ეჭვიანობა, აგრესია თუ აბსოლუტური უენერგიობა? მაისის პირველი დღეები ფსიქო-ემოციური გამოცდის წინაშე დაგვაყენებს. მორიელის ენერგია, რომელიც პლუტონის მმართველობის ქვეშაა, გვთავაზობს არჩევანს: დავინგრიოთ შინაგანი კონფლიქტებით, თუ გამოვიყენოთ ეს ძალა ძველი პრობლემებისა და შიშებისგან განსაკურნებლად. გაიგეთ ნინა ხომერიკის რეკომენდაციები, როგორ ავიცილოთ თავიდან საბედისწერო შეცდომები და როგორ შევხვდეთ 3 მაისს სიმსუბუქის შეგრძნებით
-1 მაისს, საქართველოს დროით 21:24 საათზე, მოხდება მზისა და მთვარის დაპირისპირება, ანუ სავსემთვარეობა მორიელის ნიშნის მე-12 გრადუსზე. ამ დღეს ემოციები პიკს მიაღწევს; შესაძლოა გაიღვიძოს ეჭვიანობამ, ყველაფრის ნგრევისა და სხვებზე ზეწოლის სურვილმა, ან პირიქით - იგრძნოთ აბსოლუტური უენერგიობა და მოექცეთ გარემოებათა ზეგავლენის ქვეშ. აუცილებლად უსმინეთ თქვენს ინტუიციას; ქვეცნობიერი დაგეხმარებათ გააანალიზოთ ყველაფერი, რაც თქვენს გარშემო ხდება, შეინარჩუნოთ სიმშვიდე და წონასწორობა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ყველაფერს დაანგრევთ და გაანადგურებთ.
სიმბოლურად, სავსემთვარეობის დროს ჩვენ ნათლად და სრულად ვხედავთ, რა ხდება ჩვენს ცხოვრებაში. ასეთ დროს ვიღებთ იმ ნაბიჯებისა და მოვლენების მნიშვნელოვან და აშკარა შედეგებს, რომელთაც საფუძველი მანამდე ჩავუყარეთ - განსაკუთრებით ბოლო ორი კვირის განმავლობაში (ახალმთვარეობის დადგომიდან), ან შესაძლოა მიიღოთ ექვსი თვის წინ დაწყებული საქმეების შედეგები, როდესაც ახალმთვარეობა მორიელის ზოდიაქოში იყო.
ამიტომ, ახლა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ სიახლეებს, ახალ ამბებს, თქვენს გარემოცვაში გამოჩენილ ადამიანებსა და გამოწვევებს. სინამდვილეში მორიელს, სადაც ამ დიდი ენერგიების თავშეყრა ხდება, მოაქვს წმენდა ძველი, დრომოჭმული და არასაჭირო ნივთებისა თუ მოვლენებისგან. ის სიღრმისეული ნიშანია, წყლის სტიქიის წარმომადგენელი, მისი მთავარი მმართველი პლანეტა კი გახლავთ პლუტონი, რომელიც ამ სავსემთვარეობაზე მზესთან და მთვარესთან ნეგატიურ ასპექტს - კვადრატს აკეთებს.
სწორედ ამის გამო, აღნიშნულმა სავსემთვარეობამ შესაძლოა კრიზისული ტრანსფორმაციების ფონზე ჩაიაროს, რასაც მეტწილად ფსიქო-ემოციური ხასიათი ექნება, თუმცა, რა თქმა უნდა, არ არის გამორიცხული ფიზიკური დაზიანებებიც. ეს ენერგია აქტიური იქნება სავსემთვარეობის დადგომიდან კიდევ 3-4 დღის განმავლობაში.
როგორც უკვე აღვნიშნე, ასეთ პერიოდში ვხდებით მეტად ემოციურები, მატულობს შფოთვა, ირღვევა ძილის რეჟიმი და რადგან ამ მოვლენას სათავეში მორიელი უდგას, გაიზრდება აგრესია, უნდობლობა, ეჭვიანობა, სხვებზე თავდასხმის სურვილი და სკეპტიციზმი ყველასა და ყველაფრის მიმართ. ასევე დიდ როლს შეასრულებს მარსის, სატურნის, ნეპტუნისა და ქირონის ტრანზიტები ვერძის ზოდიაქოში, რაც დაგვაკარგვინებს მოთმინებას და ყველაფრის „აქ და ახლა“ მიღების სურვილს გაგვიჩენს, რადგან თავად ვერძი ცეცხლოვანი სტიქიის, ომისა და ზეწოლის სიმბოლოა.
