რას მოგვიტანს ახალმთვარეობა კუროში და ვისზე იმოქმედებს ყველაზე მეტად

რას მოგვიტანს ახალმთვარეობა კუროში და ვისზე იმოქმედებს ყველაზე მეტად

8 მაისს, 7:21-ზე ახალმთვარეობა გველოდება კუროს ნიშანში, მე-19 გრადუსში. სასიხარულო ისაა, რომ ეს შედარებით მშვიდი დღეა, პლანეტებს შორის დაძაბული ასპექტები არაა, რაც იმის იმედს გვაძლევს, რომ მთვარის ეს თვე მშვიდად ჩაივლის.

ახალმთვარეობის დღეს მზეც და მთვარეც სტაბილურ და დინჯ კუროშია. სასურველია, ამ მთვარის თვეში თავადაც გამოავლინოთ კუროს სასარგებლო თვისებები. სიდინჯისა და სტაბილურობის გარდა, მიაქციეთ ყურადღება სილამაზეს, იყავით მომართული მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, დაუთმეთ დრო სამიწათმოქმედო სამუშაოებს, ლანდშაფტის დიზაინს, მშენებლობას, ლამაზი ნივთების შექმნას, ავეჯის შეძენას. კარგი პერიოდია მცენარეების დარგვისთვისაც, მაგრამ კონკრეტულ დღეს შეხედეთ მთვარის მდებარეობას, - რომ არ იყოს მთვარე უკურსო ან უნაყოფო ნიშანში.

ახალმთვარეობაზე, განსაკუთრებით ერთი საათის განმავლობაში, კარგია სამომავლო მიზნებისა და სურვილების ჩამოწერა. ახალი საქმეების დაწყება კარგია უკვე 11 მაისიდან.

ახალმთვარეობაზე, მზისა და მთვარის გარდა კუროშია იუპიტერი, ურანი და ვენერა. აქვეა თეთრი მთვარეც, ჩვენი მფარველი ანგელოზი (სელენაზე, იგივე თეთრი მთვარე სტატია დევს ჩვენს საიტზე და შეგიძლიათ გაცნოთ). უნდა გადახედოთ თქვენს ცხოვრებას, მოხდება ღირებულებების გადაფასება და განახლება. შეიძლება ბევრი რამე შეიცვალოს თქვენს გარემოშიც და თქვენს ცხოვრებაშიც. ცვლილებები იქნება სწრაფი და ეცადეთ, აუწყოთ ფეხი. მოგინდებათ სიახლეები, ახალ თანამოაზრეებთან ერთად მოქმედება, ახალი იდეებისთვის გაერთიანება.

ვისზე იმოქმედებს ახალმთვარეობა ყველაზე მეტად?

რა თქმა უნდა, პირველ რიგში კუროებზე და განსაკუთრებით მათზე, ვინც დაბადების დღეს აღნიშნავს 5-11 მაისს. გაქვთ ყველა შანსი, რომ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ. ასე რომ, არ იზარმაცოთ და გააქტიურდით. ახალმთვარეობა აგრეთვე იმოქმედებს მათზე, ვინც დაბადების დღეს აღნიშნავს 5-9 თებერვალს, 8-12 აგვისტოს და 8-12 ნოემბერს. უნდა მოასწროთ ბევრი საქმის შესრულება, მაგრამ ვერ გეტყვით, რომ იოლად მიაღწევთ სასურველს. წინაღობების გადალახვა დიპლომატიურად და მშვიდობიანად უნდა შეძლოთ. არ აჩქარდეთ, იყავით დაკვირვებული და ფრთხილი. სასიკეთო ცვლილებები, იღბლიანობა და სასურველის იოლად მიღწევა ელოდება მათ, ვინც დაბადების დღეს აღნიშნავს 6-10 იანვარს, 6-10 მარტს, 7-11 ივლისს და 8-12 სექტემბერს. თუ თქვენი პირადი რუკა შედგენილი გაქვთ, ჩაიხედეთ და ნახეთ, სად მდებარეობს კუროს მე-19 გრადუსში. სწორედ ამ სფეროში გელოდებათ სიახლეები და ცვლილებები.

ბედნიერ ახალმთვარეობას გისურვებთ!