ავტორი:

ნეპტუნი-იუპიტერის შეერთება თევზებში: სიკეთის თუ ბოროტების მომტანი, პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ნეპტუნი-იუპიტერის შეერთება თევზებში: სიკეთის თუ ბოროტების მომტანი, პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

12 აპრილი მნიშვნელოვანი დღეა, - ნეპტუნი და იუპიტერი თევზების ზოდიაქოში ხვდებიან ერთმანეთს. ამ ასპექტის გავლენას ვიგრძნობთ 7-17 აპრილის შუალედში, 12-ში კი პიკია. ნეპტუნი-იუპიტერის შეერთებას ასტროლოგიაში ჯადოსნურს უწოდებენ. ეს ორი პლანეტა 12-13 წელიწადში ერთხელ ხვდება ერთმანეთს და თავისი მმართველობის ნიშანში - თევზებში 166 წელში ერთხელ. ამასთან, იუპიტერი არის ბედნიერების, კეთილდღეობის პლანეტა, ნეპტუნი კი ოცნებების, ილუზიების. შანსი მოგეცემათ, მიიღოთ სასურველი საჩუქარი, აისრულოთ ოცნებები, თქვენს სასარგებლოდ დასრულდეს საქმეები, წარმატება მოგიტანოთ შემოქმედებითმა საქმიანობამ.

თევზები, სადაც მისი მმართველები ერთდებიან, არის სიყვარულის, მიტევების, ქველმოქმედების, შემოქმედებითი ნიშანი. ამიტომ, ვიმედოვნოთ, რომ ადამიანებისა და ქვეყნების სასარგებლოდ მოგვარდება ყველა საკითხი. გამორიცხული არაა, თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც მიგახვედრებენ, რა გაკლიათ, რისი შიში გაქვთ და რა მიმართულებით უნდა განვითარდეთ, რა უნდა დაძლიოთ. თევზები, აგრეთვე არის ეზოტერიკოსების, მისტიკოსების სახლი, ხელოვნების, შემოქმედი ადამიანების. ამ უკანასკნელების ცხოვრებაში მოხდება სასარგებლო ცვლილებები, დაებადებათ ახალი იდეები და მიეცემათ მათი განხორციელების შესაძლებლობა. თევზები აგრეთვე არის საავადმყოფოები და უმწეოთა თავშესაფრები და გამორიცხული არაა, გახშირდეს ასეთების რაოდენობა.

ნუ ელოდებით მომენატალურ წარმატებას, ნეპტუნი-იუპიტერის შეერთებამ თითოეული ნიშნის წარმომადგენელზე შეიძლება 2022 წლის ბოლომდე იქონიოს გავლენა. ადამიანებში მოიმატებს სულიერება, დაინტერესდებით რელიგიებით. იმატებს მგრძნობელობა, ემოციურობა, ინტუიცია. დააკვირდით სიზმრებს. ეზოტერიკული სფეროს წარმომადგენლებმა შეიძლება საკუთარ თავში ახალი შესაძლებლობები აღმოაჩინონ. ამასთან, კარგი იქნება, თუ გათავისუფლდებით მავნე ჩვევებისგან. მოერიდეთ ალკოჰოლისა და მათრობელა საშუალებების მიღებას. შეიძლება საკუთარ თავში ახალი შემოქმედებითი ნიჭი აღმოაჩინოთ ან მიიღოთ მონაწილეობა კულტურულ პროექტში. გამოჩნდებიან კრეატიული ადამიანები, რომლებიც გაგაოცებენ თავიანთი საქმიანობით. ამასთან, შეიძლება საიდუმლო ინფორმაციები გამჟღავნდეს ცნობილ, წარმატებულ ადამიანებზე.

იუპიტერი გვასაჩუქრებს ოპტიმიზმით, გულკეთილობით, შესაძლებლობებით. მას დიდი ბედნიერების, წარმატების პლანეტას ეძახიან. არის გურუებისა და რელიგიის აღმნიშვნელი; ყველაფერი უცხოურისა და საზღვარგარეთის სიმბოლო. მისი მთავარი პრინციპი არის გაბევრება. რომელიმე პლანტებასთან შეერთებით, იუპიტერი აბევრს მის შესაძლებლობებს; ცუდსაც კი.

