.რახუ და კეტუ კარმულ მისიებს წარმოადგენენ, რომელიც ამა თუ იმ ინდივიდის რუკაში მის ამქვეყნიურ მისიაზე და განვლილ ინკარნაციაში დაგროვილ გამოცდილებაზე მიუთითებს. თუმცა კეტუ (იგივე დაღმავალი კვანძი) წინა ცხოვრებაში დაგროვილ გამოცდილებასთან ერთად, იმის მიმანიშნებელიც არის თუ კონრეტულად რა სახის შეცდომები დავუშვით გასული ინკარნაციისას და რისი გამოსწორება გვმართებს ამ ცხოვრებაში. კარმული კვანძები, როგორც წესი, ურთიერთსაპირისპირო ზოდიაქოს ნიშნებშია განთავსებული, ისინი კი თავის მხრივ ერთმანეთის ოპოზიციურ სახლებში არიან განლაგებული. ამიტომ თუ აღმავალი კვანძი ანუ რახუ პირველ სახლში გაქვთ, განვლილი ცხოვრების პერიპეტიები მეშვიდე სახლის არეალში უნდა ვეძებოთ. დღეიდან გთავაზობთ სტატიების ციკლს მთვარის კვანძების განლაგებაზე უკვე სახლების მიხედვით. თუკი ზოდიაქოს ნიშანი რომელშიც კარმული კვანძია გალაგებული ადამიანის ამა თუ იმ სფეროსკენ მიდრეკილებაზე მიუთითებს, სახლი მისი განვითარების არეალს განაპირობებს. ამიტომ სასურველია გულდასმით გადაავლოთ თვალი თქვენი კარმული კანძების მდებარეობას; შემდეგ კი, მათ შესაბამისი სახლი "მოარგოთ". ასე გაცილებით უფრო მარტივი გახდება თქვენთვის იმის გააზრება თუ სად, როგორ ან რა ფორმით შეგიძლიათ იპოვნოთ საკუთარი ადგილი მზის ქვეშ, ისე რომ წარსული ინკარნაციიდან გადმოყოლილი ცოდვების "დამუშავებაც" მოახერხოთ ამის პარალელურად.
რახუ მეათე სახლში, კეტუ მეოთხე სახლში
კვანძების მსგავსი კომბინაცია მიანიშნებს იმას, რომ ინდივიდს მოეთხოვება დროულად მოსცილდეს ოჯახურ კომფორტს, არ "შეეზარდოს" დედის კალთას და დამოუკიდებლად ცხოვრება მაქსიმალურად ადრეული ასაკიდან დაიწყოს. ასეთ ადამიანს ევალება თავად გაიკაფოს გზა კარიერულ სარბიელზე და არასოდეს იქონიოს პროტეჟეების იმედი, ხოლო თუ ასეთი შანსი მაინც ჩნდება მის ცხოვრებაში ნაკლებად ისარგებლოს ამით. მან ყველაფერს საკუთარი შრომით, შემართებითა და მონდომებით უნდა მიაღწიოს. კვანძების ამგვარი მდებარეობა, ინდივიდს ავალდებულებს გახდეს საკუთარი საქმის ჭეშმარიტი პროფესიონალი, სხვა შემთხვევაში მისი ცხოვრების გზა პრობლემებით იქნება სავსე და საზოგადოება მას უმცირეს შეცდომასაც არ აპატიებს. აუცილებელია ინდივიდმა კონკრეტული მიზანი ადრეული ასაკიდანვე დაისახოს, არ არის საჭირო ერთდროულად რამდენიმე სფეროში ბედის მოსინჯვა. ამასთან ერთად, მხოლოდ კარიერული ზრდის შემდეგ უნდა იზრუნოს მან ოჯახის შექმნაზე. იმიტომ რომ, სხვა შემთხვევაში მისი ოჯახი ვერ იქნება მყარი ან დაინგრევა ინდივიდის პროფესიული საქმიანობის გამო. თუკი იგი კეტუს და მეოთხე სახლის პრინციპებით გააგრძელებს ცხოვრებას, ანუ უარს იტყვის საკუთარი ხელით გაიკაფოს პროფესიულად გზა, მისი პროფესიონალიზმი არასოდეს დაფასდება შესაბამისად და არც ოჯახში იქნება იგი მნიშვნელოვანი პიროვნება.