ავტორი:

როდის ღალატობს ვერძი, ლომი, მორიელი... - რა აიძულებს მამაკაცს უღალატოს მეუღლეს...

როდის ღალატობს ვერძი, ლომი, მორიელი... - რა აიძულებს მამაკაცს უღალატოს მეუღლეს...

როგორ გგონიათ, არსებობს ბუნებაში ერთგული მამაკაცი? ან იქნებ თავად სიტყვა „ერთგულების“ არსი და მნიშვნელობა ესმის თითოეულ მათგანს სხვადასხვანაირად და თავისებურად? მოდი, მამაკაცური ღალატის პრინციპებზე, მიზეზებზე და შედეგებზე ასტროლოგიური კუთხით ვიმსჯელოთ და გავიგოთ რა აიძულებთ ზოდიაქოს ნიშნებს უღალატონ ერთი შეხედვით იდეალურ და საყვარელ პარტნიორს.

ვერძი

შეყვარებულ ვერძს ღალატზე ფიქრიც კი ამორალურად მიაჩნია, ამიტომ სანამ იგი ყურებამდე შეყვარებულია მისთვის ქალთა სქესის არსებობა გარშემო ბინდით მოცული ხდება. შესაბამისად, სანამ ვერძი საყვარელ ქალს ხელის გულზე ატარებს, საჩუქრებით ანებივრებს და მაქსიმალურ ყურადღებას უთმობს, მის ერთგულებაში ეჭვი არავის არ უნდა შეეპაროს. პრობლემები მაშინ იწყება, როცა თქვენი მარსიანელი ბიჭი მოულოდნელად სხვა ლამაზმანების მომხიბვლელობას აღმოაჩენს. ხოლო თავად ღალატის ფაქტის შესახებ ინფორმაციას თავად მისგან მიიღებთ. როგორც წესი, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ მამაკაცებს ტყუილის თქმა გულზე არ ეხატებათ და დიდად არც გამოსდით. აქედან გამომდინარე, თუ თქვენ გადამეტებული წუწუნით და ჭკუის სწავლებით, ცხოვრებას ჯოჯოხეთად არ უქცევთ, ვერძის მხრიდან ღალატის ალბათობა ნაკლებად მოსალოდნელია. თუმცა თუ მაინც ასე მოხდა, მერწმუნეთ ამას პირველი თავად შეგატყობინებთ და დიდად არც იმაზე შეიწუხებს თავს, რას იგრძნობთ ამ დროს თქვენ, რადგან ჩათვლის, რომ "შეცდომა" ხართ მის ცხოვრებაში.

კურო

სტაბილურობის მოყვარულ კუროს, როგორც წესი, იშვიათად უწევს გული საყვარელი ქალის ღალატისკენ. ამიტომ თუკი თქვენ მოულოდნელად აღმოაჩინეთ, რომ კუროსთვის იმ "ერთადერთის და განუმეორებლის“ სტატუსზე პრეტენზიას სხვა ქალებიც აქტიურად აცხადებენ, ეს იმას ნიშნავს, რომ თავიდანვე "სათადარიგოთა" რიგებში განიხილავდა ეს მამაკაცი თქვენს კანდიდატურას. ყოველივე ამის მიხვედრას კი დიდი გამომძიებლობა სულაც არ დასჭირდება, თუკი მამაკაცი კურო საყვარელი ქალის პერსონის მიმართ გადამეტებულ ინტერესს არ იჩენს, ასე ვთქვათ "ლუპით არ აკვირდება" ამ უკანასკნელის ქცევებს, შეხედულებებს და ზოგადად ცხოვრების სტილს, არ ცდილობს რჩევა-დარიგებებით ჩაერიოს მის ცხოვრებაში და მოითხოვოს მისგან გამუდმებული ყურადღება, ეს იმას ნიშნავს, რომ მისთვის ეს ქალი ცხოვრების ნაწილს აღარ წარმოადგენს. ამასთან, სამართლიანობა მოითხოვს ისიც აღვნიშნოთ, რომ კურო მამაკაცს სულაც არ ეამაყება მრავალრიცხოვანი, გულგატეხილი თაყვანისმცემლების არმიის ყოლა. ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ მან ჯერ კიდევ ვერ შესძლო ეპოვნა ის ერთადერთი, რომელთანაც მშვიდი, მყუდრო ოჯახის შექმნას და ბედნიერი ცხოვრების მოწყობას შეძლებდა.

