იუპიტერი-ურანის შეერთება - ახალი შესაძლებლობები და პერსპექტივები, რამაზ გიგაურის ასტროლოგიური პროგნოზი

იუპიტერი-ურანის შეერთება - ახალი შესაძლებლობები და პერსპექტივები, რამაზ გიგაურის ასტროლოგიური პროგნოზი

გავლენა: 17 მარტი - 24 მაისი

პიკი: აპრილის მესამე დეკადა

ცის კაბადონზე 2024 წლის გაზაფხულზე ნეგატიური ასტროლოგიური ტენდენციების პარალელურად საკმაოდ დადებითი შეერთებაც არის, რომელზეც აუცილებლად უნდა ვისაუბროთ. ეს არის გამარჯვების, წარმატების, კეთილდღეობის პლანეტის - იუპიტერისა და განახლების, რეფორმების, ცვლილებების, რევოლუციისა და "კოლექტიური მეხსიერების" პლანეტის - ურანის შეერთება.

ეს შეერთება მიანიშნებს, რომ როგორც ინდივიდუალურ, ისე გლობალურ დონეზე წინ წამოიწევს ცვლილებების ალბათობა. თუ დავაკვირდებით თუნდაც საქართველოს პოლიტიკურ ველზე შექმნილ ტენდენციებს, აუცილებლად დავინახათ, როგორ იცვლება გარკვეული საკითხები და როგორ ფორმირდება დიდი ცვლილებების სცენარი.

ამ შეერთების ნეგატიური გამოვლენა იქნება ავანტიურიზმი, რადიკალიზმი და ექსტრემიზმი. მსგავსი მიდგომები ყველა დონეზე უკუშედეგებს გამოიწვევს.

ეს შეერთება კუროს ნიშანშია, ამიტომ ზემოთ აღწერილი ცვლილებები აუცილებლად მიიღებს პრაქტიკულ ფორმას. უფრო მეტიც, ყველა ის ადამიანი, რომელიც ხდება ცვლილების ინიციატორი, მომავლისგან სწორედ რეალურ შედეგებს გამოელის. ამიტომაც უკმაყოფილების ხარისხი მკვეთრად მოიმატებს, თუ ცვლილებები კონკრეტულ, ხელშესახებ რეზულტატს არ მოიტანს.

ცხადია, კუროს ნიშანი თუ რაიმეთი შეიძლება გამოვარჩიოთ, ეს არის მისი ფინანსური "ალღო", ამიტომ ეს ორთვიანი პერიოდი მნიშვნელოვანი იქნება ფინანსური ინსტიტუტებისთვის, ბიზნესისთვის, კომერციული გარიგებებისთვის და ყველა იმ მოლაპარაკებისთვის თუ შეთანხმებისთვის, რომელშიც ფინანსური ინტერესი დევს. 2024 წლის გაზაფხულზე მიღწეული ბიზნესშეთანხმებები თუ ფინანსური გარიგებები, პირველ შედეგებს დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, კონკრეტულად კი 2025 წლის მაისისთვის მოიტანს. ამიტომ მოკლევადიანი ამოცანები ისე უნდა იქნას დასახული, რომ გადამეტებულ რისკზე წასვლა აუცილებელი არ გახდეს.

2024 წლის გაზაფხული (განსაკუთრებით აპრილის მესამე დეკადა და მაისის პირველი დეკადა ) სასიკეთო იქნება ახალი ჩვევების ჩამოყალიბებისთვის, ახალი ცოდნის შეძენისთვის, გამოცდების ჩაბარებისთვის, საერთაშორისო კავშირების ჩამოყალიბებისა და გამტკიცებისთვის, ასევე მოგზაურობისთვის.

იუპიტერი-ურანის ეს შეერთება ბუნებრივია, პირველ რიგში მნიშვნელოვანი იქნება კუროს ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის. განსაკუთრებით კი 4-20 მაისის შუალედში დაბადებული ადამიანებისთვის . მათ ცხოვრებაში დაიწყება ახალი, საინტერესო ცვლილებები და ეს მათი ცხოვრების რომელ სფეროს შეეხება, დამოკიდებული იქნება კონკრეტული ადამიანის პირად ჰოროსკოპში ნატალური მზის პოზიციაზე.

გარდა ამისა, ეს შეერთება ასევე აქტუალური იქნება ლომის , მორიელისა და მერწყულის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს. ცხოვრება მათ ცვლილებების განხორციელებისკენ უბიძგებს და ეს ადამიანები რამდენადაც მზად შეხვდებიან ამ ცვლილებებს, იმდენად შეძლებენ სასიკეთო შედეგების მიღებას.

მეტ-ნაკლებად სასიკეთო იქნება ქალწულისა და თხის რქის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის. დანარჩენი ნიშნებისთვის შედარებით ნეიტრალური იქნება.

ასტროლოგი რამაზ გიგაური