13 აპრილს სავსემთვარეობა გველოდება სასწორში, პიკი გვაქვს (გამთენიის) 04:22 სთ-ზე სასწორის ზოდიაქოს 24-ე გრადუსზე.
ღამით,სავსემთვარეობის პიკამდე, სასურველია დამუხტოთ მინერალები, ამულეტები და საფულეები.
ზოგადი ფონი საკმაოდ დიდი ენერგიების მატარებელია, რომელიც უნდა გამოვიყენოთ ჩვენს საკეთილდღეოდ. ნებისმიერი სავსემთვარეობა უკავშირდება გარკვეული ციკლის დასასრულს, იმისათვის, რომ მეტად გავიგოთ რა სფეროში იქნება ცვლილებები მივყვეთ ვარსკვლავურ მინიშნებებს.
სავსემთვარეობა გვაქვს სასწორის ნიშანში, რომელსაც მართავს პლანეტა ვენერა, შესაბამისად აქ პირად-სასიყვარულო, პარტნიორობის თემებში იქნება გამოხატული მნიშვნელოვანი ძვრები, ასევე თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ვენერა რეტროგრადულობიდან სწორედ სავსემთვარეობის პერიოდში გადავიდა უძრავ (სტაციონარულ), მდგომარეობაში და იქამდე, სანამ გეზს გაასწორებს და სწორი მიმართულებით გაივლის იმავე გზას, ერთი მხრივ ცოტა შესაძლოა გართულდეს და გაჭიანურდეს პირად სასიყვარულო საკითხები, მეორე მხრივ კი იგივე პერიოდი გვაძლევს დროს, კარგად დავფიქრდეთ და გავაანალიზოთ პარტნიორული საკითხები, რომლებიც ნელ-ნელა დალაგდება და მაისის შუა რიცხვებისთვის, ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება.
მნიშვნელოვანია უახლოეს პერიოდში ვენერას პრინციპების გათვალისწინება, როგორიცაა: დიპლომატია, ბალანსი, კეთილგონიერება, მოთმინება, რაც უნდა დავუპირისპიროთ აუცილებლად გამძაფრებულ ეგოიზმს, სულსწრაფობას, კონფლიქტურ ფონსა და სიჯიუტეს. თავი შეიკავეთ სპონტანურობისგან, რადიკალური ქმედებისგან.
სასურველი ფონია ასევე ფინანსური საკითხების კუთხით, განსაკუთრებით ისეთი საქმეების, რომელიც ისევ პარტნიორულ თემებს მოიაზრებს (იქნება ეს თანამშრომლობა, ერთობლივი მუშაობა სხვადასხვა ახალ პროექტებზე თუ სხვა).
რაც შეეხება ფსიქოლოგიურ ფონსა და ჯანმრთელობას, აქ მდგომარეობა ბუნდოვანია და გავრცელებისკენ მიმართულია. ამიტომ მეტად მოუფრთხილდით როგორც საკუთარ, ასევე ახლობელი ადამიანების ჯანმრთელობას, გაფილტრეთ ყველა სახის ინფორმაცია, განიმტკიცეთ მენტალური ენერგია, მიიღეთ სიამოვნება ყოველი წუთისგან. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ამ რთული ფონის ჩვენს საკეთილდღეოდ გამოყენება.
მოერიდეთ ალკოჰოლისა და პრეპარატების ამ პერიოდში მიღებას (სავსემთვარეობას და მომდევნო 2-3 დღეს). ნუ დაკარგავთ რეალობის შეგრძნებას. ბრწყინვალე პერიოდია შემოქმედებითი უნარების განვითარებისთვის და სხვადასხვა ფსიქოლოგიური, ეზოტერიკული ინფორმაციების დამუშავებისთვის. განსაკუთრებით ეფექტურია ამ დროს ვიზუალიზაციის ტექნიკები, ლოცვა, მედიტაცია.
აპრილის სავსემთვარეობის სახელი მომდინარეობს არა მთვარის ფერიდან გამომდინარე, არამედ ვარდისფერი ფლოქსისგან, - ყვავილისგან, რომელიც ადრე გაზაფხულზე ყვავის ჩრდილოეთ ამერიკაში. სახელიც “ვარდისფერი სავსემთვარეობა“ ჩრდილოეთ ამერიკაში მკვიდრი მოსახლეობისგან გავრცელდა.
რაც შეეხება აპრილის სავსემთვარეობის პროგნოზს თითოეული ნიშნისთვის:
ვერძი
პარტნიორობასთან დაკავშირებულ საკითხებში დალაგება, მეტი გარკვეულობა შემოვა. შესაძლოა ახალი ადამიანები გამოჩნდნენ თქვენს ცხოვრებაში, (შესაძლოა ეს ახალი ადამიანი იყოს სასიყვარულო პარტნიორი ან სულაც შვილი, რომელიც ახლა შეგეძინათ) ასევე შესაძლოა ახალი ბერკეტები გაგიჩნდეთ თქვენი სამომავლო საქმიანობისთვის. ნუ იქნებით სულსწრაფი, გამოიჩინეთ მეტი დიპლომატია.
კურო
მოუფრთხილდით ჯანმრთელობას, აიმაღლეთ ენერგოტონუსი, აპრილის მესამე დეკადა თქვენთვის უფრო ხელსაყრელია. შესაძლოა სახლში ან საქმიანობის კუთხით გარკვეული რეჟიმის პირობების ცვლა იყოს აქტუალური. გამოიყენეთ თქვენი საფირმო დაკვირვებულობა და იმოქმედეთ პრინციპით “შვიდჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი“.