ტყუპი

არასტაბილური ტყუპის მხრიდან ღალატის ფაქტის დამამტკიცებელი ყველაზე მყარი არგუმენტი მისი ხასიათის მოულოდნელი და საეჭვო დასტაბილურებაა. თუკი აქამდე იგი, თითქმის ყოველდღე გაკვირვებდათ საკუთარი არაორდინალურობით და ნაირ-ნაირი სიურპრიზებით, სწორედ ეს იყო მისი მხრიდან თქვენ მიმართ, უდავო სიყვარულის მტკიცებულება. რადგან ზუსტად ამ გზით ცდილობდა, მხოლოდ თქვენთვის გაეზიარებინა თავისი ოცნებები, იდეები და გეგმები. ხოლო თუკი მოულოდნელად აღმოაჩენთ, რომ იგი სერიოზული, ზედმეტად "ნორმალური“ და პატიოსანი გახდა, ჩათვალეთ რომ მან საკუთარი იდეების აფიშრებისთვის, გაცილებით უფრო საინტერესო, ახალი აუდიტორია იპოვა სხვა მანდილოსნის სახით. თუმცა თუ მსგავსი სიმპტომები სახეზეა, ნაჩქარევი დასკვნების გამოტანას მაინც ნუ იჩქარებთ, რადგან გამორიცხული არაა პრობლემა ღალატში კი არა იმაში მდგომარეობდეს, რომ თქვენი თავქარიანი ტყუპი უბრალოდ გადაიღალა ამდენი ტაკიმასხარობისგან და ძალებს იკრებს სიმშვიდეში, მომავალი ტრიუკების ჩასატარებლად.

კირჩხიბი

ტიპიურ კირჩხიბს, საყვარელი ქალის ღალატი საკმაოდ ძნელად ეხერხება. პირველ რიგში იმიტომ, რომ მას ძალიან უნდა "სანიმუშო მეოჯახის" როლი რაც შეიძლება ხანგრძლივად და ამაყად ატაროს. ამასთან ერთად, კიბოზე უკეთ არავის ესმის ღალატით მიყენებული ტკივილის არსი და რაობა. შესაბამისად იგი მაქსიმალურად ერიდება, სხვასაც მიაყენოს მსგავსი ტკივილი, თუმცა თუკი მაინც ისე მოხდა, რომ დაკავებულ კირჩხიბ მამაკაცს, რაღაც საშინელი, "ფატალური სიყვარული" დაეჯახა ცხოვრების გზაზე, საწყის ეტაპზე იგი ბევრს ინერვიულებს და შეეცდება შექმნილ სიტუაციაში, რაც შეიძლება მეტი თავის გასამართლებელი საბუთი მონახოს დანაშაულის სხვისთვის გადასაბრალებლად. სავარაუდო ღალატის სიმპტომებს კი კიბოს მხრიდან, ამ ცხოვრების უსამართლობაზე და ზოგადად ადამიანთა მოდგმის სიმუხთლეზე ფილოსოფიური საუბრების სიხშირით მიხვდებით.

ლომი

ფაქტობრივად არ გააჩნია ნიჭი, ღალატის ფაქტი ოდნავ მაინც შენიღბოს, საწყის ეტაპზე მაინც. ამის მიზეზი, პირველ რიგში ლომისთვის დამახასიათებელი თვისებაა, იამაყოს საყვარელი ადამიანით საზოგადოებაში და საპატიო დიპლომივით აუფრიალოს თვალწინ ყველას ის, თუ რაოდენ ლამაზი, ჭკვიანი, წარმატებული და განათლებულია მისი მორიგი, "ახალი აღმოჩენა". ღალატის სიმპტომების გამოძიებით თავად რომ არ დაიღალოთ გონება, ყოველთვის გამოჩნდებიან "კეთილისმსურველები", რომლებიც სიამოვნებით შეგატყობინებენ, თქვენი სათაყვანებელი ლომის რბილად, რომ ვთქვათ "არასტაბილურობის" შესახებ. გასაკვირი ამ ფაქტში არც არაფერია, ლომს ხომ ყოველთვის ყოფნის ჭკუა, საკუთარი მეფურ-არისტოკრატული ხასიათიდან გამომდინარე, ცხოვრების გზაზე მტრები სოკოებივით მოიმრავლოს. თუმცა თუკი ოჯახში ანონიმურ ზარებს გამოვრიცხავთ, მოღალატე ლომის გამოაშკარავება თავადაც მარტივად შეგიძლიათ. დააკვირდით, რაც უფრო ხშირად "გაჯილდოებთ" კრიტიკულ შენიშვნებით, გადარებთ სხვა გაცილებით უფრო "სრულყოფილ" ქალებს და არასოდეს ელევა საჯიჯღინო საბაბი, დროა განგაშის ზარებს ჩამოკრათ და მაქსიმალურად იზრუნოთ იმაზე, რომ თქვენი დიდი ფისო სხვა უფრო მოსიყვარულე პატრონთან არ გაგეპაროთ.

