9 დეკემბერს თქვენი მმართველი მარსი კონფლიქტშია სატურნთან - უნდა მოინდომოთ, რომ მიიღოთ შედეგი. გაიხსენეთ, რა საქმე დაიწყეთ 2024 წლის გაზაფხულზე. უნდა დაასრულოთ საქმე, პროექტი. უნდა იყოთ გააზრებული და დაფიქრებული, ახლა ხმლის უაზროდ ქნევის დრო არაა, უნდა იმოქმედოთ და წერტილი დასვათ.
11 დეკემბერს - ვენერა კონფლიქტშია კარმულ კვანძებთან - საინტერესო და დასაკვირვებელი დღეა. დაფიქრდებით, გაბედნიერებთ თუ არა თქვენი დღევანდელი ყოფა. თუ ამ დღეს კარგ ხასიათზე იქნებით, კარგია, მაგრამ თუ იქნება უსიამოვნება, დაფიქრდით, რა უნდა შეცვალოთ, რომ გაიუმჯობესოთ ცხოვრება.
12 დეკემბერს მერკური გადადის მშვილდოსანში - მოგინდებათ უცხო ენის შესწავლა, ან უცხოეთთან დაკავშირებული საბუთების მოგვარება, ან მიიღებთ საბუთს უცხოეთიდან. თუ მწერალი ხართ, შეიძლება გამოქვეყნდეს თქვენი პუბლიკაცია.
14 დეკემბერს - მარსი კონფლიქტშია ნეპტუნთან - მოერიდეთ გაუგებრობებს, ბუნდოვანებას. ამ დღეს ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და ნურც ეცდებით რაიმე სიტუაციაში გარკვევას. არ გირჩევთ სასურველის მიღების გამო წესების დარღვევას, სხვების გაცურებას, დაჩაგვრას.
15 დეკემბერს მარსი თხის რქაში გადავა - ამ დღიდან მოგინდებათ სტატუსის გაუმჯობესება, სხვებზე უფროსობა. შეიძლება უფროსი (ასაკით ან თანამდებობით) დაგეხმაროთ სასურველის მიღწევაში, დაწინაურებაში. მოგინდებათ ამბიციური მიზნების განხორციელება. ამასთან, მოერიდეთ აგრესიულობას გარშემო მყოფებთან, კონკურენტებთან.
17-21 დეკემბერი: მზე კონფლიქტშია სატურნთან და ნეპტუნთან - წლის მოვლენები უნდა შეაფასოთ. ობიექტურად და ცოტა მკაცრადაც საკუთარი თავის მიმართ. “ვინც ძლიერია, მართალიც ისაა“ - აქ არ გამოგადგებათ.
20 დეკემბერს ლილიტი (შავი მთვარე) მორიელიდან მშვილდოსანში გადავა - მოერიდეთ ილუზიებს, მირაჟს და შეცდომების დაშვებას იურიდიული საკითხების მოგვარებაში. იყავით მაქსიმალურად ფრთხილი და დაკვირვებული, როცა საქმე ეხება უცხოეთს და უცხოელებს. გაფრთხილდით, საზღვარგარეთ ყოფნის დროსაც. თუ დიპლომის აღებას აპირებთ ან მეორე უმაღლესი განათლების მიღებას, მომდევნო 9 თვის განმავლობაში ნუ გადავარდებით ილუზიებში და ნუ გახდებით თაღლითების მსხვერპლი.
20 დეკემბერი - ახალმთვარეობა გველოდება მშვილდოსანში - იქნება სიახლეები უცხოეთიდან, ან შეიძლება მოგინდეთ გამგზავრება. ზოგიერთი დაიწყებთ საქმიანობას უცხოელებთან. დაფიქრდით და ჩამოწერეთ სამომავლო მიზანი: რა გსურთ, რა მიმართულებით უნდა განვითარდეთ. შეიძლება მოგინდეთ თქვენი ცოდნის სხვებისთვის გაზიარება და ლექტორობა, მენტორობა დაიწყოთ.
21 დეკემბერს ზამთრის მზებუდობაა - ეს არის წლის ერთ-ერთი (ოთხიდან) მნიშვნელოვანი დღე, ახალი მზის დაბადება. ამიტომ, გამონახეთ დრო, რომ შეადგინოთ წლის სამომავლო გეგმა, ჩამოწეროთ მიზნები და სურვილები, რასაც მთვარის ამ თვეში და მომდევნო მზებუდობამდე განახორციელებთ.
20-24 დეკემბერი: ვენერა კონფლიქტშია სატურნთან და ნეპტუნთან - იყავით გააზრებული ფულის ხარჯვისას. საყვარელ ადამიანთან შეიძლება ხან მკაცრი და კრიტიკული იყოთ და ხან თვალი დახუჭოთ მის ქმედებაზე.
24 დეკემბერი: ვენერა თხის რქაში გადადის - მუშაობა მოგანიჭებთ სიამოვნებას. შეიძლება სამსახურში გააბათ რომანი ან მიიღოთ ძვირად ღირებული საჩუქარი. ზოგიერთს გელოდებათ დაწინაურება, ხელფასის მომატება.
30 დეკემბერი: მერკური კონფლიქტშია სატურნთან - ეს წლის ბოლო კონფლიქტური ასპექტია. შეიძლება მოგთხოვონ იმის გაკეთება, რაც არ გინდათ, იძულებული გაგხადონ. მოერიდეთ მკაცრ გამონათქვამებს ასაკით ან თანამდებობით უფროს ადამიანებთან. კარგი იქნება, თუ ახალ წლამდე დაასრულებთ და მოიცილებთ ყველა ძველ საქმეს.
31 დეკემბერი: მარსი მეგობრულ ასპექტშია სამხრეთის კარმულ კვანძთან - იყავით გულუხვი საკუთარი თავისა და ახლობლების მიმართ. გააკეთეთ ისეთი საქმე, რაც კარმას გაგიუმჯობესებთ.
ასტროლოგი ანა მზიანი