2025 წლის 18 ივლისიდან 11 აგვისტომდე, ლომის 15°-დან 5°-მდე მერკური უკუსვლით, ანუ რეტროგრადულად იმოძრავებს, როდესაც დედამიწიდან დაკვირვებისას გამოჩნდება, რომ თითქოს პლანეტა "უკუქცევას" იწყებს. სინამდვილეში ეს ილუზიური ეფექტია, რომელიც პლანეტების ორბიტალური სიჩქარის განსხვავებით არის გამოწვეული. ეს არ არის რეალური მოძრაობა კოსმოსში, არამედ ოპტიკური მოვლენა, მაგრამ ითვლება, რომ მერკურის რეტროგრადულობა ზემოქმედებს საუბრის, კომუნიკაციის, სწავლის, ტექნოლოგიების და აზრთა გაცვლის სფეროზე. ეს ერთგვარი უკუსვლაა სულისკენ, შინაგანი სამყაროსკენ. ესაა თავშეკავების, დაკვირვების და გადაფასების დრო.
მერკური რეტროგრადული ხდება წელიწადში 3-4 ჯერ. ანუ ეს არაა იშვიათი მოვლენა, მაგრამ, როცა ის ხდება ლომის ნიშანში, მისი ზემოქმედება განსაკუთრებულად პიროვნულ ხასიათის იღებს.
ლომი არის ცეცხლის ელემენტის ნიშანი, მას ახასიათებს შემოქმედებითობა, დამოკიდებულება აღიარებაზე და საკუთარი თავის წარმოჩენაზე. ის ასოცირდება ლიდერობასთან, კრეატიულობასთან და ეგოსთან, სცენასთან, გულთან, სიყვარულთან, ბავშვებთან.
მერკურის რეტროგრადულმა მოძრაობამ აქ შეიძლება გამოიწვიოს:
კონფლიქტები ავტორიტეტებთან ან თანამდებობის პირებთან.
პროექტების ან იდეების გადახედვის აუცილებლობა (განსაკუთრებით კრეატიულ სფეროებში).
აზრის ან საკუთარი თავის არასწორი გამოხატვა, რაც შეიძლება ამპარტავნებას და უადგილო სიამაყეს უკავშირდებოდეს.
ვინაიდან ეს რეტროგრადულობა ხდება ლომის მე-10-მე-15 გრადუსებს შორის, ეს უფრო მნიშვნელოვანს ხდის ამ მოვლენას, რადგან მე-10 გრადუსი ლომის ნიშანში მიჩნეულია კრიტიკულ წერტილად. ტრადიციულად, ეს გრადუსი დაკავშირებულია საჯარო იმიჯთან, კარიერასთან ან მნიშვნელოვან გამოცდილებებთან ანუ უფრო საჯარო პიროვნებებზე მოქმედებს, მათზე ვინც შესაძლოა მედიაში ხშირად შუქდებიან, სახელმწიფო პირები, ლიდერები, ზედა რგოლის მენეჯერები, მსახიობები, შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები, ასევე შემოქმედი ადამიანები. მათ ცხოვრებაში ამ გრადუსის რეტროგრადული მერკურით გააქტიურებამ შეიძლება გამოიწვიოს:
ძველი შეცდომების გამოვლენა საზოგადოებრივ სივრცეში.
გაუგებრობები ურთიერთობებში, მით უფრო მნიშვნელოვან პირებთან, ხელმძღვანელებთან, უფროსობასთან. თვითგამოხატვასთან დაკავშირებული კითხვები და გაზრდილი ეგოს გადახედვის აუცილებლობა.
ასევე შეიძლება იყოს შემოქმედებითი დაბრუნება წარსულში - ძველი იდეების განხილვა ან გამეორება; ან წარსულიდან დაბრუნებული პიროვნებები; ისე კი არამხოლოდ მათთვის, არამედ თითქმის ყველასთვის, მეტადრე კი, რა თქმა უნდა, უშუალოდ მზით, მთვარით, მერკურით ან ასცენდენტით ლომებისთვის.
