12 თებერვალს სელენა, თეთრი მთვარე იცვლის ნიშანს და მერწყულში გადავა, სადაც შვიდ თვეს გაატარებს (2022 წლის 12 სექტემბრამდე). სელენა არის ჩვენი მფარველი ანგელოზი, ჩვენი დამცველი და საინტერესოა, სად გველის დაცვა უმაღლესი ძალებისგან?..
თეთრი მთვარის ანუ სელენას, ჩვენი სიკეთის სხივის, პირად რუკაში მდებარეობით განისაზღვრება სად, რა სფეროში აქვს ადამიანს ყველაზე მეტი დაცვა. მერწყული არის სოციუმის სფერო. კარგ შედეგებს მოგიტანთ გუნდური, კოლექტიური მუშაობა, სხვადასხვა ინტერესის, სფეროს ჯგუფებში გაწევრიანება. განახორციელებთ ახალ სოციალურ პროექტებს. სწრაფად გამონახავთ თანამოაზრეებს, მომართული იქნებით ურთიერთდახმარებაზე. გირჩევთ, სადაც არ უნდა იყოთ, გუნდთან შეთანხმებით იმუშაოთ. გამოავლინოთ პასუხისმგებლობის გრძნობა. დროულად შეასრულოთ და დაასრულოთ პროექტები. ადამიანებს მეტად მოუნდებათ სოციალურ ქსელებში აქტიურობა, შეიძლება შეიქმნას ახალი ინტერესის ჯგუფები; გახშირდება ონლაინაცნობობა და რომანები. ადამიანები მომართული იქნებიან ტოლერანტობაზე; დააფასებენ სხვათა აზრს. კარგი იქნება, თუ დაიწყებთ სწავლას გუნდთან ერთად, ონლაინ ან რეალურად; დაესწრებით სემინარებსა და ვებინარებს.
მერწყულის მფარველი პლანეტა, სადაც სელენა 7 თვით დაიდებს ბინას, გახლავთ ურანი. ის არის ახლის, განახლების, ინტერნეტის სიმბოლო. ამიტომ, კარგი იქნება, თუ განახორციელებთ ინტერნეტპროექტებს; განსაკუთრებით, თუ რეკლამის, პიარის სფეროში მოღვაწეობთ. დაიწყეთ ბლოგების წერა ან უკვე არსებულის განახლება. მერწყული არის სხვისი შვილების სახლი, ამიტომ, სხვის შვილებზე მზრუნველობა გახდება აქტუალური. გამონახეთ მეტი დრო ბავშვებისთვის. კარგი პერიოდია ბავშვების მონათვლისთვისაც და თუ უკვე გყავთ ნათლული, გმართებთ მასთან ურთიერთობის გაუმჯობესება, მასზე ზრუნვა. გახშირდება ბავშვების შვილად აყვანის შემთხვევებიც. ურანი დაგეხმარებათ დაძლიოთ სირთულეები და საკუთარი თავი სიახლეებში მოსინჯოთ, ორიგინალურობა გამოავლინოთ. მოგინდებათ ახალგაზრდებთან ურთიერთობა, მათთან ერთად პროგრესული და რევოლუციური ნაბიჯების გადადგმა. ნუ მოგრიდებათ ექსცენტრიკულობის, თქვენი იმიჯი და ჩაცმის სტილი შეიძლება უფრო ახალგაზრული, ორიგინალური გახდეს.
თეთრი მთვარის ანუ სელენას მერწყულში ყოფნის დროს ხშირად მიმართეთ დახმარებისთვის თქვენს მფარველ ანგელოზს. სასურველია, სურვილი გქონდეთ კეთილი, ეკოლოგიური. ამასთან, დახმარების ხელი შეიძლება სრულიად მოულოდნელად და სრულიად უცხო ადამიანებმა გამოგიწოდონ. შეიძლება გარშემო მყოფებმა მოგცენ რჩევა, რაც კარდინალურად, უკეთესობისკენ შეცვლის თქვენს ცხოვრებას. მერწყულის სახლი მეორე ქორწინების სიმბოლოა და თუ ამ პერიოდში გადაწყვეთ დაქორწინებას, იცოდეთ, რომ მფარველი ანგელოზი დაგეხმარებათ იღბლიანი ოჯახის შექმნასა და მის შენარჩუნებაში. მარტოხელები გაიცნობენ ვირტუალურ სამყაროში ან მეგობრების დახმარებით ადამიანს, ვინც მფარველი ანგელოზივით იქნება თქვენთვის.