ქალწული

სიმართლე ითქვას, მართლაც უნდა მოინდომოს ქალმა საიმისოდ, რომ ქალწულისნაირ სტაბილურ, ერთგულ და მონოგამიურ პერსონას ღალატზე წასვლა აიძულოს. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული მამაკაცები ხომ, როგორც წესი, ცხოვრების მეგზურს ხანგრძლივი დაკვირვების და ფიქრის შედეგად ირჩევენ, რომლის შემდეგაც ოჯახის დანგრევის ალბათობის რისკი მინუმუმამდეა დაყვანილი, თუმცა თუ მაინც ისე მოხდა, რომ ქალწულმა ღალატი გადაწყვიტა, ამას იგი ისე გააკეთებს, რომ მეუღლეს შერლოკ ჰოლმსის ჭკუა და ოსტატობა დასჭირდება მისი მხრიდან ამ ფაქტის გამოსააშკარავებლად. თუკი ბედის უკუღმართობით, დაოჯახებული მამაკაცი ქალწული "იმ ერთადერთს" ცოლის მოყვანის შემდეგ გადაეყარა, ოჯახის დანგრევაზე იგი მაინც უკიდურეს შემთხვევაში დაფიქრდება, ისიც თუ მანამდე თავად ამ "ერთადერთმა" არ მოსდო მთელ ქვეყნიერებას მათი რომანის შესახებ.

სასწორი

ქალწულების მსგავსად, სასწორის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული მამაკაცების ღალატში "გამოჭერაც" საკმაოდ რთული საქმეა. ეს იმიტომ, რომ მათ ოსტატურად შეუძლიათ საკუთარი გრძნობების თუ ბოლომდე მართვა არა, კონტროლი მაინც. აქედან გამომდინარე, სანამ იგი მაქსიმალური სითბოთი და ყურადღებით განებივრებთ, გამორიცხული არ არის, იმავე მანევრებს სხვის "ბუდეშიც" სიამოვნებით აკეთებდეს. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ღალატის შემთხვევაშიც კი, ეს მამაკაცი განსაკუთრებულად არასოდეს ცდილობს "გვერდზე სეირნობის" ფაქტი გაასაიდუმლოს და დამალოს, მისი საქციელის შესახებ მეუღლე ხშირად ყველაზე ბოლოს ან საერთოდაც ვერ იგებს.

მორიელი

გამოკვეთილი სექსუალურობის და მხურვალე ტემპერამენტის გამო, არცთუ იშვიათად ხდება ისე, რომ ყველაზე ერთგულ და მონოგამიურ მორიელებსაც კი ხშირად სდებენ ბრალს ღალატში. საქმე იმაშია, რომ მორიელი პარტნიორულ ურთიერთობაში საკმაოდ რთულია, ამიტომ დღეს თუ საჩუქრებითა და ყურადღებით განებივრებთ, ხვალ შეიძლება თავს ეჭვიანობის ქარიშხალი და საყვედურების ზღვა დაგატეხოთ. მართალია, ბუნებით მონოგამიისკენ უფროა მიდრეკილი, ვიდრე მრავალრიცხოვანი ზედაპირული გატაცებისკენ, მაგრამ თუ ისე მოხდა, რომ მორიელი პარტნიორის ღალატზე მაინც წავიდა, ასეთ შემთხვევაში იგი, მთელს თავის მოქნილობას, სიეშმაკეს და მანიპულაციის უნარს მისცემს გასაქანს. ამიტომ მისი ღალატის ფაქტში გამოჭერა ფაქტობრივად შეუძლებელი იქნება, ამასთან, ოჯახის დანგრევას, როგორც წესი, მათ ყოველთვის ურჩევნიათ დროზე და რაც მთავარია, უკვალოდ მოიშორონ მსუბუქი ფლირტის ობიექტები, ისე რომ მეუღლის ყურამდე ეს ყველაფერი არასოდეს მივიდეს.

