ავტორი:

რატომ გვიყვარს მორიელი? ზოდიაქოს ყველაზე იდუმალი ნიშნის საუკეთესო თვისებები

რატომ გვიყვარს მორიელი? ზოდიაქოს ყველაზე იდუმალი ნიშნის საუკეთესო თვისებები

ახლა მზე მორიელის ზოდიაქოშია და დროა, ცოტა ახლოს გავიცნოთ ეს ნიშანი. მისი უმთავრესი დევიზი "ნგრევა და შენებაა". მმართველი პლანეტების - პლუტონისა და მარსის - გამო, მორიელები მთელი ცხოვრება იბრძვიან ხან საკუთარი თავის, ხანაც გარემოებების ან კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ. ბრძოლა ეს ის თემაა, რომლის გარეშეც მორიელს არსებობა არ შეუძლია, ექსტრიმი მისი "ჟანგბადია".

მორიელი გიჟდება სირთულეებზე. რამდენიც არ უნდა ამტკიცოს, რომ დაიღალა და მშვიდი ცხოვრება სურს, გულის სიღრმეში იგი ნებისმიერ ასაკში მზადაა ცხოვრებისეულ გამოწვევას გამოწვევითვე უპასუხოს და რაც მთავარია, გაიმარჯვოს ყველასა და ყველაფერზე.

ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს უზომოდ დიდი სასიცოცხლო პოტენციალი და გამძლეობა გააჩნიათ. მათი ნებისყოფა ამოუწურავია, მოთმინების უნარი კი გასაოცარი. მორიელს ძალა შესწევს წლების მანძილზე დაელოდოს ხელსაყრელ მომენტს საიმისოდ, რომ ოდესღაც მისთვის კუდზე უშნოდ ფეხის დამბიჯებელ ადამიანებს სამაგიერო ღირსეულად გადაუხადოს. წყენას მორიელი არასოდეს ივიწყებს!

ზოდიაქოს უძლიერეს ნიშნებს შორის მორიელი ყოველთვის საპატიო ადგილს იკავებს. ის გამოირჩევა ძლიერი ნებისყოფით - მორიელზე უფრო პრინციპული, ზოდიაქოს ნიშნებს შორის ძნელად თუ ვინმე მოიძებნება. მას უნარი აქვს გაუძლოს ნებისმიერ ცხოვრებისეულ დარტყმას, ყოველგვარი წუწუნისა და თავის შეცოდების გარეშე.

ის კარგად ცნობს ადამიანებს, შიფრავს მათ, კარგად არჩევს შავს და თეთრს, მტყუანს და მართალს. ამიტომ ადამიანების ამოცნობაში ბადალი არ მოეძებნება და როგორც წესი, ყოველთვის ცდილობს მხოლოდ სანდო ხალხი შემოიკრიბოს გარშემო.

საიმედო მეგობარი და საშიში მტერია, თავისიანებისთვის მორიელს საკუთარი სიცოცხლეც კი არ ენანება. იგი ყოველთვის იცავს მათ, ვისაც ადგილი მიუჩინა საკუთარ გულსა და ცხოვრებაში. მაგრამ სასტიკად უსწორდება მათ, ვინც რაიმე მიზეზით აწყენინა.

ძლიერია, როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად. მორიელს უნარი აქვს საკუთარ ნაკლოვანებებზე მაღლა დადგეს. არასოდეს ითხოვოს დახმარებას და ყოველ ჯერზე, თუნდაც ყველაზე დიდი წაგების შემთხვევაში, აქვს შნო შეიქმნას უკეთესი ცხოვრება და თავიდან გამოძერწოს საკუთარი თავი.

მიმზიდველია, მორიელს რანაირი გარეგნობაც არ უნდა ჰქონდეს, ყოველთვის მაგნიტივით იზიდავს გარშემო მყოფებს. სექსუალური შარმი, რომლითაც მორიელია დაჯილდოებული გულგრილს არავის ტოვებს.