ავტორი:

რას მოგვიტანს კარმული კვანძების კურო-მორიელის ღერძზე გადასვლა და პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

რას მოგვიტანს კარმული კვანძების კურო-მორიელის ღერძზე გადასვლა და პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

18 იანვარს კარმული კვანძები მდებარეობას იცვლიან და ტყუპი-მშვილდოსნის ღერძიდან კურო-მორიელის ღერძზე გადადიან; აღმავალი კვანძი იქნება კუროში, ხოლო დაღმავალი - მორიელში. ჩვენ უნდა მივისწრაფოდეთ აღმავალი კვანძისკენ და უნდა გავთავისუფლდეთ, დავემშვიდობოთ დაღმავალის თემებს. კარმული კვანძები კურო-მორიელის ღერძზე გაჩერდებიან 2023 წლის 18 ივლისამდე. მთვარის კვანძების კურო-მორიელის ღერძზე მდებარეობა გააქტიურებს ფინანსების, რესურსების, საბირჟო საკითხების, საგადასახადო სისტემის, ტრანსფორმაციების, გლობალური კრიზისების, საკუთრების, ჩემი-თქვენის თემებს.

ასეთ მდგომარეობაში კვანძები იყო, 18 წლის წინ - 2003 წლის 14 აპრილიდან 2004 წლის 26 დეკემბრის ჩათვლით. გაიხსენეთ, რა ხდებოდა ამ პერიოდში თქვენს ცხოვრებაში, ქვეყანაში, ზოგადად, მსოფლიოში. საინტერესოა 9-წლიანი პერიოდიც, თუ 18 წლის წინ აღმავალი განლაგებული იყო კუროში და დაღმავალი მორიელში, 9 წლის წინ (უფრო კონკრეტულად კვანძები ასეთ პოზიციაში იყვნენ 2012 წლის 30 აგვისტოდან 2014 წლის 18 თებერვლამდე) მათ შეიცვალეს მდებარეობა და განლაგდნენ აღმავალი მორიელში, დაღმავალი - კუროში. გაიხსენეთ რა საქმეები ან ურთიერთობები დაიწყეთ მაშინ ან რა დაასრულეთ, ცვლილებები უკუფაზის დროსაც გექნებოდათ. თუ 18 ან 9 წლის წინ დაიწყეთ რაღაც საქმე, ურთიერთობა შეიძლება წელს დაუსვათ წერტილი, მიხვდეთ, რომ ამოწურა თავისი თავი და უნდა გათავისუფლდეთ მისგან.

ჩაიხედეთ პირად რუკაში და ნახეთ, რა თემებს, რომელ სახლებს განაგებს კურო და მორიელი. ამ სფეროებში გელით ცვლილებები, უნდა შეძლოთ განახლება, კრიზისების დაძლევა, გაშვება. საინტერესო ისაა, რომ მზისა და მთვარის დაბნელებები კურო-მორიელის ღერძზე გვექნება: წელს 4 დაბნელება გველის: 30 აპრილს გველოდება მზის დაბნელება კუროში, 16 მაისს მორიელში - მთვარის. 25 ოქტომბერს მზის დაბნელება გველოდება მორიელში, 8 ნოემბერს მთვარის - კუროში და ამ პერიოდებში მეტად გააქტიურდება კურო-მორიელის თემები.

ვისზე იმოქმედებს მთვარის კვანძები ყველაზე მეტად? პირველ რიგში ფიქსირებული ჯვრის წარმომადგენლებზე - კურო, მორიელი, ლომი, მერწყული. და მათზეც, ვინც წელს 18-19 წლის გახდება. თქვენ არჩევანი უნდა გააკეთოთ, განვითარების რა გზას დაადგეთ. თუ წელს 27 წლის ხდებით, შეიძლება განმეორდეს ზოგიერთი მოვლენა, თქვენს ცხოვრებაში დაბრუნდნენ ადამიანები, სიტუაციები და შეცდომები წარსულიდან. თუ 37-38, 46-47, 56-57 წლის ხართ, თქვენს ცხოვრებაში ხდება მთვარის კვანძების დაბრუნება. მოემზადეთ ცვლილებებისთვის იმ სფეროებში, რომლებსაც კუროსა და მორიელის თემები განაგებს.

