. რახუ და კეტუ კარმულ მისიებს წარმოადგენენ, რომელიც ამა თუ იმ ინდივიდის რუკაში მის ამქვეყნიურ მისიაზე და განვლილ ინკარნაციაში დაგროვილ გამოცდილებაზე მიუთითებს. თუმცა კეტუ (იგივე დაღმავალი კვანძი) წინა ცხოვრებაში დაგროვილ გამოცდილებასთან ერთად, იმის მიმანიშნებელიც არის თუ კონრეტულად რა სახის შეცდომები დავუშვით გასული ინკარნაციისას და რისი გამოსწორება გვმართებს ამ ცხოვრებაში. კარმული კვანძები, როგორც წესი, ურთიერთსაპირისპირო ზოდიაქოს ნიშნებშია განთავსებული, ისინი კი თავის მხრივ ერთმანეთის ოპოზიციურ სახლებში არიან განლაგებული. ამიტომ თუ აღმავალი კვანძი ანუ რახუ პირველ სახლში გაქვთ, განვლილი ცხოვრების პერიპეტიები მეშვიდე სახლის არეალში უნდა ვეძებოთ. დღეიდან გთავაზობთ სტატიების ციკლს მთვარის კვანძების განლაგებაზე უკვე სახლების მიხედვით. თუკი ზოდიაქოს ნიშანი რომელშიც კარმული კვანძია გალაგებული ადამიანის ამა თუ იმ სფეროსკენ მიდრეკილებაზე მიუთითებს, სახლი მისი განვითარების არეალს განაპირობებს. ამიტომ სასურველია გულდასმით გადაავლოთ თვალი თქვენი კარმული კანძების მდებარეობას; შემდეგ კი, მათ შესაბამისი სახლი "მოარგოთ". ასე გაცილებით უფრო მარტივი გახდება თქვენთვის იმის გააზრება თუ სად, როგორ ან რა ფორმით შეგიძლიათ იპოვნოთ საკუთარი ადგილი მზის ქვეშ, ისე რომ წარსული ინკარნაციიდან გადმოყოლილი ცოდვების "დამუშავებაც" მოახერხოთ ამის პარალელურად.
რახუ მეექვსე სახლში, კეტუ მეთორმეტე სახლში
კვანძების ამგვარი მდებარეობა, მიანიშებს იმას, რომ წარსულ ინკარნაციაში ინდივიდმა გადაამუშავა ფარულად ქმედების, იატაკქვეშა საქმიანობის ან ოკულტიზმის თემა. ამიტომ ამ ეტაპზე, მას ეკრძალება სხვადასხვა სახის მაქინაციების მეშვეობით, იქნება ეს გარშემო მყოფებზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება (რისი ნიჭიც მას უდაოდ გააჩნია წარსული ინკარნაციის გავლენით), შანტაჟი ან ინტრიგების ხლართვა მიზნისკენ სვლა. იგი არ უნდა დაემორჩილოს ცდუნებას, გახდეს ვისიმე ფარული მტერი ან იმოქმედოს კონკურენტების წინააღმდეგ შემოვლითი გზებით. მას ასევე ეკრძალება მუშაობა ნებისმიერი ტიპის გასაიდუმლოებულ ან ვიაიპი დაწესებულებაში (საგამოძიებო სექტორი, კრიმინალისტიკა, სამეცნიერო-კვლევითი სფერო, კერძო კლინიკები). არასასურველია მისთვის ხშირი იზოლაცია, განმარტოება, კარჩაკეტილი ცხოვრების წესი. ნაკლებად უნდა დაინტერესდეს ასევე ოკულტიზმითა და ფსიქოლოგიით. იმის გამო, რომ გასულ ინკარნაციაში იგი ფაქტობრივად "რობინზონ კრუზოს" ტიპაჟს დაუახლოვდა, ამ ეტაპზე უნდა სცადოს იცხოვროს თანამედროვე რეალობაში, აითვისოს პრაქტიკული და გამოსადეგი პროფესია. იმუშაოს ხალხმრავალ კორპორაციაში, მიეჩვიოს თანამშრომლობას სხვებთან, ზოგადად ემსახუროს ადამიანებს. ასეთ შემთხვევაში, ამ პიროვნებაში ახლებური კუთხით გაიხსნება წარსულიდან გადმოყოლილი ენერგეტიკა და იგი შეძლებს საკუთარი დაღმავალი კვანძის გამოცდილება პროფესიული კუთხით მიმართოს. შვება და კომფორტი მოუტანოს ადამიანებს. ამით კი თავად იგრძნოს თავი ბედნიერად.