ტყუპი
შემოქმედებითი ენერგიების ზეიმია. იაქტიურეთ, კარგია პერიოდია სხვადასხვა კომუნიკაციისთვის, მეტი დრო დაუთმეთ ბავშვებსა და მათთან ურთიერთობას. თუ ცხოვრების მეგზურს ეძებთ, ახლა ამისთვის შესაფერისი დროა, კარგად მიმოიხედეთ ირგვლივ.
კირჩხიბი
სახლთან, ოჯახთან, ოჯახის წევრებთან დაკავშირებული ცვლილებები სწორედ ახლა იწყებს ნაყოფის გამოღებას. თქვენი სიმშვიდის ბუდე ხომ ისედაც სახლია? ეცადეთ მეტად დამშვიდდეთ, ნუ აჰყვებით შფოთსა და ნუ იქნებით დრამატული. მეტი დრო დაუთმეთ თქვენს ფიქრებს, რადგან ახლა სამყარო თქვენს ფიქრებს რეალობად აქცევს.
ლომი
ახალი ნაცნობობა, ინფორმაციები, კომუნიკაციები, საკმაოდ ნაყოფიერი და შედეგიანია. დასვენების დრო არ გაქვთ, შეგიძლიათ გაიაროთ სხვადასხვა ონლაინ კურსები, ასევე კარგი პერიოდია სოციალურ სივრცეებში გააქტიურებისთვის (ინტერნეტით). რეკლამის სფერო, გაყიდვები, ტელე-რადიო-ჟურნალისტიკა აი, ის სფეროები რაზეც უნდა გაამახვილოთ ყურადღება. გახალისდით და იყავით დადებითი მუხტის გამავრცელებელი.
ქალწული
ფინანსებთან დაკავშირებული საკითხებია აქტუალური, შესაძლოა ახალი შემოსავლის წყარო გაგიჩნდეთ, იმუშავეთ ამ კუთხით, ყურადღება მიაქციეთ კვების რეჟიმს. ეცადეთ თქვენს უნარებს ახალი “ინსტრუმენტები“ შემატოთ, ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული, აუწყვეთ ფეხი დღევანდელ რეალობას, იყავით უფრო მეტად მოქნილი.
სასწორი
ნაყოფს გამოიღებს თქვენი ნებისმიერი ძალისხმევა, აქტუალური შესაძლოა იყოს აქ იმიჯთან, პარტნიორობასთან, დედობა-მამობასთან დაკავშირებული თემები. ყველაზე მნიშვნელოვანია სძლიოთ შფოთსა და გაღიზიანებას, დამშვიდდით და დატკბით იმით რაც გაქვთ, გამოიყენეთ ახალი საშუალებები იმისთვის, რომ უფრო პროდუქტიული გახადოთ თქვენი ცხოვრება.
მორიელი
შესაძლოა გარკვეული ფსიქოლოგიური დილემის წინაშე აღმოჩნდეთ. სიტუაცია ნელ-ნელა დალაგდება, მაგრამ გაითვალისწინეთ აქ სამყაროზე მეტად თქვენი მოქმედებაა მნიშვნელოვანი. კარგია პერიოდი თვითჩაღრმავებისთვის, შიშებსა და ფობიებზე სამუშაოდ. მთავარია თვალი გაუსწოროთ რეალობას, არ მოექცეთ ილუზიებისა და სიცრუის ტყვეობაში. კარგია პერიოდი შემოქმედებითი საქმიანობისათვის.
მშვილდოსანი
თავს მშვენივრად იგრძნობთ, სოციალური აქტივობები არ კლებულობს, მიუხედავად არსებული მდგომარეობისა, ყურადღების ცენტრში ექცევით, შესაძლოა გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერაც მოიპოვოთ. ნუ გაჩერდებით, იმოქმედეთ, უმჯობესია მეგობრებთან, მხარდამჭერებთან ერთად რაღაც პროდუქტიული შექმნათ.
თხის რქა
ცვლილებები ამ სავსემთვარეობამ შესაძლოა სტატუსის ან კარიერის კუთხით მოგიტანოთ. მიჰყევით სტრატეგიულად თქვენს მიზნებს, იყავით დაკვირვებული, ტაქტიანი და მოქნილი. მოერიდეთ რადიკალურ ქმედებებს, ასევე მეტი დრო დაუთმეთ თქვენს ჯანმრთელობაზე ზრუნვას.
მერწყული
გარკვეული ძვრები უკავშირდება თქვენი მსოფლმხედველობის ცვლას, გადაფასებებს. დროა მიხედოთ თქვენი ფასეულობების სისტემას, განვითარდით, გამოიყენეთ ასტროლოგია, ასევე ყურადღება მიაქციეთ უცხოელებთან, უცხოეთთან კავშირებსა და კომუნიკაციას.
თევზები
გარკვეული მტკივნეული ძვრების შემდეგ შესაძლოა გააცნობიეროთ, რომ თქვენ ის ადამიანი აღარ ხართ რომელიც იყავით რამდენიმე თვის ან წლის წინ, მნიშვნელოვანი რადიკალური ცვლილებები ახლა მოგიტანთ შედეგებს, რომელიც მთლიანად ტყავის გამოცვლის პროცესს ჰგავს. თქვენ უნდა სძლიოთ თქვენს შიშებს და უნდა გააცნობიეროთ, რომ იმაზე ძლიერი ადამიანი ხართ ვიდრე აქამდე იყავით.