ავტორი:

ლილიტი კირჩხიბში: იძულებითი ემიგრაცია, ტრადიციების უარყოფა თუ დეპრესიულობა, პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ლილიტი კირჩხიბში: იძულებითი ემიგრაცია, ტრადიციების უარყოფა თუ დეპრესიულობა, პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ლილიტი, მას შავ მთვარესაც უწოდებენ, 9 თვეში ერთხელ იცვლის ნიშანს და 15 აპრილს და ტყუპიდან კირჩხიბში გადადის, სადაც ასევე 9 თვეს გაატარებს, 2023 წლის 8 იანვრამდე. გაიხსენეთ რა ხდებოდა თქვენს ცხოვრებაში, როცა კირჩხიბში იმყოფებოდა ლილიტი: 09.06.2013-დან 05.03.2014 წლამდე და კიდევ უფრო ადრე - 04.08.2004-დან 29.04-2005 წლამდე.

ლილიტი არის ფიქტიური წერტილი, მაგრამ საქმის გაფუჭება შეუძლია, რადგან არის ცდუნება, შიშები, გვიბიძგებს არასწორი ქმედებებისკენ. ლილიტს ხშირად ბოროტ ძალად მოიხსენიებენ, მაგრამ თუ გეცოდინებათ სად გელოდებათ საფრთხე, უფრო მარტივად შეძლებთ სიტუაციის გაკონტროლებას და დაიცავთ თავს, გარშემო მყოფებს. ამასთან, უნდა გაითვალისწინოთ რა ასპექტებს გააკეთებს ლილიტი თქვენს ნატალურ რუკაში პლანეტებთან და მნიშვნელოვან წერტილებთან, რათა წინასწარ იცოდეთ, სად უნდა დაიცვათ თავი ცდუნებისგან, არ დაუშვათ შეცდომები, არ მოიქცეთ უღირსად. ლილიტის გავლენით შეიძლება ადამიანმა ყველა თავისი უსიამოვნო თვისებები გამოავლინოს, ადამიანი დეპრესიაში ჩააგდოს. ნუ გახდებით მანიპულატორების მსხვერპლი. არავის მისცეთ უფლება, რომ ზემოქმედება მოახდინონ თქვენზე.

სამედიცინო ასტროლოგიაში კირჩხიბი მართავს კუჭს, მკერდს და ამიტომ მაქსიმალური სიფრთხილე უნდა გამოავლინოთ ამ ორგანოების მიმართ. კვება უნდა იყოს ჯანსაღი. უმეტესობას, ვისაც კირჩხიბის გავლენა აქვს, მოუნდება პროდუქტების მომარაგება. გაუჩნდება შიში, რომ ოჯახში საჭმელი არ იქნება ყველასთვის სამყოფი.

კირჩხიბი, სადაც ლილიტი 9 თვის განმავლობაში იქნება სტუმრად, არის ჩვენი ფესვები, ოჯახი, ნათესავები, სამშობლო. კირჩხიბი არის წყლის ნიშანი, ჩვენი ემოციური კომფორტი, მთვარის მმართველობის სახლი. კირჩხიბიც და მთვარეც ემოციურები არიან და ამიტომ კიდევ უფრო მეტად მოიმატებს ემოციური ფონი. შეიძლება დაირღვეს ოჯახური ურთიერთობები, ღირებულებები, ტრადიციები; ზოგიერთმა შეიძლება მიატოვოს მშობლიური ადგილი, სამშობლო; ზოგს კი იძულეთი ემიგრაცია ელოდება.

კირჩხიბმა იცის წყენის დამახსოვრება და გამორიცხული არაა, ძველმა წყენამ თავი შეგახსენოთ ან განმეორდეს, თუ ჭკუა ვერ ისწავლეთ. იყავით ძლიერი და მუდამ იფიქრეთ, რომ წყენას კი არ აჰყვეთ, დრამაში კი არ გადავარდეთ, გამოსავალი იპოვოთ. კირჩხიბის მმართველი არის მთვარე, ლილიტიც არის შავი მთვარე მთვარის ცუდი მხარე, მისი ნეგატიური გამოვლინება. თუ კირჩხიბის ფუნქციაა ოჯახი და მთვარის - შვილებზე ზრუნვა, მომდევნო 9 თვის განმავლობაში ადამიანებმა შეიძლება უარი თქვან ოჯახის შექმნაზე, შვილის გაჩენაზე. თუ გაიხსენებთ, მითოლოგიაში ლილიტი ადამის პირველი ცოლი იყო, რომელსაც არ სურდა მორჩილება, რადგან მიაჩნდა, რომ ღმერთმა ისიც ადამივით სწორუფლებიანი შექმნა; მოგვიანებით ლილიტი ჩვილების მკვლელად შერაცხეს.