ნეპტუნს გამოვლენის სხვადასხვა შრე აქვს: დადებითიც და უარყოფითიც, არის ფარმაცევტიკის, მედიცინის, ქიმიის, სიმბოლო; ამიტომ ამ სფეროებშიც მოსალოდნელია სასარგებლო ცვლილებები, აღმოჩენები. იმის გამო, რომ ნეპტუნი შხამებსაც და მოწამვლებსაც განაგებს, გამორიცხული არაა, რომ იუპიტერთან შეერთების დროს, რომელიც ყველაფერს აბევრებს, გახშირდეს მასობრივი მოწამვლების რაოდენობა. ამიტომ, მაქსიმალურად ფრთხილად იყავით სასმელთან (წყალთანაც), მედიკამენტებთან, საყოფაცხოვრებო ქიმიასთან. ბუნებაში შეიძლება იმატოს წყალდიდობებმა, უხვმა ნალექმა. ნეპტუნის ცუდი მხარე ისაა, რომ მას ახასიათებს ბუნდოვანება, ტყუილები, გონების დაბინდვა, ხელოვნური ვირუსების მასიური გავრცელება.

ვინ იგრძნობს ამ ასპექტის გავლენას ყველაზე მეტად? პირველ რიგში, რა თქმა უნდა, თევზები, და განსაკუთრებით ისინი, ვისაც თევზების 21-27 გრადუსში გყავთ პლანეტები ან მნიშვნელოვანი წერტილები; აგრეთვე პოზიტიური ცვლილებები ელით კირჩხიბის ან მორელის ნიშნებს და განსაკუთრებით, თუ 21-27 გრადუსში გყავთ პლანეტები ან მნიშვნელოვანი წერტილები. დააკვირდით, რა შემოთავაზებებს მიიღებთ, ვინ გამოჩნდება თქვენს ცხოვრებაში. ტყუპის, მშვილდოსნისა და ქალწულის ცხოვრებაში მოიმატებს დაძაბულობა. იყავით მომართული ცვლილებებზე, წინსვლაზე. ხშირად წინააღმდეგობის გადალახვით ადამიანი უფრო მეტს აღწევს. პლანეტები ითხოვენ თქვენს აქტიურობას, მაგრამ სწრაფ შედეგს ნუ ელით. აგრეთვე ნახეთ, თქვენს პირად რუკაში სად მდებარეობენ იუპიტერი და ნეპტუნი.

პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, გაიგეთ, რას მოგიტანთ ნეპტუნი-იუპიტერის შეერთება თევზებში თქვენი მზის ნიშნის მიხედვით:

ვერძი

განახლების, ცვლილებების დროა. შეიძლება გადაწყვიტოთ ემიგრაციაში წასვლა ან მიიღოთ შეკვეთები უცხოეთიდან. გამორიცხული არაა, უცხოეთში შეხვდეთ სიყვარულს ან ფარული ურთიერთობები გააბათ; გაასაიდუმლოთ თქვენი ცხოვრების ზოგიერთი დეტალი. მოგინდებათ წმინდა ადგილების მონახულება, ლოცვა და მედიტაცია. შეიძლება გადაწყვიტოთ ეზოტერიკული მეცნიერებების შესწავლა. ზოგიერთს დისტანციურად მოგიწევთ მუშაობა, გასაიდუმლოებულ პროექტზე ან დახურულ ორგანიზაციაში. იყავით მომართული, რომ გათავისუფლდეთ მავნე ჩვევებისგან, დამოკიდებულებებისგან. იყოთ მომართული შინაგანი სამყაროს გაუმჯობესებაზე. გაგიძლიერდებათ ინტუიცია.

კურო

გააქტიურდებით სოციალურად, მოგინდებათ საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოსვლა. შეგეცვლებათ ინტერესები, გაგიჩნდებათ ახალი სურვილები და შეძლებთ მათ განხორციელებას. თუ დაგეგმილი გქონდათ ბავშვის შვილად აყვანა ან ორგანიზაციის შექმნა, რომელიც უდედმამო ბავშვებზე იზრუნებს, კარგად გამოგივათ. გაიჩენთ ახალ მეგობრებს, თანამოაზრეებს, რომლებთან ერთადაც განახორციელებთ ახალ იდეებს. ზოგადად, მეტად გახსნილი გახდებით ურთიერთობის თვალსაზრისით. შეიძლება გაერთიანდეთ ახალ ჯგუფში ან თავად შექმნათ თქვენთვის საინტერესო ჯგუფი.

