ავტორი:

რა შეზღუდვებს და სიკეთეს მოგვიტანს ლურჯი სუპერსავსემთვარეობა

რა შეზღუდვებს და სიკეთეს მოგვიტანს ლურჯი სუპერსავსემთვარეობა

დღეს ლურჯი სუპერსავსემთვარეობაა თევზების მე-8 გრადუსში. მთვარე, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი შეფერილობის იქნება, მაგრამ ლურჯს ეძახიან მაშინ, როცა თვეში ორი სავსემთვარეობა გვაქვს. ასე მოხდა ამ თვეშიც, შეგახსენებთ, რომ პირველ აგვისტოს სავსემთვარეობა გვქონდა მერწყულში, ახლა კი თევზებში გვაქვს. საინტერესოა ისიც, რომ მთვარე ახლა ყველაზე ახლოსაა დედამიწასთან.

სავსემთვარეობაზე მზე და მთვარე ერთმანეთის მოპირდაპირე ნიშნებში არიან - მზე ქალწულშია, მთვარე თევზებში. ემოციური დღეა. იყავით ფრთხილი და დაკვირვებული, არ გირჩევთ ღრუბლებში ფრენას, გადაამოწმეთ ინფორმაცია, დოკუმენტები ხელმოწერამდე, ხურდაც კი.

რა გველოდება მომდევნო 2 კვირის განმავლობაში: ახლა მზე ქალწულშია და ეს არის წესრიგის (საქმეებში, კარადაში, ფიქრებშიც) დამყარების დრო. მეტად უნდა იზრუნოთ ჯანმრთელობაზე, ჯანსაღი ჩვევები დანერგეთ, უნდა გახდეთ პროფესიონალი თქვენს საქმიანობაში. საუკეთესო დროა ზამთრისთვის სანოვაგის მოსამარაგებად. ქალწულის მმართველი პლანეტა მერკური რეტროგრადულია ( სტატია ამ თემასთან დაკავშირებით დევს საიტზე და შეგიძლიათ გაეცნით) და გირჩევთ, მაქსიმალურად დაკვირვებული იყოთ დეტალებისადმი, საბუთების შედგენისას, მგზავრობისას. მთვარე თევზებშია, თანაც სუპერსავსემთვარეობა, რაც ამძაფრებს კიდეც თევზევის თემატიკას, ეს კი არის: ოცნებები, ფსიქოლოგია, ქველმოქმედება, არტ-თერაპია, ლოცვა, სიზმრები, მედიტაცია, მუსიკა, განმარტობა, მიმღეობა და, რა თქმა უნდა, სიყვარული.

მომდევნო 2 კვირის განმავლობაში გამოავლინეთ ქველმოქმედება, იყავით მეტად გააზრებული და დაკვირვებული მუშაობისას, დაისახეთ კონკრეტული მიზანი და ეცადეთ, დროულად დაასრულოთ. გამოავლინეთ ზრდილობა გარშემო მყოფებთან მუშაობისას. საუკეთესო დროა სწავლასთან მისაბრუნებლად და იმის ღრმად შესასწავლად, რაც წარსულში მიატოვეთ. ამასთან, მაქსიმალურად დაკვირვებული იყავით მიღებულ ინფორმაციასთან, გადაამოწმეთ ყველა დეტალი. მეტი დრო დაუთმეთ ლოცვას, წმინდა ადგილების მონახულებას. საუკეთესო დროა სახლის, პირადი ნივთების, ოფისის დასალაგებლად და ძველი, უსარგებლო, დაზიანებული ნივთების მოსაცილებლად.

მთვარე შეერთებულია აკრძალვების პლანეტა სატურთან. არაა გამორიცხული დაწესდეს ზოგიერთი აკრძალვა და შეზღუდვა თუნდაც კვებაში (თუმცა, სავსემთვარეობის შემდეგ, კლებადი მთვარის დროს, ახალმთვარეობამდე კარგიც კი დიეტის დაცვა და მავნე ჩვევებისგან გათავისუფლება), სამუშაო გრაფიკში, ფულის ფლანგვაში. არაა გამორიცხული, რომ სატურნის გავლენით აცივდეს, ამინდი აირიოს. ამასთან უნდა გამოავლინოთ მაქსიმალური პასუხისმგებლობა. არაა გამორიცხული გამჟღავნდეს ინფორმაცია, რაც ადრე ხელმიუწვდომელი იყო. საუკეთესო დროა ხელოვანი ადამიანებისთვის, რომლებიც სიზუსტით შეასრულებენ ნამუშევრებს.

ვისზე იმოქმედებს ლურჯი სუპერსავსემთვარეობა ყველაზე მეტად? რა თქმა უნდა თევზებისა და ქალწულების წარმომადგენლებზე და განსაკუთრებით მათზე, ვისაც 6-10 გრადუსის შეალედში გყავთ პლანეტები ან მნიშვნელოვანი წერტილები. აგრეთვე ტყუპსა და მშვილდოსანზე, თქვენ უნდა შეძლოთ მოიცილოთ ყველაფერი, რაც გიშლით ხელს განვითარებაში, წინსვლაში. ამასთან უნდა იყოთ პუნქტუალური და მიიყვანთ ლოგიკურ დასასრულამდე დაწყებული სამუშაოები.

ბედნიერ სავსემთვარეობას გისურვებთ!