კურო არის ადამიანის (ჩემი) ღირებულებების, რესურსების, ფინანსების სიმბოლო. მორიელი (საერთო, ჩვენი) არის საერთო ღირებულებების, ენერგიის, ფინანსების სიმბოლო. აღმავალი დაღმავალი კვანძების კურო-მორიელის ღერძზე განლაგება მოგვიტანს ღირებულებების გადაფასებას, ცვლილებებს განიცდის ფინანსური სისტემა. ტრანსფორმაცია ელოდება საბანკო, საგადასახადო, სადაზღვევო სისტემას; ერთი სიტყვით ყველა იმ სფეროს, სადაც დიდი ფული ტრიალებს. შეწყვეტს არსებობს ყველაფერი ის, რამაც ამოწურა თავისი თავი, რაც ვეღარ ვითარდება და ვერ ნერგავს სიახლეებს ან არ სურს ნოვატორობა და ძველს ებღაუჭება.

რას მოგიტანთ აღმავალი დაღმავალი კვანძების კურო-მორიელის ღერძზე გადასვლა თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით:

ვერძს

გამოგიჩნდებათ ახალი პერსპექტივები, შემოსავლის ახალი წყარო. თქვენთვის გაიღება ყველა კარი. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. ამასთან, მოიმატებს ფულის ფლანგვის სურვილიც. გირჩევთ, მაქსიმალურად დაკვირვებული იყოთ და მხოლოდ აუცილებელი ნივთები შეიძინოთ. ნუ აიღებთ კრედიტს, იპოთეკას, ვალს; მოერიდეთ ფულის დაბანდებას. განსაკუთრებით, საეჭვო საქმიანობაში. გამორიცხული არაა, ფინანსური კრიზისი შეექმნათ თქვენს პარტნიორებს (ბიზნეს ან სასიყვარულოს) და თქვენ მოგიწიოთ მათი დახმარება. გადახედეთ კვებას, კარგი იქნება, თუ დაიცავთ დიეტას. ან შეიძლება მოგინდეთ გასტრონომიული კურსების გავლა, კერძების მომზადების შესწავლა.

კუროს

განვითარების, წინსვლის შესაძლებლობები მოგეცემათ, იყავით თამამი, მიზანმიმართული. კარგი პერიოდია საქმეების, პროექტების დასაწყებად, რეალიზებისთვის. ნუ შეგეშინდებათ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება, თქვენ ყველაფერი გამოგივათ. დააბანდეთ ფული საკუთარ ცოდნაში, წინსვლაში. მოგემატებათ ენერგია. ზოგიერთს მოგინდებათ გარეგნობის, გარდერობის შეცვლა. თუ თქვენი წარმატებები ზევით-ზევით მიდის, თქვენს პარტნიორს (ბიზნეს ან სასიყვარულოს) შეიძლება შეუფერხდეს საქმეები და გამორიცხული არაა (თუ ზღვარზე ხართ), მიატოვოთ იგი ან თუ ის ძვირფასია თქვენთვის, მოითმინოთ და დაეხმაროთ რთული პერიოდის გადალახვაში.

ტყუპს

უცნაურია, მაგრამ თქვენნაირ კომუნიკაბელურ და აქტიურ ნიშანსაც კი გაუჩნდება განმარტოების, ყველასგან დამალვის სურვილი. მოგინდებათ საკუთარ სურვილებში, შინაგან სამყაროში გარკვევა, ჩაღრმავება. გამორიცხული არაა, მოგინდეთ შორეული, წმინდა ადგილების (საზღვარგარეთაც) მონახულება, ზოგმა კი შეიძლება მონასტერში განმარტოება გადაწყვიტოს. დააკვირდით სიზმრებს, დაკავდით იოგით, ფსიქოლოგით, ეზოტერიკით. მაქსიმალურად შეიკავეთ თავი ალკოჰოლური და მათრობელა საშუალებებისგან. დაუთმეთ მეტი დრო ჯანმრთელობას, ყოველდღიურ ვალდებულებას. შეიძლება შეიცვალოთ სამუშაო ადგილი. არ გადადოთ მკურნალობის დაწყება. კარგ შედეგს მოგიტანთ არატრადიციული მედიცინაც. კარგი იქნება, თუ გაიუმჯობესებთ ძილის, კვების რეჟიმს, დაემშვიდობებით მავნე ჩვევებს.

