დედა-შვილის თავსებადობა ზოდიაქო ნიშნის მიხედვით: როგორი დედაა ვერძი

დედა-შვილის თავსებადობა ზოდიაქო ნიშნის მიხედვით: როგორი დედაა ვერძი

ვერძი დედა – ვერძი შვილი

ამ ორს შორის მიუხედავად ხასიათების მსგავსებისა, ხშირი იქნება ხმაურიანი კამათი და გარჩევები. დედა ვერძი საკუთარი "მინი მეს" სახით იღებს ყველა იმ ნაკლოვანებების თაიგულს, რაც მას საკუთარ ხასიათში აღიზიანებს. თუმცა, წლების მატებასთან ერთად პატარა ვერძთან მეგობრული დამოკიდებულება უყალიბდება და მათი ურთიერთობა სამომავლოდ, უფრო ძმაკაცობა-დაქალობას წააგავს, ვიდრე ტრადიციულ დედაშვილობას.

ვერძი დედა – კურო შვილი

მათ შორის საკმაოდ დიდი სხვაობაა ხასიათისა და ტემპერამენტის მხრივ. დედა ვერძს ხშირად გამოიყვანს მოთმინებიდან პატარა კუროს სიჯიუტე და შენელებული ტემპი, თუმცა ამის გამო თუ იგი კუროს დაცინვას დაუწყებს მოქმედებისკენ წასაქეზებლად, შედეგი ზუსტად საპირისპირო იქნება. კუროებს საკუთარი ცხოვრების რიტმი გააჩნიათ, ვერძ დედას მოეთხოვება პატივი სცეს შვილის მოთხოვნილებებს ამ მხრივ. სამაგიეროდ, მისი სახით მომავალში მზრუნველი და მოსიყვარულე პირმშო ეყოლება, რომლის იმედიც სიცოცხლის ბოლომდე შეუძლია ჰქონდეს.

ვერძი დედა – ტყუპი შვილი

შესანიშნავი თავსებადობა აქვთ, როგორც ემოციური ისე მენტალური კუთხით. ტყუპი ბავშვი დედა ვერძს საკუთარი ენერგიულობით გააოცებს და დაღლის, რაც, როგორც წესი, ვერძისთვის ძალზე იშვიათი მოვლენაა. სამაგიეროდ, ისინი არასოდეს მოიწყენენ ერთად და მუდამ ექნებათ სასაუბრო თემა, საყვარელი გასართობი ან ადგილები, სადაც სიამოვნებით ივლიან წყვილად. დედა ვერძი ტყუპ შვილს მისცემს მაქსიმალურ დამოუკიდებლობას, რაც ამ უკანასკნელისთვის აუცილებელია.

ვერძი დედა – კირჩხიბი შვილი

ერთობ პრობლემატური კავშირია, იმიტომ რომ კირჩხიბ ბავშვებს გამუდმებული ზრუნვა, თავზე ხელის გადასმა, სითბო და ყურადღება ესაჭიროებათ. ეს კი დედა ვერძის აზრით, ბავშვის "გატუტუცებას" უდრის. ამიტომ შესაძლოა მან შვილი ტირილი და ცრემლები (რაც კირჩხიბს სითბოს ნაკლებობის გამო ახასიათებს) უბრალოდ ბავშვურ ჭირვეულობად მიიჩნიოს. რაც სამომავლოდ მისთვის შვილთან ურთიერთობაში პრობლემებს გამოიწვევს.

ვერძი დედა – ლომი შვილი

ერთ-ერთი ჰარმონიული კავშირია. ვერძსა და ლომს საერთო სტიქია – ცეცხლი აერთიანებს, ამიტომ დედა ვერძისთვის პატარა ბოკვერის აღზრდა ერთი სიამოვნებაა. იგი ყოველთვის იამაყებს საკუთარი მოუსვენარი, ხმაურიანი და სიცოცხლის მოყვარული ნაშიერით. ასწავლის მას როგორ იყოს დამოუკიდებელი და როგორ წარმოაჩინოს საკუთარი თავი კარგად საზოგადოების წინაშე. შვილი ლომი თავის მხრივ დედა ვერძის ამბიციებს აუცილებლად გაამართლებს იმით, რომ სამომავლოდ წარმატებული, ნიჭიერი და ძლიერი პიროვნება გაიზრდება.

ვერძი დედა – ქალწული შვილი

საკმაოდ რთული კავშირია იმ მხრივ, რომ ამ ორი ადამიანის ემოციური ბუნება აბსოლუტურად განსხვავდება ერთმანეთისგან. დედა ვერძის გაღიზიანება შეიძლება ხშირად გამოიწვიოს შვილის პრეტენზიულობამ, გამუდმებულმა კინკლაობამ კვების, ჩაცმა-დახურვისა და ჰიგიენის თვალსაზრისით. იგი შეეცდება დააძალოს შვილს იმის გაკეთება, რაც მისი აზრით სავალდებულო და სასარგებლოა ბავშვებისთვის, რასაც ქალწულის მხრიდან დედის მიმართ დისტანციური დამოკიდებულების ჩამოყალიბება მოჰყვება.

