9 აგვისტოს , თბილისის დროით 11:55 წუთზე, მერწყულის მე-17 გრადუსზე დგება სავსემთვარეობის პიკი. ეს ის მომენტია, როდესაც მზე და მთვარე ზუსტად ერთმანეთის საპირისპიროდ მდებარეობენ: მზე ლომში, ხოლო მთვარე - მერწყულში. წელს აგვისტოს სავსემთვარეობა განსაკუთრებით შთამბეჭდავი იქნება, რადგან გარიჟრაჟზე მთვარესთან ერთად ცაზე ვენერაც, სატურნიც და იუპიტერიც გამოჩნდებიან.
ეს სავსემთვარეობა საქართველოს ასტროლოგიური რუკის მე-10 სახლში ხვდება. ამ სახლს აბარია უმაღლესი ხელისუფლება, ოღონდ არა ჩრდილოვანი, დე იურე. ჰოდა, თუ სავსემთვარეობის წერტილს აქ ნეგატიური ასპექტები აქვს ხოლმე, ეს ძალზე რთულ სიტუაციას უქმნის ხელისუფლების ვერტიკალში მყოფ პირებს. ჩვენს მუნდალურ რუკაში კი აქ ლილიტი გვიზის, მე-15 გრადუსზე. სავსემთვარეობა კი როგორც გითხარით, მე-17 გრადუსზე ხდება. ანუ მთვარე ამ ლილიტთან მოდის შეერთებაში. ტენდენციები იმისა, რომ ხელისუფლებამ რაღაც საბედისწერო შეცდომა დაუშვას, ძალზე მაღალია. და ეს ტენდენცია მთვარის ფაზის მომდევნო ცვლილებამდე, ახალმთვარეობამდე ნარჩუნდება, ანუ მთელი 2 კვირა. რას ვგულისხმობ კონკრეტულად? ვის ავნებს, ხალხს თუ უფრო საკუთარ თავს? არცერთი გამორიცხული არაა.
რაც შეეხება უბრალო ხალხს, უნდა ითქვას, რომ მთვარის ფაზის ცვლილებებს ისედაც ყველა ვერ გრძნობს, ახლაც ეს სავსემთვარეობა მხოლოდ იმ ადამიანებს შეეხებათ, ვისაც მერწყულის მე-17 გრადუსზე ან მის ახლომახლო 1-2 გრადუსის ფარგლებში ჰყავთ პირადი პლანეტები ან ასცენდენტი. მეტ-ნაკლებად საინტერესო მოვლენები გექნებათ აგრეთვე მათ, ვისაც ლომის, კუროსა და მორიელის ნიშნები გაქვთ აქტიური, უფრო ზუსტად კი 15-19 გრადუსების ფარგლებში გყავთ რაიმე. დანარჩენებისათვის რაიმე გამოკვეთილი მოვლენები ნაკლებად მოსალოდნელია.