მშვილდოსანი

თანდაყოლილი თავგადასავლების სიყვარულის გამო, თუნდაც ყველაზე სერიოზული მშვილდოსანიც კი ცხოვრების მანძილზე, მინიმუმ ორჯერ, ან მეტჯერ მაინც ეხვევა ე.წ სასიყვარულო სამკუთხედის ისტორიაში. თუმცა თავად ღალატის ფაქტს იგი, როგორც ასეთს არც არასოდეს აღიარებს, რა მოხდა მერე, თუ ნაცვლად მორიგი დასაპყრობი მწვერვალისა ხელში ჯომოლუნგმა კი არა მაინცდამაინც "ის" შერჩა? თუმცა თუ ყურადღებით იქნებით, ხმები მის მიერ დაგეგმილი მორიგი "სასიყვარულო ექსპედიციის" შესახებ, დარწმუნებული ვარ თქვენამდეც წარმატებით მოაღწევს, რადგან მოლაყბე მშვილდოსანი აუცილებლად გაუმხელს რომელიმე მეგობარს მორიგი გმირობის ჩასადენად მზადყოფნის ამბავს.

თხის რქა

მიუხედავად იმისა, რომ თხის რქების უმრავლესობა მომავალი ოჯახის განვითარების გეგმას, პოტენციური საცოლის გაცნობისთანავე ადგენს და ზოგადად ქორწინების ფაქტს, ისე უყურებს როგორც წარმატებით განხორციელებულ მორიგ ბიზნესპროექტს, მის ცხოვრებაში მოულოდნელი ქარბორბალასავით შემოჭრილი საბედისწერო სიყვარულის შემთხვევაში, თავს თუ სრულად არა მთელი 80% კარგავს. მოღალატე თხის რქის გამოაშკარავება კი საკმაოდ მარტივი საქმეა, იმიტომ რომ თანდაყოლილი სიჯიუტის გამო, იგი ერთი-მეორეს მიყოლებით დგამს მცდარ ნაბიჯებს, იმის იმედით, რომ მისი ავტორიტეტისა და სახელის პატრონს, აქამდე ოფიციალურ დაქვემდებარებაში მყოფი მეორე ნახევარი უპირობოდ გაუგებს და აპატიებს.

მერწყული

მას, როგორც წესი, არაფრის დამალვა არ უყვარას. აქედან გამომდინარე, თუკი გარემოებები მაინც აიძულებს ამას, თავს საკმაოდ არაკომფორტულად და მოუსვენრად გრძნობს. გასაიდუმლოებული ურთიერთობები, მერწყულ მამაკაცს დიდ სიამოვნებას ვერასდროს ანიჭებს, ასეთ შემთხვევაში ხომ ყველა და ყველაფერი უნდა აიყვანო კონტროლზე, როგორმე ცოლის ყურამდე რომ არ მივიდეს ინფორმაცია ღალატის შესახებ. ტიპურ მერწყულს, კი ეს ყველაფერი საშინლად ღლის და ძაბავს. თუმცა ხანდახან, მრავალფეროვნებისკენ სწრაფვა, მაინც აიძულებს "გვერდზე გაიხედოს", ისიც მხოლოდ იმიტომ რომ ახალი ნაცნობი, ძველებს და უკვე მობეზრებულებს საერთოდ არ ჰგავს. მართალია, ასეთ შემთხვევაში, იგი საკმაოდ მალე დგება, მწარე რეალობის წინაშე და აღიარებს, რომ აბსურდულია დაედევნო ცაში მოლივლივე თეთრ წეროს, მაშინ როცა სახლში მოშინაურებული "ლურჯი ფრინველი" გიზის გალიაში. აქედან გამომდინარე, მერწყულის გვერდზე გასეირნებები, როგორც წესი, ხანმოკლე და უწყინარია.

თევზები

თუკი თქვენ თევზი მამაკაცი გიყვართ, ეს იმას ნიშნავს, რომ ავტომატურად უნდა გიყვარდეთ მისი ოცნებებიც. აქედან გამომდინარე, რა დაშავდება იმით თუ თქვენ, ასევე შეიყვარებთ მის ოცნებებს, სხვა ქალის მიმართ? თევზი მამაკაცი, იმ შემთხვევაშიც კი თუ იგი იძულებულია გიღალატოთ, აუცილებლად იდარდებს იმ საკითხზე, როგორ გაუგებს ეს ორი, ანუ თქვენ და "ის" ერთმანეთს, იგი შეეცდება იოცნებოს იმაზე, რომ თქვენს შორის მხურვალე, ქალური მეგობრობა ჩამოყალიბდება და კვირაობით აქტიურად ივლით სტუმრად ერთმანეთთან ჭიქა ყავაზე საჭორაოდ. თუ მაინც ისე მოხდა, რომ მის მიერ ჩაფიქრებულ ერთი შეხედვით უზომოდ ჰუმანურ და არაჩვეულებრივ სცენარს რეალურ ცხოვრებაში განხორციელება არ უწერია, სასოწარკვეთილი თევზი სულაც მესამეს მოძებნის ან უბრალოდ ვისკის ბოთლს დაუმეგობრდება.