20 ნოემბერს, 10:46-ზე ახალმთვარეობა გველოდება ყველაზე მისტიკური და ამოუცნობი მორიელის 29 გრადუსში. ამ დღეს მზესთან და მთვარესთან ერთად მორიელშია ვენერაც, ლილიტიც და რეტროგრადული მერკურიც, რომლებსაც უპირისპირდება კუროში მყოფი ურანი. აქტიურია ფინანსებისა და მემკვიდრეობის ღერძი. შეიძლება მოულოდნელად მოხდეს ფინანსური სტაბილურობის რღვევა, თქვენი ან თქვენი მეუღლის. შეიძლება მოულოდნელად ფული მიიღოთ პარტნიორისგან ან მემკვიდრეობა ასაკოვანი ნათესავის გარდაცვალებით ან შეიძლება მოულოდნელად გაიგოთ, რომ თქვენგან ფარულად მეუღლემ აიღო სესხი.
რაც შეეხება ვენერასა და ლილიტის მორიელში ყოფნას, მათი ერთ-ერთი პრინციპია: “თუ ფული გაქვს, შენი ვარ...“ ამიტომ არაა გამორიცხული სასიყვარულო კავშირის გაწყვეტა ფულის ან ღალატის გამო, განსაკუთრებით, თუ დიდი ხანია წყვილში კონფლიქტია; იქნება ქონების გაყოფა მეუღლეებს შორის. ამასთან, არავინ გამოგძალონ ფული. ახალმთვარეობის დღეებში (პლუს/მინუს 2 დღე) მაქსიმალურად მოერიდეთ ალკოჰოლის და სხვა მათრობელა საშუალებების მიღებას.
პლანეტების კონფიგურაციით არაა გამორიცხული, რომ ოჯახში მოხდეს თაობათა ცვლა: ხანდაზმული ნათესავი წავიდეს, რომ ახალი თაობა მოვიდეს.
მორიელის მმართველი მარსი მშვილდოსანშია (პლუტონი - მერწყულშია და პერიოდულად იქიდან ამღვრევს წყალს), სადაც 22 ნოემბერს გადავა მზეც. გააქტიურდება უცხოეთთან, შორეულ ტერიტორიებზე სამხედრო საქმეებთან დაკავშირებული საკითხები. მაქსიმალურად ფრთხილად იყავით თუ აპირებთ უცხოეთიდან ავტომობილის ჩამოყვანას, სამოგზაუროდ წასვლას, შეიძლება კრიზისი შეექმნათ შორ მანძილზე მომუშავე მძღოლებსა და სატრანსპორტო კომპანიებს, თუნდაც ფინანსების გამო. ზოგადად, იქნება კრიზისები გზებზე.
როგორც წესი, ახალმთვარეობაზე ვწერთ თვის მიზნებს, სურვილებს. მაგრამ რადგან მერკური რეტროგრადულია, კარგია გადაკეთებასთან დაკავშირებული მიზნების შედგენა. თუმცა, თუ საჩქარო არაა, მომდევნო ახალმთვარეობას დაელოდეთ.
ახალმთვარეობაზე (პლუს/მინუს 2 დღე) ყველანი ვართ ფრთხილად და განსაკუთრებით ისინი, ვისაც ნატალურ რუკაში კურო-მორიელის ღერძზე გყავთ პირადი პლანეტები, ფიქტიური და მნიშვნელოვანი წერტილები. და აგრეთვე ლომსა და მერწყულშიც.
ახლა კი გაეცანით თქვენს ასტროლოგიურ პროგნოზს თქვენი მზისა და ასცენდეტის ნიშნების მიხედვით:
ვერძი: ფინანსების თემაა აქტიური: ან მიიღებთ სოციალურ დახმარებას, პრემიას, ბონუსს, სარგებელს პარტნიორის ფინანსებისგან. დაფიქრდებით ბიუჯეტის შედგენაზე. გადახედეთ არსებულ სადაზღვევო პაკეტებს ან მოგინდებათ რაღაცის - საკუთარი თავი, უძრავი და მოძრავი ქონება - დაზღვევა. ზოგიერთი დაინტერესდებით ფსიქოლოგიით, მაგიით.
კურო: სიახლეები გელოდებათ პარტნიორულ ურთიერთობაში. შეიძლება ახალი გეგმა და იდეა განახორციელოთ სხვასთან ერთად, ან ახალი კლიენტები გამოგიჩნდნენ.
ტყუპი: შეიძლება ახალი სამსახური დაიწყოთ, ახალი ვალდებულებები გამოგიჩნდეთ, ახალი თანამშრომელი; ან სახლისთვის შეიძინოთ რამე, მაგრამ არ გირჩევთ ელექტროტექნიკის ყიდვას, სანამ თქვენი მმართველი მერკური რეტროგრადული სვლიდან არ გამოვა. კარგი იქნება, თუ მიხედავთ საკუთარ თავს, დაიწყებთ ვარჯიშს ან მიუბრუნდებით მილიონჯერ გადადებული საქმის დასრულებას, უცხო ენის სწავლას.
