ავტორი:

მზის დაბნელება კუროში: მოხდება ღირებულებების გადაფასება, ცვლილებები ფინანსურ სფეროში, პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

მზის დაბნელება კუროში: მოხდება ღირებულებების გადაფასება, ცვლილებები ფინანსურ სფეროში, პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

მაისი საინტერესო მოვლენებითაა აღსავსე და უკვე პირველში, 00:28-ზე კუროს ზოდიაქოში მზის დაბნელებას ველოდებით. მზის დაბნელება ემთხვევა ახალმთვარეობას და ამ დღეს იხსნება დაბნელებების დერეფანი, რომელიც გაგრძელდება 16 მაისამდე და დასრულდება სავსემთვარობაზე მთვარის დაბნელებით მორიელის ნიშანში. ამგვარად, აქტიურია კურო-მორიელის ღერძი. მაქსიმალური ყურადღება მიაქციეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას, საბირჟო და საბანკო თემებს, ფულის დაბანდებას.

დაბნელებების დერეფანი - პირველი-16 მაისის პერიოდი - საინტერესო დროა და დააკვირდით რა მოხდება. თქვენს თითოეულ ნაბიჯს, საქმეს და ადამიანს, ვინც ამ პერიოდში გამოჩნდება თქვენს ცხოვრებაში, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ამ პერიოდში დაწყებულმა მოვლენებმა შეიძლება 6 თვის ან 18 წლის შემდეგ შეგახსენონ თავი. ამასთან, გაიხსენეთ, რა ხდებოდა 2004 წლის 19 აპრილს, სწორედ ასეთი მზის დაბნელება გვქონდა მაშინაც. რა სფეროებში გქონდათ ცვლილებები.

დაბნელებების დერეფანში ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, ნუ დაიწყებთ საქმეებს, რომლებშიც დარწმუნებული არ ხართ. მოერიდეთ ურთიერთობების დაძაბვას, არ იკამათოთ არავისთან (მომავალში ურთიერთობების აღდგენა გაგიჭირდებათ). არ გირჩევთ სამსახურის მიტოვებას. ამ პერიოდში მომატებულია ემოციურობა, ამიტომ, მაქსიმალურად ფრთხილი და გაწონასწორებული იყავით. არ აჰყვეთ შიშებს, ნეგატივს. საინტერესო ისაა, რომ ზოგიერთმა შეიძლება ვერც კი იგრძნოთ დაბნელებების დერეფანში მომხდარი უსიამოვნებები. ზოგმა კი მძაფრად განიცადოთ, ყველაფერი პირად რუკაში პლანეტებისა და მნიშვნელოვანი წერტილების განლაგებაზეა დამოკიდებული.

მზის დაბნელება ყოველთვის ახალმთვარეობაზე ხდება. მთვარე თითქოს მზეს ეფარება, მაგრამ საშიში მზის დაბნელებაში არაფერია. ეს არის განახლების, სიახლეების დრო. კონკრეტულად პირველ მაისს კუროს ზოდიაქოში იქნებიან მზე და მთვარე, მათთან მეგობრულ ასპექტს ქმნის მარსი, აქტიურობის პლანეტა, რომელიც ენერგიას გვაძლევს მოქმედებისთვის. მზის დაბნელებამდე, 30 აპრილის ჩათვლით, გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან, არაფრისმომცემი საქმეებისგან, აგრესიული, მოძალადე პირებისგან. რათა მზის დაბნელების მეორე დილიდან ახალი ცხოვრება დაიწყოთ.

კუროში მზესთან და მთვარესთან ერთად არის ურანიც. ამიტომ, ნუ გაგიკვირდებათ, თუ მომატებული იქნება ქაოსი, ექსცენტრიკულობა, იმპულსურობა. ადამიანს აღარ დააკმაყოფილებს ჩვეულებრივი ყოფა, მას მოუნდება სიახლეები, რევოლუცია, ცხოვრების ახლებურად დაწყება. მომატებულია ემოციურობა და მაქსიმალურად მოერიდეთ უკიდურესობას; ნუ მოიჭრით იმ ტოტს, რომელზეც ზიხართ. კარგი იქნება, თუ ცხოვრებას გაიწმინდავთ ნეგატივისგან, ნაგვისგან, მავნე ჩვევებისგან.