მოერიდეთ სახლთან, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას (მით უმეტეს სახლის გაყიდვას არ გირჩევთ). მარტივი რემონტიც კი შეიძლება დიდ თავის ტკივილში გადაგეზარდოთ. იყავით მომართული საოჯახო ურთიერთობების გაუმჯობესებაზე, პატივი ეცით ასაკით უფროს ნათესავებს. გახსოვდეთ, რომ ოჯახი ყველაზე დიდი მონაპოვარია თქვენს ცხოვრებაში, რომელსაც ყოველდღიური მოფრთხილება სჭირდება. ეცადეთ, საკუთარ სახლში მუდამ გქონდეთ სისუფთავე და ჰარმონიული განწყობა. პატივი ეცით ოჯახის თითოეულ წევრს. ლილიტის კირჩხიბში ყოფნისას სასურველია, აღადგინოთ ურთიერთობა გაბუტულ ნათესავებთან.

პროგნოზი წაიკითხეთ თქვენი მზისა და ასცენდენტის მიხედვით, თუ იცით, ლილიტი რა ნიშანში და რომელ სახლში გყავთ, გაითვალისწინეთ მისი ასპექტებიც.

ვინ იგრძნობს ყველაზე მეტად ლილიტის გავლენას, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, კირჩხიბი, თხის რქა, სასწორი და ვერძი. განსაკუთრებით თუ ამ ნიშნებში გყავთ პლანეტები, ასცენდენტი ან მნიშვნელოვანი წერტილები. იყავით დაკვირვებული, არ აჰყვეთ ემოციებს, პროვოკაციებს, მომატებული იქნება ნეგატიური მოვლენები. სიმშვიდე შეინარჩუნეთ ოჯახში, ეცადეთ, არ დაძაბოთ დამოკიდებულება მშობლებთან, შვილებთან, ნათესავებთან.

ვერძი

გადაწყვეტილებების მიღებისას ნუ აჩქარდებით, იყავით დაკვირვებული; შეიძლება სხვებმა განგებ მოინდომონ თქვენი შეცდომაში შეყვანა. არ დაუშვათ შეცდომები ბავშვებთან ურთიერთობაში, მათი აღზრდისას. მაქსიმალური დაკვირვება გმართებთ რემონტის, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების, მოგვარებისას. თქვენი მზრუნველობა დასჭირდება თქვენს ნათესავებს. ამასთან, ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას ოჯახის რომელიმე წევრთან. ზოგიერთს მოგინდებათ ემიგრაცია და ეს თემაც განსაკუთრებულ დაკვირვებას ითხოვს.

კურო

შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ გარშემო მყოფებს თქვენი არ ესმით. იყავით ფრთხილი ახალგაცნობილებთან, ყველა კეთილსინდისიერი ვერ იქნება. ამასთან, თუ შვილები გყავთ, დააკვირდით, ვისთან მეგობრობენ ისინი. გახშირდება ჭორები და კრიტიკა თქვენ მიმართაც და შეიძლება თქვენც იყოთ ჩათრეული. ასევე, მოერიდეთ ბილწსიტყვაობას. დაკვირვებული იყავით დოკუმენტების შედგენისას, ნუ ენდობით გადაუმოწმებელ ინფორმაციას. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება და-ძმებთან. იყავით დაკვირვებული და აკურატული მგზავრობისას.

