ასტროლოგიური თვალსაზრისით, ახალმთვარეობა არის პერიოდი, როდესაც სასიცოცხლო ტემპის შენელება და საკუთარი შინაგანი ხმის მოსმენა პრიორიტეტული ხდება. ჰოროსკოპში ეს მოვლენა მზისა და მთვარის (ორი მნათობის) შეერთებას წარმოადგენს. მთვარე პასუხისმგებელია ჩვენს ემოციებზე, განცდებსა და შინაგან მდგომარეობაზე, ხოლო მზე - პიროვნულ და პროფესიულ მიზნებზე.
2026 წლის 16 მაისის ახალმთვარეობა განახლებისა და ერთგვარი „გადატვირთვის“ სიმბოლოა. ეს არის დრო, როდესაც ახალი განზრახვების ფორმულირება და ცვლილებებისკენ პირველი ნაბიჯების გადადგმა გაცილებით მარტივია. სხვა ფაზებში ეს მნათობები შესაძლოა დაძაბულ ასპექტებში იმყოფებოდნენ, რაც ართულებს მიზნების მკაფიოდ ჩამოყალიბებას: ემოციები ხშირად ბადებს ეჭვებსა და გაურკვევლობას. ახალმთვარეობისას კი, პირიქით - შინაგანი შეგრძნებები და გარეგანი მიზნები ერთმანეთს ემთხვევა. სწორედ ამიტომ, ეს პერიოდი საუკეთესოა საკუთარი სურვილების გაცნობიერებისა და გეგმების კორექტირებისთვის. რეკომენდებულია, ახალმთვარეობამდე 2-3 დღით ადრე და მომდევნო 2-3 დღის განმავლობაში, შეამციროთ აქტივობა და გადახედოთ თქვენს პრიორიტეტებს.
16 მაისის ახალმთვარეობა ჰარმონიული ასპექტების გავლენით ჩაივლის, რაც პოზიტიურ განწყობასა და ცხოვრების გაუმჯობესების სურვილს მოიტანს. საუბარია არა გლობალურ გარდაქმნებზე, არამედ კონკრეტულ, გასაგებ და შესრულებად ნაბიჯებზე.
ვერძი
ვერძებს გაუჩნდებათ სურვილი, საფუძვლიანად გაერკვნენ თავიანთ მატერიალურ მოთხოვნებში: რა შემოსავალია საჭირო კომფორტული ცხოვრებისთვის და როგორი სამუშაო პირობებია მათთვის ოპტიმალური - გრაფიკიდან დაწყებული, კოლექტივით დასრულებული. დადგება ბალანსის პოვნის დრო, რათა არ მოგიწიოთ არჩევანის გაკეთება მაღალ შემოსავალსა და შინაგან სიმშვიდეს შორის. ნუ დააქვეითებთ თქვენს მოთხოვნებს სტაბილურობის სანაცვლოდ; შესაძლოა, სიტუაცია იმაზე უკეთესადაც განვითარდეს, ვიდრე მოელით.
კურო
კუროები მეტს იფიქრებენ საკუთარ იმიჯზე - როგორც გარეგნობაზე, ისე იმ შთაბეჭდილებაზე, რომელსაც გარშემომყოფებზე ახდენენ. აქტუალური გახდება სტილისა და თვითგამოხატვის „ოქროს შუალედის“ ძიება. შესაძლოა გაგიჩნდეთ ვარცხნილობის შეცვლის ან გარდერობის განახლების სურვილი. ასევე, გაძლიერდება ავტორიტეტის განმტკიცების მოთხოვნილება. ამ პერიოდში სასარგებლოა საკუთარი აზრის ხმამაღლა დაფიქსირება სხვების მოწონების მოლოდინის გარეშე- ეს დაგეხმარებათ კომუნიკაციის ყველაზე ეფექტური ფორმატის პოვნაში.