კურო, სადაც ხდება მზის დაბნელება განაგებს ფინანსურ საკითხს და ნუ გაგიკვირდებათ მკვეთრი ცვლილებები ამ სფეროში. გაფრთხილდით მატერიალური საკითხების მოგვარებისას, ფულის დაბანდებისას. ერთი სიტყვით, მოულოდნელი ცვლილებები გველის ფინანსურ, საფონდო და საბანკო სფეროებში. ამასთან, მოხდება ღირებულებების გადაფასება. კურო არის მიწის სტიქია და ცვლილებები შეეხება უძრავ ქონებას, ტერიტორიებს, საზღვრებს. შეიძლება ინოვაციები დანერგოთ აგრობიზნესში. მაქსიმალური დაკვირვება გმართებთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებისას.

გარდა ამისა, მზის დაბნელებაზე სასიამოვნო ასპექტს ქმნიან ვენერა (მცირე ბედნიერება) და იუპიტერი (დიდი ბედნიერება), რომლებიც ახლა თევზების ზოდიაქოში არიან. ეს არის კარგი დღე, მაქსიმალურად კეთილად და ბედნიერად გაატარეთ ეს დღე, კეთილდღეობისთვის გამოიყენეთ იგი. პლუტონის გავლენით, რომელიც ასევე სასიამოვნო ასპექტს ქმნის ვენერასა და იუპიტერთან, გვეძლევა პოზიტიური ტრანსფორმაციის; ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის შესაძლებლობა.

მზის დაბნელებას მეტ-ნაკლებად იგრძნობს ყველა, მაგრამ განსაკუთრებით: კუროს ზოდიაქოს წარმომადგენლები და კონკრეტულად ისინი, ვინც დაიბადეთ 29 აპრილი-4 მაისი შუალედში. ლომები (2-7 აგვისტოს შუალედში დაბადებულები); ქალწულები (პირველი-6 სექტემბრის შუალედში დაბადებულები); მორიელები (პირველი-6 ნოემბრის შუალედში დაბადებულები); თხის რქები (30 დეკემბერი-4 იანვრის შუალედში დაბადებულები) და მერწყულები (28 იანვრიდან-3 თებერვლის შუალედში დაბადებულები). აგრეთვე, დააკვირდით, თუ კუროს მე-10-12 გრადუსებში გყავთ პლანეტები ან მნიშვნელოვანი წერტილები ან რომელ სახლში ხვდება კუროს მე-11 გრადუსი თქვენს ასტროლოგიურ რუკაში.

გაეცანით მზის დაბნელების პროგნოზს თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით:

ვერძი

მეტი დრო უნდა დაუთმოთ ფინანსური საკითხების მოგვარებას, ქონების დაგროვებას. მოგინდებათ ფულის დაბანდება უძრავ ქონებაში, სარფიან ბიზნესში, ძვირად ღირებულ ნივთებში. შეიძლება შეგეცვალოთ საქმიანობა, გამონახოთ შემოსავლის დამატებითი წყარო. აიმაღლებთ თვითშეფასებას; თუ თქვენი საქმიანობა მომსახურების სფეროსთანაა კავშირში, მოგინდებათ საფასურის გაზრდა. მოხდება ღირებულებების გადაფასება.

კურო

კუროებო, თქვენი დრო დგება, უნდა გააქტიურდეთ, მეტად გამოავლინეთ ლიდერის თვისებები, იყავით მიზანსწრაფული. იზრუნეთ ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე. გაიუმჯობესეთ იმიჯი, აიმაღლეთ ინტელექტი, თვითშეფასება. მზის დაბნელება დაგანახვებთ იმ გზას, რომელიც მოგიტანთ წარმატებას, პოპულარობას. შანსი მოგეცემათ თავი დააღწიოთ სირთულეებს. მოერიდეთ ურთიერთობების დაძაბვას საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან. მარტოხელებს სასიამოვნო ნაცნობობა გელოდებათ.

