. რახუ და კეტუ კარმულ მისიებს წარმოადგენენ, რომელიც ამა თუ იმ ინდივიდის რუკაში მის ამქვეყნიურ მისიაზე და განვლილ ინკარნაციაში დაგროვილ გამოცდილებაზე მიუთითებს. თუმცა კეტუ (იგივე დაღმავალი კვანძი) წინა ცხოვრებაში დაგროვილ გამოცდილებასთან ერთად, იმის მიმანიშნებელიც არის თუ კონრეტულად რა სახის შეცდომები დავუშვით გასული ინკარნაციისას და რისი გამოსწორება გვმართებს ამ ცხოვრებაში. კარმული კვანძები, როგორც წესი, ურთიერთსაპირისპირო ზოდიაქოს ნიშნებშია განთავსებული, ისინი კი თავის მხრივ ერთმანეთის ოპოზიციურ სახლებში არიან განლაგებული. ამიტომ თუ აღმავალი კვანძი ანუ რახუ პირველ სახლში გაქვთ, განვლილი ცხოვრების პერიპეტიები მეშვიდე სახლის არეალში უნდა ვეძებოთ. დღეიდან გთავაზობთ სტატიების ციკლს მთვარის კვანძების განლაგებაზე უკვე სახლების მიხედვით. თუკი ზოდიაქოს ნიშანი რომელშიც კარმული კვანძია გალაგებული ადამიანის ამა თუ იმ სფეროსკენ მიდრეკილებაზე მიუთითებს, სახლი მისი განვითარების არეალს განაპირობებს. ამიტომ სასურველია გულდასმით გადაავლოთ თვალი თქვენი კარმული კანძების მდებარეობას; შემდეგ კი, მათ შესაბამისი სახლი "მოარგოთ". ასე გაცილებით უფრო მარტივი გახდება თქვენთვის იმის გააზრება თუ სად, როგორ ან რა ფორმით შეგიძლიათ იპოვნოთ საკუთარი ადგილი მზის ქვეშ, ისე რომ წარსული ინკარნაციიდან გადმოყოლილი ცოდვების "დამუშავებაც" მოახერხოთ ამის პარალელურად.
რახუ მეხუთე სახლში, კეტუ მეთერთმეტე სახლში
ადამიანს კარმული კვანძების მსგავსი განლაგებით, გასული ინკარნაციიდან მოჰყვება რეფორმატორის, ნოვატორისა და ინდივიდუალისტის სახასიათო თვისებები. განვლილ ცხოვრებაში, იგი დიდ დროს უთმობდა საზოგადოებრივ საქმიანობას, მეგობრებისა და საახლობლო წრის ინტერესებს. იყო კოლექტივისტი, რის გამოც ნაკლებად ჰქონდა დრო საკუთარი პირადი ცხოვრების მოსაწყობად. ამ ეტაპზე მას მოეთხოვება საკუთარი თავის "გახსნაზე" იმუშაოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩამოყალიბდეს პიროვნებად სიყვარულის, პირადი ურთიერთობების ხარჯზე. თუმცა დაღმავალი კვანძის გავლენაც უნდა გაითვალისწინოს და მეგობრული კავშირები, უკვე საქმიანი ნაცნობობით ჩაანაცვლოს. ამასთან ერთად, არასოდეს უნდა დააყენოს თავი არჩევანის წინაშე მეგობრობასა და პირად ურთიერთობას შორის. თუ იგი მაინც სამეგობროს სასარგებლოდ გააკეთებს არჩევანს და შეეცდება, პირადი ურთიერთობის გამო არ დაკარგოს მისთვის ასე სასურველი (და წინა ინკარნაციიდან ჩვევაში გადასული) თავისუფლება, კვანძების უკუფაზის პერიოდში დაუდგება კრიზისული პერიოდი, რაც იმაში გამოვლინდება რომ მას იმედს გაუცრუებენ მეგობრები. ნებისმიერი სოციალური აქტივობა მისი მხრიდან დაიბლოკება ან ვერც ერთი დაწყებული პროექტები ვერ მიიღებს წარმატებულ სახეს.