ტყუპები
ტყუპებისთვის ეს პერიოდი საკუთარ თავში ჩაღრმავების დროა. გარემოებები ხელს შეუწყობს განმარტოებას და ჭეშმარიტ სურვილებზე ფიქრს. გარედან შესაძლოა განცალკევებულად ჩანდეთ, თუმცა თქვენს შიგნით აქტიური გონებრივი მუშაობა მიმდინარეობს. ეს კარგი შანსია საკუთარი საჭიროებების უკეთ გასაგებად. მნიშვნელოვანია, არ გადავარდეთ იზოლაციაში - სჯობს, თქვენი ფიქრები შემოქმედებით კალაპოტში მიმართოთ: ხატვა, ხელსაქმე ან ნებისმიერი კრეატიული პროცესი დაგეხმარებათ ენერგიის სწორად განაწილებაში.
კირჩხიბი
კირჩხიბებმა შესაძლოა ვერც კი შეამჩნიონ ენერგიის კლება, რადგან ზედმეტად იქნებიან ჩართულნი საქმეებსა და ურთიერთობებში. იზრდება თქვენი მოთხოვნადობა: შესაძლოა გამოჩნდეს ახალი გატაცება, რომელიც მთელ ყურადღებას მიიპყრობს, ან გააქტიურდეს შეხვედრები მეგობრებთან. მიუხედავად იმისა, რომ კირჩხიბები ჩვეულებრივ სახლის სიმყუდროვეს ამჯობინებენ, ახლა სიტუაცია განსხვავებული იქნება. ეს პერიოდი ხელსაყრელია კომუნიკაციისთვის, რადგან სწორედ ურთიერთობების გზით მოვა ახალი იდეები და სასარგებლო ნაცნობობა.
ლომი
ლომებს ახალმთვარეობა კარიერაზე დააფიქრებს. მოსალოდნელია ფიქრები სამსახურის შეცვლაზე ან მიმდინარე პოზიციის გადახედვაზე, შესაძლოა ხელმძღვანელობის მხრიდან პრეტენზიების ან უსამართლობის განცდის გამო. ლომები მტკივნეულად რეაგირებენ კრიტიკაზე, თუმცა სწორედ ის ხდება ხოლმე სტიმული პროფესიული ზრდისთვის. ამ პერიოდში სასარგებლოა ობიექტურად შეაფასოთ თქვენი გამოცდილება. გამორიცხული არ არის, რომ დადგა დრო ახალ საფეხურზე გადასასვლელად.
ქალწული
ქალწულებმა შესაძლოა იგრძნონ, რომ არსებული მოვალეობები მათთვის ზედმეტად ვიწრო ჩარჩოებს ქმნის. გაგიჩნდებათ გავლენის სფეროს გაფართოებისა და ავტორიტეტის განმტკიცების სურვილი. ეს სულაც არ ნიშნავს სამსახურის შეცვლას - შეგიძლიათ ითხოვოთ ახალი, უფრო საინტერესო დავალებები. ასევე, წარმატებული იქნება პროფესიული უნარების გაღრმავება და სწავლა, რაც დაგეხმარებათ როგორც მიმდინარე ორგანიზაციაში, ისე მის ფარგლებს გარეთ განვითარებაში.
სასწორი
სასწორებმა შესაძლოა იგრძნონ ფიზიკური დაძაბულობა, სისუსტე ან გადაღლა. შესაძლებელია შეიქმნას სიტუაცია, როდესაც გარემოებები დაბნეულობას იწვევს და გამოსავალი არ ჩანს. თუმცა, გამოსავალი ყოველთვის არსებობს, ამიტომ მიმართეთ მხარდაჭერისთვის გამოცდილ ადამიანებს ან სპეციალისტებს. ამასთანავე, ახალმთვარეობა კარგ შესაძლებლობებს ხსნის ფინანსურ სფეროში: მოსალოდნელია მომგებიანი გარიგებები, ფულადი შემოსავლები ან გავლენიანი პირების მხარდაჭერა მნიშვნელოვან საქმეებში.