კირჩხიბი: განახლებას იგრძნობთ, თითქოს ხელახლა დაიბადეთ. მოგინდებათ რაღაცის შექმნა, რაღაცის გაკეთება, მზად იქნებით სიყვარულისა და ფლირტისთვის, მოგინდებათ დღესასწაულის მოწყობა და მისი მთავარი გმირი თავად უნდა გახდეთ. ზოგიერთი დაიწყებთ იმ საქმის კეთებას, რაც სიამოვნებას განიჭებთ. გაგახარებენ შვილები ან შეიძლება გადაწყვიტოთ შვილის ყოლა. არ გამოაკლდეთ წვეულებას, მაგრამ რისკს და აზარტს მოერიდეთ, განსაკუთრებით ფულთან დაკავშირებულს.
ლომი: სიახლეები გელოდებათ სახლის, ოჯახის, უძრავი ქონების სფეროში. შეიძლება შეიძინოთ სახლი, სახლისთვის ახალი ნივთები, ან შეგეძინოთ ახალი ოჯახის წევრი (ან გაიგოთ).
ქალწული: სიახლეები გელოდებათ სწავლის სფეროებში. ზოგიერთი წახვალთ ტურში, ექსკურსიაზე. სიახლეები ექნებათ თქვენს მეგობრებს, და-ძმებს.
სასწორი: დაიწყება მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება; აიმაღლებთ თვითშეფასებას. შეიძლება დამატებითი შემოსავლის წყარო გამოგიჩნდეთ, დაიწყოთ მუშაობა ან ფულის გამომუშავების ახლებური შესაძლებლობა მოგეცემათ.
მორიელი: გილოცავთ, ძვირფასო მორიელებო, ახალმთვარეობა გველოდება თქვენს ნიშანში, ეს მოვლენა წელიწადში ერთხელ ხდება და ამ დღისთვის განსაკუთრებულად უნდა მოამზადოთ. ჩამოწერეთ წლის გეგმა, მიზნები. დაიწყეთ საქმე, რაც თქვენ მოგწონთ, თქვენ მოგიტანთ წარმატებას. თქვენი მზე უნდა გამოაბრწყინოთ.
მშვილდოსანი: თქვენს ნიშანში მზის გადმოსასვლელად უნდა მოემზადოთ. და ამისთვის უნდა გაათავისუფლოთ სივრცე, სახლში, კარადაშიც, აზრებშიც. მოიცილეთ ყველაფერი უსარგებლო. ჩაიხედეთ საკუთარ სულში და დაფიქრდით, რა მოგანიჭებთ სიამოვნებას? კარგი იქნება, თუ მოინახულებთ წმინდა ადგილებს, იქ, სადაც უკვე იყავით და სადაც სულიერ სიმშვიდეს გრძნობთ.
თხის რქა: სოციალურად უნდა გააქტიურდეთ. შეიძლება ახალი მეგობრები გაიჩინოთ ან შემოგთავაზონ ახალი სამსახური. ზოგიერთი და-ძმებთან ერთად სადმე გაემგზავრებით. არაა გამორიცხული, ინტერნეტით შეიძინოთ ახალი ნივთები, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ მერკური ჯერ კიდევ რეტროგრადულია. ჩამოწერეთ ახალი გეგმა, მიზანი, რასაც თქვენი დაბადების დღის შემდეგ განახორციელებთ.
მერწყული: განახლება გელოდებათ სტატუსის, რეპუტაციის თემაში. შეიძლება დაწინაურდეთ, აიმაღლოთ სოციალური სტატუსი, ზოგიერთი კი შეიძენთ ნივთს, რომელიც პრესტიჟს მოგიმატებთ. დაისახეთ მიზანი, რასაც მომავალში განახორციელებთ. მოინახულეთ სახელმწიფო უწყებები; შეხვდით გავლენიან ადამიანებს, უფროსს თქვენი საკითხების მოსაგვარებლად; უმჯობესია, იმ საკითხების, რაც გადადებული გქონდათ ან გამოსასწორებელია.
თევზები: სიახლე გელოდებათ უცხოელებთან, საზღვარგარეთიდან. შეიძლება დაიწყოთ ახალი ცოდნის მიღება, უცხო ენის შესწავლა, გაემგზავროთ უცხოეთში, მოაგვაროთ იურიდიული საკითხები. ზოგიერთი კი შეხვდებით ან გაიგებთ რამეს თქვენი მეუღლის ნათესავებზე.