შესამჩნევი იქნება კომუნიკაციაში ხარვეზები, შეცდომები წერაში, საუბარში, გაუგებრობები, აზრების არასწორად გადმოცემა. შეფერხებები, დაგვიანებები, სატრანსპორტო და საფოსტო კოლაპსი, ტექნოლოგიური პრობლემები - ტექნიკური ხარვეზები, დაზიანებული მოწყობილობები. პრინციპში იმავეს შენიშნავენ არამხოლოდ ლომები, არამედ ისინიც, ვისაც მერკური, ასცენდენტი, მზე ჰყავთ ფიქსირებულ ჯვარზე (კურო, მორიელი, მერწყული). აქვე ვიტყვი, რომ ლომი მერკურის პატრონებს სავარაუდოდ შიდა დიალოგი გაუმძაფრდებათ, მათთვის მნიშვნელოვანი გახდება კითხვები - ხომ არ ვარ ზედმეტად ეგოცენტრული? რაზეა გათვლილი ჩემი ქმედებები - შოუსთვის, თუ რეალური ემოციების გამოხატვისთვის? შიდა განცდებს ვახმოვანებ თუ ვახშობ საკუთარ ხმას? ღირს ამ კითხვებზე საკუთარ თავთან მაინც იყოთ მართლები და გულწრფელნი.
სხვა მხრივ კი ასეთ დროს კარგია გადავხედოთ ძველ პროექტებს, კონტრაქტებს, რომლებიც 18 ივლისამდე დაიწყეთ. არის შანსები გავაუმჯობესოთ ისინი, ან თუ დრო ამოწურეს, გავაუქმოთ.
დავუბრუნდეთ მიტოვებულ სწავლას. დავუკავშირდით ძველ ნაცნობებს, რომლებთანაც გვინდა, რომ დამოკიდებულება აღდგეს.
ჯობია ვიყოთ მეტად თვითკრიტიკული, მოვუსმინოთ რჩევებს. გადავხედოთ კომუნიკაციის სტილს როგორ საუბრობთ? ვუსმენთ სხვებს, თუ ვჩქარობთ მხოლოდ ჩვენი აზრი გამოვთქვათ? კარგია, თუ მოვიცლით, რომ ვწეროთ დღიურები, ბავშვობის მოგონებები, ასევე კარგი პერიოდია სცენარის წერის დასაწყებად.
არარეკომენდებულია:
სწავლის ან სხვა ახალი პროექტების დაწყება (განსაკუთრებით კომუნიკაციური ან ტექნოლოგიური).
მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების დადება. ტექნიკის შეძენა, ახალ სამსახურში გადასვლა, ბინის შეცვლა, ქორწინება.
ეცადეთ არ შეეჯახოთ ავტორიტეტებს. იყავით უფრო დიპლომატიურები.
არ გამოაცხადოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები საჯაროდ.
ეს ყველაფერი ცხადია ეხებათ იმათ, ვისაც დირექტული მერკური გყავთ. რეტრომერკურიანელებისთვის კი პირიქით - ახლაა სამოქმედო დრო.
დაბოლოს, შევაჯამოთ ორი სიტყვით - მერკურის რეტროგრადულობა ლომის ნიშანში არის დრო, როდესაც შემოქმედება, თვითგამოხატვა და პიროვნული ემოციები უფრო მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ეს არ არის დრო ახალი წამოწყებებისთვის, არამედ დროა გადახედვის, გამეორების და შინაგანი მოწესრიგებისთვის. რაც მთავარია, ეს არის დრო, როდესაც სცენიდან უნდა ჩამოვიდეთ, ნიღაბი მოვიხსნათ და სარკეში ჩავიხედოთ. ახლა, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია ვკითხოთ საკუთარ თავს - ვინ ვარ მე სინამდვილეში?