ავტორი:

დაბნელებების დერეფანი იხსნება, ვისზე იმოქმედებს სავსემთვარეობა

დაბნელებების დერეფანი იხსნება, ვისზე იმოქმედებს სავსემთვარეობა

19 ნოემბერს მთვარის დაბნელებას ველოდებით ამ დღეს "დაბნელებების დერეფანი" იხსნება, რომელიც 4 დეკემბერს მზის სრული დაბნელებით დაიხურება. გამოიყენეთ ეს დრო ცხოვრების უკეთესობისკენ შესაცვლელად.

მთვარის თვე ყოველთვის ახალმთვარეობით იწყება, შემდეგ მთვარე იზრდება და გვაქვს სავსემთვარეობა. დაბნელებები 6 თვეში ერთხელ გვაქვს (ხანდახან უფრო ხშირადაც), მთვარის დაბნელება ყოველთვის სავსემთვარეობაზე ხდება, მზის დაბნელება - ახალმთვარეობაზე.

დააკვირდით მოვლენებს, რომლებიც დაბნელების პერიოდში - 19 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით - მოხდება. ამ მონაკვეთში არ გირჩევთ არაფერი ახლის დაწყებას. ყოველდღიური საქმეებით, ვალდებულებებით შემოიფარგლეთ. 19-ში მთვარის დაბნელებას ველოდებით. მთვარე ჩვენი ემოციებია და ნუ გაგიკვირდებათ, თუ ადამიანებში მოიმატებს ემოციები, ფსიქოლოგიური დაძაბულობა. მეტად მოუფრთხილდით ჯანმრთელობას. განსაკუთრებით, თუ ჰიპერტონიკი ხართ ან გულის დაავადებები გაწუხებთ. ძალიან ბევრს ეშინია სავსემთვარეობის და განსაკუთრებით მზის და მთვარის დაბნელების. ეს მნიშვნელოვანი მოვლენებია და ზოგიერთი ერთი კვირით ადრეც კი გრძნობს დაძაბულობას, ქვეცნობიერ შიშს, ეწყება უსაფუძვლო შფოთი. განსაკუთრებით იმ სფეროებში, რომლებიც დიდი ხანია ცვლილებებს საჭიროებენ. ამიტომ, მზად იყავით ცვლილებებისთვის, ცხოვრების უკეთესობისკენ შესაცვლელად. ნუ შეხედავთ ყველაფერს დრამატულად, ემოციურად, მოერიდეთ კამათს, ურთიერთობების გარკვევას. უმჯობესია, დაფიქრდეთ, რისი გეშინიათ, რას გაურბიხართ, რა უნდა შეცვალოთ?..

19 ნოემბერს, 13:04-ზე ველოდებით სავსემთვარეობას და მთვარის დაბნელებას. ამ მოვლენას ცაზე ვერ დავინახავთ, მაგრამ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დონეზე ვიგრძნობთ. შეიძლება 2-3 დღით ადრეც კი. დაბნელებები 6 თვეში ერთხელ ხდება. ერთსა და იმავე ღერძზე კი - 18 წელიწადში ერთხელ. დაბნელებას გავლენა შეიძლება ჰქონდეს მინიმუმ 6 თვეზე და მაქსიმუმ 18 წელიწადზე.