ტყუპი

მიღწევების, გამარჯვებისა და წინსვლისთვის მოემზადეთ. ნეპტუნი-იუპიტერის შეერთება სოციალურ და კარიერულ საფეხურზე ასვლას გპირდებათ. წარმატებას მიაღწევთ თქვენს საქმიანობაში. მიიღებთ დაფასებას, ჯილდოს კარგად შესრულებული საქმისთვის. კარგი პერიოდია პირადი ბიზნესის დასაწყებად ან უკვე არსებულის გასავითარებლად. მიიღებთ საინტერესო, პერსპექტიულ ბიზნესშემოთავაზებებს. თუ სურვილი გაქვთ, დაქორწინდებით და ეს ქორწინება სოციალურად პოპულარულს გაგხდით. ზოგიერთი საცხოვრებლად გადახვალთ დიდფართიან ბინაში, პრესტიჟულ უბანში ან ქალაქში.

კირჩხიბი

შეგეცვლებათ მსოფლმხედველობა. მოგეცემათ ახალი ცოდნის, გამოცდილების მიღების შესაძლებლობა. მოგინდებათ უმაღლესი განათლების მიღება. ან შეიძლება საკუთარი სასწავლო კურსი გახსნათ. შანსი მოგეცემათ, რომ იმოგზაუროთ, გაეცნოთ უცხო ქვეყნების კულტურას. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საზღვარგარეთ მცხოვრებ ადამიანებთან. შეიძლება ერთად განახორციელოთ ბიზნესსაქმიანობა. შეიძლება სიყვარული იპოვოთ საზღვარგარეთ. მოგეცემათ მიზნების, გეგმების განხორციელების შესაძლებლობა.

ლომი

გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა: დივიდენდით, დაზღვევით, სოცპაკეტით, მემკვიდრეობით. შეიძლება გამოჩნდეს გავლენიანი, მდიდარი ადამიანი და დააფინანსოს თქვენი პროექტი ან თქვენს პარტნიორს გაუუმჯობესდეს შემოსავალი. მიიღებთ კრედიტს მიზნის განხორციელებისთვის. ან პირიქით, გათავისუფლდებით ვალებისგან. შეიძლება ფინანსურად დამოუკიდებელი გახდეთ. ზოგიერთი მიიღებს თანამდებობას საბანკო, სადაზღვევო სისტემაში. შეძლებთ წარსულის წარსულში დატოვებას და ახალი, ბედნიერი ცხოვრების დაწყებას.

ქალწული

გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან, შეიძლება გამოჩნდნენ ახლები. მარტოხელებს საბედისწერო შეხვედრა გელით. ზოგიერთმა კი შეიძლება მეორე შვილის გაჩენა გადაწყვიტოს (თუ ასეთი უკვე გყავთ, მის ცხოვრებაში მოხდება სასიხარულო ცვლილებები). შეყვარებულები გადაწყვეტთ დაქორწინებას. ახალ პარტნირთან ერთად შეიძლება დაიწყოთ ბიზნესი. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა კლიენტებთან; გაიჩენთ ახლებს. ამასთან, ნუ შესწირავთ საკუთარ თავს სხვებს მსხვერპლად.

სასწორი

შეიძლება შეგეცვალოთ ყოველდღიურობა, გრაფიკი: ცვლილებები მოსალოდნელია სამსახურშიც და სახლშიც. ზოგიერთი მიიღებთ ახალ სამსახურს, თანამდებობას. ცვლილებები გელით კოლექტივში. შეიძლება მოგემატოთ ვალდებულება; იზრუნოთ ახლობელზე. გამორიცხული არაა, რომანი გააბათ კოლეგესთან. გაგიუმჯობესდებათ საცხოვრებელი პირობები. მეტი ყურადღება უნდა დაუთმოთ ჯანმრთელობას. განსაკუთებით, თუ მავნე დამოკიდებულებები გაქვთ. გათავისუფლდით მავნე ჩვევებისგან. კარგი იქნება, თუ დაიცავთ კვების, ძილის რეჟიმს, დაიწყებთ ვარჯიშს, ჯანსაღი ცხოვრების წესს დანერგავთ ყოველდღიურობაში. ყურადღება მიაქციეთ მედიკამენტების, საკვებისა და სასმლის ხარისხს.