ტყუპი

უნდა დასრულდეს ერთი ეტაპი და დაიწყოს მეორე, მზის ამ დაბნელებაზე უნდა დაასრულოთ დაწყებული საქმეები, პროექტები, უნდა მოიცილოთ ყველაფერი ძველი და უსარგებლო და გამოუთავისუფლოთ ადგილი ახალს. მოიცილებთ სირთულეებს, პასუხისმგებლობას, რაც ტვირთად გედოთ მხრებზე. თუ აქამდე იზოლაციაში იყავით ან დახურული ტიპის დაწესებულებაში, თავის დაღწევის შესაძლებლობა მოგეცემათ. გამონახეთ დრო შემოქმედებითი იდეების განხორციელებისთვის, სულიერი ცხოვრებისთვის. თუ აქამდე ფარული სასიყვარულო ურთიერთობა გქონდათ ან შემოსავლის წყარო, მოგინდებათ მათი გამოვლენა. კარგი იქნება, თუ ცოტა ხნით განმარტოვდებით, სიმშვიდეში დაისვენებთ.

კირჩხიბი

სოციალურად უნდა გააქტიურდეთ. შეიძლება ახალ კოლექტივში მოგიწიოთ გაერთიანებამ და ეს შეიძლება იყოს სამსახურის, სწავლის ან პირადი მიზეზით. ან თანამოაზრეებთან ერთად დაიწყოთ ახალი საქმიანობა. ცვლილებები გელით გარემოცვაში: შეგეცვლებათ სამეგობრო წრე. საუკეთესო დროა ინტერნეტთან, სოციალურ ქსელებთან დაკავშირებით თქვენი იდეების რეალიზებისთვის; შეიძლება ბლოგი გააკეთოთ. ზოგიერთი გადაწყვეტთ, მომავლის პროფესიას დაეუფლოთ. პირად ცხოვრებაშიც სასიამოვნო ცვლილებები გელით. განსაკუთრებით, თუ მესამედ აპირებთ დაქორწინებას. ან შეიძლება ბედი დაუკავშიროთ შვილიან ადამიანს და მასზე იზრუნოთ. გახდებით ნათლია და იზრუნებთ ბავშვზე.

ლომი

დაისახეთ მიზნები, რომელთა განხორციელებაც დიდ წარმატებას მოგიტანთ. კარიერაში გელით წინსვლა, დაწინაურება ან შეიძლება პენსიაში გასვლა გადაწყვიტოთ. შეგეცვლებათ ხელმძღვანელობა. შეიძენთ უძრავ ქონებას, გადახვალთ ახალ ბინაში; დაქორწინდებით ან პირიქით, შეიძლება თავისუფლება მოიპოვოთ. აიმაღლებთ სტატუსს, დაიწყებთ პირად ბიზნესს, საქმიანობას, რაც სოციუმში პოპულარობას მოგიტანთ. ვერ გეტყვით, რომ მარტივად მიაღწევთ ყველაფერს, მაგრამ სირთულეების გადალახვის შემდეგ უფრო იამაყებთ შედეგით.

ქალწული

უმაღლესში გააგრძელებთ სწავლას ან შეიძლება თავად გადაწყვიტოთ პედაგოგობა. გაგიმძაფრდებათ ინტერესი უცხოეთისადმი: ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს საქმიანობასთან, მოგზაურობასთან, ქორწინებასთან ან სწავლასთან. მზის დაბნელების დროს მნიშვნელოვანია სტრატეგია, ვიდრე ტაქტიკა, ნუ იქნებით დეტალებზე ჩაკირკიტებული, დაისახეთ გლობალური მიზნები. საუკეთესო დროა პუბლიკაციების გამოქვეყნებისთვის, სამეცნიერო საქმიანობისთვის. თქვენს სასარგებლოდ მოგვარდება სასამართლო საქმეები, შეიძლება გაიგოთ, რომ შვილიშვილი გეყოლებათ.

სასწორი

მზის დაბნელება გამოავლენს ფინანურს თემას. უნდა გამონახოთ შემოსავლის დამატებითი წყარო. პარტნიორთან ერთად უნდა შეადგინოთ ბიუჯეტი. ამ პერიოდში გაისტუმრებთ ვალს, გათავისუფლდებით რთული ფინანსური ვალდებულებისგან. ზოგიერთმა შეიძლება მიიღოთ დახმარება სახელმწიფოსგან, მემკვიდრეობა. გადაწყვეტთ ფულის დაბანდებას ან ადრე დაბანდებულისგან მიიღებთ სარგებელს. გათავისუფლდებით მავნე ჩვევებისგან, ფსიქოლოგიური დამოკიდებულებისგან. გადაწყვეტთ ეზოტერიკული თემების შესწავლა. გაიჩენთ ახალ სექსუალურ პარტნიორს. დაინტერესდებით ეზოტერიკით, დეტექტივებით.

