პრინცესა დიანა ასტროლოგებს ხშირად მიმართავდა და საკუთარი ვაჟების, პრინც უილიამისა და პრინც ჰარის მომავლითაც ინტერესდებოდა. ერთ-ერთ ასტროლოგთან, დები ფრანკთან, მას იმდენად ახლო ურთიერთობა ჰქონდა, რომ ქალი მისი ნდობით აღჭურვილი პირიც გახდა. დიანას გარდაცვალების შემდეგ ფრანკი სამეფო ოჯახის წევრების ცხოვრებას კვლავ აკვირდება და მათ მომავალზე პროგნოზებს აკეთებს.
2018 წელს ფრანკმა ბუკინგემის სასახლეში მოსალოდნელ დიდ უთანხმოებაზე ისაუბრა. „ჰარის საზღვარგარეთ, სამეფო ოჯახის წევრის სტატუსით ცხოვრების უფლებას არ მისცემენ, თუმცა საერთაშორისო მასშტაბით გადასვლას ვხედავ“, - აცხადებდა ასტროლოგი.
ორი წლის შემდეგ პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა სამეფო მოვალეობებზე უარი თქვეს და დიდი ბრიტანეთი დატოვეს. წყვილი საცხოვრებლად შეერთებულ შტატებში გადავიდა.
2026 წლის დასაწყისში დები ფრანკმა დიანას ვაჟებისა და მათი მეუღლეების შესახებ ახალი პროგნოზები გააკეთა. მისი თქმით, ჰარის ახალი წამოწყებებისა და საინტერესო პროექტების განხორციელების შესაძლებლობა ექნებოდა.
„ჰარი 2026 წელს მიზნებისა და ამბიციების განხორციელების ძლიერი მოტივაციით ხვდება. ეს წელი ბევრ შესაძლებლობას მოუტანს ახალი საქმის დასაწყებად და ერთობლივი პროექტების განსახორციელებლად“, - აცხადებდა ასტროლოგი.
წლის განმავლობაში სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიის შესახებ არაერთი ინფორმაცია გავრცელდა. მათ შორის იყო ცნობები დიდ ბრიტანეთში დაბრუნების შესახებ. ამჟამაფ წყვილი ლონდონის მახლობლად ცხოვრობს, ხოლო მათი შვილები, პრინცი არჩი და პრინცესა ლილიბეტი, ბრიტანულ სკოლაში დადიან. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ჰარი და მეგანი სამეფო მოვალეობების შესრულებას არ აპირებენ და ყურადღებას საკუთარ ბრენდებსა და საქველმოქმედო საქმიანობაზე ამახვილებენ.
ჰარისა და უილიამის ურთიერთობა კვლავ დაძაბულია
დები ფრანკის პროგნოზში განსაკუთრებული ყურადღება ჰარისა და მისი უფროსი ძმის, პრინც უილიამის, ურთიერთობასაც დაეთმო.
„16 მაისის ახალმთვარეობა მის ძმასთან ურთიერთობაში გარდამტეხი მომენტი იქნება და ფრთხილ მიდგომას მოითხოვს. შეძლებს თუ არა ის ივნისში ურთიერთობის გამოსწორების გზის პოვნას?“ - წერდა ასტროლოგი.
მიუხედავად იმისა, რომ ჰარისა და მეფე ჩარლზ III-ის ურთიერთობაში გაუმჯობესების ნიშნები გამოჩნდა, უილიამთან მისი გაუცხოება კვლავ გადაუჭრელ საკითხად რჩება.
გავრცელებული ცნობების თანახმად, ივლისში ჰარი მამას ჰაიგროუვში პირისპირ შეხვდა. ამავე ცნობების მიხედვით, მეფემ ოთხ წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად ნახა შვილიშვილები - არჩი და ლილიბეტი. თუმცა ძმებს შორის ურთიერთობა კვლავ დაძაბულია და უილიამს შერიგების მზადყოფნა საჯაროდ არ გამოუხატავს.
