რა გელოდებათ ტყუპს დეკემბერში - თუ საქმე ფულს ეხება, გადაამოწმეთ, ნუ ენდობით ბრმად ნურავის

რა გელოდებათ ტყუპს დეკემბერში - თუ საქმე ფულს ეხება, გადაამოწმეთ, ნუ ენდობით ბრმად ნურავის

9 დეკემბერს მარსი კონფლიქტშია სატურნთან - პარტნიორის გამო მოერიდეთ უსიამოვნებას სამსახურში. ან პირიქით, საქმეების გამო ნუ დატოვებთ მას უყურადღებოდ. სამსახურში შეიძლება იყოს მოულოდნელი შემოწმება ან მოგეჩვენებათ, რომ გარშემო მყოფები გცდიან გამძლეობაზე, მოთმინებაზე. მოერიდეთ ურთიერთობების გარკვევას, პროვოკაციებში მონაწილეობას.

11 დეკემბერს - ვენერა კონფლიქტშია კარმულ კვანძებთან - საინტერესო და დასაკვირვებელი დღეა. დაფიქრდებით, გაბედნიერებთ თუ არა თქვენი დღევანდელი ყოფა. გაქვთ თუ არა კომფორტი. ამასთან, კარგი ნიშანი იქნება, თუ მიიღებთ შექებას, საჩუქარს გარშემო მყოფებისგან.

12 დეკემბერს მერკური გადადის მშვილდოსანში - იქნება უამრავი შეხვედრა, მიმოწერა, ზარები. შეიძლება პარტნიორებთან ერთად (მათთან შეთანხმებით) დაიწყოთ რამის კეთება. შეიძლება მიიღოთ საბუთი, ან გამოგიჩნდნენ ახალი კლიენტები.

14 დეკემბერს - მარსი კონფლიქტშია ნეპტუნთან - მოერიდეთ გაუგებრობებს, ბუნდოვანებას. ამ დღეს ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და ნურც ეცდებით რაიმე სიტუაციაში გარკვევას. არავის არაფერს არ დაჰპირდეთ. პირიქით, შეიძლება მოგთხოვონ დანაპირების შესრულება.

15 დეკემბერს მარსი თხის რქაში გადავა - გააქტიურდებით, რომ უფრო უკეთესი გახდეთ, გაუმკლავდეთ იმ საქმეს, რაც სხვისთვის შეუძლებელია. პარტნიორთან შეთანხმებით შეადგინეთ საოჯახო ბიუჯეტი. შეიძლება ფული დააბანდოთ საერთო საქმეში.

17-21 დეკემბერი: მზე კონფლიქტშია სატურნთან და ნეპტუნთან - წლის მოვლენები უნდა შეაფასოთ. ობიექტურად და ცოტა მკაცრადაც საკუთარი თავის მიმართ.

20 დეკემბერს ლილიტი (შავი მთვარე) მორიელიდან მშვილდოსანში გადავა - მოერიდეთ ილუზიებს, მირაჟს და შეცდომების დაშვებას პარტნიორულ ურთიერთობებში. იქნება შიშები და ვნება. ფრთხილად იყავით ნებისმიერ შემოთავაზებასთან, განსაკუთრებით ფინანსურთან. გადაამოწმეთ ადამიანებიც და ისიც, თუ რას გპირდებიან და სად ჩაგითრევენ.

20 დეკემბერი - ახალმთვარეობა გველოდება მშვილდოსანში - სიახლეები გელოდებათ პარტნიორულ ურთიერთობებში, შეიძლება გაგიჩნდეთ ახალი საერთო გეგმა. მიიღებთ ახალ მოწვევებს და შემოთავაზებებს. შეიძლება გამოგიჩნდეთ ახალი სასიყვარულო პარტნიორი. ზოგიერთი გააფორმებთ ახალ ხელშეკრულებას, მაგრამ თუ საქმე ფულს ეხება, გადაამოწმეთ, ნუ ენდობით ბრმად ნურავის და ნურაფერს.

21 დეკემბერს ზამთრის მზებუდობაა - ეს არის წლის ერთ-ერთი (ოთხიდან) მნიშვნელოვანი დღე, ახალი მზის დაბადება. ამიტომ, გამონახეთ დრო, რომ შეადგინოთ წლის სამომავლო გეგმა, ჩამოწეროთ მიზნები და სურვილები, რასაც მთვარის ამ თვეში და მომდევნო მზებუდობამდე განახორციელებთ.

20-24 დეკემბერი: ვენერა კონფლიქტშია სატურნთან და ნეპტუნთან - მოერიდეთ ფულის ფლანგვას. თითოეული თეთრი გათვლილი და გაანგარიშებული უნდა გქონდეთ.

24 დეკემბერი: ვენერა თხის რქაში გადადის - გააქტიურდებით, რომ მიიღოთ ბევრი ფული. მიიღებთ კიდეც ბონუსს, ფულად ჯილდოს ან ძვირად ღირებულ საჩუქარს. შეიძლება შემოსავალი გაუუმჯობესდეს თქვენს პარტნიორს. არაა გამორიცხული გაიცნოთ და რომანი გააბათ ფულიან ადამიანთან. ზოგიერთმა შეიძლება მიიღოთ სამემკვიდრეო ნივთი.

30 დეკემბერი: მერკურის კონფლიქტშია სატურნთან - ეს წლის ბოლო კონფლიქტური ასპექტია. რეპუტაცია რომ არ დაგიზარალდეთ, ახლობლებს დანაპირები შეუსრულეთ, დაასრულეთ თქვენი საქმეები, დროულად ჩააბარეთ პროექტი. არ გირჩევთ ურთიერთობის დაძაბვას ასაკით უფროს ნათესავებთან, აკონტროლეთ გამონათქვამები და ტონი.

31 დეკემბერი: მარსი მეგობრულ ასპექტშია სამხრეთის კარმულ კვანძთან - იყავით გულუხვი საკუთარი თავისა და ახლობლების მიმართ. გააკეთეთ ისეთი საქმე, რაც კარმას გაგიუმჯობესებთ.

ასტროლოგი ანა მზიანი