ზაფხულის პირველი თვე საინტერესო და დინამიკური მოვლენებითაა დატვირთული. ახლა მზე ტყუპშია, 22 ივნისიდან კი კირჩხიბს ესტუმრება ერთი თვით. 21 ივნისამდე გახშირებულია კომუნიკაცია, მოგინდებათ ახლის შესწავლა, მეგობრებთან შეხვედრა, პიკნიკები, ექსკურსიები და ტურები. იოლად მიაგნებთ საჭირო ინფორმაციებსა და ადამიანებს. მოგინდებათ მეტი შეხვედრა და ურთიერთობა და-ძმებთან, მეზობლებთან.
თვე საინტერესო ასპექტით იწყება: 2 ივნისს კუროში მყოფი იუპიტერი უერთდება ჩრდილოეთის კვანძს. ეს იშვიათი მოვლენაა, რომელიც 12 წელიწადში ერთხელ ხდება. იუპიტერი არის დიდი ბედნიერების, წარმატების, მატერიალური კეთილდღეობის პლანეტა. პლუს/მინუს 3 დღე უნდა ჩამოყალიბდეთ რისი მიღწევა გსურთ, რა საქმიანობაში უნდა მოსინჯოთ ძალები. რა არის თქვენთვის ნამდვილად ღირებული, მოხდება ღირებულებების გადაფასება. თუ პირადი რუკა შედგენილი გაქვთ, ჩაიხედეთ რომელ სახლში ხვდება კუროს მეოთხე გრადუსი, სწორედ ამ სფეროში გელოდებათ ცვლილებები.
მარსი ლომშია 20 მაისიდან და დარჩება 7 ივლისამდე. დაისახეთ კონკრეტული მიზანი, მარსი არის აქტიურობა, ლომი ცეცხლოვანი ნიშანი და ყველა შანსი გაქვთ, რომ სასურველს მიაღწიოთ. ოღონდ, ეს უნდა იყოს კეთილი საქმე. არ გირჩევთ აგრესიულობას, ლიდერობას ცუდი საქმის შესასრულებლად. ამასთან, 21 ივნისს გველოდება მარსი ლილიტის შეერთება და ეცადეთ იყოთ გააზრებული, არ გირჩევთ ძალის, თანამდებობის ბოროტად გამოყენებას. მოერიდეთ დაპირისპირებას და უსიამოვნებას გარშემო მყოფებთან, საყვარელ ადამიანთან. იყავით ლოიალური შვილების, ბავშვების მიმართ. რა თქმა უნდა, ფრთხილად უნდა იყოთ აალებად, ცივ და ცეცხლსასროლ იარაღებთან.
მერკური ურანს შეუერთდება 4 ივნისს. ეს ორივე ინტელექტუალური პლანეტაა. ამიტომ საუკეთესო დროა სწავლის დასაწყებად. შეიძლება მოულოდნელად მოგიწიოთ გამგზავრებამ, მოულოდნელობები შეგემთხვეთ მგზავრობისას. იყავით დაკვირებული, შეიძლება განახორციელოთ იდეები, ახალი პროექტები და ყველაფერი სწრაფად და მოულოდნელად მოხდეს. თუ რაღაცას ვერ ხვდებოდით, გიჭირდათ გაგება, ახლა ყველაფერს იოლად აუღებთ ალღოს, გენიალური აღმოჩენები გელოდებათ. კარგი დღეა (პლუს/მინუს 2 დღე) კომპიუტერული პროგრამების, ტურების, გაჯეტების შესაძენად. საინტერესო ისაა, რომ ამავე დღეს გველოდება სავსემთვარეობაც.
სავსემთვარეობა მშვილდოსანის მე-14 გრადუსში გველოდება 4 ივნისს 7:42-ზე. ამ დღეს მზე და მთვარე ერთმანეთის მოწინააღმდეგე ნიშნებშია: მზე ტყუპში და მთვარე - მშვილდოსანში - და დაძაბულობა პიკს აღწევს. ეცადეთ, იყოთ შვიდი და გააზრებული, აკონტროლეთ ემოციები. სავსემთვარეობის შემდეგ დაიწყეთ დაწყებული საქმეების დასრულება. მარსის კარგი ასპექტის გამო იოლად გაუმკლავდებით რთულ ვალდებულებებსაც კი. თუმცა, ნუ იქნებით ეგოისტური, საკუთარი ინტერესების გამო სხვებს ნუ გაწირავთ. არ გირჩევთ ურთიერთობის, ქონების გაყოფას საყვარელ ადამიანთან. მოერიდეთ ეჭვიანობის გამოვლენას. პრაქტიკული საქმეები შეასრულეთ და არ დაიწყოთ ვალდებულებებისა და მოვალეობების გამო კამათი.
ლომში ვენერა იქნება 5 ივნისიდან 9 ოქტომბრამდე. პლანეტას აქვე მოუწევს რეტროგრადული სვლა 23 ივლისიდან 4 სექტემბრის ჩათვლით. ვენერას რეტროგრადული სვლის დროს არის შესაძლებლობა, რომ თქვენს ცხოვრებაში დაბრუნდნენ ყოფილი პარტნიორები. ლომში მყოფ ვენერას სურს რომანტიკულობა, ელიტურ და კულტურულ წვეულებებზე დასწრება, არის შემოქმედებითი. საუკეთესო დროა, სასიყვარულო აღიარებებისა და რომანტიკული პაემნებისთვის. საყვარელი ადამიანი გაანებივრეთ ძვირად ღირებული საჩუქრებით, სიურპრიზებით. განახორციელეთ შემოქმედებითი იდეები, იყავით ყურადღების ცენტრში, გამოდით სცენაზე. გამონახეთ დრო და დაესწარით ფესტივალებს, გამოფენებს ან სულაც მიიღეთ მათში მონაწილეობა. მოგინდებათ ლამაზად ჩაცმა, საკუთარი თავის მოლამაზება.