მორიელი

ცვლილებები გელით პარტნიორულ (საქმიან და სასიყვარულო) ურთიერთობაში - უნდა გააუმჯობესოთ არსებული კავშირი ან შეიძლება გაიჩინოთ ახალი, ან დაშორდეთ ძველს, თუ რამე არ გაკმაყოფილებთ. ზოგიერთმა შეიძლება ანგარებით გადაწყვიტოთ დაქორწინება. დაისახეთ ახალი სტარტეგია, რომ თანამშრომლობა ორივე მხარისთვის იყოს მომგებიანი. პარტნიორის ცხოვრებაში მომხდარი ცვლილებები თქვენზეც იქონიებს გავლენას. თუ თქვენი საქმიანობა დაკავშირებულია კლიენტებთან მუშაობასთან, გამოგიჩნდებიან ახლები.

მშვილდოსანი

გაგიუმჯობესდებათ სამუშაო პირობები, დამოკიდებულება კოლეგებთან. ზოგიერთი გადაწყვეტთ, გაიუმჯობესოთ საცხოვრებელი პირობები ან უკეთეს პირობებში გადახვიდეთ საცხოვრებლად. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე. მიეცით საკუთარ თავს დასვენების უფლება; კარგი იქნება მასაჟი, სპორტი, სპა-პროცედურები. გაიუმჯობესეთ ძილისა და კვების რეჟიმი. კარგი იქნება, თუ გათავისუფლდებით მავნე ჩვევებისგან და დანერგავთ ცხოვრების ჯანსაღ წესს. ზოგიერთი გადაწყვეტთ, შეიძინოთ ახალი შინაური ცხოველი. ან შეიძლება ოჯახში ახალი დამხმარე აიყვანოთ.

თხის რქა

რომანტიკული და შემოქმედებითი პერიოდი გეწყებათ. სასიამოვნო ცვლილებები გელით პირად ცხოვრებაში. მარტოხელები გაიცნობთ საინტერესო ადამიანს. შეიძლება გაგიჩნდეთ ახალ ჰობი, გატაცება, განახორციელოთ ახალი შემოქმედებითი იდეები. ზოგიერთი გაიუმჯობესებთ მატერიალურ მდგომარეობას შემოქმედებითი იდეების განხორციელებით. თქვენს ცხოვრებაში იმატებს დღესასაწულები, კულტურულ ღონისძიებებზე დასწრების სურვილი. სასიამოვნო ცვლილებები ელით ცხოვრებაში თქვენს შვილებს. ან შეიძლება გაიგოთ, რომ შვილი გეყოლებათ.

მერწყული

მეტი უყურადღება უნდა მიაქციოთ ოჯახს; აქტიურად უნდა ჩაერთოთ საოჯახო საქმეების მოგვარებაში. თქვენი ყურადღება დასჭირდება მშობლებს, ასაკით უფროს ნათესავებს; გააუმჯობესეთ მათთან დამოკიდებულება. დაკვირვება გმართებთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებისას. შეიძლება შეიცვალოთ მისამართი, ემიგრაციაში წახვიდეთ ან თუ უკვე ხართ, სამშობლოში დაბრუნდეთ; გააკეთოთ რემონტი, განაახლოთ ინტერიერი. ზოგიერთმა შეიძლება დაქორწინება გადაწყვიტოთ და ზოგმა პირიქით - ცალკე ცხოვრება. ან ოჯახში ახალი წევრი შემოგემატოთ.

თევზები

მეტად აქტიური და ენერგიული გახდებით, მოიმატებს გადაადგილების სურვილი. გახშირდება მიმოსვლა და მივლინება ახლო მანძილზე. იოლად მოაგვარებთ დოკუმენტებთან დაკავშირებულ საკითხებს. მოგინდებათ სხვადასხვა სასწავლო კურსზე დასწრება (მაგალითად, ავტომობილის მართვის), კვალიფიკაციის ამაღლება. ზოგიერთი გადაწყვეტთ, შეიძინოთ, განაახლოთ გაჯეტები, ავტომობილი. იქნებით კარგად ინფორმირებული. გახშირდება შეხვედრები და-ძმებთან, კლასელებთან. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება მეზობლებთან. ზოგიერთი ინტერნეტით გადაწყვეტთ საქმიანობას ან თქვენი ნაწარმის გაყიდვას.