ავტორი:

როგორ დავუმეგობრდეთ შვილებს მათი ზოდიაქოს ნიშნის გათვალისწინებით

როგორ დავუმეგობრდეთ შვილებს მათი ზოდიაქოს ნიშნის გათვალისწინებით

ხშირად დედა ან მამა ვერ ახერხებს საერთო ენის გამონახვას შვილთან. მიმართავს ათასგვარ მეთოდს დაწყებული წახალისებით, დასრულებული მომატებული სიმკაცრით, მაგრამ სასურველი შედეგი მაინც არა და არ ჩანს... ასტროლოგია დაგეხმარებათ, რომ დაუმეგობრდეთ შვილებს მათი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით:

ვერძს რომ რამე გააკეთებინოთ, ნუ ჩაუდგებით ჯიბრში. მიეცით მოქმედების თავისუფლება და უთხარით, რომ მიუხედავად ცუდი საქციელისა, მაინც ძველებურად გიყვართ.

კუროს ნურასოდეს აიძულებთ აჩქარებას და გადაწყვეტილების სწრაფად მიღებას. ამით მას ფსიქოლოგიურ სტრესში აგდებს, რაც კიდევ უფრო ზრდის მის სიჯიუტეს. დროებით თავი დაანებეთ და მიეცით დრო შექმნილი სიტუაციის გასაცნობიერებლად.

ტყუპის მოუსვენრობა და ცვალებადობა ხშირად იწვევს გაცილებით უფრო გაწონასწორებული და დისციპლინირებული მშობლის გულისწყომას. აზრი არ აქვს მის დაშინებას ან დასჯას. აჯობებს რაიმე სახის ინტელექტუალურ საქმიანობაში გამოიწვიოთ: ათ დღეში 3 წიგნი წაიკითხოს... მერე კი საოჯახო "რა, სად, როდის" გაუმართეთ მიღებული ცოდნის გამოსარკვევად.

კირჩხიბი ემოციური, სათუთი ბავშვია. ამიტომ მასთან ხმის ტონის აწევით არაფერი გამოგივათ. პირიქით, იგი უფრო ჩაიკეტება. მოეპყარით თბილად, გულახდილად ჰკითხეთ ცუდად მოქცევის მიზეზები და არავითარ შემთხვევაში არ დასაჯოთ. ასე იგი თავს დაცულად იგრძნობს. შესაბამისად, თქვენგან დაფარული საიდუმლო აღარ ექნება.

ლომის წახალისება და სტიმულაცია, მისი თავმოყვარეობის "პულტზე" გადის. ამ ბავშვს ხშირად სდებენ ბრალს სიზარმაცესა და უსაქმურობაში. სახალხოდ უნდა შეარცხვინოთ, მხოლოდ ასე გამოიღვიძებს მასში ლომური სიამაყე და ნებისმიერ ფასად ეცდება საპირისპირო დაამტკიცოს.

ქალწული საკმაოდ ასოციალური და თავისებური ბავშვია. მასთან ურთიერთობისას ტაქტი და სამართლიანობა გჭირდებათ. ხშირად წაახალისეთ ნებისმიერი კარგი საქციელის გამო. ცუდს თუ ჩაიდენს მშვიდად აუხსენით რა დააშავა.

სასწორი ბავშვები ხშირად ექცევიან თანატოლების ნეგატიური გავლენის ქვეშ. შესაბამისად, სანამ პირმშოს დასჯით, კარგად გაერკვიეთ სიტუაციის არსში. ბავშვს არასოდეს ეუხეშოთ, საყვედური რბილი ტონით და მკაფიო ახსნა-განმარტებით მიეცით.

მორიელის აღზრდა ძალიან რთულია. ამიტომ პატარა მორიელთან ჰარმონიული ურთიერთობის დასამყარებლად აუცილებელია, მისთვის თქვენ როგორც მშობელი გმირობის, სამართლიანობისა და სიკეთის მაგალითი იყოთ. მხოლოდ ასე დაიმსახურებთ მისგან უპირობო პატივისცემას.

მშვილდოსანი თავქარიანი, შარიანი და ანცი ბავშვია. არ აქვს მნიშვნელობა გოგონაა თუ ბიჭი, ყველა ვარიანტში მოუსვენარი იქნება. მასთან კონსესუსის მიღწევა იუმორით, მეგობრული დამოკიდებულებითა და სითბოთი შეიძლება. ასწავლეთ პასუხისმგებლობა უპირველეს ყოვლისა, იმიტომ რომ დიდ ასაკში ამ ნაკლის გამო მას არაერთი უსიამოვნება ელის.

თხის რქა ბავშვები გაწონასწორებულები, დინჯები და მომთმენები არიან. ერთადერთი პრობლემა მათთან ემოციური შეზღუდულობაა. პატარა თხის რქა ხშირად ვერ გამოხატავს რეალურად სითბოს ან წყენას. ამიტომ მაქსიმალურად უნდა იმუშაოთ მასთან ამ მხრივ. მიაჩვიეთ იგი ემოციების ღიად დაფიქსირებას და დაარწმუნეთ, რომ ამის გამო არავინ დასჯის.

მერწყულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ბავშვები ყველაზე არაპროგნოზირებადები არიან. მათ, როგორც წესი, მრავალმხრივი ნიჭი გააჩნიათ, თუმცა ნებისყოფის სიმცირის გამო არც ერთი დაწყებული საქმე არ მიჰყავთ ბოლომდე. დაეხმარეთ მას თუნდაც ერთი იდეის ფრთაშესხმაში, სამომავლოდ იგი თავადაც ენთუზიაზმით მოეკიდება საკუთარ ჩანაფიქრს და შუა გზიდან აღარსად გადაუხვევს.

თევზები ემოციურები, არტისტულები და სათუთი ბავშვები არიან. მათთვის აუცილებელია მშობლები რბილი ტონით, არამენტორულად ელაპარაკონ. თევზისთვის რაიმეს ჩაგონება მხოლოდ მოფერებით შეიძლება. მაგრამ აუცილებელია ხასიათში ნებისყოფაც განუვითაროთ. ხშირად დაავალეთ სიძნელეების გადალახვა, ოღონდ ისე, რომ ხელის შეშველება შეგეძლოთ მისთვის, თუკი რამე შეეშლება.