დაბნელებამდე 1 საათით ადრე მოიცილეთ ყველა უსიამოვნო ემოცია და ფიქრი, განეწყვეთ პოზიტიურად, მშვიდად. თუ გსურთ ბედნიერება და სასიამოვნო ცვლილებები არავითარ შემთხვევაში არ იყოთ ნაწყენი, გაბრაზებული, შეშინებული. ჩაცვით ახალი სამოსი, აანთეთ სანთელი. შეგიძლიათ საკმეველიც აანთოთ და ილოცოთ. სასურველია, ცენტრალური კარიდან, საათის ისრის მიმართულებით ანთებული სანთლით შემოიაროთ ბინა (სამჯერ უკეთესია). უსურვეთ ბედნიერება და ჯანმრთელობა ყველას, ვინც ამ ბინაში ცხოვრობს. ანთებული სანთლის ფონზე შეგიძლიათ ყველა ის უსიამოვნო თვისება, მავნე ჩვევა ჩამოწეროთ, რაც განვითარებაში, ბედნიერებაში, გამოჯანმრთელებაში გიშლით ხელს. ბევრი არ დაწეროთ, სამიც საკმარისი იქნება. იყავით მადლიერი ყველა იმ მოვლენის, ადამიანის, ვინც მოგიტანათ ცხოვრებისეული გაკვეთილი, გადაგალახვინათ დაბრკოლება და ფსიქოლოგიურად გაგზარდათ. დაბნელებამდე 10-15 წუთით ადრე დაწვით ფურცელი და ფერფლი წყალს გაატანეთ. სამომავლო გეგმებს 19 ნოემბერს ნუ დაწერთ ამისთვის 4 დეკემბერი, ახალმთავრეობა გვაქვს. 19-ში გაქვთ შანსი, სამუდამოდ დაანებოთ სიგარეტის მოწევას თავი. დაბნელებამდე 5-10 წუთით ადრე მოსწიეთ 1 ღერი სიგარეტი, გააზრებულად იმაზე ფიქრით, რომ ეს ბოლო ღერია, რომელსაც ეწევით და მეტს თქვენს ცხოვრებაში აღარ მოსწევთ.

დაბნელების მომენტში იყავით ღიმილიანი, პოზიტიური. წარმოიდგინეთ, რომ ხართ ბედნიერი ჯანმრთელი, წარმატებული. უსურვეთ საკუთარ თავს, ახლობლებსა და მთელ სამყაროს ჯანმრთელობა და ბედნიერება. ამ დღეს ნუ დანიშნავთ გეგმიურ ოპერაციებს, კოსმეტიკურ პროცედურებს, საქმიან შეხვედრებს, ხელშეკრულებების გაფორმებას, ახალი პროექტების დაწყებას.

19 ნოემბერს მზე და მთვარე ერთმანეთის მოპირდაპირ ნიშნებში არიან განლაგებულები: მზე მორიელის 28-ე გრადუსში, ხოლო მთვარე იმავე გრადუსში, ოღონდ კუროში. მზე და მთვარის გვერდით მდებარეობენ კარმული კვანძებიც. ისინი წელიწადნახევარში ერთხელ იცვლიან ნიშნებს. 2020 წლის მაისიდან 2021 წლის დეკემბრამდე კვანძები ტყუპი-მშვილდოსნის ღერძზე არიან განლაგებულები. 2022 წლის იანვარში კი კურო-მორიელის ღერძზე განლაგდებიან (ამ ღერძზე ეს პირველი დაბნელებაა), სადაც წელიწადნახევარს გაატარებენ. ტყუპი-მშვილდოსნის ღერძზე მყოფი კვანძები მოგვიწოდებენ, ვიყოთ მზად ინფორმაციების მისაღებად, კომუნიკაციის, სწავლისა და პოზიტიურად აზროვნებისთვის. ნუ შეუშინდებით სიახლეებს, პირიქით, მზად იყავით ცვლილებებისთვის.

ვისზე იმოქმედებს დაბნელებების დერეფანი ყველაზე მეტად? მათზე, ვინც დაბადების დღეს აღნიშნავს 16 ნოემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით. თქვენ შანსი გეძლევათ, ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ. განსაკუთრებით იმ სფეროებში, სადაც პირად რუკაში დაემთხვევა დაბნელება. 19 ნოემბრის დაბნელება სიახლეებს მოგიტანთ მათ, ვინც დაბადების დღეს აღნიშნავთ 16-24 ნოემბერის და 14-22 მაისის შუალედში. ცვლილებებისთვის იყავით მზად ისინიც, ვინც დაიბადეთ 12-20 თებერვლისა და 17-25 აგვისტოს შუალედში. თქვენ ყველაფერი საუკეთესოდ გამოგივათ, მთავარია, მოინდომოთ. ჰარმონიული ცვლილებები გელოდებათ შემდეგ პერიოდში დაბადებულებს: 14-21 იანვარი, 14-22 მარტი, 16-24 ივლისი და 17-24 სექტემბერი. ჩაიხედეთ პირად ასტროლოგიურ რუკაში, ნახეთ, რომელ სფეროში ხვდება კუროს ან მორიელის 28-ე გრადუსი. ცვლილებები ამ სფეროებში გელით.

დაბნელებების პერიოდის ბედნიერად გავლას გისურვებთ!