ვერძი დედა – სასწორი შვილი

ამგვარ კავშირში მთავარი ურთიერთკომპრომისია. ვერძი და სასწორი ოპოზიციურ ნიშნებს წარმოადგენენ, ამიტომ დედა ვერძისთვის ხშირად გაუგებარი იქნება შვილი სასწორის მერყეობა და მუდმივი ყოყმანი გადაწყვეტილების მიღებისას, მაშინ როცა თავად წამის მეასედში შეუძლია მიიღოს ნებისმიერი გადაწყვეტილება. თუმცა თუ ცოტაოდენ ტაქტს მოიშველიებს, დედა ვერძს შვილი სასწორის სახით შესანიშნავი თანამოაზრე, დამხმარე და მრჩეველი ეყოლება ასაკში.

ვერძი დედა – მორიელი შვილი

საკმაოდ კარგი კავშირია დედაშვილური კუთხით. დედა ვერძის მებრძოლი ხასიათი, შემართება და ენერგიულობა პატარა მორიელში პატივისცემის გრძნობას აღვიძებს. მორიელები კი მოგეხსენებათ, პატივს მხოლოდ თავისზე ძლიერებს სცემენ. ამიტომ ვერძი დედა მისთვის შესაძლოა საუკეთესო მეგობრად და მოკავშირედ იქცეს ცხოვრების გზაზე.

ვერძი დედა – მშვილდოსანი შვილი

ეს არის ფანტასტიკური დუეტი. ისინი არასოდეს იწყენენ ერთად და ყოველთვის ახერხებენ საკუთარი ხმაურიანი გართობის ხარჯზე, გარშემო მყოფებში ქრონიკული თავის ტკივილი გამოიწვიონ. დედა ვერძი აღფრთოვანებულია პატარა მშვილდოსნის სასაცილო მოუქნელობით, ენერგიულობითა და სიცოცხლისუნარიანობით. იგი მისგან მაქსიმალურად დამოუკიდებელ და დიდსულოვან პიროვნებას გაზრდის, რომელიც ყოველთვის დაეხმარება სხვებს უანგაროდ.

ვერძი დედა – თხის რქა შვილი

თხის რქების ერთგულება ოჯახის წევრებისა და დედ-მამის მიმართ უზომოა, ამიტომ პატარა თხის რქა ყოველთვის აღფრთოვანებული იქნება დედა ვერძის ენერგიულობით და გააღმერთებს მას. თუმცა ვერძს თავის მხრივ მოეთხოვება გაგებით მოეკიდოს შვილის შედარებით ფრთხილ და დისტანციურ ხასიათს. არ დააძალოს მას იმის კეთება, რაც არ მიჩანია მისაღებად. სხვა შემთხვევაში პატარა თხის რქა აუცილებლად ჩართავს საქმეში უაპელაციო სიჯიუტეს, რაც დედა ვერძის აღშფოთებას გამოიწვევს.

ვერძი დედა – მერწყული შვილი

შესანიშნავი ტანდემია. დედა ვერძის ენერგიულობის წყალობით, პატარა მერწყულის ნებისმიერი ნიჭი რეალიზებული იქნება მომავალში. ვერძი დედა იმაყებს მისი ვუნდერკინული შესაძლებლობებით (ცნობილი ფაქტია, რომ მერწყულებს შორის ყველაზე მეტი ვუნდერკინდი იბადება) და არასოდეს შეუზღუდავს მას თავისუფლებას. ეს სწორედ ისაა, რაც ნებისმიერ მერწყულს ესაჭიროება.

ვერძი დედა – თევზი შვილი

სანამ პატარა იქნება, დედა ვერძი სიამოვნებით დაიცავს თევზ შვილს მკაცრი რეალობისგან. თუმცა წამოიზრდება თუ არა, აუცილებლად აიძულებს, ისწავლოს საკუთარ ფეხზე დგომა და აი, სწორედ აქ დაიწყება პრობლემები. თევზების რბილი და სათუთი ბუნება, მტკივნეულად გადაიტანს დედა ვერძის მწარე “წაკბენას“ მორიგი მარცხის ან პასიურობის შემთხვევაში, რაც მას აუცილებლად უბიძგებს იმისკენ, რომ დედასთან გაუცხოების გამო შვება სასმელსა და ნარკოტიკებში ეძებოს. სწორედ ამიტომ, დედა ვერძს თევზებთან მეტი სირბილე და ლოიალურობა მოეთხოვება.