ავტორი:

დედა-შვილის თავსებადობა ზოდიაქო ნიშნის მიხედვით: როგორი დედაა კირჩხიბი?

დედა-შვილის თავსებადობა ზოდიაქო ნიშნის მიხედვით: როგორი დედაა კირჩხიბი?

ნებისმიერი დედისთვის, საკუთარი შვილი ამქვეყნად ყველაზე საუკეთესო, ნიჭიერი და უნიკალურია. თუმცა, თუკი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ვიმსჯელებთ , არსებობს შემთხვევები როცა დედა-შვილს შორის ურთიერთობაში, გარკვეული დაძაბულობა იჩენს თავს ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე. ამიტომ სასურველია მათ შორის ხასიათების თავსებადობის შესახებ, ასტროლოგიური კუთხითაც ვიმსჯელოთ:

დედა კირჩხიბი – შვილი ვერძი

საკმაოდ პრობლემატური კავშირია, ძირითადად იმ კუთხით, რომ ნიშნებს შორის კვადრატურა არსებობს. შვილი ვერძი ძნელად შეეგუება დედა კიბოს გადამეტებულ მფარველობას, დედა კიბოს კი თავის მხრივ გული ეტკინება შვილი ვერძის მხრიდან წარმოთქმული არც თუ ტაქტიანი საყვედურების გამო (ვერძები ხომ ტაქტის და დიპლომატიის უნარით ნაკლებად დააჯილდოვა ბუნებამ). გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად საუკეთესო გზაა, დედა კირჩხიბმა პატარა ასაკიდანვე მიანიჭოს თავის ბეკეკას საკმარისი თავისუფლება და შიშები, რომ იგი სადმე რქებს (კისერს) წაიმტვრევს გულში ჩაიკლას.

დედა კირჩხიბი – შვილი კურო

ძალიან კარგი კავშირია, კუროსა და კირჩხიბის ბუნება დიდწილად წააგავს ერთმანეთს. პატარა კურო, კირჩხიბის სახით მოსიყვარულე, მზრუნველ და, რაც მთავარია, გემრიელად გამომკვებავ პერსონას შეიძენს, რომელიც ყოველთვის იქნება მზად მის დასაპურებლად. მომავალში კი ემოციური თანადგომისა და მაქსიმალური სითბოს გამოსახატავად, უკვე შვილი კურო იზრუნებს დედის მისამართით.

დედა კირჩხიბი – შვილი ტყუპი

მიუხედავად იმისა, რომ ტყუპი ბავშვი ერთია, დედა კიბოსთვის მისი აღზრდა ბიოლოგიური ტყუპის გაზრდის ტოლფასი იქნება. იგი შეიძლება სერიოზულ ნერვულ კრიზისამდე მიიყვანოს პატარა ტყუპის სიცელქემ და მოუსვენრობამ. გარდა ამისა, კირჩხიბ დედას პატარა ტყუპის მფლანგველობა და უწესრიგობის სიყვარულიც გააღიზიანებს.

დედა კირჩხიბი – შვილი კირჩხიბი

იდეალური კავშირია, მით უმეტეს თუ დედაც და შვილიც საკუთარი ზოდიაქოს ტიპური წარმომადგენლები არიან. პატარა კირჩხიბი დედისგან მიიღებს მისთვის ესოდენ აუცილებელ დაცულობის, სითბოსა და სიყვარულის ატმოსფეროს რაც მას ჰაერივით ესაჭიროება. პრობლემა შესაძლოა უკვე დიდ ასაკში დადგეს, იმის გამო რომ შვილი კიბო ზრდასრულობაშიც სიამოვნებით გააგრძელებს დედის კალთაზე გამოკერებული ცხოვრებას, შედეგად კი მისგან ქრონიკული "დედიკოს ბიჭი" ან "დედიკოს გოგო" დადგება.

დედა კირჩხიბი – შვილი ლომი

ძალიან კარგი კავშირია. პატარა ბოკვერს დედა კირჩხიბი მეფურ ფუფუნებასა და კომფორტში გაზრდის. მისი ყველა სურვილი დედა კირჩხიბის მხრიდან წამის მეასედში ასრულებული იქნება. თუმცა სამართლიანობა მოითხოვს ავღნიშნოთ, რომ ასეთი მიდგომით დედა კიბო მისი საყვარელი ბოკვერისგან, სამომავლოდ აუტანელ საოჯახო ტირანს გაზრდის, ამიტომ სასურველია მოფერებასთან ერთად მკაცრი ტონიც გამოურიოს აღზრდის საკითხებში.