ამიტომ, ამ სავსემთვარეობაზე აუცილებელია ვიცოდეთ, რომ მიუხედავად რთული ფონისა, მას დადებითი მხარეც აქვს, რასაც პლუტონი გვთავაზობს - ესაა გათავისუფლება ძველი პრობლემებისგან, როგორც პირდაპირი, ისე ირიბი მნიშვნელობით. მაგალითად: სნეულებისგან, მძიმე სამსახურისგან, შიშებისგან, ინფორმაციული ტვირთისგან, ტყვეობისგან და ა.შ. ეს უკვე დამოკიდებულია პირად რუკაზე და იმ ინდივიდუალურ პრობლემებზე, რაც ადამიანს შეიძლება ჰქონდეს.
რა არ უნდა გააკეთოთ 1 და 2 მაისს:
· არ შეხვიდეთ კონფლიქტში ადამიანებთან და არ გაარჩიოთ ურთიერთობები ხმამაღალ ტონში. ვერძში ბევრი პლანეტა იმყოფება და შესაძლოა ისეთი რამ თქვათ, რასაც შემდეგ ძალიან ინანებთ;
· არ აიღოთ და არ გაასესხოთ ფინანსები თუ ძვირფასი ნივთები და არ მისცეთ ადამიანებს პირობა;
· არ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს სამსახურის დატოვებასთან, სხვაგან გადასვლასთან, ემიგრაციასთან, ქორწინებასთან, განქორწინებასთან ან ურთიერთობის დასრულებასთან, რადგან ასეთ დღეებში გონებაზე მეტად ემოციები ჭარბობს და ეს გადაწყვეტილებები საბოლოოდ წარმატებული არ იქნება;
· არ გამოავლინოთ უნდობლობა და ეჭვიანობა, განსაკუთრებით პარტნიორულ ურთიერთობებში. შესაძლოა მოგეჩვენოთ ისეთი რამ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება; მორიელს უყვარს მსგავსი პროვოკაციების მოწყობა, ამიტომ უმჯობესია ამის გამო მეორე ნახევართან კონფლიქტს მოერიდოთ;
· არ გამოიყენოთ არანაირი ნარკოტიკული თუ მედიკამენტოზური საშუალება, რომელიც გონებაზე ახდენს ზემოქმედებას. ასევე, გამოიჩინეთ სიფრთხილე საჭესთან, რადგან იმატებს ავარიებისა და უბედური შემთხვევების ალბათობა.
რა იქნება დადებითი, რომ გააკეთოთ 1 და 2 მაისს:
· ეცადეთ ეს დღეები სიმშვიდეში გაატაროთ. მოერიდეთ ხალხმრავლობას, გადით ბუნებაში, დაისვენეთ და შექმენით გარემო, სადაც როგორც სულიერად, ისე ფიზიკურად დასვენებას შეძლებთ;
· ფურცელზე შეგიძლიათ ჩამოწეროთ თქვენი შიშები, ემოციები, ის სიტუაციები და სიმართლე, რომელშიც საკუთარ თავსაც კი ხმამაღლა არ უტყდებით, შემდეგ კი ეს ფურცელი დაწვათ, რათა ამ ყველაფრისგან ენერგეტიკულად გათავისუფლდეთ;
· გაათავისუფლეთ თქვენი სივრცე, სახლი ან სამუშაო ადგილი უსარგებლო, ძველი თუ დაზიანებული ნივთებისგან, წამლებისგან, საბუთებისა და ტანსაცმლისგან. დაალაგეთ სახლი, გაანიავეთ და ენერგეტიკულად გაწმინდეთ ბინა — შეგიძლიათ ოთახის კუთხეებში მარილიც დაყაროთ;
· უთხარით უარი ყველას და ყველაფერს, რაც ენერგიას გართმევთ. მორიელს, პლუტონის გავლენით, ენერგეტიკული ვამპირიზმის ეფექტი აქვს. თუ გრძნობთ, რომ კონკრეტული საქმე, ადამიანი ან გარემოება თქვენს სასიცოცხლო რესურსებსა და ყურადღებას ითვისებს, გაუშვით ისინი თქვენი ცხოვრებიდან;
· ამ დღეებში ნუ შეგეშინდებათ და ნუ გაექცევით სიმართლეს; მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ახლა გეტკინოთ, ეს სიმართლე საბოლოო ჯამში გამოგაჯანმრთელებთ, მოგიტანთ სიმშვიდესა და თავისუფლებას. თუ ტირილი მოგინდებათ — იტირეთ; პლუტონის ენერგიისთვის ცრემლები სისუსტე კი არა, რბილი ტრანსფორმაციაა, რაც უარყოფითი ზეგავლენების დამუშავებაში გეხმარებათ;
· აკონტროლეთ ემოციები, არ აჰყვეთ აგრესიას. თუ მაინც იგრძნობთ, რომ უარყოფითი ენერგიები გერევათ, ივარჯიშეთ და ფიზიკურად დაიხარჯეთ.
3 მაისს იგრძნობთ სიმსუბუქესა და შვებას; გექნებათ შეგრძნება, რომ მხრებიდან ისეთი ტვირთი ჩამოგეხსნათ, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში ზიდავდით!