კირჩხიბს

გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. გაგიჩნდებათ ფულის გამომუშავების ახალი მეთოდი. ან არსებული ბიზნესის ტრანსფორმაცია მოგიტანთ ფინანსურ კეთილდღეობას. შეიძლება გამოგიჩნდეთ შემოსავლის დამატებითი წყარო. წარმატება გელით კარიერაში. გამოგიჩნდებათ ახალი მეგობრები და დააკვირდით მათ; მათი დახმარებით ან დაწინაურდებით, ან მატერიალურ მდგომარეობას გაიუმჯობესებთ. ყურადღებით იყავით შვილების მიმართ. ნუ დატოვებთ მათ დიდი ხნით მარტო. ფრთხილად სასიყვარულო სფეროში. გამორიცხული არაა გამოჩნდნენ თქვენი კარმული პარტნიორები, რომლებიც "ვალების" გასტუმრებას გაიძულებენ. არ დაქორწინდეთ წელს, მხოლოდ მაშინ, როცა კვანძები შეიცვლის ნიშნებს.

ლომს

გააქტიურდება კარიერის თემები. მოგინდებათ ახალი სტატუსი, თანამდებობა და გაქვთ კიდეც შანსი, რომ მიაღწიოთ სასურველს. კარგი პერიოდია ახალი საქმის, ბიზნესის დასაწყებად. ლომების უმეტესობა შეიცვლის სამსახურს და უკეთესობის მხრივ. შეძლებთ გრანდიოზული პროექტების რეალიზებას. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება უფროსთან. ლომების უმეტესობას მოგინდებათ საცხოვრებელი ადგილის გამოცვლა. ან ბინაში რემონტის გაკეთება, აგარაკზე ხეხილის ბაღის, როზარიუმის გაშენება. გირჩევთ, სახლი გაათავისუფლოთ ძველი, დაზიანებული, უსარგებლო ნივთებისგან. ყურადღებას ითხოვს მშობლების ჯანმრთელობა.

ქალწულს

პრაგმატული და სერიოზული ნიშანი ხართ და გსურთ, ყველაფერში დეტალურად იყოთ ჩახედული. აღმავალი კვანძი დაგეხმარებათ მოგზაურობაში, შვებულების საზღვარგარეთ გატარებაში, უცხო ენის შესწავლაში. წარმატება გელით უცხოელებთან მუშაობისას, ზოგადად, საზღვარგარეთ. ჩაირიცხებით უმაღლეს სასწავლებელში. 2022 წელს შეხვდებით თქვენს გურუს. დახმარებას საჭიროებენ და-ძმები. გააუმჯობესეთ მათთან დამოკიდებულება. ნუ გამოიყენებთ მეტყველებებაში უცენზურო სიტყვებს. ხოლო თუ მეტყველებაში დეფექტები გაქვთ, ეს საუკეთესო წელია მათ გამოსასწორებლად. შეცვალეთ, შეაკეთეთ ავტომობილი, არ დაარღვიოთ ავტოსაგზაო წესები.

სასწორს

ფინანსები იქნება თქვენი მთავარი საზრუნავი. მატერიალური მდგომარეობა გაუუმჯობესდება თქვენს პარტნიორს - სასიყვარულოს ან საქმიანს. თავად თქვენ შეიძლება მარტივად ვერ მიაღწიოთ ფინანსურ კეთილდღეობას და მათი რესურსებით მოგიწიოთ სარგებლობამ. ზოგიერთმა შეიძლება დაკარგოთ კიდეც თქვენი შემოსავლის წყარო, სამსახური. სასწორებო, კარგი იქნება, თუ დაიცავთ დიეტას, მარხვას. კრედიტის აღებისას მაქსიმალური დაკვირვება გმართებთ. ფული დაკვირვებულად და გააზრებულად ხარჯეთ.

მორიელს

მთელი 2022 წლის განმავლობაში მოგიწევთ პარტნიორებთან ფინანსურ თემებზე ბჭობა. გირჩევთ, მოუსმინოთ მათ რჩევებს. ნუ ეცდებით მათ მანიპულირებას, მათზე ზეწოლას. გახსოვდეთ, რომ თუ მათ დაუშავებთ, თქვენ უფრო დაზარალდებით, ხოლო თუ მათ დაეხმარებით, თავად უფრო ისარგებლებთ, კარგი პერსპექტივები გამოგიჩნდებათ. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება სასიყვარულო და საქმიან პარტნიორებთან. გამორიცხული არაა, გამოჩნდეს თქვენს ცხოვრებაში ადამიანი, ვისთანაც ან სასიყვარულო სფეროს გაიუმჯობესებთ ან საერთო ბიზნესს დაიწყებთ.

