რახუ და კეტუ კარმულ მისიებს წარმოადგენენ, რომელიც ამა თუ იმ ინდივიდის რუკაში მის ამქვეყნიურ მისიაზე და განვლილ ინკარნაციაში დაგროვილ გამოცდილებაზე მიუთითებს. თუმცა კეტუ (იგივე დაღმავალი კვანძი) წინა ცხოვრებაში დაგროვილ გამოცდილებასთან ერთად, იმის მიმანიშნებელიც არის თუ კონრეტულად რა სახის შეცდომები დავუშვით გასული ინკარნაციისას და რისი გამოსწორება გვმართებს ამ ცხოვრებაში. კარმული კვანძები, როგორც წესი, ურთიერთსაპირისპირო ზოდიაქოს ნიშნებშია განთავსებული, ისინი კი თავის მხრივ ერთმანეთის ოპოზიციურ სახლებში არიან განლაგებული. ამიტომ თუ აღმავალი კვანძი ანუ რახუ პირველ სახლში გაქვთ, განვლილი ცხოვრების პერიპეტიები მეშვიდე სახლის არეალში უნდა ვეძებოთ. დღეიდან გთავაზობთ სტატიების ციკლს მთვარის კვანძების განლაგებაზე უკვე სახლების მიხედვით. თუკი ზოდიაქოს ნიშანი რომელშიც კარმული კვანძია გალაგებული ადამიანის ამა თუ იმ სფეროსკენ მიდრეკილებაზე მიუთითებს, სახლი მისი განვითარების არეალს განაპირობებს. ამიტომ სასურველია გულდასმით გადაავლოთ თვალი თქვენი კარმული კანძების მდებარეობას; შემდეგ კი, მათ შესაბამისი სახლი "მოარგოთ". ასე გაცილებით უფრო მარტივი გახდება თქვენთვის იმის გააზრება თუ სად, როგორ ან რა ფორმით შეგიძლიათ იპოვნოთ საკუთარი ადგილი მზის ქვეშ, ისე რომ წარსული ინკარნაციიდან გადმოყოლილი ცოდვების "დამუშავებაც" მოახერხოთ ამის პარალელურად.
რახუ (აღმავალი კვანძი) პირველ სახლში – კეტუ (დაღმავალი კვანძი) მეშვიდე სახლში
გასულ ინკარნაციაში ინდივიდმა გადაამუშავა ქორწინება/პარტნიორობის თემა. ამასთან ერთად, მას წინა ცხოვრებაში აკლდა პრინციპულობა. იგი უფრო მეტ ყურადღებას უთმობდა იმას, თუ რა იტყოდნენ სხვები. ექცეოდა საზოგადოებრივი გავლენის ჩარჩოებში, რის გამოც კარგავდა საკუთარ "მეს". ამ ეტაპზე მას მოეთხოვება რომ განავითაროს ინდივიდუალიზმი, წინ წამოსწიოს ეგო. თუმცა ამასთან ერთად, არ უნდა ჩავარდეს უკიდურესობაში და მისი ეს ქმედება არ უნდა გადაიზარდოს ნარცისიზმში. ზოგადად კვანძების ამგვარი კომბინაცია ხშირად მიანიშნებს ეგოიზმის დიდი დოზით დაგროვებაზე. ამიტომ პიროვნებას სიფრთხილე მართებს. მან უნდა გააცნობიეროს სად გადის ზღვარი ეგოიზმსა და საკუთარი თავის ჯანსაღ სიყვარულს შორის. ქორწინების მიმართ დამოკიდებულებაც უნდა შეიცვალოს. ადამიანმა არ უნდა განიხილოს დაოჯახების საკითხი, როგორც თვითმიზანი და აუცილებლობა. მან უნდა გააცნობიეროს რომ პარტნიორის დახმარებით შეუძლია საკუთარი თავის სრულყოფაზე იმუშაოს. არ უნდა იქონიოს მოლოდინი იმისა, რომ მომავალი მეუღლე შეუცვლის ცხოვრებას, ყველა მის პრობლემას გადაწყვეტს ან თავის თავზე აიღებს მათ მოგვარებას.
კვანძების ამგვარი მდებარეობა, ზოგადად გვიან ქორწინებაზეც ხშირად მიანიშნებს, იმიტომ რომ 29-30 წლის ასაკამდე ინიდვიდი განვლილ ინკარნაციაში აღებული გეზით აგრძელებს გარკვეულწილად მოქმედებას. თუმცა აქვე უნდა გვახსოვდეს ის, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ზემოთ ხსენებული დაღმავალი კვანძის სრული უგულვებელყოფა. ასეთ შემთხვევაში ადამიანი გამოუსწორებელ ეგოისტად ჩამოყალიბდება და ცხოვრებაში იმაზე მეტ ცოდვებს დააგროვებს, ვიდრე წარსულ ინკარნაციაში ჰქონდა.