რას მოგიტანთ სელენას მერწყულში გადასვლა თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით:
ვერძი
არ გირჩევთ დამოუკიდებლად მოქმედებას, უკეთეს შედეგს მიიღებთ, თუ თანამოაზრეებთან ერთად გაწევრიანდებით. იყავით მომართული გუნდურ მუშაობაზე. შეიძლება თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდნენ ახალი ადამიანები, რომლებიც დაგეხმარებიან განვითარებაში, წინსვლაში. კარგი იქნება, თუ იზრუნებთ სხვის შვილებზე, ნათლულებზე. ზოგიერთი შეიძლება ჩაეწეროთ სასწავლო ონლაინკურსებზე ან სპორტულ გუნდში. გაიცნობთ და დაუმეგობრდებით საინტერესო ადამიანებს. მარტოხელებმა შეიძლება რომანი გააბათ მეგობართან, ადამიანთან, ვისაც დიდი ხანია იცნობთ. ზოგიერთი მარტივად აითვისებთ ახალ კომპიუტერულ პროგრამას, რაც საქმეების გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ ან გადაწყვეტთ ონლაინ მუშაობას.
კურო
სელენა დაგეხმარებათ, კარიერაში მიაღწიოთ წარმატებას, დაწინაურდეთ. მიიღოთ ის თანამდებობა, რომელზეც ოცნებობდით. მიიღებთ დიპლომს, ლიცენზიას, რაც აგიმაღლებთ ავტორიტეტს გარშემო მყოფებში და მეტად დაფასდებით. შეიძლება შეიძინოთ ძვირად ღირებული უძრავი ქონება ან პრესტიჟულ უბანში გადახვიდეთ საცხოვრებლად. გავლენიანი ადამიანების ან ასაკით უფროსებისგან მიიღებთ მფარველობას. მარტივად და თქვენთვის სასიკეთოდ მოაგვარებთ საკითხებს სხვადასხვა ინსტანციაში. თუ მოინდომებთ და გადაწყვეტთ, კარგი იქნება დაქორწინება.
ტყუპი
შეიძლება გადაწყვიტოთ სად გსურთ სწავლის გაგრძელება ან თავად გახდეთ ლექტორი, აიყვანოთ ჯგუფი. ამ პერიოდში შეხვდებით ადამიანს, რომელიც უკეთესობისკენ შეგიცვლით ცხოვრებას. მარტივად მიიღებთ საზღვარგარეთ მოგზაურობის, მუშაობის ან ცხოვრების უფლებას. ზოგიერთმა შეიძლება სწავლა გააგრძელოთ უცხოეთში ან გაიცნოთ უცხოელი, რომელთანაც რომანს გააბამთ. ზოგიერთი მეორედ გადაწყვეტს დაქორწინებას და ეს იქნება იღბლიანი ქორწინება. შეიძლება შეგეძინოთ შვილიშვილი და ეს ბავშვი იქნება თქვენი ანგელოზი. წარმატებული 7 თვე გელით იურიდიული საკითხების მოგვარებისას. მთავარია, თავად იყოთ სამართლიანი.
კირჩხიბი
დაცული იქნებით ყველა უსიამოვნო მომენტში. სელენა დაგეხმარებათ აღორძინებაში, სირთულეებისგან გათავისუფლებაში. მიხვდებით, რომ კრიზისების გადალახვით გაიზარდეთ, გაუმჯობესდით, გაძლიერდით. დაძლევთ შიშებს, ფობიებს. ნუ შეგეშინდებათ, მფარველი ანგელოზი თქვენ გვერდითაა და დაგიცავთ. ამ პერიოდში მარტივად შეძლებთ ვალების გადახდას, ფინანსური ვალდებულებებისგან გათავისუფლდებით.