მორიელი

რომანტიკულ სფეროში სასიამოვნო ცვლილებებია მოსალოდნელი. მარტოხელებს გელით სასიამოვნო შეხვედრა. დაწყვილებულების ცხოვრებაში მოიმატებს ჰარმონია და შეიძლება გაგიჩნდეთ ან გაიგოთ რომ გეყოლებათ ბავშვი ან შვილები გაგახარებენ თავიანთი გამარჯვებით. კარგი პერიოდია შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. გაგიჩნდებათ ახალი ჰობი, რაც სიამოვნებასაც მოგანიჭებთ და მატერიალურ კეთილდღეობასაც მოგიტანთ. განახორციელებთ ახალ ბიზნესიდეებს. საუკეთესო პერიოდია შეჯიბრებებსა და კონკურსებში მონაწილეობის მისაღებად.

მშვილდოსანი

ცვლილებები გელით ოჯახში: შეიძლება შემოგემატოთ ახალი წევრი (ან შვილი გაგიჩნდეთ), გაფართოვდეთ, გაიუმჯობესოთ საცხოვრებელი პირობები. თუ გსურდათ, გადახვალთ საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში. მარტოხელებმა შეიძლება შექმნათ ოჯახი. თქვენს სასარგებლოდ მოგვარდება უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების; შეიძენთ ან გადაიფორმებთ; იზრუნეთ არსებულის გაუმჯობესებაზე, გაფართოებაზე. გამორიცხული არაა, სახლიდან დაიწყოთ მუშაობა ან ფული მოგიტანოთ ბინის გაქირავებამ.

თხის რქა

გახშირდება ინფორმაციის მიღება, მიმოსვლები, კონტაქტები, მივლინებები. დაგებადებათ ახალი იდეები, მათი განხორციელება თქვენს საქმიანობას სასარგებლოდ წაადგება. მოგინდებათ ახალი ბიზნესის შექმნა, რომელიც კომერციაზე ან შუამავლობაზე იქნება ორიენტირებული. მიიღებთ საბუთებს, რასაც დიდხანს ელოდით. გადაწყვეტთ უცხო ენის გაღრმავებას, სხვადასხვა სასწავლო კურსზე ჩაწერას ან შეიძლება უცხო ენების კურსები თავად გახსნათ. გაიჩენთ ახალ მეგობრებს, შეიძლება ახალ მეზობელს დაუმეგობრდეთ. სასიამოვო ცვლილებები ელით თქვენს და-ძმებს. განაახლებთ გაჯეტებს, კომპიუტერულ ტექნიკას ან თუ სურვილი გაქვთ, შეიძენთ მდიდრულ ავტომობილს.

მერწყული

ნეპტუნი-იუპიტერის შეერთება თევზებში გააქტიურებს თქვენს ფინანსურ სფეროს. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა; გამოგიჩნდებათ შემოსავლის დამატებითი წყარო, არაოფიციალურიც. თუ თქვენი საქმიანობა დაკავშირებულია მომსახურების სფეროსთან, გააძვირებთ. აიმაღლებთ თვითშეფასებას. მოგინდებათ ფულის დაბანდება ძვირად ღირებულ ნივთებში. შეიძლება უძრავი ქონების მფლობელი გახდეთ. მიიღებთ ძვირფას საჩუქარს.

თევზები

თევზებო, გილოცავთ, თქვენს ნიშანში ხდება ნეპტუნი-იუპიტერის შეერთება, რაც სასიამოვნო ცვლილებებს გპირდებათ და მაქსიმალურად უნდა გააქტიურდეთ, მოინდომოთ, რომ უკეთესობისკენ შეიცვალოს თქვენი ცხოვრება, მისი თითოეული სფერო. ახალი ეტაპი იწყება თქვენს ცხოვრებაში. დაგებადებათ ახალი იდეები და გამოგიჩნდებათ ახალი შესაძლებლობები მათ განსახორციელებლად. მოიმატებს თქვენი ავტორიტეტი, პოპულარობა გარშემო მყოფებში. მოგინდებათ სტილის, იმიჯის შეცვლა. გაფართოების, მიზნების განხორციელების დრო დაგიდგათ. თქვენ უნდა გახდეთ თქვენი ცხოვრების მთავარი გმირი. დაფიქრდით, რა გსურთ და ამოქმედდით. საუკეთესო დროა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად.