აგვისტო ის თვეა, როცა გრძნობები სერიოზულ გამოცდას გადის. ძველი ურთიერთობები ან უფრო გამყარდება, ან საბოლოოდ წარსულს ჩაბარდება, ახალი რომანები კი სრულიად მოულოდნელად იფეთქებს.
პირველი დეკადა (1-10 აგვისტო): ემოციური ტესტი და პირველი სითბო
თვის დასაწყისი საკმაოდ დაძაბული და ემოციურია. პირველ დღეებში პარტნიორის თითოეულ სიტყვასა თუ ქმედებაზე ზედმეტად მწვავე რეაქცია გექნებათ. წვრილმანმა უთანხმოებამაც კი შეიძლება სერიოზული სკანდალის სახე მიიღოს. ახლა ნამდვილად არ არის ემოციების ფონზე საქმეების გარჩევის დრო - სჯობს პაუზა აიღოთ და ცხელ გულზე არაფერი თქვათ. წყვილებს მოთმინება მართებთ: ეს ფეთქებადობა და გაღიზიანება დროებითია და სწრაფად გადაივლის.
უკვე დეკადის შუა ნაწილიდან სიტუაცია მშვიდდება. 6 აგვისტოს სიყვარულის მფარველი პლანეტა ვენერა მისთვის ყველაზე კომფორტულ ნიშანში გადადის, სადაც მთელ თვეზე მეტხანს დარჩება. ეს წლის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია ურთიერთობებისთვის. იმატებს ნაზი გრძნობების, კომპრომისებისა და სილამაზისკენ ლტოლვა. გაჩნდება სურვილი, მეტი ყურადღება გავცეთ, მოვაწყოთ ლამაზი პაემნები და საერთო ენა ვიპოვოთ იქ, სადაც ადრე გაგება ჭირდა. მარტოხელები განსაკუთრებულ მიმზიდველობას შეიძენენ, ხოლო წყვილები ურთიერთობაში სიმსუბუქესა და რომანტიკას დააბრუნებენ.
6 და 7 აგვისტოს გაჩნდება შანსი, დავუბრუნდეთ იმას, რაც დაკარგული გვეგონა. ძველი გრძნობები, პაუზაზე დაყენებული ურთიერთობები ან ადამიანი წარსულიდან, შესაძლოა, კვლავ გამოჩნდეს. ეს კარგი მომენტია საუბრისთვის დრამის გარეშე - შეგიძლიათ მშვიდად დახუროთ ძველი თემები ან, პირიქით, მისცეთ მეორე შანსი იმას, რაც ამად ნამდვილად ღირს.
9-10 აგვისტოსთვის გაჩნდება სურვილი, ვიყოთ აბსოლუტურად გულწრფელები. მინიშნებების დრო გადის - ჯობს პირდაპირ ილაპარაკოთ გრძნობებსა და გეგმებზე. ეს შესანიშნავი დღეებია მომავლის განხილვისთვის, სიყვარულის ახსნისა და იმ თემების წამოჭრისთვის, რასაც დიდხანს დებდით გვერდზე.
მეორე დეკადა (11-20 აგვისტო): დაბნელებების დერეფანი და გარდატეხის წერტილი
11 აგვისტოდან ყურადღების ცენტრში ოჯახი და სახლი ექცევა. ჩნდება სურვილი, გავუფრთხილდეთ პირად სივრცეს, დავიცვათ საყვარელი ადამიანები და ენერგია დავხარჯოთ იმაზე, რასაც ნამდვილი ფასი აქვს. გადაწყვეტილებებს ამ დღეებში გონებაზე მეტად გული იღებს - ინტუიცია და ემოციური მიჯაჭვულობა პირველ პლანზე გადმოდის. ამავე დღეს მოსალოდნელია მოულოდნელი ნაცნობობა ან სასიამოვნო სიურპრიზები, რომლებიც გვერდით მყოფ ადამიანს სულ სხვა თვალით დაგანახებთ.
12 აგვისტოს იწყება განსაკუთრებული, კარმული დაბნელებების დერეფანი, რომელიც 28 აგვისტომდე გასტანს. ეს წლის ყველაზე დატვირთული და გარდამტეხი პერიოდია, რაც პირად ცხოვრებაზეც მკვეთრად აისახება. დერეფანი იხსნება მზის დაბნელებით ლომის ცეცხლოვან ნიშანში, რაც ნებისყოფასთან, ლიდერობასთან და გრძნობების გამოხატვასთან არის დაკავშირებული. ეს დაბნელება თითქოს გათავისუფლებთ იმ სასიყვარულო მარწუხებისგან, რაც დიდხანს გბოჭავდათ - იქნება ეს უარის თქმის შიში, სხვის აზრზე დამოკიდებულება თუ ურთიერთობა, რომელმაც თავისი დრო უკვე მოჭამა.