ლომი
გაუმჯობესდება პარტნიორული ურთიერთობები არსებულ პარტნიორებთან (სასიყვარულო და საქმიან). გაიჩენთ ახალ, ერთგულ პარტნიორებს. იყავით ყურადღებით ახალგაცნობილებთან. მოიმატებს მხარდაჭერა გარშემო მყოფებისგან. მარტოხელებს გაქვთ შანსი, რომ გაიცნოთ ადამიანი, რომელსაც ბედს დაუკავშირებთ. თუ თქვენი საქმიანობა დაკავშირებულია მომსახურების სფეროსთან ან გაყიდვებთან გაიჩენთ ახალ კლიენტებს, რომლებიც მადლიერები იქნებიან თქვენით და ახალ-ახალ კლიენტებსაც მოგიყვანენ. იყავით სამართლიანი პარტნიორებთან. შეიძლება მეორე შვილის მშობელი გახდეთ ან გაიგოთ, რომ მალე გახდებით.
ქალწული
სელენა დაგეხმარებათ, წესრიგი დაამაყაროთ თქვენს ცხოვრებაში, ყველა იმ სფეროში, რომელიც თქვენთანაა დაკავშირებული (სახლი, სამსახური). შეიძლება ახალი შინაური ცხოველის მფლობელი გახდეთ. ის დიდ სიხარულსა და ბედნიერებას მოგიტანთ. თუ მაძიებელი ხართ, იშოვით სათქვენო სამსახურს. არსებულ სამსახურში შეიძლება გაიუმჯობესოთ პოზიცია, მდგომარეობა. ახალ და არსებულ კოლეგებს მარტივად დაუმეგობრდებით. თუ მკურნალობის კურსის დაწყებას აპირებდით, დაიწყეთ, გამოჯანმრთელდებით. თუ გადაწყვეტთ, დამხმარე აიყვანოთ, ოჯახში ან სამსახურში, პატიოსან ადამიანს მიიზიდავთ.
სასწორი
დაცული იქნებით შემოქმედების, სიყვარულისა და შვილიერების თემაში. სელენამ შეიძლება მოგიყვანით ახალი ადამიანი, რომელიც იქნება თქვენი მფარველი ანგელოზი, რომელსაც მთელი გულით შეიყვარებთ. ნუ მოგერიდებათ საკუთარი თავის გამოვლენის, განახორციელეთ ახალი პროექტები. დაგებადებათ ახალი იდეები და შეძლებთ მათ განხორციელებას. შეიძლება გაიჩინოთ ახალი ჰობი და სრულად გამოავლინოთ თქვენი ნიჭი. შვილები გაგახარებენ თავიანთი წარმატებით. ქალბატონები, ვისაც გსურთ, მარტივად დაფეხმძიმდეთ ან ამ პერიოდში გახდებით მშობელი.
მორიელი
სელენა დაგეხმარებათ მშვიდად და მარტივად მოაგვაროთ ოჯახთან, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები. შეიძლება ახალი ბინის მფლობელი გახდეთ. ან არსებულში შეიტანოთ ცვლილებები, გააუმჯობესოთ. შეიძლება უძრავი ქონება მემკვიდრეობით მიიღოთ. ოჯახის წევრები ყველა ახალ წამოწყებაში დაგეხმარებიან და ხანდახან მფარველი ანგელოზებივით იქნებიან თქვენთვის. იყავით მზრუნველი და მოსიყვარულე ოჯახის წევრების, მშობლებისა და წინაპრების მიმართ. კარგი იქნება, თუ მოინახულებთ გარდაცვლილი წინაპრების საფლავებს, ილოცებთ მათი სულებისთვის. მომდევნო 7 თვის განმავლობაში შანსი გეძლევათ, რომ შექმნათ თქვენი ოჯახი, ყოველ შემთხვევაში ოჯახში მატება გელით.