ტყუპი

მოხდება ღირებულებების გადაფასება და ეცადეთ, არ გააიდეალოთ ადამიანი ან მოვლენა, რაც არ იმსახურებს თქვენს მსგავს ყურადღებას. მაქსიმალური სიფრთხილე გმართებთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენისას. შეიძლება გამოგიჩნდთ შემოსავლის დამატებითი წყარო, მაგრამ ეცადეთ, რომ ყველა იყოს ოფიციალური და არ გაეხვეთ აფერისტულ სქემაში. ნუ დააბანდებთ ფულს საეჭვო საქმიანობაში. დააკვირდით, ვინ გთავაზობთ ფულის გამომუშავებას და რის საზღაურად.

კირჩხიბი

კირჩხიბებო, ლილიტი თქვენს ნიშანში გადმოდის, მაქსიმალური სიმშვიდე შეინარჩუნეთ და მოერიდეთ ემოციურობას. გაიხსენეთ რა ხდებოდა თქვენს ცხოვრებაში იმ წლებში, როცა ლილიტი მდებარეობდა კირჩხიბში და ეცადეთ, არ გაიმეოროთ ძველი შეცდომები. ნუ გადავარდებით დეპრესიულობაში, პირიქით, ეცადეთ, პოზიტიური დაინახოთ ყველაფერში. გააქტიურდებიან ადამიანები, რომლებიც მუდმივად თქვენი კრიტიკით იქნებიან დაკავებულები. მეტად დააფასეთ საკუთარი თავი, მიიღეთ კარგად გააანალიზებული გადაწყვეტილებები. მოერიდეთ გარეგნობის, იმიჯის რადიკალურად შეცვლას. შეიძლება გაძლიერდეს ეჭვიანობის სცენები საყვარელი ადამიანისგან.

ლომი

არ გაწევრიანდეთ ფარულ საზოგადოებებში. შეინარჩუნეთ პოზიტიური განწყობა, ნუ გახდებით მანიპულატორების მსხვერპლი. გაფრთხილდით, რომ არავინ ისარგებლოს თქვენი გულკეთილობით. სხვისი სურვილებისა და მიზნების კი არა, საკუთარის განხორციელებაზე იზრუნეთ. მინიმუმამდე შეამცირეთ ურთიერთობა თქვენთვის არასასიამოვნო ადამიანებთან. კარგი იქნება, თუ მოიცილებთ მავნე ჩვევებს, არ მიუბრუნდეთ უკვე მიტოვებულებს. თუ ემიგრაციას აპირებთ, დაიცადეთ მომდევნო 9 თვე. ლილიტის გავლენით შეიძლება ცდუნებას აჰყვეთ და ფარული სასიყვარულო ურთიერთობა გააბათ.

ქალწული

დააკვირდით, ვინ ჩნდება თქვენს ცხოვრებაში, მეგობრების ნიღბით შეიძლება უსიამოვნო ადამიანები შემოიჭრან თქვენს ცხოვრებაში. იყავით ფრთხილი, რომ არ დაიწყოთ საქმეები საეჭვო ადამიანებთან ერთად. შეიძლება სხვებმა თავიანთი მიზნების განსახორციელებლად გამოგიყენონ. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს. განსაკუთრებით, თუ თქვენი საქმიანობა დაკავშირებულია პოლიტიკასთან, სოციალურ სფეროსთან ან ინტერნეტთან; ცდუნებები აქაც მოსალოდნელია. აგრეთვე, იყავი ყურადღებით რას წერთ სოციალურ ქსელებში.

სასწორი

მოგინდებათ სამსახურის მიტოვება, საქმიანობის შეცვლა, რასაც არ გირჩევთ მომდევნო 9 თვის განმავლობაში. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას უფროსთან, საქმიან პარტნიორებთან, ასაკით უფროს ნათესავებთან, სახელმწიფო სტრუქტურებთან. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ კოლეგები თქვენ წინააღმდეგ არიან განწყობილნი. იყავით დაკვირვებული, თუ შემოგთავაზებენ მაღალანაზღაურებად სამსახურს ან ხელფასის მომატება, გადაამოწმეთ კომპანია, დამქირავებელი საიმედოობაზე.