მეგან მარკლის გეგმებს სირთულეები შეექმნა
ასტროლოგს მეგან მარკლისთვისაც ჰქონდა პროგნოზი. ფრანკის თქმით, იანვარი ჰერცოგინიისთვის წარმატებული პერიოდის დასაწყისი უნდა ყოფილიყო, თუმცა მოგვიანებით გარკვეული იმედგაცრუებაც იყო მოსალოდნელი.
„მეგანი იანვარში აღმასვლისთვის მზად არის. ყველაფერი აქტიურად ვითარდება. 1 თებერვლის სავსემთვარეობა მის ლომის ნიშნის მზეს გაანათებს და ის ყურადღების ცენტრში ყოფნისთვის უამრავ გეგმას შეიმუშავებს“, - აცხადებდა ფრანკი.
ასტროლოგი იმასაც ვარაუდობდა, რომ მეგანს შესაძლოა საკუთარ იდეებთან დაკავშირებით უთანხმოება და იმედგაცრუება ეგრძნო.
წლის განმავლობაში მეგანის რამდენიმე პროექტს სირთულეები შეექმნა: იანვარში ცნობილი გახდა, რომ Netflix-მა მისი შოუ „სიყვარულით, მეგან“ გააუქმა, ხოლო მის ბრენდ As Ever-ის მიმართ ინტერესი შემცირდა. გამოცემა ასევე წერს, რომ მისი ახალი ფილმი კინოგაქირავებაში წარუმატებელი აღმოჩნდა, სერიალ „ჯენტლმენებში“ მონაწილეობა არ მიუღია.
მიუხედავად ამისა, დები ფრანკი მეგანისთვის დადებით ცვლილებებსაც პროგნოზირებს.
„2026 წელი მისთვის შემოქმედებითი შესაძლებლობების წელი იქნება. მას ახალი მიმართულებებით განვითარების და საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის შანსი მიეცემა. შემოდგომაზე განსაკუთრებით აქტიური პერიოდი ელის და ის მსოფლიო ასპარეზზე საკუთარი ადგილის დამკვიდრებას შეეცდება“, - აცხადებს ასტროლოგი.
უილიამს მეტი პასუხისმგებლობა, ქეითს კი ახალი ეტაპი
პრინც უილიამისთვის დები ფრანკი 2026 წელს სახელმწიფო საქმეებში უფრო მნიშვნელოვანი როლის შესრულებას ვარაუდობდა.
„ის საკუთარ შესაძლებლობებს საუკეთესოდ გამოავლენს და აჩვენებს, რომ თანაგრძნობა მისი მთავარი ძალაა, როგორც მომავალი მეფისა“, - აცხადებდა ასტროლოგი.
გამოცემის მიხედვით, მეფის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უილიამს წელს ჩვეულებრივზე მეტი მოვალეობის შესრულება უწევდა. მას ასევე უფროსი ვაჟის, პრინცი ჯორჯის, ეტონის სკოლაში სწავლისთვის მომზადებაში უნდა მიეღო მონაწილეობა.
რაც შეეხება ქეით მიდლტონს, ასტროლოგმა მისთვის მიღწევებისა და პიროვნული ზრდის წელი იწინასწარმეტყველა.
„მაისისთვის ის სამეფო ოჯახის ერთ-ერთ წამყვან ფიგურად ჩამოყალიბდება და ადამიანების გაერთიანებას შეძლებს. წლის განმავლობაში მისი ავტორიტეტი და თავდაჯერებულობა გაიზრდება“, - ამბობდა ფრანკი.
ქეითი ონკოლოგიურ დაავადებასთან ბრძოლის შემდეგ სამეფო მოვალეობებს სრულად დაუბრუნდა და საზოგადოებაში გამოჩენებსაც მოუხშირა. ივნისში ის სამი წლის შემდეგ პირველად დაესწრო Royal Ascot-ის დოღს, მოგვიანებით კი იტალიაში პირველი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ უცხოური ვიზიტით გაემგზავრა.
„ის შინაგანად კვლავ ცდილობს ძალების სწორად განაწილებას და ზოგჯერ დაძაბულობასაც გრძნობს. თუმცა მას საზოგადოების დიდი სიყვარული და საკუთარი ოჯახით სიამაყე ამაგრებს“, - დაასკვნა ასტროლოგმა.