მორიელი
მორიელებისთვის ახალმთვარეობა რომანტიკულ სფეროში ახალ მხარეებს გადაშლის. გაგიჩნდებათ ურთიერთობების განახლების, პარტნიორთან მეტი სიახლოვისა და უჩვეულო პაემნების სურვილი. მარტოხელა მორიელები უფრო მკაფიოდ დაინახავენ სასურველი პარტნიორის ხატს, რაც მალე შესაბამის ადამიანთან შეხვედრის წინაპირობა გახდება. სასარგებლოა, არ ჩაიკეტოთ საკუთარ თავში და აქტიურად იკონტაქტოთ სხვადასხვა ადამიანთან - ეს ახალ შთაბეჭდილებებს მოგიტანთ.
მშვილდოსანი
მშვილდოსნები ამ პერიოდში შესაძლოა მთლიანად სამუშაო პროცესებში იყვნენ ჩაფლულნი, რის გამოც პირადი მიზნებისთვის დრო აღარ დარჩებათ. შესაძლოა დაგროვდეს უამრავი წვრილმანი საქმე, რაც უფრო მეტად გაღიზიანებთ, ვიდრე შთაგაგონებთ - მაგალითად, სხვების შეცდომების გასწორება ან საყოფაცხოვრებო სირთულეები. ამ ფონზე შესაძლოა ჯანმრთელობის მსუბუქი გაუარესებაც. ყურადღება მიაქციეთ ცხოვრების წესს და ეცადეთ დღის რეჟიმი ისე დაგეგმოთ, რომ დასვენებისთვისაც დაგრჩეთ ადგილი.
თხის რქა
თხის რქებისთვის აქცენტი სამსახურიდან პირად ცხოვრებაზე გადაინაცვლებს. დაიწყებთ ფიქრს იმის შესახებ, რომ ზედმეტ დროს უთმობთ მოვალეობებს და ძალიან ცოტას - სიამოვნებასა და დასვენებას. ჩვეული რუტინიდან ამოვარდნა თქვენს სასარგებლოდ იმუშავებს. გარემოს შეცვლა შთაგაგონებთ ახალი იდეებისკენ - იქნება ეს ჰობი, ბიზნესი თუ შემოქმედებითი პროექტი. შესაძლოა გააქტიურდეს რომანტიკული გრძნობებიც. სასურველია მეტი დრო გაატაროთ სახლის გარეთ: ეწვიოთ თეატრს, კონცერტს ან უბრალოდ აქტიურად დაისვენოთ.
მერწყული
მერწყულებს ახალმთვარეობის პერიოდში გაუჩნდებათ სურვილი, მეტი დრო გაატარონ სახლში და შეცვალონ რამე გარემოცვაში. ეს შეიძლება გამოიხატოს რემონტით, ავეჯის გადაადგილებით ან თუნდაც საცხოვრებლის შეცვლის გადაწყვეტილებით. გარდა ამისა, ენერგია განგაწყობთ შემოქმედებითი საქმიანობისკენ - გაგიჩნდებათ სურვილი შექმნათ რაიმე ახალი ან გააუმჯობესოთ არსებული. მსგავსი ცვლილებების შემდეგ თქვენი თავდაჯერებულობა საგრძნობლად გაიზრდება.
თევზები
თევზებისთვის ახალმთვარეობამ შესაძლოა შეუმჩნევლად ჩაიაროს, რადგან მათი ყურადღება რაიმე შთამაგონებლით იქნება დაპყრობილი. შესაძლოა გაგიჩნდეთ მოგზაურობის ან ახალი სფეროს ათვისების სურვილი. მთავარი რჩევაა - ნუ გადატვირთავთ თავს ზედმეტი ფიქრებით და ნუ გაართულებთ სიტუაციას. ენდეთ შინაგან იმპულსებს და მიჰყევით მათ, მით უმეტეს, რომ თევზების ინტუიცია ამ პერიოდში განსაკუთრებით მძაფრია.