რაზე მიგანიშნებთ სიზმარი, რომელსაც ხშირად ხედავთ?

რაზე მიგანიშნებთ სიზმარი, რომელსაც ხშირად ხედავთ?

ალბათ არ არსებობს ადამიანი, ვისაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც, სიცოცხლის კონკრეტულ, გარდამტეხ პერიოდში, გარკვეული ინფორმაცია სიზმრის მეშვეობით არ მიეღოს და ეს შემთხვევითობა არაა. არსებობს მოსაზრება, რომ სიზმარში ნანახი სიმბოლოების ახსნა ინდივიდუალურ მაგალითებზეა დამოკიდებული. თუმცა არის კონკრეტული, ნეგატიური ან გამოკვეთილად პოზიტიური თემები, რომელიც სიზმრად ნახვისას ძირითადად ერთი და იმავე მოვლენებზე მიანიშნებს; მაგალითად:

სიზმარში ბავშვის ნახვა უმეტესწილად დარდს, მოსალოდნელ განსაცდელს, ნერვიულობას და შიშებს უკავშირდება. თუკი ბავშვი ჩვილია და ხელში გიჭირავთ, თანაც გამძიმებთ, ნიშნავს, რომ რაღაც ახალ პრობლემას ექნება დასაბამი თქვენს ცხოვრებაში, რომელიც გარკვეული დროის მანძილზე გასტანს და თქვენ იძულებული იქნებით ამ პრობლემასთან ერთად მოახერხოთ ლავირება. უკვე ზრდასრული ბავშვების ნახვა სიზმარში, ფსიქოლოგიურად გადახარშულ ნერვიულობაზე მიუთითებს. მაგრამ შესაძლოა მაინც ვერ ახერხებდეთ ამ პრობლემის ბოლომდე დავიწყებას.

კიბე და საფეხურები - ძირითადად იმას ნიშნავს, რომ ცხოვრებაში დიდი აღმასვლის ან სულაც დაღმასვლის პერიოდი გიდგათ. გააჩნია რა მასალისაა თავად კიბე და გეშინიათ თუ არა მასზე თავის შეკავება. თუ კიბე ხის, ან რაიმე მყიფე მასალისაა, მაგრამ ზემოთ მიიწევთ ეს იმას ნიშნავს, რომ ნერვიულობის ხარჯზე მოგიხდებათ წარმატებისთვის ბრძოლა. თუ პირიქით ქვევით ეშვებით ან კიბე სულაც ჩატყდა, გამოდის რომ წინ ავადმყოფობა ან რაიმე სულიერი კრიზისი გელოდებათ.

წყალი - ერთმნიშვნელოვნად დიდი ემოციებია. თუმცა გააჩნია როგორია თავად წყლის მდგომარეობა. თუ მღვრიეა ან სულაც ტალახიანი, ეს უდავოდ დიდ კრიზისზე მიანიშნებს რომლის გადატანაც მალე მოგიხდებათ. ხშირად ტალახიანი წყალი ჭორები, ბრალდებები და უსამართლო ცილისწამებაცაა. თუმცა თუ სუფთა წყალში გიწევთ ცურვა, ალბათობა იმისა რომ დიდი ემოციები უკვე სასიხარულო და ბედნიერების მომტანი იქნება საკმაოდ დიდია.

ბეჭედი, ფეხსაცმელი ან საცვალი - თუ ის ქალს ესიზმრება, ძირითადად დაოჯახების ან ახალი სიყვარულის მაუწყებელია მის ცხოვრებაში. ამასთან, თუ ფეხსაცმელი ძველი, დალაქავებული ან ბინძურია ფრთხილად უნდა იყოთ, თქვენს გზაზე პრობლემებით სავსე, არცთუ გულწრფელი მამაკაცი მოდის.

მიწისძვრა, ნგრევა ან აფეთქება თუ გესიზმრებათ, ძალზე ხშირად ეს მოულოდნელი საკმაოდ უსიამოვნო ინფორმაციის გაგებაზე მიანიშნებს. თუმცა ხშირად ხდება, რომ ამგვარი სიზმარი თქვენს ცხოვრებაში მოსალოდნელ, ძირეულ ცვლილებებზე გამცნობთ.

იმ შემთხვევაში თუ თქვენ სიზმარში ხედავთ კიდევ ერთ, ბევრისთვის საკმაოდ ნეგატიურად დაცდილ სიმბოლოს - კბილის ამოღებას (მოძრობა-ჩამოვარდნა-ჩამოტეხა) მაინცდამაინც ნუ იჩქარებთ ნეგატიური მოლოდინით აივსოთ. თუკი კბილი უკანა იყო, სიზმარში მისი ამოღების შედეგად ტკივილის განცდა არ გქონიათ და მარტივად მოიშორეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ახლო წრიდან არაკეთილსინდისიერ და გაიძვერა "მეგობარს" ჩამოიცილებთ.

თეთრი ტანსაცმელი - კარგი სიმბოლოა - მისი მეშვეობით ადამიანს ეძლევა მესიჯი, რომ ამა თუ საქმეში ან კონკრეტულ ადამიანთან ურთიერთობაში ის აბსოლუტურად მართალი და სუფთა იქნება. თუკი თეთრ სამოსში სხვა ადამიანს ხედავთ, იცოდეთ, რომ იგი აუცილებლად უდანაშაულოა თქვენ წინაშე და ნუ იჩქარებთ მის უსაფუძვლოდ დადანაშაულებას.

ძაღლი - ერთგული მეგობრის სიმბოლოა. იმ შემთხვევაში თუ თქვენ ხედავთ, რომ გაავებული ძაღლები გიტევენ, იცოდეთ, თქვენი რეალური მტრები საკმაოდ ახლო წრის ადამიანებში მოიძებნებიან და შესაძლოა ადრე თუ გვიან აბსოლუტურად მოულოდნელ თავდასხმაზეც გადმოვიდნენ.

გველი - მტრების მომრავლებას მიანიშნებს. თუმცა, სავსებით შესაძლოა თავად სიტუაცია შეიქმნას თქვენს ცხოვრებაში ისეთი, როცა დაუცველი და უიარაღო იქნებით კონკრეტული ადამიანების ან მოვლენების წინაშე. ამიტომ მაქსიმალური სიფრთხილით მოეკიდეთ უახლოეს პერიოდში ზედმეტი გულწრფელობის თემას. ნუ გაუხსნით მაინცდამაინც გულის კარს ახალგაცნობილ ადამიანებს.