დედა კირჩხიბი – შვილი ქალწული

საკმაოდ კარგი კავშირია, იმ კუთხით, რომ პატარა ქალწულის მოთხოვნილებას ოჯახში სტაბილური, მყუდრო და თბილი გარემო ეგულებოდეს დედა კიბო სრული ასი პროცენტით უზრუნველყოფს. თუმცა, ქალწულს თავის მხრივ შესაძლოა, მოგვიანებით გაუჭირდეს დედა კიბოს მხრიდან გამოვლენილი ემოციების გაგება, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები, გაცილებით უფრო პრაგმატულად აზროვნებენ. კირჩხიბი კი მოგეხსენებათ ცარიელი ემოციებია.

დედა კირჩხიბი – შვილი სასწორი

საკმაოდ რთული კავშირია. დედა-შვილის ზოდიაქოებს შორის კვადრატურა იქმნება, რის გამოც მათში დიდი განსხვავებაა როგორც მენტალური, ისე ემოციური კუთხით. სასწორი ჰაეროვანი ნიშანია, მისთვის აბსოლუტურად გაუგებარი იქნება ზოგჯერ, დედა კიბოს ემოციური გამოსვლები, პანიკა და ცრემლები, როცა მას რეალურად არაფერი ემუქრება საამისო.

დედა კირჩხიბი შვილი მორიელი

იდეალური ან იდეალურთან მიახლოვებული კავშირია. დედა კირჩხიბის ღრმად ემოციური ბუნება, შესანიშნავად ეთავსება პატარა მორიელის მოთხოვნილებას გვერდით ეგულებოდეს ადამიანი, რომელსაც მისი უსიტყვოდ ესმის. დედა კირჩხიბი, შვილ მორიელთან ყოველთვის იქნება დაკავშირებული უხილავი ენერგეტიკული ძაფებით, რის გამოც მათი დედაშვილობა დიდ ასაკშიც სამაგალითო შეიძლება იყოს სხვებისთვის.

დედა კირჩხიბი – შვილი მშვილდოსანი

მეტ-ნაკლებად თავსებადი კავშირია. პატარა მშვილდოსანის სიცელქე და დამოუკიდებლობის უზომო სიყვარული, ბუნებით ფრთხილ და პანიკიორ დედა კირჩხიბს საფიქრალში აგდებს. თუმცა სასურველია, მან საკუთარი შვილის თავისუფლება არასოდეს შეზღუდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა მშვილდოსანმა მშობლების ბუდიდან გადახტომა ძალიან ადრეულ ასაკში მოინდომოს, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ დედის "მზრუნველობას" დააღწიოს თავი.

დედა კირჩხიბი – შვილი თხის რქა

საკმაოდ კარგი კავშირია, მიუხედავად ნიშნებს შორის არსებული ოპოზიციისა. დედა კირჩხიბის მზრუნველი, თბილი და მოსიყვარულე ხასიათი პატარა თხის რქას ბავშვობიდანვე დააძლევინებს სატურნულ სიცივესა და დისტანციურობას. შესაბამისად, იგი გაცილებით უფრო გამომხატველი გახდება ემოციური კუთხით სხვების მიმართ, რაც სამომავლოდ წარმატების მოპოვებაში შეუწყობს ხელს.

დედა კირჩხიბი – შვილი მერწყული

როგორც წესი, წყლის სტიქიის დედისთვის, ჰაეროვანი შვილი დიდი თავსატეხი და თავის ტკივილია. ამ მხრივ არც მერწყული ბავშვის მშობელი კირჩხიბია გამონაკლისი. პატარა ურანიანელი არაერთხელ გახდება მისთვის ნერვული შოკის მიზეზი, ძირითადად ანგელოზის სახით ჩადენილი მავნებლობების გამო.

დედა კირჩხიბი – თევზი შვილი

ძალიან ჰარმონიული კავშირია. პატარა თევზები დედა კირჩხიბის სახით ყველაზე საუკეთესო მეგობარს, თანამოაზრესა და მფარველს იძენს მთელი ცხოვრების მანძილზე. დედა ყოველთვის იქნება მისი საუკეთესო მეგობარი, რომელიც ბიძგს მისცემს თევზ შვილს საიმისოდ, რომ ამ უკანასკნელმა წარმატებისკენ მიმავალ გზაზე, პირველივე წინააღმდეგობისას უკანდახევა და საქმის შუა გზაზე მიტოვება არ მოინდომოს (რაც ხშირად ახასიათებთ ტიპურ თევზებს).