დაბადების დღე წელიწადში ერთხელ გვაქვს, ესაა ჩვენი ახალი წელი და ამ დღისთვის აუცილებლად განსაკუთრებულად უნდა მოვემზადოთ, რა თქმა უნდა, თუ გსურთ, რომ წელი ბედნიერად გაატაროთ.
ძველად არ აღნიშნავდნენ ბავშვის 13, მამაკაცის 40 და ქალის 53 წლის იუბილეს, რადგანაც ეს წლები ადამიანის ცხოვრებაში გარდამტეხ პერიოდად მიიჩნეოდა.
თუ ძველ ტრადიციებს მიჰყვებით, არ დაპატიჟოთ 13, 40 და 53 სტუმარი, არ აანთოთ ამდენი სანთელი. ცუდის მომასწავებელია სუფრასთან 9, 13, 18, 21, 50, 99 და 100 სტუმრის დაპატიჟება.
აგრეთვე, არასასურველია ამდენი სანთლის ტორტზე დამაგრება. ძველად, ტორტის ნაცვლად სხვადასხვა გულსართიან ღვეზელს აცხობდნენ და საუკეთესო წლის დასაბუდებლად. ღვეზელს არ ჭამდნენ და გაჭირვებულებს ურიგებდნენ. თანამედროვე სადღესასწაულო ტორტი სანთლის გარეშე წარმოუდგენელია.
მიჩნეულია, რომ წრეზე ანთებული სანთლები იუბილარს ბედნიერებას მოუტანს და ავი თვალისგან დაიფარავს. სანთლების ჩაქრობისას იუბილარმა სურვილი უნდა ჩაიფიქროს და სხვების დაუხმარებლად ჩააქროს.
როგორც ამბობენ, ცრემლის მომასწავებელია ცხვირსახოცის ჩუქება; თუ საჩუქრად თეთრეული მიიღეთ, მასში ხურდა უნდა გაუცვალოთ; მჭრელი საგნები ჩხუბის მომასწავებელია, საათი, ასევე - ამეთვისტოს, მთვარის ქვისა და ონიქსის სამკაულები - განშორების. იუბილარს არ მიართვათ წყვილი ყვავილი, კენტი ბედნიერებისა და სიმდიდრის სიმბოლოა.
სასურველია, დღეობაზე იუბილარს ახალი სამოსი ეცვას, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ გამოიცვალოს. ასევე ცუდის მომასწავებელია სუფრაზე მარილის დაბნევა, წყლის დაღვრა და ჭურჭლის გატეხა.
დაბოლოს, როცა უკანასკნელ სტუმარს გააცილებთ, ოთახი, სადაც სუფრა გქონდათ გაშლილი, გამოხვეტეთ და ნაგავი იმ ღამესვე გადაყარეთ. ამით, ოთახში დაგროვებული უარყოფითი ენერგიისგან გათავისუფლდებით.