მორიელი

ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას უცხოელ პარტნიორებთან, ცდუნებებს აყოლილმა არ დაუშვათ შეცდომა. იყავით დაკვირვებული, თუ საზღვარგარეთ აპირებთ გამგზავრებას გადაამოწმეთ: ბარგი, საბუთები, ტუროპერატორი; კარგი იქნება, თუ აღადგენთ სწავლას უმაღლესში, მიიღებთ დიპლომს, მაგრამ თუ ახლა აპირებთ უმაღლესში ჩაბარებას, ფაკულტეტი დიდი დაკვირვებით უნდა აირჩიოთ. ყველა იურიდიული საკითხი მოაგვარეთ პროფესიონალების დახმარებით და სამართლიანად. გაფრთხილდით, რათა არ დაგეძაბოთ დამოკიდებულება მეუღლის ნათესავებთან.

მშვილდოსანი

ნუ დააბანდებთ ფულს საეჭვო საქმიანობაში; ნუ შეიძენთ ძვირად ღირებულ ნივთებს. შეინახეთ ყველა ქვითარი, როცა ფინანსურ საქმეებს, გადარიცხვებს აგვარებთ. მაქსიმალური სიფრთხილე გმართებთ, თუ ახლა აპირებთ სესხის აღებას. მოერიდეთ საეჭვო ადამიანებთან საქმეების დაწყებას. აგრეთვე, უნდა გაფრთხილდეთ, რომ არც თავად ჩაერთოთ მაგიურ საქმიანობაში და არც სხვების მაგიური ზემოქმედების მსხვერპლი არ გახდეთ. მოიმატებს ვნებიანობა და შეიძლება ერთჯერადმა ურთიერთობამ შეგილახოთ რეპუტაცია ან დაგიზიანოთ ჯანმრთელობა.

თხის რქა

მოიმატებს უნდობლობა პარტნიორების მხრიდან ან შეიძლება თქვენ გახდეთ ეჭვიანი. ზოგიერთ შემთხვევაში მოსალოდნელია მათგან ღალატი. ყურადღება მიაქციეთ ახალგაცნობილებს და მათაც, ვისთანაც აპირებთ მომავალში თანამშრომლობას. ნუ გაწყვიტავთ ძველ კავშირებს ახლების შესაქმნელად. დაკვირვება გმართებთ, თუ თქვენი საქმიანობა მომსახურები სფეროსთანაა დაკავშირებული.

მერწყული

დაკვირვებული იყავით რუტინასთან, არ მიიღოთ არასწორი გადაწყვეტილებები, არ გეპატიებათ ტყუილი, მცირე შეცდომაც კი. ეცადეთ, სამსახურში გქონდეთ წესრიგი, სისუფთავე, პოზიტივი. არ დაძაბოთ დამოკიდებულება კოლეგებთან არ გაუმხილოთ საკუთარ თავზე ინფორმაცია, რაც შეიძლება მომავალში თქვენს საწინააღმდეგ გამოიყენონ. არ მიატოვით სამსახური. საქმიანი შემოთავაზებები ზედმიწევნით დაკვირვებით განიხილეთ. ჩაიტარეთ სამედიცინო კვლევა, რათა დარწმუნდეთ, რომ სამედიცინო თვალსაზრისით საფრთხე არ გემუქრებათ. სხვათა შორის, ლილიტის გავლენით შეიძლება ხშირად დაისვას არასწორი დიაგნოზი. არ იზარმაცოთ, მიიღეთ ჯანსაღი საკვები და სუფთა წყალი, დაიზღვიეთ თავი მოწამვლისგან.

თევზები

ახალი რომანტიკული ურთიერთობა სიფრთხილით დაიწყეთ, თავით ნუ გადავარდებით რომანში; არ გირჩევთ სასიყვარულო სამკუთხედის განვითარებას. არ გირჩევთ შვილების უყურადღებოდ დატოვებას, მაგრამ არც ჰიპერზრუნვაა კარგი. გაფრთხილდით, რომ არ ჩაერთოთ აფერისტულ საქმიანობაში, მოერიდეთ აზარტულ თამაშებს; განსაკუთრებით, ფულზე. ჰობი და შემოქმედებითი საქმიანობა კარგია, მაგრამ მათ გამო ნუ დაივიწყებთ სამსახურს და ოჯახს.