მშვილდოსანი
საჭირო ადამიანებს და ინფორმაციას უპრობლემოდ მიაგნებთ. ხანდახან, როცა მოგეჩვენებათ, რომ სწორი გზიდან გადაუხვიეთ, მოულოდნელად გამოჩნდება ადამიანი, რომელიც გადაგარჩენთ. მფარველ ანგელოზებად შეიძლება მოგევლინონ თქვენი და-ძმები. კარგ შედეგს მოგიტანთ სწავლა, სხვადასხვა კურსებზე დასწრება, ვაჭრობა, გააუმჯობესეთ კონტაქტები საჭირო ადამიანებთან. თუ გსურთ, ახალი პროექტის ან მცირე ბიზნესის დაწყება, ხელი მოგემართებათ. კარგი იქნება არსებულის გაუმჯობესებაც. ხშირად დაგებადებათ ახალი იდეები და ჩაინიშნეთ, ყველას ერთად ვერ განახორციელებთ.
თხის რქას
ელენა დაგეხმარებათ, გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა. აიმაღლოთ თვითშეფასება. შეიძლება გამოგიჩნდეთ ახალი სამსახური ან შემოსავლის დამატებითი წყარო. იყავით მომართული ისეთი იდეების განხორციელებაზე, რაც მატერიალურ კეთილდღეობას მოგიტანთ. დააბანდეთ ფული ბიზნესპროექტებში, რაც გაგიათმაგებთ შემოსავალს. დაცული იქნებით ფინანსურ დოკუმენტებთან მუშაობისას, გადარიცხვებისას. მატერიალური დახმარება შეიძლება მიიღოთ კომპანიისგან, მშობლებისგან, სახელმწიფოსგან.
მერწყული
სელენა თქვენს ნიშანში გადმოდის და ყველა სიახლის განხორციელებაში დაგეხმარებათ. თქვენ შეძლებთ ყველა კეთილი საქმის დაწყებას, ყველა იდეის განხორციელებას. თქვენი მიზანია, იბრწყინოთ საკუთარ თავისთვისაც და გარშემო მყოფებისთვისაც. გახდებით მეტად საჭირო ადამიანებისთვის: თქვენი სიტყვით, რჩევით, ინფორმაციით. შეგიძლიათ დადებითი გავლენა მოახდინოთ სხვების ცხოვრებაზე. მფარველი ანგელოზისგან, სამყაროსგან მიიღებთ დახმარებას ადრე შესრულებული სიკეთეებისგან ან იმ ადამიანებისგან, ვისაც ადრე ხელი მოუმართეთ. დაგებადებათ ახალი იდეები, თუ როგორ გააგრძელოთ მომავალში ცხოვრება, შეიძლება შეიცვალოთ სამსახური, დაიწყოთ რამე ახლის შესწავლა ან გაგიჩნდეთ ახალი ჰობი. მფარველი ანგელოზი გპირდებათ, რომ ყველაფერი საუკეთესოდ გამოგივათ.
თევზები
სელენა დაგეხმარებათ, მოიცილოთ წარსული ცოდვები, გამოასწოროთ წარსულში ჩადენილი დანაშაული; მოიცილოთ ტვირთი, რაც გიმძიმებთ ცხოვრებას. თუ ხვდებით, რომ რაღაც გაწუხებთ, ილოცეთ, რომ სამყარომ შეგიმსუბუქოთ მდგომარეობა. თუ ავადმყოფობდით, ახლა გამოჯანმრთელდებით. მთავარია, გწამდეთ საკუთარ თავის, ძალების. თუ ეხმარებით გაჭირვებაში მყოფებს, სამყაროსგან გასამრჯელოს მიიღებთ. კარგ შედეგს მოგიტანთ ეზოტერიკულ მეცნიერებაში გარკვევა, პრაქტიკების შესრულება. იყავით მომართული შემოქმედებითი იდეების განხორციელებაზე. სელენა დაგეხმარებათ გათავისუფლდეთ მავნე ჩვევებისგან, დამოკიდებულებებისგან. ჩაიტარეთ წმენდითი პროცედურები, როგორც შინაგანი, ისე გარეგანი. ნუ გაგიკვირდებათ, თუ გაგიძლიერდებათ ინტუიცია, დააკვირდით შეგრძნებებს, წინათგრძნობებს, სიზმრებს.