მარსი მშვილდოსანში გადადის: რუტინა ძალზე მომაბეზრებელი ხდება და ადამიანები რაღაც ავანტიურული თავგადასავლებისკენ ილტვიან - ხათუნა ნოელის ასტროლოგიური პროგნოზი

მარსი მშვილდოსანში გადადის: რუტინა ძალზე მომაბეზრებელი ხდება და ადამიანები რაღაც ავანტიურული თავგადასავლებისკენ ილტვიან - ხათუნა ნოელის ასტროლოგიური პროგნოზი

4 ნოემბერს, თბილისის დროით 17:01- ზე მარსი მშვილდოსნის ნიშანში შეაბიჯებს. ის აქ 15 დეკემბრამდე იმოძრავებს.

მათთვის, ვისაც მზე, ან მარსი ცეცხლის სტიქიის ნიშნებში ჰყავთ, ეს პერიოდი ძალზე კარგი იქნება. გაუმართლებთ ასევე მზითა და მარსით მერწყულებსა და სასწორებს. ტყუპს, თევზებს და ქალწულებს სხვადასხვა სირთულეებთან მოუწევთ შეჯახება. თუმცა ყველაფერი ისევ და ისევ პირად რუკაზეა დამოკიდებული...

ამ ტრანზიტის გამო საერთაშორისო თემებში შესაძლოა დაძაბულობამ და კონფლიქტების სიხშირემ მოიმატოს, მეტადრე რელიგიურ თემებთან დაკავშირებულ კონფლიქტებში;

ჩვენი ქვეყნის ასტროლოგიურ რუკასთან მიმართებაში მარსი გადის მე-7 სახლს, რომელიც პასუხისმგებელია საკმაოდ ბევრ რამეზე, მათ შორის დიპლომატიაზე, საერთაშორისო კავშირებზე, ხელშეკრულებებზე და ალიანსებზე. მშვილდოსნის ზოდიაქოს მე-4 გრადუსზე საქართველოს რუკაში მერკური დგას. სულ მალე ტრანზიტული მარსი ამ მერკურის შეუერთდება. ეს მოხდება 8-10 რიცხვებში. მერკური მოლაპარაკებების პლანეტაა და როგორც ჩანს, ამ დღეებში, ზედა ეშელონებსა და უცხოეთის გავლენიან სტრუქტურებს შორის ასეთი მოლაპარაკებები შედგება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მარსი ჩვენს რუკაში, მე-12 სახლის (ფარული ამბების) მმართველია, და შესაძლოა ამ მოლაპარაკებების შესახებ ჩვენ ვერც შევიტყოთ. ერთადერთი რითაც შეგვიძლია მივხვდეთ, შედეგებია. მალევე, რაღაც კუთხით მაინც უნდა გააქტიურდეს საბანკო სისტემა, ან განათლების რეფორმებზე წამოიწყონ საუბარი, ვინაიდან მარსს ექნება შეერთება იქვე მე-9 გრადუსზე მდგარ იუპიტერთან, რომელიც ამ თემებს განაგებს. თუმცა იუპიტერსვე აბარია ეკლესიაც და მისი იერარქებიც, ამიტომ შეიძლება ამ მიმართულებით განვითარდეს მოვლენები. წინასწარ ვიტყვი, დიდად არცთუ სახარბიელოდ, ვინაიდან მარსი მაინცდამაინც კეთილი პლანეტა არაა. ის ჩვენგან აქტიურ ქმედებებს, ინიციატივებს ითხოვს და თუ არ ვმოქმედებთ, მაშინ აფუჭებს რაღაც-რაღაცებს, რომ ეს ქმედებები ძალით განგვახორციელებინოს.

რაც შეეხება პირად ცხოვრებას - ჩვენი ქმედებები ჩვენი იდეალებით იქნება განპირობებული. ასევე სურვილით, გამოცადო რაიმე ახალი, განსხვავებული იმ კულტურულ-საზოგადოებრივი ტრადიციებისაგან, რაც ჩვენთვის ჩვეულია. ჩნდება, ან მატულობს უკვე არსებული ინტერესი ყველაფერი უცხოურის მიმართ, გვიზიდავს უცხო კულტურა, უცხო ხალხი, უცხო ენები... რუტინა ძალზე მომაბეზრებელი ხდება, და ადამიანები რაღაც ავანტიურული თავგადასავლებისკენ ილტვიან, მათ შორის მოგზაურობებისაკენ. ბევრს შეიძლება სწავლის, განათლები მიღების, თვალსაწიერის გაფართოების სურვილი გაუჩნდეს, ზოგიც იურიდიული საკითხების მოგვარების აუცილებლობის წინაშე დადგება, ვიღაცებს მსოფლმხედველობაში და მორალურ ფასეულობებში ექნებათ ცვლილებები და ასე შემდეგ... მთელი თვე-ნახევარი იქნება მარსი აქ და ზოგს სიკეთეს და წარმატებას მოუტანს, ზოგს - პრობლემებს.