარშემო მყოფებთან თანამშრომლობა. დაიცავით ბალანსი მესა და სხვის ინტერესებს შორის. ეცადეთ, არ მოექცეთ სხვათა გავლენის ქვეშ. დაიცავით ზომიერება ყველაფერში. ამასთან, ნუ დაგავიწყდება, რომ კომუნიკაციის პლანეტა მერკური რეტროგრადულია და ნუ გაგიკვირდებათ, თუ მიიღებთ შეტყობინებას ყოფილი პარტნიორისგან, შეიძლება განაახლოთ ძველი საქმე, სასამართლო პროცესი, მიუბრუნდეთ გადადებულ შემოქმედებით საქმიანობას.
ახალმთვარეობის დღეს მიხვდებით, რომ ყველაფერი ძველი უნდა მოიცილოთ და ახალს გაუთავისუფლოთ ადგილი. გამორიცხული არაა დაპირისპირება გარშემო მყოფებთან ინტერესების გამო. ცვლილება შეეხება ადამიანებსაც, კომპანიებსაც, ქვეყნებსაც. ეცადეთ, ყველაფერში (საქმეები, ურთიერთობები, რეჟიმი) დაიცვათ ბალანსი, შეინარჩუნოთ ჰარმონიულობა. საკუთარ შეცდომებს სხვებს ნუ გადააბრალებთ. არ გირჩევთ დაპირისპირებას საყვარელ ადამიანთან, ურთიერთობების გარკვევას პარტნიორებთან. უმჯობესია, მეტი დრო დაუთმოთ შემოქმედებითი იდეების განხორციელებას, შეცდომების გამოსწორებას.
ახალმთვარეობის დღეს მზე და მთვარეს, რომლებიც სასწორშია, ვერძში მყოფი იუპიტერი უპირისპირდება. ადამიანებში მოიმატებს ამბიციურობა, სურვილი, რომ განახორციელონ მიზანი, ვინმეს გაეჯიბრონ. ამასთან, სასწორი კია ჰარმონიულობა, დიპლომატიურობა და პარტნიორობა, მაგრამ ვერძია აგრესიული და ბრძოლაზე მომართული. ამიტომ, მაქსიმალურად ფრთხილად და დაკვირვებულად იმოქმედეთ. ობიექტურად შეაფასეთ საკუთარი შესაძლებლობები, ნურც სხვების ამბიციებს შეეწირებით და ნურც საკუთარ საქმეებს (გრძნობებს) დააყენებთ სხვებზე წინ. გარდა ამისა, იყავით ფრთხილი და დაკვირვებული ახალგაცნობილებთან, ნეპტუნი ილუზიები, ბუნდოვანება უპირისპირდება ვენერას (სასწორის მმართველი პლანეტა), რომელიც სილამაზეს, სიყვარულსა და ფინანსებს მართვს. ამიტომ, დაკვირვებით მოაგვარეთ მატერიალური საკითხები, არ გირჩევთ სილამაზის პროცედურების ჩატარებას, ექსპერიმენტებს გარეგნობასთან დაკავშირებით, ახალი ბრენდების გამოცდას. უმჯობესია, მეტი დრო დაუთმოთ საქმეების, პროექტების გადაკეთებას, გამოსწორებას. თუნდაც, მცირე, მაგრამ პატარა ნაბიჯებით იმოძრავეთ მიზნისკენ.
დაძაბულ და საინტერესო ასპექტს ქმნიან სატურნი (შეზღუდვა, აკრძალვები), ურანი (მოულოდნელობა, ამბოხება) და იუპიტერი (საზღვარგარეთი, იურისპრუდენცია). დაუპირისპირდება ერთმანეთს ძველი და ახალი. ცვლილება შეიძლება იყოს მკვეთრი და მოულოდნელი. გახშირდება ბრძოლა აკრძალვების, წინააღმდეგ, ძალაუფლებისთვის. ცვლილებები მოსალოდნელია სოციალურ, პოლიტიკურ სფეროებში, მართვის სისტემაში. იყავით დაკვირვებული, გააზრებული. მოერიდეთ ფულის ფლანგვას. იყავით მზად დიპლომატიური მოლაპარაკებებისთვის, გადახედეთ ადრე მიღებულ შეთანხმებებს, გამოასწორეთ დაშვებული შეცდომები, შეიტანეთ ცვლილებები. ამასთან, ნუ გადავარდებით ილუზიებში, ნუ მოიტყუებთ თავს და ნურც სხვებს შეიყვანთ შეცდომაში. კიდევ ერთხელ სატურნი ურანის დაპირისპირებაზე: ასპექტი აქტიურია 15 სექტემბრიდან 13 ოქტომბრამდე. ამ პერიოდში მოულოდნელი ცვლილებები გველოდება და გაიხსენეთ 2021 წლის 17 თებერვალი, 15 ივნისი და 24 დეკემბერი, რა ხდებოდა ამ დღეებში (პლუს/მინუს 5 დღე). რა ცვლილებები განახორციელეთ, რა ხდებოდა თქვენ გარშემო.
ვინ იგრძნობს ახალმთვარეობას ყველაზე მეტად, რა თქმა უნდა, სასწორები და განსაკუთრებით ისინი, ვისაც სასწორის პირველ-6 გრადუსში (ან თუ დაბადების დღე გაქვთ 23-29 სექტემბერს) გყავთ პლანეტები და მნიშვნელოვანი წერტილები. აგრეთვე, ვისაც ამ გრადუსებში გყავთ პლანეტები ტყუპისა (21-27 მაისს დაბადებულები) და მერწყულის (20-26 იანვარს დაბადებულები) ნიშნებში. თქვენთვის ახალმთვარეობა სასიამოვნო სიკეთეებს მოიტანს, გადალახავთ დაბრკოლებებს, რაც ხელს გიშლით განვითარებაში, წინსვლაში. განავითარეთ პროექტები; მიუბრუნდით გადადებულ საქმეებს. ლომსა და მშვილდოსანს საუკეთესო შანსები გეძლევათ; გააქტიურდით, არ იზარმაცოთ. ვერძი (20-26 მარტს დაბადებულები), კირჩხიბი (2-27 ივნისს დაბადებულები) და თხის რქა (21-27 დეკემბერს დაბადებულები) არჩევანის წინაშე აღმოჩნდებით, შეიძლება მოიმატოს დაძაბულობამ, დაპირისპირებამ. უნდა მიიღოთ გამოწვევა, გამოავლინოთ დიპლომატიურობა, გონივრულობა და გააუმჯობესოთ საქმეები, ურთიერთობები, კავშირები.
ბედნიერ ახალმთვარეობას გისურვებთ!