პლუტონი რეტროგრადული სვლით თხის რქაში გადავა 11 ივნისს და დარჩება 2024 წლის 21 იანვრამდე. ეს არის შეცდომების გამოსწორების პერიოდი. ჩაიხედეთ პირად რუკაში და ნახეთ, რომელ ზონაში ხვდება თხის რქა, ამ სფეროებს უნდა მიუბრუნდეთ და იქ მოგიწევთ გადაკეთება, გამოსწორება საქმეების, ურთიერთობების.
მერკური ტყუპში იქნება 11-27 ივნისის ჩათვლით. ეს მერკურის ნიშანია და აქ თავს იდეალურად გრძნობს. ადამიანებში მოიმატებს კომუნიკაციის სურვილი. გახშირდება მიმოწერა, ზარები, გადაადგილება. საუკეთესო დროა სწავლისთვის, ინტელექტუალური შესაძლებლობების გამოსავლენად, გადაადგილებისთვის. გამონახეთ ადამიანები, ვისთან ერთადაც დაიწყებთ ახალი იდეების, პროექტების განხორციელებას. წარმატება ელით მათ, ვისი საქმიანობაც დაკავშირებულია ტექსტებთან, გადაადგილებასთან, ინფორმაციის გავრცელებასთან, ვაჭრობასთან, პიართან და სარეკლამო ბიზნესთან.
17 ივნისს რეტროგრადულ სვლაში გადადის სატურნი, 2023 წლის 4 ნოემბრამდე. ნუ გაგიკვირდებათ, თუ შეფერხებები და უსიამოვნებები იქნება მშენებლობასთან დაკავშირებით. გაჯანჯლდება სახელმწიფო სტრუქტურებთან კომუნიკაცია, დაწინაურება და ბიზნესსაკითხების მოგვარება. იყავით მაქსიმალურად დაკვირვებული და გააზრებული. ეს არის დრო, როცა აქტიურია ფრაზა: 7-ჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი. შეძლებისდაგვარად, 12-23 ივნისის შუალედში არ დაგეგმოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები, არ დაიწყოთ ახალი საქმეები. უმჯობესია, ყველაფერი 11 ივნისამდე განახორციელოთ.
ახალმთვარეობა ტყუპის 27-ე გრადუსში გველოდება 18 ივნისს 8:38-ზე. ახალმთვარეობა არის მზის და მთვარის შეერთება. ეცადეთ, ამ დღეს არ დაგეგმოთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები, დოკუმენტების გაფორმება. იყავით დაკვირვებული მგზავრობისას, მუშაობისას. ეცადეთ, გაიუმჯობესოთ ძილის რეჟიმი და აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა ბუნებაში დასვენებისთვის, მსუბუქი ინტელექტუალური საქმიანობისთვის (კითხვა, კროსვორდების შევსება). ამასთან, საუკეთესო დღეა სამომავლო სურვილების ჩამოსაწერად და ეცადეთ, თითოეული დეტალი გათვლილი გქონდეთ.
იუპიტერ სატურნის სექსტილი მოხდება 19 ივნისს. საუკეთესო დროა ახალი პროექტების, სტრატეგიული მიზნების დასაწყებად. იყავით გააზრებული, დაკვირვებული დეტალებისადმი. ეცადეთ, გონივრულად შეაფასოთ თქვენი შესაძლებლობები; დააფასოთ საკუთარი თავი. იყავით მიზანმიმართული და მომართული გამარჯვებაზე, წინსვლაზე.
ზაფხულის მზებუდობას ველოდებით 21 ივნისს 18:58-ზე. ამავე დღეს მზე ტყუპიდან გადადის კირჩხიბის ზოდიაქოში. ამ დღეს კარგია საკუთარ სურვილებსა და მიზნებში გასარკვევად. დაიწყეთ ახალი საქმეები, ახალი პროექტების განხორციელება. აუცილებლად ჩამოწერეთ სამომავლო მიზნები. დააკვირდით, რა მოხდება ამ დღეს, ვინ გამოჩნდება თქვენს ცხოვრებაში. ეცადეთ, მეტი დრო გამონახოთ ოჯახთან, საყვარელ ადამიანთან, შვილებთან ურთიერთობისთვის.
მარსი ურანთან კვადრატი მოხდება 26 ივნისს. დაძაბული დღეა და ეცადეთ, პლუს/მინუს 8 დღე იყოთ დაკვირვებული და გააზრებული. აკონტროლეთ ემოციები, მოერიდეთ დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების მიღებას, ფრთხილად, აალებად და ფეთქებად ნივთებთან. არ გირჩევთ კონფლიქტს გარშემო მყოფებთან. შეიძლება ჩაიშალოს საქმეები, პროექტები, შეხვედრები, მაგრამ ყველაფერს მშვიდად შეხვდეთ, გაივლის დაძაბული დღეები და მერე გააქტიურდით. შეიძლება შეფერხდეს ტექნიკის, ტრანსპორტის მუშაობა.
მერკური კირჩხიბში გადავა 27 ივნისს და დარჩება 11 ივლისამდე. ადამიანები მეტად მგრძნობიარეები გახდებიან სხვათა ემოციების მიმართ. მოგინდებათ საკუთარი განცდების წერილობით გადმოცემა. ზოგიერთს მოუნდება ძველი წყენის, დაპირისპირების გახსენება. ისაუბრეთ კონკრეტულ საკითხებზე, ყველასთვის გასაგებად. კარგი იქნება ნათესავებთან კონტაქტი, საუბარი, წინაპრების ისტორიების გახსენება.
ბედნიერ ივნისს გისურვებთ!