ხშირად ხდება, რომ ადამიანს მხოლოდ იმიტომ ვეუბნებით ურთიერთობაზე უარს, რომ მისი ზოდიაქოს ნიშანი (მზე) ჩვენსას არ ეწყობა. ასტროლოგიის მოყვარულებმა იციან, რომ თავსებადობა მხოლოდ მზის ნიშნით არ განისაზღვრება – მთვარე, ვენერა და მარსი არანაკლებ მნიშვნელოვანია. თუმცა, არსებობს ერთი დეტალი, რომელსაც „ნეონისფერ მწვანე დროშას“ უწოდებენ და მას მზე-მთვარის სინასტრია ჰქვია.
რა არის მზე-მთვარის სინასტრია?
ასტროლოგიაში „სინასტრია“ ორი ადამიანის პირადი რუკების ურთიერთქმედებას ნიშნავს. ყველაზე იდეალური კავშირი მაშინ მყარდება, როცა თქვენი მზის ნიშანი ემთხვევა პარტნიორის მთვარის ნიშანს (ან პირიქით).
მაგალითად: თქვენ თუ მზით ტყუპები ხართ, პარტნიორს კი მთვარე ჰყავს ტყუპებში. ასეთ დროს, შესაძლოა ხასიათით განსხვავდებოდეთ (ერთი აქტიური იყოს, მეორე – ინტროვერტი), მაგრამ ერთმანეთის ქვეცნობიერ დონეზე გესმით. ეს ის შემთხვევაა, როცა შეხვედრისთანავე გეუფლებათ განცდა, რომ მას მთელი ცხოვრება იცნობთ.
ნახეთ, რას ნიშნავს თქვენი წყვილისთვის მზისა და მთვარის თანხვედრა ერთი და იმავე ნიშანში:
ვერძი (მზე) – ვერძი (მთვარე)
თქვენი ურთიერთობა ნამდვილი „მტრებიდან საყვარლამდე“ სერიალს ჰგავს. ორივეს გიყვართ შეჯიბრი – იქნება ეს სამაგიდო თამაში თუ ცხოვრებისეული მიზნები. მზე-ვერძი უფრო ღიად აგრესიულია, მთვარე-ვერძს კი მოგება ისევე ძლიერად უნდა, უბრალოდ ამას უკეთ მალავს.
კურო (მზე) – კურო (მთვარე)
თქვენი იდეალური პაემანი რბილ დივანზე ჩახუტება და რომანტიკული ფილმების ყურებაა. კომფორტი და სტაბილურობა თქვენთვის ყველაფერია. მთვარე-კურო უფრო მეტად არის კავშირში ემოციებთან, მაგრამ მზე-კუროსაც ადვილად აყოლიებს თავის რომანტიკულ ტალღაზე.
ტყუპები (მზე) – ტყუპები (მთვარე)
თქვენი კავშირი ინტელექტუალურია. მახვილგონივრული დიალოგები თქვენთვის საუკეთესო პრელუდიაა. მაშინაც კი, თუ მთვარე-ტყუპები სხვებთან სერიოზულად გამოიყურება, პარტნიორთან ერთად ის ბავშვური და მხიარული ხდება. თქვენ ერთად მუცლის ტკივილამდე იცინით.
კირჩხიბი (მზე) – კირჩხიბი (მთვარე)
ზოდიაქოს ყველაზე ემოციური წყვილი. შეგიძლიათ საათობით ისაუბროთ ბავშვობის მოგონებებზე. მზე-კირჩხიბი მზრუნველია გარეგნულად, მთვარე-კირჩხიბი კი შიგნიდანაა საოცრად სენსიტიური. თქვენ ერთმანეთისთვის იდეალური თავშესაფარი ხართ.
ლომი (მზე) – ლომი (მთვარე)
თქვენი კავშირი კრეატიულობასა და დიდსულოვნებაზეა დამყარებული. ორივეს გჭირდებათ კომპლიმენტები და აღიარება. მზე-ლომი სცენაზე დგას, მთვარე-ლომი კი კულისებიდან მართავს სიტუაციას. თქვენ ხართ წყვილი, რომელიც ყველას შურს, როცა სადმე ერთად ჩნდებით.
ქალწული (მზე) – ქალწული (მთვარე)
თქვენი ურთიერთობა სხვებისთვის ცოტა ინტენსიური და „გაწერილია“ – საერთო Google-კალენდარი, ჯანსაღი კვება და რეჟიმი. მზე-ქალწული უფრო მეტად აკონტროლებს დეტალებს, მთვარე-ქალწული კი შინაგან სიმშვიდეს მხოლოდ მაშინ პოვებს, როცა ბიუჯეტი და გეგმები წესრიგშია.
სასწორი (მზე) – სასწორი (მთვარე)
ცხოვრება თქვენთვის წვეულებაა – ესთეტიკური, გემოვნებიანი და დახვეწილი. თქვენთვის მნიშვნელოვანია სილამაზე ყველაფერში. ყველაზე დიდი შანსია, რომ სწორედ თქვენ გეცვათ ფერებში შეხამებული სამოსი ფოტოების გადაღებისას.
მორიელი (მზე) – მორიელი (მთვარე)
მოდით, პირდაპირ ვთქვათ: თქვენი წყვილი ხალხს ცოტათი აშინებს. ორივე ღრმად მოაზროვნე ხართ და გძულთ ზედაპირული საუბრები. თქვენთან ერთად შეგიძლიათ იყოთ ყველაზე უცნაური, მისტიკური და „ბნელი“ – პარტნიორი ამას გაიგებს.
მშვილდოსანი (მზე) – მშვილდოსანი (მთვარე)
ადრენალინი, გულწრფელობა და სპონტანურობა. შესაძლოა ხშირად კამათობდეთ, მაგრამ მგზნებარე შერიგებაც იცით. თქვენ ხართ ის წყვილი, რომელმაც შეიძლება მოულოდნელად გადაწყვიტოს სამოგზაუროდ წასვლა ან უცებ დაქორწინება.
თხის რქა (მზე) – თხის რქა (მთვარე)
ტერმინი „Power Couple“ (ძლიერი წყვილი) თქვენთვის შეიქმნა. ამბიციურები და შრომისმოყვარეები ხართ. თქვენი იდეალური პაემანი მომდევნო 10 წლის გეგმის დასახვაა. თქვენი შავი იუმორი და პირდაპირობა სხვებს აფრთხობს, მაგრამ ერთმანეთთან თავს ისე გრძნობთ, როგორც სახლში.
მერწყული (მზე) – მერწყული (მთვარე)
მერწყულს ხშირად „მარტოხელა მგელს“ უწოდებენ. მზე-მერწყული მიჩვეულია ყველაფრის მარტო კეთებას, მთვარე-მერწყული კი თავს ხალხშიც გარიყულად გრძნობს. ერთმანეთთან შეხვედრისას კი პოულობთ ადამიანს, რომელსაც თქვენი ექსცენტრული იდეების ბოლომდე ესმის.
თევზები (მზე) – თევზები (მთვარე)
თქვენი ურთიერთობა შემოქმედებითობაზე, სიკეთესა და სიბრძნეზეა დაფუძნებული. მიუხედავად ასაკისა, ორივე „ძველი სული“ ხართ. თქვენ ცხოვრობთ თქვენს პატარა, ჯადოსნურ სამყაროში, სადაც სხვებს თქვენი ბოლომდე არ ესმით, მაგრამ მაინც რჩევისთვის თქვენთან მოდიან.