დაბნელებების დერეფნის შიგნით მოვლენები სწრაფად ვითარდება და ბედისწერის ელფერს იძენს. ის, რაც ამ დღეებში იწყება ან მთავრდება, იშვიათად არის შემთხვევითი. ყურადღებით ადევნეთ თვალი ნიშნებს: მოულოდნელი შეხვედრა, შემთხვევითი აღიარება თუ გრძნობების უეცარი გააზრება თქვენს ურთიერთობებს თვეების განმავლობაში განსაზღვრავს. გაითვალისწინეთ, რომ ამ პერიოდში ემოციური ფონი მომატებულია და შესაძლოა სიტუაცია იმაზე მწვავედ აღიქვათ, ვიდრე სინამდვილეშია.
მიუხედავად დერეფნისა, თვის შუა რიცხვებში საკმაოდ მსუბუქი მონაკვეთიც გველის. 13-დან 16 აგვისტომდე ურთიერთობა დათბება - კარგი დროა გულახდილი საუბრებისთვის, ერთობლივი მოგზაურობისთვის, ოჯახის წევრების გაცნობისა და ნდობის გასაღრმავებლად.
16-დან 18 აგვისტომდე კი სიფრთხილე გმართებთ. იმატებს ილუზიებისა და თვითმოტყუების რისკი. მარტივია პარტნიორის იდეალიზება, განგაშის სიგნალებზე თვალის დახუჭვა ან, პირიქით, წუთიერი ემოციის ფონზე ისეთი ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღება, რასაც მერე სანანებლად გაიხდით.
მესამე დეკადა (21-31 აგვისტო): დერეფნის დახურვა და გრძნობების განახლება
21 აგვისტოს ურთიერთობები კიდევ ერთ სიმტკიცის ტესტს გაივლის. შესაძლოა იგრძნოთ სიცივე, დისტანცია ან გაგერიოთ ეჭვი საკუთარ მოლოდინებში. თუმცა ეს სასარგებლო მომენტია - ნათლად დაინახავთ, რომელი კავშირი დგას ნამდვილ სიახლოვესა და საერთო ღირებულებებზე, და რომელი არსებობს უბრალოდ ჩვევის ან ინერციის გამო.
20-დან 23 აგვისტომდე კვლავ გააქტიურდება წარსულის თემა. მოსალოდნელია შეხვედრები ექს-პარტნიორებთან ან ადამიანებთან, რომლებთანაც რაღაც გაურკვეველი დარჩა. ეს კარმული დერეფნის ნაწილია: ის გაძლევთ შანსს, საბოლოოდ გადაფურცლოთ ძველი ფურცელი, გაუშვათ ის, რაც გასაშვებია, ან დასვათ წერტილი იქ, სადაც კითხვები კიდევ არსებობდა.
27 აგვისტოსთვის ემოციები მშვიდდება და უფრო პრაქტიკული ხდება. გაჩნდება სურვილი, წესრიგი დაამყაროთ არამხოლოდ საქმეებში, არამედ პირადშიც. კარგი დროა დაგროვილ წვრილმანებზე სალაპარაკოდ, სამომავლო შეთანხმებებისთვის ან უბრალოდ საკუთარ თავში ემოციური დალაგებისთვის.
28 აგვისტოს დაბნელებების დერეფანი იხურება მთვარის დაბნელებით თევზების ზოდიაქოში. ეს მოვლენა ღრმა და საკმაოდ ემოციურ ქვეტექსტს ატარებს. იმატებს ინტუიცია, პარტნიორის განწყობის შეგრძნება. შესაძლოა შეიტყოთ სიახლე, რომელიც სრულად შეცვლის თქვენს ხედვას ურთიერთობაზე. ნუ იჩქარებთ იმავე დღეს რეაგირებას - ბევრი რამ მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ გახდება ნათელი.
დერეფნის დახურვის შემდეგ, თვის მიწურულს, გრძნობები მყარ საყრდენს პოულობს. 30 აგვისტო წლის ერთ-ერთი საუკეთესო დღეა სიყვარულისთვის - გეძლევათ შანსი, ძლიერი გრძნობები კონკრეტულ ნაბიჯებად აქციოთ: ოფიციალურად გააფორმოთ ურთიერთობა, მიიღოთ მნიშვნელოვანი ერთობლივი გადაწყვეტილება ან გადადგათ ნაბიჯი, რასაც დიდხანს აჭიანურებდით. ხოლო 31 აგვისტოს მოთმინებით აღიჭურვეთ - მცირე შეფერხებები და დაბრკოლებები სიმშვიდითა და თავშეკავებით უნდა გადალახოთ.
ზაფხულის ბოლო თვე დაგეხმარებათ, დაემშვიდობოთ იმას, რამაც თავი ამოწურა, და გზა გაუხსნათ უფრო პატიოსან და ღრმა გრძნობებს.