მშვილდოსანს

იპოვით ახალ საქმეს, სამსახურს, რომელსაც სიამოვნებით და საუკეთესოდ შეასრულებთ. დახელოვნდებით თქვენს საქმეში. საუკეთესო შედეგებს მიაღწევთ ხელსაქმეში. თქვენ მიერ ხელით შესრულებული ნივთები შედევრებად გადაიქცევა. თუ რამე დაავადება გაწუხებდათ ან ვერ გისვამდნენ სწორ დიაგნოზს, განიკურნებით, მიაგნებთ კარგ ექიმს, რომელიც მოგარჩენთ. კარგი იქნება დიეტა. შეამცირეთ შაქარი და მარილი. მოიმატებს გაუთვალისწინებელი ხარჯი. გამორიცხული არაა, გაიგოთ საიდუმლო, რომელსაც აქამდე გიმალავდნენ. კარგი იქნება, თუ დაეხმარებით (ფიზიკურად, მსახურება) ტაძრებს, მონასტრებს, გაჭირვებულებს. ხშირად იარეთ წმინდა ადგილებში. გამორიცხული არაა, ემიგრაციაში გადაწყვიტოთ წასვლა ან თუ ემიგრანტი ხართ, სამშობლოში დაბრუნდეთ. გირჩევთ, იყოთ დაკვირვებული და მხოლოდ მყარი გარანტიების მიღების შემთხვევაში მიიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება.

თხის რქას

ცვლილებები გელით ბავშვების თემაში. შეიძლება გეყოლოთ შვილი, ან თუ უკვე გყავთ, მან გაგახაროთ მიღწევებით. ჰობიმ შეიძლება წარმატება მოგიტანოთ, მატერიალური კეთილდღეობა, პოპულარობა. გახდებით პროფესიონალი თქვენს საქმიანობაში. თუ მარტოხელა ხართ, გამორიცხული არაა, შეხვდეთ ახალ სასიყვარულო პარტნიორს. მოგინდებათ ახალი ცოდნის მიღება. გამორიცხული არაა, ასტროლოგიამ გაგიტაცოთ. ან მეგობრებთან ერთად ჩაეწეროთ ახალ სასწავლო კურსებზე. სამწუხაროდ, მოგიწევთ ზოგიერთ მეგობართან დამშვიდობება. გახსოვდეთ, ჯობია ხარისხი და არა რაოდენობა.

მერწყულს

წლის განმავლობაში საოჯახო საქმეებით იქნებით დაკავებული, გამორიცხული არაა, შეიცვალოთ საცხოვრებელი ადგილი, ააშენოთ თქვენი სახლი. ან უკვე არსებულის გაარემონტოთ, გაიუმჯობესოთ საცხოვრებელი პირობები. შეიძინეთ მიწის ნაკვეთი, აიშენეთ აგარაკი. მეტი მზრუნველობა გმართებთ მშობლების მიმართ. სახლის საქმეების პარალელურად მოგიწევთ სამსახურის საქმეებიც მოაგვარეთ. გამორიცხული არაა, შეიცვალოთ ან სულაც დაემშვიდობოთ სამსახურს.

თევზებს

ახალი, არასტანდარტული იდეები დაგებადებათ. მოგინდებათ ახლის შესწავლა და შეიძლება თქვენთვის უჩვეულო კურსზე ჩაეწეროთ. ზოგადად, სიახლეებზე იქნებით ორიენტირებული და შეიძლება უჩვეულო საქმიანობაში მოსინჯოთ თქვენი ძალები. გამორიცხული არაა, გადაწყვიტოთ ემიგრაციაში წასვლა. თუმცა, უმჯობესია, სანამ გაემგზავრებით, ყველაფერი დეტალურად გქონდეთ გათვლილი. განსაკუთრებით ფინანსური თემა. იზრუნეთ სულიერ განვითარებაზე, დაინტერესდით სხვა ქვეყნების კულტურით, ტრადიციებით, კულინარიით.